RSS
ბაღაფშ-კოკოითის ლათინოამერიკული გეშეფტი
11.08.2010 13:42
სიმონ კილაძე

მსოფლიო დიპლომატია ბევრი უცნაური და კურიოზული მოვლენების მოწმეა. რომის იმპერიის დრო, რენესანსის ხანა, ნაპოლეონის ეპოქა თუ მსოფლიო ომების ასწლეული სავსეა პოლიტიკური პარადოქსებით, კურიოზებითა და კოლიზიებით.
ოცდამეერთე საუკუნეა, მაგრამ მსგავსი მოვლენები დღესაც გრძელდება. თვალსაჩინოებისათვის შორს არ წავალთ: ჩვენი „უძღები შვილები“ - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ლიდერები ამას წინათ „ოფიციალური ვიზიტით“ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში იმყოფებოდნენ.

აფხაზურ-ოსური დიპლომატიის კურიოზები

კურიოზია სერგეი ბაღაფშისა და ედუარდ კოკოითის ვიზიტი, მაშ რა არის. აბა წარმოვიდგინოთ: ორივე ავანტიურისტი რუსული პასპორტებით, რუსეთის მიერ გამოყოფილი თანხით (720 ათასი დოლარი), რუსული კომპანიების თვითმფრინავებით, რუსი მეთვალყურე-ექსკურსიამძღოლებით დადიან და თავს სუვერენულ სახელმწიფოებად ასაღებენ. არადა, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის „სუვერენიტეტს“ მხოლოდ ვენესუელის ექსცენტრიულად შერაცხული პრეზიდენტი უგო ჩავესი, ნიკარაგუის მოსოციალისტო კორუმპირებული პრეზიდენტი დანიელ ორტეგა და წყნარი ოკეანის ტალღებში მიკარგული ნაურუს ლიდერი, ყოფილი სპორტსმენი მარკუს სტივენი სცნობენ. არაფერს ვამბობთ რუსეთზე, რომელიც ასეთი კურიოზული აღიარების მთავარი შემოქმედია - მმართველმა ტანდემმა „ლათინოსების“ გადაბირება ხომ დიდი ფულისა და სამხედრო-მატერიალური დახმარების წყალობით მოახერხა: ქრთამი თურმე არამარტო ჯოჯოხეთს ანათებს, არამედ საერთაშორისო დიპლომატიის ბნელ ლაბირინთებსაც... რას იზამ, ფული ერთნაირად სჭირდება სანდინისტ დანიელს, ბოლივარისტ უგოს და ოდესღაც ფოსფორიტებით (სკლინტით) მდიდარ და ახლა გაღარიბებულ კუნძულელ შტანგისტ მარსკუსს.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, კავკასიელმა ავანტიურისტებმა ერთკვირიანი მოგზაურობის დროს ლათინურამერიკელი ამიგოები მოინახულეს და ხელშეკრულებებიც გააფორმეს, თან როგორი - გულწრფელ მეგობრობაზე, სავაჭრო-ეკონომიურ ურთიერთობაზე, საჰაერო და საზღვაო მიმოსვლაზე, საბანკო კავშირებზე... სანდინისტებთან და ბოლივარისტებთან სულ „ვივა“ იძახეს და სიხარულით მეცხრე ცაზე იყვნენ (რას იზამ, პირველად იყვნენ ასე შორს სტუმრად).

პარადოქსი და კურიოზია აფხაზეთ-„სამხრეთ ოსეთ“-ნიკარაგუა-ვენესუელას შორის დადებული ხელშეკრულებები, აბა რა არის: განა ნორმალური ადამიანი აფხაზურ ფორთოხალს, ჩაის და მანდარინს მანაგუასა და კარაკასის მაღაზიების თაროებზე დაწყობილს წარმოიდგენს? ვენესუელა და ნიკარაგუა ხომ ტროპიკული ქვეყნებია და საკუთარი ციტრუსები სად წაიღონ არ იციან. ანდა ნეტავ თუ ვინმე დაინახავს ვენესუელური ნავთობით სავსე ტანკერების ქარავანს სოხუმის პორტში? ეს ხომ სრულიად წამგებიანი და ძვირადღირებული იქნება, როცა იქვე გვერდით იაფფასიანი რუსული ნავთობის იმპორტი შეიძლება... გარდა ამისა, ვენესუელური ნავთობით დატვირთული ტანკერის შავ ზღვაში შემოსვლა ქართველ მესაზღვრეებს შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეთ... დავაკავებთ, ნავთობიც ჩვენ დაგრჩება და ტანკერიც, თუ ბოდიშს მოიხდიან და პატიებას გვთხოვენ, დაჯარიმებას მაინც ვერ ასცდებიან. თუმცა შესაძლოა ვცდებით - ვენესუელის საექსპორტო პროდუქციის სპექტრში დიდი ადგილი უკავია ნარკოტიკებს და ამიტომ არაა გამორიცხული დონ ჩავესმა ამხანაგ ბაღაფშს კოკის ნარკოტიკშემცველი ფოთლები გამოუგზავნოს, რომელსაც ასე სიამოვნებით ღეჭავს ხოლმე იგი ვენესუელის ტელევიზიის პირდაპირი ეთერით გამოსვლისას! მით უმეტეს, რომ აფხაზეთის რეჟიმი ხომ დიდი ხანია შემჩნეულია ნარკობიზნესში...

დიპლომატიური კურიოზია, აბა, მაშ რა არის დონ ჩავესის დაპირება ამხანაგ ბაღაფშისადმი - ვენესუელის სამხედრო გემები ჩქარა სოხუმის რეიდზე დადგებიანო. კარგით რა, დონ ჩავეს, ან გემები არ გენანება, ან მეზღვაურები, ასე შორს რომ აგზავნი? ვაითუ რაიმე მოუვიდეთ - ხმელთაშუა ზღვა ხომ ნატოს ქვეყნების სამხედრო ხომალდებითაა სავსე, მათ შორის ამერიკის მე-6 ფლოტის ხომალდებითაც.

ხომ ღიმილისმომგვრელია ასეთი განცხადება - „მგზავრების საყურადღებოდ! იწყება ჩასხდომა კარაკას-სოხუმის ავიარეისის თვითმფრინავში“? აფხაზეთის აეროპორტი (ბაბუშერა), დიდი ხანია უმოქმედოა. განა უგო ჩავესს არ გაუგია, რომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (იკაო), რომლის წევრიც, სხვათა შორის, ვენესუელაც გახლავთ, კრძალავს სოხუმის აეროპორტით სარგებლობას? როგორ არ გაუგია, მშვენივრადაც იცის... ისიც კარგად იცის, რომ აფხაზეთ-ვენესუელის საჰაერო მიმოსვლის ხელშეკრულება ფარატინა ქაღალდია, ამ სიტყვის სრული გაგებით, მაგრამ რუსეთის საამებლად და ამერიკის ჯიბრით რას არ გააკეთებს კაცი...
კარგი, აფხაზეთს ნავსადგურები და აეროპორტი (თუმცა უმოქმედო და მოშლილი ინფრასტრუქტურით) მაინც გააჩნია, მაგრამ აი, სამხრეთ ოსეთს რისი იმედი აქვს, ვერ გავიგე. ედუარდი, მართალია, ხელაწეული ესალმებოდა კომანდანტე დანიელს და დონ ჩავესს, მაგრამ საიდან ან როგორ აპირებს რეალური, პრაქტიკული ურთიერთობების დამყარებას? ამბობენ, დანიელ ორტეგა 20 სექტემბერს ცხინვალს უნდა ეწვიოსო. შესაძლოა, ეს ამბავი კოკოითის მიერ სპეციალურად პიარისთვის იყოს გავრცელებული - აქოდა, მარტო მე კი არ დავდივარ ოფიციალური ვიზიტებით, ჩემთანაც ჩამოდიანო, მაგრამ დარწმუნებული ვართ, თუ მანაგუელი კომანდანტე მართლაც ჩამოვა ლიახვის ნაპირებზე მოსკოვის გამოვლით, მას ალბათ, თბილისიც გაახსენდება და ის ინციდენტიც, რომელიც 1982 წლის მაისში საქართველოს დედაქალაქში ვიზიტის დროს შეემთხვა და მერე მიაჩუმათეს...
ჭეშმარიტებაა, რომ დონ ჩავესს და კომანდანტე ორტეგას აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც სულ ერთ ადგილას ჰკიდიათ. მათი „მეგობრობა“ თეთრი ძაფითაა ნაკერი - მანაგუაში და კარაკასში განხორციელებულ საქართველოს „ურჩი და უძღები შვილების“ პომპეზურ მიღებაში რუსეთისადმი გამოვლენილი ლოიალურობა შეიმჩნევა. ამიტომაც გადაჭარბებული არ იქნება, თუ ყველაფერ ამას დიპლომატიურ გეშეფტს (სპეკულაციას) ვუწოდებთ.

აფხაზ და ოს გეშეფტისტებს დიდი იმედები აქვთ, რომ უცხოეთის ქვეყნების ლიდერთა მისაღებში მოცდა დიდხანს არ მოუწევთ და სულ მალე მათ დამოუკიდებლობას, ნიკარაგუისა და ვენესუელის გარდა, სამხრეთამერიკული ორგანიზაციის - „ალბას“ ჯგუფის წევრი სხვა ქვეყნებიც აღიარებენ (ეკვადორი, კუბა, ბოლივია, დომინიკა, ანტიგუა და ბარბუდა, სენტ-ვინსენტი და გრენადინი). რა თქმა უნდა, ამგვარი ოცნებანი და ტკბილი სიზმრები არავისთვის აკრძალული არ არის, მაგრამ პირდაპირ ვიტყვით - ჩამოთვლილი ქვეყნებიდან აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დიპლომატიური აღიარება საკმაოდ პრობლემატურია, თუმცა არაა გამორიცხული, რომ აფხაზმა და ოსმა ავანტიურისტებმა, ისევ კრემლის დახმარებით, საერთაშორისო სამართლის მიერ აღმართულ ბარიერში შესაძვრომი ხვრელები აქაც იპოვონ.

მხედველობაში გვაქვს კუბის რესპუბლიკის დამოკიდებულება საქართველოს „ურჩ შვილებთან“ და საერთოდ, ძმების - ფიდელისა და რაულ კასტროების პოლიტიკა თბილისის მიმართ.
ამ თვალსაზრისით, ვფიქრობთ, საინტერესო იქნება თითქმის ნახევარი საუკუნის წინანდელი პოლიტიკური მოვლენები გავიხსენოთ, დღევანდელს შევადაროთ, გავაანალიზოთ და დასკვნები გამოვიტანოთ.

1963: ფიდელი საქართველოში

მეოცე საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისი. კუბა - „თავისუფლების კუნძული“, ჰავანა, ფიდელ კასტრო რუსი, ერნესტო ჩე გევარა - ეს სახელები საბჭოთა კავშირში და შესაბამისად, საქართველოში ყველამ ზეპირად იცის. „ვივა, კუბა“, „ვენსერემოს ამიგოს“ - ეს შეძახილები თითქმის ყველა ღონისძიებაზე გაისმოდა. ჰოდა, 1963 წლის აპრილის ბოლოს, ცნობილი კარიბის კრიზისის შემდეგ, კუბის რესპუბლიკის რევოლუციური მთავრობის პრემიერ-მინისტრი ფიდელ კასტრო რუსი, ნიკიტა ხრუშჩოვის მიწვევით, საბჭოთა კავშირში გამოემგზავრა, ვიზიტი განხორციელდა იმ დროისთვის მსოფლიოში უდიდესი და უახლესი ტურბოხრახნული საბჭოთა სამგზავრო თვითმფრინავ „ტუ-114“-ით, ჩრდილოეთ პოლუსის გავლით, ჰავანიდან მურმანსკში.

ფიდელ კასტრო, ნიკიტა ხრუშჩოვი და როდიონ მალინოვსკი გუდაუთის რაიონის სოფელ დურიფშში (საქარველოს სსრ, 1963 წლის 28 მაისი)

1963 წლის მაისის დასაწყისიდან, მოსკოვში საზეიმო მიღების შემდეგ, კომანდანტე ფიდელმა საბჭოთა კავშირში მოგზაურობა დაიწყო, საბჭოთა ხალხის დიდი მიღწევების გასაცნობად. იგი იყო ლენინგრადში, კიევში, ტაშკენტსა და სამარყანდში, ირკუტსკში და ბაიკალის ტბაზე, სვერდლოვსკში და სხვა ქალაქებში, საკუთარი თვალით ნახა მსხვილი სამრეწველო საწარმოები, კულტურის ძეგლები და სხვა მრავალი ობიექტი. მოგზაურობის დასასრულს, მაისის ბოლოს მოსკოვში სსრკ-კუბის ორმხრივი დოკუმენტები გაფორმდა, ჩატარდა ხალხმრავალი მიტინგი, შემდეგ კი ნიკიტა სერგეევიჩი და ფიდელ კატრო დასასვენებლად შავიზღვისპირეთის სუბტროპიკებში, სოჭის სამთავრობო აგარაკზე გაემგზავრნენ.

დასვენება რის დასვენებაა, თუ არაფერი დაათვალიერე და არ წაუქეიფე, მით უმეტეს, როცა ადგილობრივი ბუნება მშობლიური კუბის პეიზაჟებს გაგონებს - ირგვლივ პალმები, პლიაჟები, სტუმართმოყვარე ადამიანები... თავი საკუთარ სახლში გეგონება... ჰოდა, მაისის ერთ მშვენიერ დღეს ნიკიტა სერგეევიჩმა ფიდელი საქართველოში, აფხაზეთში მიიპატიჟა - ჩვენი მილიონერი კოლმეურნეობები უნდა გაჩვენოო.

გუდაუთის რაიონის სოფელ დურიფშის ხანდაზმულ მცხოვრებთ, ალბათ, დღესაც ახსოვთ ნიკიტასა და ფიდელის სტუმრობა 1963 წლის 28 მაისს. მათთან ერთად იყვნენ სსრკ თავდაცვის მინისტრი, მარშალი როდიონ მალინოვსკი, საქართველოს იმდროინდელი ხელმძღვანელი, კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი ვასილ მჟავანაძე, საქართველოს კომპარტისს აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი მიხეილ ბღაჟბა და სხვა პირები. დურიფშელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სუფრა მართლაც ზღაპრული გაშალეს - მაგიდა სავსე იყო ნაირ-ნაირი კერძებითა და ხორაგით, იყო ყანწების ტრიალი და სადღეგრძელოები... ფიდელს ძალიან მოსწონებია მეგრული სულგუნი, რის შედეგადაც, მოგვიანებით, ხრუშჩოვის ბრძანებით, კუბაზე ტონობით ყველი იგზავნებოდა მაშინდელი ცხაკაიას რაიონიდან.

აფხაზი დღეგრძელის მახთი ტარკილის სახლის ეზოში გაშლილი სუფრის თამადად ნიკიტა სერგეევიჩმა მიხეილ ბღაჟბა დანიშნა. ყველამ კარგად იცოდა, რომ ბღაჟბა ხრუშჩოვთან დაახლოებული პირი იყო და ძალიან ხშირად, მჟავანაძის გვერდის ავლით, იგი პირდაპირ ეკონტაქტებოდა ხოლმე საბჭოთა ლიდერს. შესაბამისად, საქართველოს კომპარტიის ცეკას მდივანს აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მდივანთან მაინც და მაინც კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა. როგორც თვითმხილველები იხსენებენ, ამ მხრივ მათ შორის გარკვეული დაძაბულობა სუფრაზეც იგრძნობოდა.

სტუმრები დურიფშიდან სოჭში გვიან საღამოს გაემგზავრნენ. ორიოდე დღეში ფიდელი კუბაზე უნდა დაბრუნებულიყო. აქვე შევნიშნავთ, რომ დურიფშში სტუმრობაზე იმდროინდელ საბჭოთა პრესაში არცერთი სიტყვა არ თქმულა, როგორც ჩანს, პოლიტიკურ-პარტიულ ინტრიგებს უნდა მივაწეროთ ის ფაქტი, რომ ნიკიტა ხრუშჩევმა ფიდელ კასტროს მოგზაურობის პროგრამაში თბილისი არ შეიტანა. როგორც ჩანს, მას კარგად ახსოვდა შვიდი წლის წინათ, 1956 წლის მარტში თბილისში მომხდარი სისხლიანი მიტინგები... არადა, 40-50-იან წლებში ტრადიცია იყო - ყველა უცხოური დელეგაცია თბილისში აუცილებლად ჩამოჰყავდათ. აგორდა ჭორები: როგორ, ნუთუ ფიდელ კასტრო რუსი თბილისში არ ჩამოვა? - იმდროინდელ გაზეთებს თუ დავუჯერებთ, ერთმანეთს ასე ეკითხებოდნენ თბილისელები. იმასაც ამბობენ, რომ მჟავანაძე იძულებული გახდა ხრუშჩოვისათვის თხოვნით მიემართა.

როგორც ჩანს, ვასილ მჟავანაძის თხოვნამ გაჭრა და პირველ ივნისს, დილით, ნიკიტა ხრუშჩოვი და ფიდელ კასტრო რუსი სოჭიდან თბილისში ჩამოფრინდნენ. კოკისპირული წვიმის მიუხედავად, ქალაქის ქუჩებში მათ ათასობით ადამიანი ესალმებოდა. საღამოს საზეიმო მიღება და კულტურული ღონისძიებები მოეწყო, 2 ივნისს კი სტუმრებმა ვაკეში, საბურთალოზე და დიღომში თბილისის ახალმშენებლობები დაათვალიერეს, იყვნენ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, სადაც ფიდელ კასტრო კუბელ სტუდენტებს შეხვდა. ქართველმა პოეტებმა მას ინტერნაციონალიზმის მხურვალე გრძნობით გამსჭვალული ლექსები უძღვნეს.

კუბელი შავწვერა რევოლუციონერის თბილისში ყოფნის დეტალებზე ყურადღებას აღარ გავამახვილებთ, რადგან ეს ყველაფერი საკმაოდ ვრცლად აისახა 1963 წლის 1, 2 და 3 ივნისის ქართულ და რუსულ პრესაში. ვიტყვით მხოლოდ იმას, რომ ფიდელმა დიდი მადლობა გადაუხადა ქართველ ამხანაგებს სტუმართმოყვარული დახვედრის გამო და ხაზი გაუსვა, რომ თბილისში ნანახმა მის ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

2008: ფიდელის სტატია საქართველოზე

„თავისუფლების კუნძულის“ ლიდერის თბილისში სტუმრობის შემდეგ თითქმის 50 წელი გავიდა. მსოფლიოში უდიდესი გეოპოლიტიკური ძვრები მოხდა: დაინგრა საბჭოთა კავშირი, დაიწყო კონფლიქტები, ქართველმა ხალხმა თანდათან მიივიწყა კუბის პრემიერის თბილისში სტუმრობა, შეიცვალა პოლიტიკური პრიორიტეტები და კონიუნქტურა, უსასრულობაში დაყვინთა ბევრმა იმდროინდელმა პოლიტიკურმა მოღვაწემაც, მაგრამ კუბაზე თითქოს დრო გაჩერდა: კვლავ „ვივა სოსიალიზმო“, კვლავ „ამერიკა - მტერი“ და „რუსეთი - მეგობარი“. ხანდაზმული ფიდელ კასტრო, ავადმყოფობისა და თანამდებობიდან გადადგომის მიუხედავად, თავისი ძმის - რაულ კასტროს მეშვეობით, კვლავ ავტორიტეტით სარგებლობდა. 2008 წლის იანვარში იგი კუბის პარლამენტის წევრადაც აირჩიეს, თუმცა, ცხადია, ავადმყოფ კაცს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობის თავი აღარ ჰქონდა.

აი, ამ ფონზე, როცა კუბელ კომანდანტეს საქართველოსთან თითქოსდ აღარაფერი ესაქმებოდა, 2008 წლის 12 აგვისტოს, კუბის ახალი ამბების სააგენტომ „პრენსა ლატინამ“ გაავრცელა ფიდელ კასტროს სტატია შემდეგი რუბრიკითა და სათაურით „ამხანაგ ფიდელ კასტროს ფიქრები: საზარბაზნე ხორცი ბაზრისათვის“. რადგან პუბლიკაციის ტექსტი საკმაოდ ვრცელია, ამიტომ მოკლედ ვიტყვით, რომ შინაარსით ის ანტიქართული და ანტიამერიკულია: საქართველო „სამხრეთ ოსეთის“ წინააღმდეგ მიმართულ აგრესიაშია დადანაშაულებული, ხოლო საქართველოს ლიდერი საკმაოდ არასასიამოვნო ეპითეტებითაა შემკული. ფიდელის მტკიცებით, საქართველო სწორედ ამერიკამ წააქეზა და ქართველი ჯარისკაცები რუსეთის წინააღმდეგ საზარბაზნე ხორცად გამოიყენა... სხვათა შორის, იმ ტრაგიკულ დღეებში ფიდელ კასტროს სტატია საქართველოში შეუმჩნეველი დარჩა და შესაბამისად, რაიმე გამოხმაურება არ მოჰყოლია.

კუბისა და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ-იდეოლოგიურ დაპირისპირებასა და კუბა-რუსეთის მეგობრულ დამოკიდებულებას თუ გავითვა-ლისწინებთ, ფიდელის მხრიდან ამგვარი ანტიქართული პოზიციის გამჟღავნება გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო. აშკარაა, რომ აქცენტები ჯერ კიდევ მაშინ გაკეთდა რუსეთისა და აფხაზ-ოსი სეცესიონისტების სასარგებლოდ და ცხადია, საქართველოს „ურჩი შვილები“ ამ გარემოებას სათავისოდ გამოიყენებდნენ, განსაკუთრებით სერგეი ბაღაფში. ასეც მოხდა და როგორც ჩანს, ამაშიც კრემლის ხელი ურევია.

2010: იდუმალი მისიით ჰავანაში

სანამ ედუარდ კოკოითი ჰელსინკის „ვანტას“ აეროპორტში უბილეთო მგზავრივით იცდიდა და გაფუჭებული „ფალკონის“ ნაცვლად რუსეთიდან გამოგზავნილ მეორე თვითმფრინავს უცდიდა, მანაგუაში გამგზავრებულმა სერგეი ბაღაფშმა რატომღაც ჰავანაში შეუხვია და ხოსე მარტის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. 17 ივლისს ეს ცნობა მხოლოდ რუსეთის ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტმა“ გაავრცელა, მაგრამ ძალიან მოკლედ, თან მიზეზად მხოლოდ საწვავის შევსება დაასახელა. მოგვიანებით გაირკვა, რომ სერგეი ბაღაფში კუბის ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდა. რაზე ისაუბრა აფხაზი სეპარატისტების ლიდერმა რაულ კასტროს გარემოცვასთან, ბოლო დრომდე უცნობი რჩებოდა, ამის თაობაზე აფხაზი სეცესიონისტების მასმედიაც არაფერს ავრცელებდა.

მართალი უთქვამთ, შუბი ხალთაში არ დაიმალებაო და ამ საიდუმლო შეხვედრების სავარაუდო შედეგიც გამჟღავნდა: აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მაქსიმ ღვინჯიას განცხადებით, კუბა აფხაზეთის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი ყველაზე პოტენციური ამღიარებელია და ამიტომ გამორიცხული არ არის უახლოეს ხანში რაულ კასტროს ხელისუფლებამ აფხაზეთის სუვერენიტეტი იურიდიულად სცნოსო.

საერთოდ, თუ ზემოთ მოხსენიებულ ისტორიულ მოვლენებს, კუბა-აშშ-ის შორის არსებულ მწვავე კონფრონტაციასა და ჰავანა-მოსკოვის მეგობრობას გავითვალისწინებთ, კუბის მიერ აფხაზეთის შესაძლო აღიარება ჩვენთვის გასაკვირი არ უნდა იყოს. იმავდროულად, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ აფხაზეთ-„სამხრეთ ოსეთის“ ოდიოზური და ავანტიურისტული რეჟიმის ლიდერები მხოლოდ მათივე მსგავს ხელისუფლებებს უკავშირდებიან: თუ უცხოური მასმედიის მიერ გამოქვეყნებულ მასალებს დავუჯერებთ, ოდესღაც „თავისუფლების კუნძულად“ შერაცხული კუბა დღეს, მიუხედავად მცირე ლიბერალური ცვლილებებისა, შეიძლება ითქვას, თავისი საზოგადოებრივ-პოლიტიკური სისტემით ისევ მე-20 საუკუნეშია ჩარჩენილი და გარკვეულწილად რევოლუციამდე არსებულ დიქტატორ ფულხენსიო ბატისტას რეპრესიულ რეჟიმს ჩამოჰგავს.

როგორი იქნება საქართველოს რეაქცია?

ალბათ, საინტერესოა ვიცოდეთ, რომ საქართველოსა და კუბას შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 12 აპრილს დამყარდა. მართალია, თბილისში კუბის საელჩო არ არის, მაგრამ ამ ფუნქციას ბაქოში მდებარე კუბის საელჩო ასრულებს, შესაბამისად, აზერბაიჯანში კუბის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარსელო კაბალიერო ტორესი თავის უფლებამოსილებას იმავდროულად საქართველოს მიმართაც ასრულებს.

ცხადია, რომ ჰავანის მიერ აფხაზეთის „სუვერერნიტეტის“ შესაძლო აღიარების თავიდან ასაცილებლად საქართველოს პოლიტიკური ან ეკონომიკური ბერკეტები არ გააჩნია. კუბასთან არც დიდი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები არ გვაქვს, რომ მას ემბარგო დავუწესოთ და ამით ვაიძულოთ (2009 წლის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვამ 197 ათასი დოლარი შეადგინა). ერთადერთი მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ საპროტესტო ნოტა გავუგზავნოთ და შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობა გავწყვიტოთ.

თუმცა, ვფიქრობთ, რომ კუბის ხელისუფლება ამგვარ ავანტიურაზე მაინც არ წავა - რაულ კასტროს საგარეო-პოლიტიკური კურსისათვის საქართველოსთან ურთიერთობის მკვეთრი გაუარესება მიუღებელი უნდა იყოს. მართალია, ჰავანასა და მოსკოვს ერთმანეთთან მჭიდრო კავშირები აქვთ, მაგრამ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ კუბა ამ შემთხვევაში საკუთარ პრაგმატულ პოლიტიკას გაატარებს და მოსკოვს აფხაზეთის აღიარებაზე არ დათანხმდება. ყოველ შემთხვევაში, ალბათ მაინც აუცილებელია შესაბამისი კონსულტაციების გამართვა კუბის ელჩთან.

დასკვნების მაგიერ

აფხაზეთ-„სამხრეთ ოსეთის“ ავანტიურისტი ლიდერების ლათინურამერიკული გეშეფტი სოხუმ-ცხინვალის „დიპლომატიის“ უკანასკნელ გაბრძოლებად უნდა მივიჩნიოთ, რადგან მათ დედამიწის სხვა რეგიონში რაიმე წარმატების მიღწევა, გინდაც რუსეთის ძალისხმევით, უკვე აღარ შეუძლიათ. სერგეი ბაღაფშისა და ედუარდ კოკოითის დაპირებები დამოუკიდებლობის აღიარების მეორე ეტაპის შესახებ განუხორციელებელია და ეს მხოლოდ პიარზეა გათვლილი - მათ შესანიშნავად უწყიან, რომ ყოველგვარი დიპლომატიური რეზერვი ამ თვალსაზრისით უკვე ამოწურულია. რუსეთმა ვინც მოისყიდა, გადაიბირა ან აიძულა, მათ თავიანთი მცდარი ნაბიჯი უკვე გადადგეს. შესაბამისად, დღეს ძალიან საეჭვოა ვინმეს კვლავ გაუჩნდეს ამის სურვილი.

თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლებამ კვლავ უნდა გააგრძელოს გასულ წელს საკმაოდ წარმატებით დაწყებული პრევენციული ზომების მიღების პროცესი:
ა)მოაგვაროს უცხოეთის სახელმწიფოებთან ურთიერთობის ფორმალური მხარე - გააფორმოს შეთანხმებები დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შესახებ, განსაკუთრებით ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნებთან (აფრიკა, აზია, სამხრეთ ამერიკა, ოკეანეთი);
ბ)გააქტიუროს საერთაშორისო პროპაგანდა აფხაზი და ოსი სეცესიონისტების წინააღმდეგ, უცხოური მასმედიის წამყვანი საშუალებების მეშვეობით; ამ საკითხში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი საქართველოს საელჩოებს ეკისრებათ, რომელთა ფუნქციები დღეს ძირითადად საზეიმო მიღებებში და ბიზნესში მონაწილეობით ამოიწურება. ისეთი სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენელი, როგორიც საქართველოა, ყოველდღიურად უნდა იყოს დაკავებული სახელმწიფოს ინტერესების დაცვის ინტენსიური აგიტაცია-პროპაგანდით, აფხაზურ-ოსური სეპარატიზმისა და მათ ხელშემწყობთა ხრიკების მხილებით;
დ) ამ თვალსაზრისით საქართველოს ხელისუფლებამ უფრო ეფექტურად უნდა გამოიყენოს უნივერსალური და რეგიონული საერთაშორისო ორგანიზაციების ტრიბუნა. იმ ორგანიზაციებში, სადაც ჩვენი გაწევრიანება გეგოგრაფიული ფაქტორის გამო შეუძლებელია (მაგალითად, ლათინური ამერიკის, აფრიკისა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონებში), აქტიურად უნდა ვისარგებლოთ მეგობარი სახელმწიფოების საქართველოსადმი მხარდამჭერი პოზიციით, რათა ჩვენი ინტერესები შეძლებისდაგვარად იყოს დაცული.
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე