RSS
აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“: ოკუპირებული ტერიტორიები თუ დამოუკიდებელი სახელმწიფოები?
15.07.2010 13:52
სიმონ კილაძე

ამ რამდენიმე დღის წინათ, პარტია „ერთიანი აფხაზეთის“ აქტივისტების წინაშე გამოსვლისას, საქართველოსაგან განდგომილი აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განცხადება გააკეთა, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: „აფხაზეთი უკვე ის აღარ არის, რაც 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე იყო. დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარება დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებსო“, - თქვა მან და იქვე კიდევ უფრო დააკონკრეტა - „აფხაზეთმა საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად უნდა იცხოვროსო“.

სერგეი ბაღაფშმა ეს განცხადება აფხაზებსა და რუსებს შორის არსებულ იმ ქონებრივი დავების შესახებ გააკეთა, რომლებმაც მოსკოვსა და სოხუმს შორის კინაღამ დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია: საქმე იმაშია, რომ მრავალი რუსის საცხოვრებელ ბინებს, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობდნენ და სხვადასხვა მიზეზით დროებით რუსეთში წავიდნენ, ადგილობრივი სასამართლოების უკანონო გადაწყვეტილებებისა და კორუფციული გარიგებების საფუძველზე აფხაზები დაეპატრონენ. რუსებმა, რომლებიც, ბუნებრივია, რუსეთის მოქალაქეები არიან, დახმარებისათვის მშობლიურ სასამართლოებსა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართეს. როგორც ირკვევა, ამ პრობლემით დაინტერესდნენ მინისტრი სერგეი ლავროვი და თვით რუსეთის ლიდერი დიმიტრი მედვედევი, რომლებმაც ბაღაფშს რამდენჯერმე მოსთხოვეს ქონებრივი დავების სამართლიანი გადაჭრა.

მიმდინარე წლის ივნისის თვეში მოსკოვში გამართულ ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე დაზარალებული რუსების ადვოკატმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი, ევროსასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, პასუხისმგებელია იმ ყველაფერზე, რაც აფხაზეთში ხდება, რადგან სწორედ მოსკოვი უზრუნველყოფს აფხაზეთის ხელისუფლების არსებობას - ეხმარება როგორც პოლიტიკურ და სამხედრო, ასევე ეკონომიკურ სფეროში. სხვათაშორის, ევროსასამართლომ ანალოგიური პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთს, როცა დნესტრისპირეთის მოლდავურ რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხი განიხილა. მსგავსი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში მომხდარი დარღვევის მიმართაც - ამჯერად პასუხისმგებელი თურქეთი აღმოჩნდა. ორივე შემთხვევაში საქმე სწორედ ქონების დაბრუნებას (საცხოვრებელი ბინების, მიწის და ა.შ.) ეხებოდა.

როგორც ჩანს, მოსკოვში გამართულმა სასამართლოს სხდომებმა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევამ გარკვეული შედეგი გამოიღო: დადგინდა შეიქმნას აფხაზურ-რუსული კომისია, რომელიც თითოეული დაზარალებულის საკითხს პერსონალურად განიხილავს, სერგეი ბაღაფშმა კი წინადადება წამოაყენა - ყველა დაზარალებული ახალ ბინებს იმ მრავალსართულიან შენობებში მიიღებს, რომლებსაც ამ მიზნით სპეციალურად ააგებენ.

ასე იყო თუ ისე, რუსი მოსარჩელეები ამგვარი ვერდიქტით ძალზე უკმაყოფილონი დარჩნენ. ისევ დაიწყო საჩივრების წერა, რომ „აფხაზური თემიდა ადამიანის უფლებებს კი არ იცავს, არამედ არღვევს და რომ აფხაზი მოსამართლეები კორუფციის ჭაობში არიან ჩაფლულნი“.

რა თქმა უნდა, ეს საკითხი საქართველოს იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც აგერ უკვე თითქმის 20 წელია აფხაზეთიდან დევნილები არიან, ძალზე მნიშვნელოვანია - საკითხი ხომ მათი ქონების ბედსაც ეხება. მართალია, განსხვავება სტატუსში დაზარალებულ რუსებსა და დევნილ ქართველებს შორის ძალიან დიდია, მაგრამ ის, რომ ქონება ყველას უნდა დაუბრუნდეს, ეროვნული კუთვნილების მიუხედავად, ეს აქსიომაა. როგორც ცნობილია, აფხაზეთიდან დევნილების ქონების უკან დაბრუნება და ზარალის უცილობელი რესტიტუცია ჯერ კიდევ 1993 წლის 30 ნოემბერს ჟენევაში ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის მე-4 პუნქტითაა უზრუნველყოფილი.

გარდა ამისა, მოქმედებს საერთაშორისო კერძო და ჰუმანიტარული სამართლის რიგი საერთაშორისო კონვენციებიც (მაგ, 1951 წელს მიღებული კონვენცია ლტოლვილთა სტატუსის შესახებ, ასევე 1950 წლის ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია, 1974 წლის გაეროს კონვენცია და ა.შ.).

საერთოდ, ქონებრივ დავებთან დაკავშირებული პრობლემატიკა საკმაოდ კარგადაა ცნობილი ქართული მხარისათვის, აფხაზეთიდან (და ცხინვალის რეგიონიდან) დევნილთათვის და ამიტომ ამ საკითხის დეტალურად განხილვას აქ არ შევუდგებით.

ჩვენთვის საინტერესოა სერგეი ბაღაფშის განცხადების პირდაპირი მნიშვნელობა - აფხაზ სეცესიონისტთა ლიდერი ხომ ხაზს უსვამს - აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით უნდა იცხოვროსო.

საერთაშორისო სამართლის ნორმები კი, როგორც ცნობილია, მხოლოდ ქონებრივ დავებს არ წყვეტს.

საერთაშორისო სამართლის ნორმები სახელმწიფოს, თუ ის ნამდვილი საერთაშორისო სამართალსუბიექტია, ძალიან ბევრ ვალდებულებებს და პასუხისმგებლობებს აკისრებს, რაც უმთავრესად უცხოეთის სახელმწიფოებთან ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების ხელმოწერასა და მათ შესრულებაში გამოიხატება. იგივე პრინციპი მოქმედებს საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების შემთხვევაშიც - სახელმწიფო, როგორც საერთაშორისო სამართალსუბიექტი და ამა თუ იმ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, ვალდებულია დაემორჩილოს ამ ორგანიზაციათა (ვთქვათ, გაეროს, ეუთოს და ა.შ.) წესდებების მოთხოვნებს.

ფაქტია, რომ არც აფხაზეთისა და არც „სამხრეთ ოსეთის“ ხელისუფლება ანგარიშს არ უწევენ საერთაშორისო სამართლის არცერთ პრინციპს, არცერთ ნორმას, საერთაშორისო ორგანიზაციების არცერთ მოთხოვნას, არცერთ რეზოლუციას იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ისინი არ არიან დამოუკიდებელი სახელმწიფოები და აქედან გამომდინარე, მათი პასუხისმგებლობის დონეც უმდაბლესია.

ამგვარი მოქმედება დამოუკიდებელი სახელმწიფოს ცივილიზებული მოქმედება კი არ არის, არამედ ვიღაცის იმედითა და მხარდაჭერით განპირობებულ დაუსჯელ მოქმედებას წარმოადგენს.

სწორედ ამიტომ სერგეი ბაღაფშის კონსტატაცია აფხაზეთის დამოუკიდებლობისა და საერთაშორისო ნორმების დაცვის თაობაზე ძალიან საეჭვოდ მოჩანს. აშკარაა, რომ ფასადური, ყალბი დამოუკიდებლობის მიღმა რუსეთზე ღრმა დამოკიდებულობის ნამდვილი სურათია შენიღბული. უფრო გარკვევით რომ ვთქვათ, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი მოქმედებს, ხოლო თვითმარქვია რესპუბლიკები კი კვაზისახელმწიფოების ერთგვარი გამოხატულებაა.

გამორიცხული არაა, რომ რომელიმე აფხაზ, ოს ან რუს მკითხველს ამგვარი თვალსაზრისი არ ესიამოვნოს.

მოდით, ტერმინებისა და დებულებების გასარკვევად საერთაშორისო სამართლის თეორიასა და პრაქტიკას მოვუხმოთ: რას ნიშნავს ოკუპაცია, რა კრიტერიუმებით ხდება მისი ფიქსაცია, როგორია საერთაშორისო-სამართლებრივი აღიარების მექანიზმები და ბოლოს, არიან თუ არა აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ საერთაშორისო სამართალსუბიექტები?

ოკუპირებული ტერიტორიები თუ საერთაშორისო სამართალსუბიექტები?

თანამედროვე საერთაშორისო სამართალში საკმაოდ მკაფიოდაა მოცემული ოკუპაციის ცნება და მასთან დაკავშირებული გარემოებები. ოკუპაცია (ლათ. დაპყრობა) - რომელიმე სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ იმ ტერიტორიის დროებით დაკავებაა, რომელიც მას არ ეკუთვნის. საოკუპაციო რეჟიმი განსაზღვრულია ჟენევის 1899, 1907 და 1949 წლების კონვენციებით. ოკუპაციის უმნიშვნელოვანეს მახასიათებლებად ექსპერტებს მიაჩნიათ სახელმწიფო-აგრესორისა და სახელმწიფო-მსხვერპლის არსებობა, რომელიც მათ შორის მომხდარმა სამხედრო კონფლიქტმა, ომმა გამოიწვია. ოკუპაციის დროს მსხვერპლი-სახელმწიფოს ტერიტორიაზე განლაგებულია მოწინააღმდეგე სახელმწიფოს (აგრესორის) შეიარაღებული ძალები, რომლებიც აქტიურად ერევიან დაკავებული ტერიტორიის მართვა-გამგებლობაში და კონტროლში. საოკუპაციო რეჟიმის დროს, საკუთარი აგრესიული ზრახვების შენიღბვის მიზნით, აგრესორი სახელმწიფოები ხშირად ქმნიან ადგილობრივ „მთავრობებს“, თუმცაღა მათი სტატუსი მოჩვენებითი და სიმბოლურია.

არის თუ არა საქართველო რუსეთის აგრესიის მსხვერპლი სახელმწიფო? რა თქმა უნდა, არის:

ა)რუსეთის შეიარაღებული ძალების ცალკეული საბრძოლო ქვედანაყოფები საქართველოს ტერიტორიაზე - აფხაზეთში ჯერ კიდევ 1992 წლიდან იყვნენ შეყვანილი. მართალია, მოგვიანებით ისინი ე.წ. სამშვიდობო ძალებმა შეცვალა, მაგრამ ფაქტიურად მაინც საოკუპაციო ფუნქციას ასრულებდნენ. 2007-2008 წლებში აფხაზეთში რუსეთის ჯარების დამატებითმა უსანქციო შემოყვანამ რეგიონის უსაფრთხოების დონე მკვეთრად დასცა და საბოლოოდ დაპირისპირების ესკალაცია მოახდინა;

ბ)თითქმის იგივე განმეორდა „სამხრეთ ოსეთშიც“: ცხინვალის რეგიონში დისლოცირებულ სამმხრივ სამშვიდობო ძალებში, მართალია, ქართული კონტინგენტიც იყო, მაგრამ იქ ყოველთვის რუსეთის არმია დომინირებდა. 2008 წლის აგვისტოში კი საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი ომის შედეგად საბოლოოდ დამტკიცდა - რუსეთი, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, კლასიკური აგრესორი და ოკუპანტი სახელმწიფოა, საქართველო კი - მსხვერპლი-სახელმწიფო.

დღეს აფხაზეთს და „სამხრეთ ოსეთს“ ჩვენ, ქართველები, 2008 წლის აგვისტოს შავი დღეების შემდეგ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს ვუწოდებთ, რუსეთი - დამოუკიდებელ სახელმწიფოებს, დასავლეთი კი... დასავლეთი, მართალია, განდგომილ სეცესიურ რეგიონებს იურიდიულად კვლავ საქართველოს შემადგენლობაში მიიჩნევს, მაგრამ ხშირად ზიგზაგურად მოქმედებს, თითქოსდა გაუბედავია, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისას სიმკაცრეს არ იჩენს... ნამდვილად მისასალმებელია, რომ ბოლო დროს ამ საკითხში, შეიძლება ითქვას, დადებითი პროცესები დაიწყო და ამ თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, „გარღვევა“ მოხდა: ჯერ თეთრი სახლის პრესსამსახურმა, შემდეგ სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა თბილისში ყოფნისას საქართველოს რეგიონებს - აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ – „რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები“ უწოდა, თუმცა, სამწუხაროდ, იგივე არ გაუკეთებია ევროპარლამენტს, როცა ამას წინათ მიღებული რეზოლუციის საბოლოო ვერსიიდან ზემოაღნიშნული ტერმინი გაქრა.

არადა, საერთაშორისო პოლიტიკის შუქ-ჩრდილები რომ გავიაზროთ, ამგვარი პოზიციაც გასაგები გახდება - ევროპა მეტწილად საკუთარ ინტერესებზე უფრო ზრუნავს, ვიდრე საქართველოს მდგომარეობაზე.

ორმაგი პოლიტიკაა? დიახ, ასეა - საქართველოს ევროპის „მძიმეწონიანი“ სახელმწიფოები თანაუგრძნობენ, „შეშფოთებას“ გამოხატავენ, სიტყვებით მხარს გვიჭერენ, კრემლის წინააღმდეგ კი სანქციების მიღებას გაურბიან. საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების ლიდერები მედვედევ-პუტინის ტანდემს მეგობრად მიიჩნევენ... მოსკოვი კი ასეთ სიტუაციაში თავს კარგად გრძნობს. რას იზამ, რუსეთი ჯერ-ჯერობით ევროპელებსაც ძალიან სჭირდებათ და ამერიკელებსაც. აბა, გავიხსენოთ, როგორ თქვა ბარაკ ობამამ დიმიტრი მედვედევთან ერთად ვაშინგტონში გამართულ პრეს-კონფერენციაზე? „მართალია, ჩვენი ქვეყნები ძველებურად ვერ თანხმდებიან გარკვეულ პრობლემებზე, ისეთებზე, როგორიც საქართველოა. ჩვენ გულახდილად ვისაუბრეთ განსხვავებულ მიდგომებზე, მაგრამ წინ უნდა ვიაროთ იმ სფეროებში, რომელშიც ერთმანეთს ვეთანხმებით... მე რუსეთის პრეზიდენტ მედვედევში სოლიდური და საიმედო პარტნიორი დავინახეო“. შესაძლოა, ბარაკ ობამამ პოლიტკორექტულობა გამოიჩინა და თავის რუს კოლეგას პირდაპირ, საჯაროდ არ უწოდა „ოკუპანტი“, მაგრამ მიუხედავად პოლიტიკური „გადატვირთვის“ ასეთი ლოიალურ-შემწყნარებლური ფონისა, დავიტოვოთ იმედი, რომ ზემოთ ნახსენები დაწყებული „გარღვევა“ შეიძლება დინამიური და შეუქცევადი გახდეს.

იქნებ ის დროც დადგეს, რომ თეთრი სახლი კრემლს საქართველოს გამო სანქციებით დაემუქროს და გამოფხიზლებულ რუსულ დათვს ბუნაგში დაბრუნება აიძულოს.

ასეთია რეალობა, ასეთია დღევანდელი დიპლომატია. საერთაშორისო პოლიტიკაში ორმაგი პოლიტიკა იყო, არის და მომავალშიც იქნება. გულახდილად რომ ვთქვათ, თუ დაგვჭირდება, ალბათ, გამორიცხული არ არის გარკვეულ სიტუაციებში ორმაგ პოლიტიკას ჩვენც მივმართოთ, მაგრამ სიფრთხილის ზედმიწევნით დაცვით. დიპლომატიაში უანგარო მოქმედება, ქველმოქმედება და მეცენატობა ძალზე იშვიათია - შესაძლოა ვერ ვამჩნევთ, მაგრამ ყოველი სახელმწიფოს თითქოსდა კეთილი ტაქტიკური ნაბიჯის უკან შორსმიმავალი პრაგმატული სტრატეგია იმალება.

დავუბრუნდეთ ისევ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სამართალსუბიექტობის პრობლემატიკას.

საერთაშორისო საჯარო სამართალში არსებობს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის ორი თეორია: დეკლარატიული და კონსტიტუტიური.

დეკლარატიული თეორიის თანახმად, სახელმწიფო სუვერენულია იმ შემთხვევაში, თუ ის შემდეგ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს: ა)ჰყავს მუდმივი მოსახლეობა; ბ)აქვს განსაზღვრული ტერიტორია; გ)ჰყავს მთავრობა და დ)შეუძლია ურთიერთობა დაამყაროს სხვა სახელმწიფოებთან. როგორც ვხედავთ, სახელმწიფოებრიობის კრიტერიუმებში საერთოდ არაა ნახსენები, რომ ახალი სახელმწიფო უკვე არსებულმა სხვა სახელმწიფომაც უნდა აღიაროს. უფრო მეტიც, კონვენციის მესამე მუხლში პირდაპირაა ჩაწერილი: „სახელმწიფოს პოლიტიკური არსებობა არ არის დამოკიდებული იმაზე, აღიარებს თუ არა მას სხვა სახელმწიფო“.

დეკლარატიული თეორია ეფუძნება 1933 წელს მონტევიდეოში, მე-7 პანამერიკულ კონფერენციაზე ხელმოწერილ კონვენციას. საინტერესოა, რომ „მონტევიდეოს კონვენციას“ იმ დროს ხელი მოაწერა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის 18 სახელმწიფომ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც.

დღეს ექსპერტები დეკლარატიული თეორიის კრიტერიუმებს არასაკმარისად მიიჩნევენ. შესაბამისად, „მონტევიდეოს კონვენცია“ მოძველებულია და მას საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკაში, კონკრეტულად კი ამა თუ იმ სახელმწიფოს დამოუკიდებლად აღიარების დროს, თითქმის აღარ იყენებენ.

კონსტიტუტიური თეორიის მიხედვით კი, სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, რომ მას ჰყავს მოსახლეობა და მთავრობა, აქვს ტერიტორია და სხვებთან კავშირების დამყარების სურვილი, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს საერთაშორისო სამართალსუბიექტი, როცა მას დამოუკიდებლად სხვა სახელმწიფოებიც აღიარებენ.

ამჟამად საერთაშორისო პოლიტიკაში რომელიმე სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარებისას, ანუ მის საერთაშორისო სამართალსუბიექტად გადაქცევისას სწორედ კონსტიტუტიური თეორიის პრინციპით სარგებლობენ.

ერთი შეხედვით თითქოსდა საქართველოსაგან განდგომის მოსურნე აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სამართლებრივი მდგომარეობა კონსტიტუტიური თეორიის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მაგრამ ეს მხოლოდ მოჩვენებითია.

აბა, განვსაჯოთ: თუ ორივე „ურჩ“ რეგიონს მსოფლიოს სახელმწიფოთა აბსოლუტური უმრავლესობა - გაეროს 192 წევრიდან 188 - საქართველოს ნაწილებად მიიჩნევს, თუ ისინი ოკუპირებულნი არიან უცხო სახელმწიფოს მიერ და მათი „დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა“ უცხო ქვეყნის (რუსეთის) ხიშტებზეა დამყარებული, თუ მათი ე.წ.“დამოუკიდებლობა“ მხოლოდ ოკუპანტმა სახელმწიფომ (რუსეთმა) და სამიოდე ოდიოზური, მექრთამე და დიქტატორული რეჟიმის მქონე შორეულმა ქვეყანამ (ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ) „აღიარა“, განა ასეთ სიტუაციაში აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ საერთაშორისო სამართალსუბიექტად ჩაითვლებიან? რა თქმა უნდა, არა.

უდღეური სახელმწიფოები

დიპლომატიის ისტორიამ ოკუპაციის დროს შექმნილი და აღიარებული უდღეური სახელმწიფოების არსებობის საკმაო ფაქტები შემოგვინახა: მაგალითად, 1941 წელს, ფაშისტური მესამე რეიხის ჯარების იუგოსლავიის სამეფოში შეჭრისა და მისი ოკუპაციის დროს, გერმანელმა ოკუპანტებმა ხელი შეუწყვეს უსტაშური ხორვატიის სახელმწიფოს შექმნასა და მის „საერთაშორისო სამართალსუბიექტად“ აღიარებას. გერმანიამ აიძულა თავისი სატელიტები - იტალია, იაპონია და სხვები, რომ მათ იუგოსლავიის ოკუპირებულ და ვითომ დამოუკიდებელ ნაწილთან „დიპლომატიური ურთიერთობა“ დაემყარებინათ, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ ოთხ წელს გაგრძელდა. დაახლოებით იგივე სიტუაცია განმეორდა ჩინეთის პროვინცია მანჯურიაშიც, როცა 1933 წელს იაპონიამ მისი ოკუპაცია მოახდინა და „დამოუკიდებელი სახელმწიფო მანჯოუ-გო“ შექმნა. საინტერესო ფაქტია, რომ მანჯოუ-გო იმდროინდელი მსოფლიოს 80 სახელმწიფოსაგან 23-მა აღიარა და მასთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა, მათ შორის საბჭოთა კავშირმაც. არადა, მიუხედავად ამღიარებელთა საკმაოდ სოლიდური რაოდენობისა, მანჯოუ-გო 1945 წელს მსოფლიოს პოლიტიკური რუკიდან გაქრა - მანჯურია ჩინეთს დაუბრუნდა.

გავიხსენოთ კვიპროსის პრეცედენტიც, როცა 1974 წელს თურქეთმა, საკუთარი თანამემამულეების ბერძნებისაგან დაცვის მოტივით, ჯარები გადასხა კუნძულზე, მოახდინა მისი ჩრდილოეთი ნაწილის ოკუპაცია, შემდეგ კი ხელი შეუწყო ჯერ „ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობის გამოცხადებას, 1983 წელს კი - მასთან „დიპლომატიური ურთიერთობის“ დამყარებას. დღეს ანკარაში „ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის“ საელჩო და საკონსულოა გახსნილი, ლაფკოსიაში (ნიქოზიაში, კვიპროსის დედაქალაქის თურქულ ნაწილში) კი - თურქეთის საელჩო, პლიუს სამხედრო ბაზებზე დისლოცირებული თურქეთის საოკუპაციო ჯარების მრავალათასიანი კონტინგენტი. თურქეთის მესვეურების მიერ 1983 წელს დაშვებული შეცდომა ანკარას დღესაც გარკვეულ პრობლემებს უქმნის - რეჯებ ერდოგანს საკმაოდ ხშირად შეახსენებენ ხოლმე, რომ მისი ხელისუფლება ჩრდ.კვიპროსელ სეპარატისტებს უკანონოდ, საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით უჭერს მხარს.

დასკვნის მაგიერ

ზემოთ ჩამოთვლილ-განხილული მაგალითები საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებელი“ სახელმწიფოებრიობა, მათი „სამართალსუბიექტობა“ მხოლოდ ეფემერულია და ის, თუ რამდენ ხანს იარსებებენ ისინი, მხოლოდ საერთაშორისო-პოლიტიკურ კონიუნქტურაზეა დამოკიდებული. სამედიცინო ენით რომ ვთქვათ, სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმების სიცოცხლე, ხელოვნური სუნთქვითა და სხვა მკვებავი ინექციებით, შესაძლოა რამდენიმე წელი კიდევ გაგრძელდეს, მაგრამ მათი ლეტალური დასასრული მაინც გარდაუვალია.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე