RSS
ასე იყო 200 წლის მანძილზე. ასეა დღეს. რა იქნება ხვალ?
16.07.2010 12:57
ექსპერტთა კლუბი

რუსეთის იმპერია, კავკასიაში ფეხის მოკიდების პირველი დღიდანვე განსაკუთრებული სისასტიკით დევნიდა ეროვნულობის, განსხვავებული აღმსარებლობის და დამოუკიდებელი აზრის ყოველგვარ გამოვლინებას. ხოლ სპარსული და თურქული გავლენის საბოლოოდ ამოძირკვის მიზნით დიდი შეზღუდვები დაუწესდა ისლამურ რელიგიას, რადგან იგი ამ ქვეყნების საგარეო პოლიტიკურ კურსთან და იდეოლოგიასთან იყო გაიგივებული. "დაყავი და იბატონეს" და ხალხის ერთმანეთზე გადაკიდების პრინციპი იმპერიის მთავარი სახელმძღვანელო მეთოდი იყო. ზემოთაღნიშნული პოლიტიკის რეალიზაცია მილიონობით კავკასიელის სიცოცხლისა და სამშობლოდან განდევნის საფუძველი გახდა. ეს პატარა ისტორიული ექსკურსი გაკეთდა იმის შესახსენებლად, რომ 200 წლის მანძილზე აპრობირებული ეს პოლიტიკა კვლავ რჩება რუსეთის ხელისუფლების შეიარაღებაში და არ ჩანს მასში კარდინალური ცვლილებების შეტანის არანაირი ნიშნები.

ისლამურ რელიგიაზე მუდმივმა ზეწოლამ და მისი რუსულ ყაიდაზე შემუშავებული მეთოდებით მართვამ შინაგანი პროტესტი დააგროვა მუსულმანურ მოსახლეობაში და არნახულად შეუწყო ხელი ამ აღმსარებლობის გავრცელებას და განმტკიცებას, აქცია იგი ეროვნული ბრძოლის გამაერთიანებელ იდეოლოგიად და ანტირუსულ ძალად. ეს პროცესი განსაკუთრებული სიძლიერით მოქმედებს დღესაც. ყოველგვარი არარუსულის გამოვლენის ძალისმიერი, უხეში ფორმით დათრგუნვამ და გათელვამ ანალოგიური საპროტესტო მუხტი დააგროვა კავკასიურ ეთნოსებში, რაც პერიოდული აფეთქებებით ვლინდებოდა და ვლინდება.

საინფორმაციო საშუალების შესაძლებლობების შეზღუდულობის გამო იჩქმალებოდა რეალობა ან შელამაზებული სახით მიეწოდებოდა იგი მოსახლეობის ფართო ფენებს. დღეისთვის, როცა სინამდვილის დამალვა უკვე შეუძლებელია, დაიწყო ჩადენილი სისასტიკეების გამართლება ისტორიულად განპირობებული მიზეზებით, ცალკეული პიროვნებების მკაცრი ხასიათით, აბორიგენი მოსახლეობის «ველურობით», მათში ცივილიზაციის შეტანის აუცილებლობით და სხვა. გაჩნდა თეორიები, რომლის მიხედვითაც არავითარ კავკასიურ ომებს ადგილი არ ჰქონია, იყო მხოლოდ დიდ სახელმწიფოებს შორის ქიშპობა კავკასიის რეგიონზე გავლენის მოსაპოვებლად.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ექსპერტი, ვინმე რაუფ ვერდიევი კი წერს: "Кавказская война представляется как продолжение набеговой системы. Согласно ей, набеги есть закономерный способ действия общества в процесе классообразования. Кавказская война - это гигантский социальный сдвиг, приведший к образованию феодального государства. Движущей силой этой социальной революции являлась разбогатевшая на войне родовая знать».

ასე ცივად და ცინიკურად არის შეფასებული მილიონობით მოკლული, სამშობლოდან გაძევებული და გაუბედურებული ადამიანის ბედი.

არავინ აპირებს იმპერიებისა და იმპერატორების მიერ საუკუნეების წინ ჩადენილ ცოდვებზე მათ ხალხებს მოთხოვოს პასუხი, მაგრამ რეალური ისტორიის ცოდნა და შესაბამისი დასკვნების გაკეთება კი გადაუდებელი აუცილებლობაა.

მწვავედ დაისვა საკითხი საუკუნე ნახევრის წინ ჩერქეზი ხალხის წინაშე ჩადენილი გენოციდის აღიარების შესახებ. მავანი და მავანი ყველა ზომებს ღებულობს, რომ მიჩქმალულ იქნას ეს პრობლემა. ალბათ შიშობენ, რომ თუ 150 წლის წინ ჩადენილი ეს სისასტიკე აღიარებულ იქნება, დღის წესრიგში დადგება ათიოდ წლის წინ რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომებში ჩეჩენი ეთნოსის 300 ათასი კაცით შემცირება. გარდაუვლად დაისმება კითხვა: როგორ მოხერხდა და ვისი ბრალია, რომ ოციოდ წლის წინ აფხაზეთიდან, ეთნიკური ნიშნის მიხედვით მთელი მოსახლეობის ორი მესამედი გამოაძევეს და რომლებიც დღემდე ლტოლვილები არიან?

მიუხედავად კრემლის დიდი დიპლომატიური და დემაგოგიური ჟონგლიორობისა, სუვერენულ ქვეყანაში უზარმაზარი სამხედრო კონტინგენტის შეყვანას და მისი ტერიტორიების მიტაცებას თავისი სახელები – ოკუპანტები და ოკუპაცია დაერქვა, რასაც აუცილებლად შესაფერისი გაგრძელება მოყვება.

ოციოდე წელია ჩრდილოეთ კავკასიაში მწვავე პროცესები მიმდინარეობს, რომელმაც ბოლო ხანებში სამოქალაქო ომისა და რელიგიური დაპირისპირების სახე მიიღო, რასაც ორივე მხრიდან ათობით ათასი ადამიანი ეწირება.

მხოლოდ მწარე ღიმილი და გულისტკივილი შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის სახელისუფლო ელიტის წარმომადგენლების შეფასებებმა ამ მოვლენების მიმართ. როცა მიზეზად ხან კავკასიური ემოციურობა და მათი კორუფციისადმი მიდრეკილება სახელდება, ხან დასავლეთის ძირგამომთხრელი საქმიანობა თუ რელიგიური მისიონერების ექსტრემისტული დივერსიები, მოსახლეობის არადამაკმაყოფილებელი სასულიერო განათლება და, სულ ბოლოს – ყველა უბედურების მთავარ მიზეზად უმუშევრობა და დაუსაქმებლობა გამოცხადდა.

ვითარების გამოსწორების მთავარ საშუალებად რეგიონში შემოყვანილი ისედაც მრავალრიცხოვანი სამხედრო ძალების შემდგომი ზრდა და რეპრესიების ტრადიციული გამკაცრება იგეგმება.

ცინიზმსა და უტიფრობაში თავის მოსკოველ პატრონებს არც აფხაზი სეპარატისტების ლიდერი ჩამორჩება. იმ დროს, როცა აფხაზური ეთნოსი გაქრობის პირასაა მიყვანილი, როცა უკანონოდ გაძევებული 300 ათასი ადამიანის უძრავ-მოძრავ ქონებას კრიმინალები იტაცებენ, ყიდიან და ანიავებენ, ს.ბაღაფშს ყოფნის თავხედობა განაცხადოს, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოს აშენებს, სადაც ყველაფერი საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით წყდება.

აღარ აპატიებენ ბატონ ბაღაფშს ორმაგ თამაშს. დილით კრემლს რომ ეფიცება სიყვარულს და სამარადისო ერთგულებას, საღამოს კი მუჰაჯირების შთამომავლებს ზღაპრებს უყვება «გაკეთილშობილებულ» რუს გენერლებზე.

თურქეთში მცხოვრებმა მუჰაჯირთა შთამომავლებმა საქვეყნოდ და ხმამაღლა განაცხადეს: აღარ გაიმეორებენ ადრე დაშვებულ შეცდომებს და აღარასოდეს შეასრულებენ ტროას ცხენის როლს რუსეთის დაკვეთით.  ეს განცხადება ბატონ ბაღაფშისა და მისი მოსკოველი პატრონების გასაგონადაა გაკეთებული.

რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა მოეჩვენოს ბატონ ბაღაფშსა და მის მოსკოველ პატრონებს, მეორე ასეული წელია ერთმანეთის გვერდით დგანან თურქეთში მცხოვრები რამდენიმე მილიონი ეთნიკური ქართველი და თითქმის ამდენივე ჩრდილოეთ კავკასიიდან განდევნილი მუჰაჯირების შთამომავლები, რომლებიც ერთად არც თუ იშვიათად და არც თუ კეთილი სიტყვებით იხსენიებენ მათი წინაპრების სამშობლოდან გამოძევების ინიციატორებს.

XXI საუკუნე ვეღარ შეეგუება ისტორიული ფაქტების გაყალბებას და მათი დამახინჯებულად ასახვის ფაქტებს, დღევანდელი რეალობიდან არაადექვატური დასკვნების გაკეთებას და შესაბამისად, არაადეკვატური ზომების მიღებას. თანამედროვე საერთაშორისო საზოგადოება აღარ დაუშვებს დრომოჭმული პოლიტიკოსების მიერ ხალხების გაბრიყვებას და სწორი გზიდან აცდენას. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმები ყველასთვის სავალდებულო კანონად უნდა იქცეს როგორც დიდი, ისე პატარა ქვეყნისთვის.

საქართველო გულგრილი ვერ დარჩება რეგიონში მიმდინარე მწვავე პროცესების მიმართ, რადგან მიაჩნია, რომ კავკასია ერთი მთლიანი ორგანიზმია და მის ერთ ნაწილში დაწყებული ტკივილი აუცილებლად გადაედება სხვებს.

«ექსპერტთა კლუბი» შეეცდება თავის შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის თქვას თავისი სიტყვა ისტორიული ფაქტების ფალსიფიკატორებზე და დღევანდელი რეალობის გამყალბებლებზე, მედროვე პოლიტიკოსებზე და თავისი ხალხის ინტერესების მოღალატე ლიდერებზე...


გაგრძელება იქნება


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე