RSS
ასე იყო 200 წლის მანძილზე, ასეა დღეს, რა იქნება ხვალ? – კაზაკები
16.08.2010 11:32
"ექსპერტთა კლუბი"

კაზაკები

2008 წლის 3 ივლისს დ.მედვედევმა ხელი მოაწერა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციას, რომელიც ითვალისწინებს კაზაკების ტრადიციების აღდგენისა და მათი სახელმწიფო სამსახურში ჩაყენების გზით მნიშვნელოვანი საერთო საქვეყნო და მუნიციპალური პრობლემების მოგვარების ხელშეწყობას. ამ დოკუმენტის პრაქტიკული რეალიზაციის მიზნით გასული ორი წლის მანძილზე ჩატარდა მრავალი თათბირი, დამატებით მიღებულ იქნა მრავალი გადაწყვეტილება.

ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ხლოპონინმა ბაქსანის ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარი გახმაურებული ინციდენტის შემდეგ მიმდინარე წლის ივლისში მისდამი დაქვემდებარებული სუბიექტის ადმინისტრაციაში შექმნა სპეციალური კომისია, რომელიც იმუშავებს კაზაკური სამხედრო ფორმირებების აღდგენასა და ჩამოყალიბებაზე, მათთვის განსაკუთრებული პრივილეგიებისა და მატერიალურ-ფინანსური ბაზის შექმნაზე და სხვა. მანვე ყოველგვარი დიპლომატიური შენიღბვის გარეშე განაცხადა, რომ "ყაბარდო-ბალყარეთში წესრიგს მხოლოდ კაზაკები დაამყარებენ".

რუსეთის პრეზიდენტის და მისი კავკასიელი რწმუნებულის გადაწყვეტილებებმა და განცხადებებმა დაინტერესებულ საზოგადოებრივ წრეებში ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დაბადა.

რატომ ქმნის ხელისუფლება ჩრდილოეთ კავკასიაში ახალ შეიარაღებულ ფორმირებებს ეთნიკური ნიშნის მიხედვით, მაშინ როცა რეგიონში თავმოყრილია უახლესი ტექნიკით შეიარაღებული ასობით ათასი სამხედრო, სასაზღვრო და შინაგანი ჯარების დანაყოფები, მრავალრიცხოვანი ფედერალური და ადგილობრივი სპეცსამსახურები? ასეთი გადაწყვეტილება მათდამი უნდობლობის გამოცხადებაა თუ სხვადასხვა ეთნიკური და სოციალური ჯგუფების ერთმანეთზე გადაკიდების მორიგი მცდელობა?

რამდენად სამართლებრივია და რაც მთავარია რამდენად ზნეობრივია რუსეთის ხელისუფლების ეს ნაბიჯი ადგილობრივი ეთნოსების მიმართ?

როგორც ა.ხლოპონინის ადმინისტრაციაში განაცხადეს კაზკთა ხელმძღვანელობამ კმაყოფილებით მიიღო ხელისუფლების ინიციატივა, მაგრამ არ არის ცნობილი რას ფიქრობენ მრავალ ქარტეხილს გამოვლილი კაზაკთა ფართო ფენები, რომლებიც არა ერთხელ ჩავარდნილან მძიმე და უღირს სიტუაციაში საკუთარი ლიდერების მოღალატური და პროვოკაციული ქმედების გამო. კაზაკები კვლავ გააქტიურეს ჩეჩნეთის, ინგუშეთის და ოსეთის მისადგომებთან. ისინი პრეტენზიულად იქცევიან აფხაზეთში. სამხედრო ფორმაში გამოწყობილ კაზაკთა რაზმები მარშირებით დადიან ჩერქეზეთისა და ადიღეს ქალაქებში, რითაც ადგილობრივი მოსახლეობის გაღიზიანებას და პროტესტს იწვევენ.

კვლავ წამოეგება კაზაკური მოსახლეობა ხელისუფლების პროვოკაციებს და ყალბ ლოზუნგებს ადგილობრივ მოსახლეობასთან დასაპირისპირებლად თუ შექმნილი ვითარებიდან გაკეთებენ ადექვატურ დასკვნებს და არ გაიმეორებენ წარსულის მწარე შეცდომებს, თავის კავკასიელ მეზობლებთან მიმართებაში?

არსებულ ისტორიულ მასალებზე დაყრდნობით ექსპერტთა კლუბი სთავაზობს თავის მკითხველს მოკლე მიმოხილვას კაზაკთა შესახებ.

კაზაკი თურქული სიტყვაა და იგი თავისუფალს, თავზე ხელაღებულს ნიშნავს.

ჯერ კიდევ XVI საუკუნეში კაზაკებს უწოდებდნენ რუსი ფეოდალებისგან გამოქცეულ ყმა გლეხებს და მოჯამაგირეებს, შემდგომში მათ დაიწყეს გაერთიანება და იარაღით ხელში გადიოდნენ აღმოსავლეთ რაიონებში, სადაც ნადირობის, თევზაობის და თაფლის მოძიების დროს შეტაკებები ჰქონდათ თურქულენოვან მომთაბარეებთან, რომლებმაც მათ კაზაკები ანუ თავისუფლად მოხეტიალეები უწოდეს.

რიცხობრივად გაზრდილი კაზაკური გაერთიანებები შემდგომში თავს ესხმოდნენ მეზობელ ტომებს, ძარცვავდნენ და ხარკს ადებდნენ მათ. XVII საუკუნის დასაწყისიდან გაძლიერება დაიწყო ვოლგის, დნეპრის და დონის კაზაკთა თემებმა. რუსული იმპერია კაზაკებისგან მოითხოვდა მორჩილებას და ერთგულ სამსახურს, რაც მათი თავისუფალი ცხოვრების წესს ეწინააღმდეგებოდა. ამან გამოიწვია კაზაკთა ფართომასშტაბიანი აჯანყებები, რომელთაგან რამდენიმე მეამბოხე ატამანის სტეფანე რაზინის, კონდრატე ბულავინის და ემილიანე პუგაჩოვის სახელებს უკავშირდება. ისინი უპირისპირდებოდნენ და სერიოზულ პრობლემებს უქმნიდნენ ცენტრალურ ხელისუფლებას.

მომდევნო წლებში იმპერიის მესვეურებმა ნოყიერი მიწების დარიგებით, მაღალხელფასიანი თანამდებობების მიცემით და სხვა შეღავათების მინიჭებით შეძლეს პრივილეგირებული ფენის შექმნა და მათი მეშვეობით კაზაკთა ფართო მასების თვითმპყრობელი მონარქის სამსახურში ჩაყენება.

კაზაკური სამხედრო ფორმირებები გამოიყენებოდა როგორც გარეშე მტრებთან საბრძოლველად, ისე კავკასიის ომებში ადგილობრივი მოსახლეობის დასამორჩილებლად. ხდებოდა კაზაკების და მათი ოჯახების მასიური ჩასახლება ფიზიკურად განადგურებული ან განდევნილი ხალხების მიწებზე.

1861 წლის 24 ივნისს ალექსანდრე II-მ ხელი მოაწერა რესკრიპტს «ჩრდილოეთ კავკასიაში ჩასახლების» შესახებ, რაც დაპყრობილ ტერიტორიებზე რუსულენოვანი მოსახლეობის ჩასახლებას ეხებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ კაზაკ სამხედრო მოსამსახურეებს სისხლსა და ხორცში ჰქონდათ გამჯდარი იმპერატორის ყველა ბრძანების უსიტყვო შესრულება, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო, 270 კაზაკმა ოფიცერმა ხელი მოაწერა პეტიციას მონარქის სახელზე, სადაც თხოულობდნენ მათი ადიღურ მიწებზე ჩასახლების შეჩერებას, რაც გამოწვეული იყო ხელისუფლების მიერ ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ უსამართლო და სასტიკი მოპყრობით.

პეტიცია ფარატინა ქაღალდად დარჩა. ჩერქეზების განადგურება-განდევნის და მათ ადგილზე რუსულენოვანი მოსახლეობის ჩასახლების პროცესი გაგრძელდა.

კაზაკებს მთავარ ამოცანად დაუსახეს რუსეთის სამხრეთ და აღმოსავლეთ საზღვრების დაცვა, რისთვისაც ქვეყნის სანაპირო ზოლებში შენდებოდა გამაგრებული დასახლებები ე.წ. სტანიცები. ცხოვრებისა და მეურნეობის გასამხედროებული წესი, ადგილობრივი მიწების ათვისების პარალელურად ადგილზე მუდმივ მზადყოფნაში შეიარღებული სამხედრო ძალის ყოფნასაც გულისხმობდა.

კაზაკები გამოირჩეოდნენ იმპერიის ფანატიკური ერთგულებით და უმკაცრესი სამხედრო დისციპლინით, რომლის უმნიშვნელო დარღვევაც კი მკაცრად ისჯებოდა. ისინი თავის რიგებში ვერ იტანდნენ მხდალებს, ზარმაცებს, ლოთებსა და უპასუხისმგებლო ადამიანებს. კაზაკის ოჯახის და მისი პირადი კეთილდღეობა დამოკიდებული იყო სამხედრო სამსახურის კეთილსინდისიერად შესრულებასთან.

მაღალი ბრძოლისუნარიანობა, ამტანობა, მობილურობა და ერთმანეთის გვერდში დგომა განასხვავებდა კაზაკურ ჯარს რუსული არმიის სხვა დანაყოფებისაგან. 1918 წლამდე კაზაკურმა ჯარმა არ იცოდა რა არის დეზერტირობა.

კაზაკი მამაკაცი 18 წლიდან 38 წლამდე მუდმივ სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა. იგი თავისი ცხენით, იარაღით და ტანსაცმლით ვალდებული იყო გამოძახებისთანავე გამოცხადებულიყო თავის სამხედრო ნაწილში. სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ იგი უბრუნდებოდა ჩვეულებრივ ცხოვრებას, მაგრამ სარგებლობდა მისთვის მინიჭებული მრავალი პრივილეგიით.

კაზაკური ჯარები ჯერ სამხედრო სამინისტროს გენერალურ შტაბს, შემდგომში კი კაზაკთა ჯარების მთავარ სამმართველოს ექვემდებარებოდნენ. 1827 წლიდან კი მათ სარდლად იმპერიის ტახტის მემკვიდრე ითვლებოდა.

კაზაკებმა რუსეთს მისცეს ასობით გმირი და გამოჩენილი სამხედრო მოღვაწე. მათგან გამოირჩევა პირველი მსოფლიო ომში სახელმოხვეჭილი გენერლები ა.მ.კალედინი, ლ.გ.კორნილოვი, დ.პკრასნოვი და სხვები, რომლებიც 1917 წლის თებერვლის და ოქტომბრის რევოლუციების შემდეგაც ერთგული დარჩნენ რუსეთის მეფის და არაერთხელ შეეცადნენ მონარქიის აღდგენას. 1918 წელს კაზაკთა შენაერთების შეტევებმა ცარიცინის და მოსკოვის მიმართულებით საბჭოთა ხელისუფლების ყოფნა-არყოფნის საკითხი დააყენა.

მიუხედავად იმისა, რომ კაზაკების გარკვეული ნაწილი თეთრგვარდიელ გენერლებს არ გაყვა, ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ არ აპატია მათ წინააღმდეგ ამბოხი და ყველას ერთად გამოუტანა განაჩენი.

1919 წლის 29 იანვარს რუსეთის ცენტრალური აღმსარულებელი კომიტეტის თავმჯდომარის ი.სვერდლოვის ხელმოწერით გამოიცა დირექტივა, რომლის მიხედვითაც ფიზიკურად უნდა განადგურებულიყო კაზაკური ელიტა _ ოფიცრები და მდიდარი ფენა. უქმდებოდა მათი ყველა პრივილეგია. კაზაკები დიდხანს ატარებდნენ იმ დროისთვის ყველაზე საშიში კონტრრევოლუციური ხალხის ტიტულს.

თერგის კაზაკები ყოველწლიურად აღნიშნავენ მათი დაღუპული თანამემამულეების ხსოვნის დღეს 27 მარტს. ეს თარიღი დაკავშირებულია 1920 წლის 27 მარტის მოვლენებთან, როცა ხელისუფლებამ სამი სტანიციდან გასახლებული 72 ათასი კაზაკიდან გზაში დახვრიტა 35 ათასი. შემდეგ წლებშიც კაზაკურმა მოსახლეობამ თავისი ისტორიის ბევრი ტრაგიკული ფურცელი გადაშალა.

კაზაკებს ჰქონდათ ერთი ასეთი გამოთქმა: წინ რომ გაბედულად იარო, ხშირად უნდა მოიხედო უკან. თანამედროვე ახალგაზრდა კაზაკები ხელმძღვანელობენ ამ სიბრძნით, გულდასმით სწავლობდნენ შეულამაზებელ ისტორიას და აღარ უნდათ გაიმეორონ მავანთა მიერ შეცდომაში შეყვანილი მათი წინაპრების ცოდვები, რაც «ურწმუნო და ურჩი ხალხების» განადგურებასა და სამშობლოდან გაძევებისკენ უბიძგებდა მათ.

გვინდა ვირწმუნოთ, რომ კაზაკების დღევანდელი თაობა სწორ ანალიზს გაუკეთებს მედვედევების, ხლოპონინების და სხვათა დადგენილებებსა და განცხადებებს, კრიტიკულად გადახედავს ისტორიას და აღარ დაუშვებს იმ საბედისწერო შეცდომებს, რაც არც თუ იშვიათად მეორდებოდა მეზობელ ხალხებთან ურთიერთობაში.

ასე იყო ორასი წლის მანძილზე. აღარ გვინდა რომ ასე გაგრძელდეს ხვალ.
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე