RSS
ა.ხლოპონინის უკანასკნელი იმედი: ყაბარდო-ბალყარეთში წესრიგს კაზაკები დაამყარებენ
10.08.2010 11:24
ექსპერტთა კლუბი

რუბრიკა: ასე იყო 200 წლის მანძილზე, ასეა დღეს, რა იქნება ხვალ?


მარცხით დამთავრდა რუსეთის ფედერალური და რეგიონალური ხელისუფლების ყოველგვარი მცდელობა ზღუდეებში მოექციათ განსაკუთრებულ ცხელ წერტილებად მიჩნეული დაღესტანი, ინგუშეთი და ჩეჩნეთი იქ მიმდინარე მწვავე პროცესები. მოვლენათა განვითარება მოწმობს, რომ ჩრდილოეთ კავკასიის დაძაბულობის ეპიცენტრი ყაბარდო-ბალყარეთისკენ ინაცვლებს. ამაზე მეტყველებს ბოლო თვეებში რესპუბლიკაში დაფიქსირებული საგანგებო შემთხვევათა ჩამონათვალი, რომელიც ბაქსანის ჰიდროელექტროსადგურის გახმაურებულმა ინციდენტმა გააგრძელა.

ამ და სხვა პრობლემების მოსახსენებლად ბალყარელი უხუცესების წარმომადგენლები შეეცადნენ შეხვედროდნენ ნალჩიკსა და პიატიგორსკში ჩამოსულ რუსეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების პირველ პირებს _ ბორის გრიზლოვსა და ვლადიმერ პუტინს. მათთან შეხვედრის უშედეგო მცდელობის შემდეგ კი მოსკოვში გაემგზავრნენ და სახელმწიფო სათათბიროს შენობის წინ დაიწყეს შიმშილობა, რომელიც დღემდე გრძელდება.

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ყურადღებას იმსახურებს მიმდინარე მოვლენებზე ყაბარდო-ბალყარეთის პრეზიდენტის არსენ კანოკოვის შეფასებები, რომელიც მან მთავრობის სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, გარკვეული საერთაშორისო ძალები ცდილობენ შექმნან რუსეთის სამხრეთ ნაწილში დესტაბილიზაციის ზონა, რომელიც მომავალში თანდათან გაფართოვდება. რიგითმა შემსრულებლებმა არ იციან ვინ ადგენს ამ ზონებს. მათ მხოლოდ ის იციან, რომ თითო მოკლულ მილიციელში 300 ათას რუბლს გადაუხდიან. ვითარების გამოსწორების მთავარ პირობად არსენ კანოკოვს სამართალდამცავი ორგანოების შემდგომი გაზრდა-გაძლიერება მიაჩნია. თავისი ჩეჩენი და ინგუში კოლეგებისგან განსხვავებით, რომლებიც თვლიან, რომ მნიშვნელნად უნდა შემცირდეს ცენტრალური რუსეთიდან მათდამი დაქვემდებარებულ რესპუბლიკებში მივლინებული სამხედრო და ოპერატიული ძალები და თვითონ უკეთ მოაგვარებენ არსებულ პრობლემებს, ა.კანოკოვი უნდობლობას უცხადებს ადგილობრივ კადრებს, დადებითად აფასებს შინაგან საქმეთა მინისტრის იური ტომჩაკის პროფესიონალიზმს, მაგრამ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს მისდამი დაქვემდებარებული სამინისტროს საქმიანობის მიმართ და ვითარების გამოსწორების ერთერთ მთავარ ფაქტორად მიიჩნევს რესპუბლიკის ყველა ძალოვანი სტრუქტურის ცენტრალური რუსეთიდან მოწვეული კადრებით დაკომპლექტებას.

ა.კანოკოვმა კატეგორიული უარი თქვა ბალყარელების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც საძოვრების გამოყენების პრინციპის შეცვლას ითვალისწინებს და მიაჩნია, რომ მოსკოვში მოშიმშილე ბალყარელები ფინანსდებიან გარკვეული ძალების მიერ და ერთერთ მთავარ მიზნად ისახავენ რესპუბლიკის პრეზიდენტის გადარჩევის პროცესზე ზეგავლენის მოხდენას, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.

ბაქსანის ჰიდროელექტროსადგურში მომხდარი აფეთქებების შემდეგ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში ა.ხლოპონინმა განაცხადა, რომ ყაბარდო-ბალყარეთში მხოლოდ კაზაკების შემოყვანით შეიძლება წესრიგის აღდგენა, რაზედაც მათ უკვე გამოთქვეს მზადყოფნა და ხელისუფლებამაც შესაბამისი თანხები უკვე გამოძებნაო!

თავისი ინიციატივის რეალიზაციის მიზნით ა.ხლოპონინმა მისდამი დაქვემდებარებულ ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის ადმინისტრადციის სისტემაში შექმნა სპეციალური კომისია, რომელიც უხელმძღვანელებს კაზაკური ორგანიზაციების აღდგენისა და განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, იმუშავებს კაზაკების ერთიანი საკადრო ბაზის შექმნისა და კაზაკური სამხედრო ფორმირებების ჩამოყალიბებაზე.

ა.ხლოპონინს ადგილობრივი კადრების მიმართ ეჭვებს უძლიერებს ჩეჩნეთში მიმდინარე წლის თებერვალში სპეციალური ოპერაციის ჩატარების დროს მომხდარი ინციდენტიც, როცა ჩეჩენმა სპეცრაზმელებმა ბოევიკების მაგივრად ცეცხლი გაუხსნეს ფედერალურ ძალებს, მოკლეს რამდენიმე რუსი სამხედრო მოსამსახურე, დაღუპული ბოევიკების ცხედრები კი ტყიდან გააპარეს ნათესავებისთვის გადასაცემად. როგორც ცნობილია ამ ფაქტთან დაკავშირებით ფედერალური პროკურატურის საგამოძიებო ორგანოებმა ცოტა ხნის წინ გამოძიება დაიწყეს.

ა.ხლოპონინს ალბათ ახსენებენ ინფორმაციას იმ გახშირებული ფაქტების შესახებაც, როცა მოკლული ბოევიკების ვინაობის დადგენის შემდეგ ირკვევა, რომ ისინი ოფიციალური ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები იყვნენ.

ციმბირიდან კავკასიაში თავისი მრავალრიცხოვანი ამალით მოვლინებული ა.ხლოპონინი ალბათ გაეცნო თავისი «სახელოვანი» წინამორბედი გენერლების ერმოლოვის, ვორონცოვის, ტორმასოვის, ევდოკიმოვის, გლაზენაპის, ლორის-მელნიკოვის და სხვათა გამოცდილებას, როცა ისინი კავკასიის მისადგომებთან აშენებდნენ ე.წ. «გამაგრებულ ხაზებს» და კაზაკურ სტანიცებს, საიდანაც უტევდნენ კავკასიელ მთიელებს, 350 ათასი ყაბარდოელიდან ცოცხლად დარჩენილ 35 ათასს კი თურქეთში ან მიუვალ ადგილებში ერეკებოდნენ, ხოლო დაცარიელებულ სოფლებში ქმნიდნენ ახალ სტანიცებს, სადაც ასახლებდნენ რუსულენოვან კაზაკებს თავისი ოჯახებით. კავკასიელებსა და კაზაკებს შორის იმ დროს დათესილი და გაღვივებული შუღლის შედეგებს აქამდე იმკიან მათი შთამომავლები. არენაზე კაზაკების ახალი გამოჩენა ძველი ტრადიციული მისიით მძლავრ ბიძგს მისცემს ხალხთა მორიგ დაპირისპირებას.
თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია. 200 წლის ნაცადი ფორმები და მეთოდები კვლავ შეიარაღებაში შემოაქვთ კავკასიის თანამედროვე მეფისნაცვლებს, რომლებსაც არ უნდათ თავისი სახელი დაარქვან შექმნილ ვითარებას. როცა მოსახლეობას არ სჯერა ხელისუფლების, ხოლო ხელისუფლება შიშითა და უნდობლობით ეკიდება არა მარტო მოსახლეობას, არამედ თავის საყრდენ სამთავრობო და ძალოვან სტრუქტურებსაც კი, როცა ეს უნდობლობა შეიარაღებულ დაპირისპირებაშია გადასული და ოც წელზე მეტია ორივე მხრიდან ათობით ათასი ადამიანი იღუპება.

რუსეთის იმპერიის ისტორიაში ბევრია ერთი ეთნიკური წარმომავლობის ან სოციალური ჯგუფის მეორესთან ხელოივნურად დაპირისპიპრების და ერთმანეთზე გადამტერების მაგალითები, მაგრამ ასე აშკარად და ასე უტიფრად იშვიათად გაცხადებულა ისეთი რანგის მაღალჩინოსანი ჩინოვნიკისგან, როგორც ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ხლოპონინმა კაზაკებისა და ყაბარდოელების მიმართ იკადრა.

ასეა დღეს. რას მოიმოქმედებენ ხვალ?

ჩვენი შემდეგი პუბლიკაცია კაზაკებზე იქნება.

 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე