RSS
ლუკაშენკო ევროპულ გზას დაადგა
17.08.2010 13:11
გიორგი წიკლაური

20-21 აგვისტოს ერევანში დაგეგმილ კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულების ორაგანიზაციის არაფორმალურ სამიტზე, რუსეთის პრეზიდენტი არ აპირებს ბელორუსიის პრეზიდენტთან ორმხრივი შეხვედრის გამართვას. ამის შესახებ გაზეთ "კომერსანტს" რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. მაგრამ მედმედევს შესაძლოა არ მიეცეს "ბატკო"-ს ლაფში ამოსვრის შანსი, ვინაიდან, სავსებით შესაძლებელია, რომ ლუკაშენკომ ერევანში ჩასვლა საერთოდ გადაიფიქროს. ერთი წლის წინ ე.წ. "რძის პროდუქტების ომის" ფონზე, მან მოსკოვში გამართულ ანალოგიურ ღონისძიებას იგნორირება გაუკეთა. დღეისათვის კი მოსკოვსა და მინსკს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაცივდა, თუ ოფრო მკვეთრად არ ვიტყვით, რომ მტრული გახდა. ორ მოკავშირე სახელმწიფოს ხელმძღვანელებს შორის ურთიერთობა პრაქტიკულად ყველაზე დაბალ დონეზე იმყოფება, რაზეც რუსეთის მედია საშუალებების მიერ წამოწყებული მძაფრი საინფორმაციო ომი მეტყველებს.

უნდა აღინიშნოს, რომ 15 აგვისტოს რუსეთის სატელევიზიო არხზე "ნტვ"-ს პრაიმ-ტაიმში ნაჩვენები იყო ბოლო პერიოდში მოსკოველი ე.წ. "პიარშიკების" მიერ ბელორუსიის პრეზიდენტის საწინააღმდეგოდ შექმნილი ფილმის მესამე ნაწილი - "ნათლიმამა-3". ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ შექმნილი ავტორიტარული რეჟიმი ყველსათვის კარგადაა ცნობილი და ნაკლებად თუ მოიძებნება ვინმე, რომელიც საკუთარი რისკის ფასად შეეცდება მის ანგელოზად წარმოჩენას, თუმცა "ნტვ"-ს მიერ გაკეთებული ანტირეკლამა იმდენად ხელოვნურია, რომ მორალის თვალსაზრისითაც კი ნამდვილად მიუღებელია და ამაზრზენია. განსაკუთრებულ პიკანტურობას სიტუაციას ის გარემოება უქმნის, რომ ლუკაშენკოს "გამოაშკარავება" კრემლის დაკვეთით რუსეთის ტელევიზიის ეთერში მიმდინარეობს, რის ფონზეც ბელორუსიის ლიდერის ყველა ცოდვა პროვინციალურ ცუღლუტობებს ემსგავსება.

"კომერსანტის" ფურცლებიდან ბელორუსიის პრეზიდენტის მოსკოვის მიერ იგნორირების მუქარა უცებ მას შემდეგ გაჟღერდა, რაც მისივე მისამართით კრემლმა ღია შანტაჟს მიმართა. ლუკაშენკოს, მაღალი დონის შეხვედრებზე მისივე გამონათქვემების სტენოგრამების გამოქვეყნებით დაემუქრნენ. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის სერგეი პრიხოდკოს სიტყვებით, საუბარი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სხდომების სტენოგრამების იმ ნაწილს ეხება, სადაც ლუკაშენკო თითქოს ნათლად მიანიშნებდა იმაზე, რომ მზად იყო აფხაზეთისა და ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობა ეღიარებინა, გარდა ამისა, პრიხოდკოს აზრით, ლუკუშანკოს რიგი გამონათქვამები "დასავლეთისათვისაც იქნება საინტერესო". ასე უპასუხა მოსკოვმა ლუკაშენკოს მიერ 13 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებას, სადაც იგი ბელორუსიის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესაძლო აღიარებასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტს ბრალს სდებდა იმაში, რომ მისი "რუსი კოლეგა არაკეთილსინდისიერად და ურცხვად გლეჯდა ტექსტიდან მის სიტყვებს". "ალექსანდრე ლუკაშენკოს რუსეთის ხელისუფლების არათანმიმდევრულობაზე სათქმელი ნამდვილად არაფერი აქვს. ასეთი შეფასება სწორედ რომ მისი მისამართით უნდა ითქვას" - აღნიშნა პრიხოდკომ.

კრემლის მიერ გაჟღერებული მუქარა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში დღემდე გაუგონარი რამაა და უფრო მდაბიოთა კამათის ლექსიკას ჰგავს, ვიდრე მსოფლიო ხმელეთის ერთი მერვედი ტერიტორიის მფლობელი ბირთვული დერჟავის ღირსელ პასუხს. თუმცა ყველაფერი ეს ნათლად ასახავს იმ რეალობას, თუ როგორ მიიღება მოსკოვში ესა თუ ის გადაწყვეტილება და რაზეა საერთოდ აგებული რუსეთის საგარეო პოლიტიკა. თუმცა, ლუკაშენკომ რუსეთის პრეზიდენტი მოიხსენია რა როგორც არაკეთილსინდისიერი ადამიანი, ამით შეურაცხყოფა მიაყენა მას და აქედან კრემლის განაწყენიანებაც გასაგებია.

თუმცა სიმართლისათვის უნდა ითქვას, რომ პირველმა უთანხმოების გარეთ გატანა რუსეთმა დაიწყო. მედვედევს არ უნდა დაერღვია წესები და დახურული შეხვედრების დეტალებზე ღიად არ უნდა ელაპარაკა. რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებით დსთ-ს ქვეყნების პირველი პირების თანდასწრებით ლუკაშენკომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების პირობა დადო. მედვედევის სიტყვებით - "მან თქვა: "მე საზეიმოდ ვაცხადებ, რომ ყველაფერს უმოკლეს ვადაში გავაკეთებ" და ცოტა დააკლდა, რომ ეს სიტყვები ცნობილი უკრაინული სიმღერის "Ти ж мене підманула, ти ж мене підвела"-ს მოტივზე არ ემღერა. მედვედევმა ამით შესანიშნავი შესაძლებლობა მისცა ლუკაშენკოს რუსეთი საჯაროდ კიდევ ერთხელ "გაეროზგა". "ბატკომ" თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა და პრესის საშუალებით ყველას აუხსნა, რომ "ლუკაშენკოს საზეიმოდ არანირი პირობა არ მიუცია და ასეთი რამ არავის გაუგია. საზეიმოდ ნიშნავს, როდესაც ეს სახალხოდ, ყველას დასანახად კეთდება". უფრო მეტიც, მისი სიტყვებით "რუსეთში ერთი თვისება გააჩნიათ - წინადადებას მძიმესთან ამთავრებენ და არ ამბობენ რა არის ამ მძიმის შემდეგ".

კერძოდ, ბელორუსის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხების განხილვისას მან მედვედევს ნათლად აუხსნა მინსკის უარის მიზეზი. "მე მას ყველა ის პრობლემა ჩამოვუთვალე, რომლების წინაშე ბელორუსი დადგებოდა. ესენი იყო ბელორუს-ევროკავშირის, ბელორუს-აშშ, ბელორუს-დსთ და ა.შ. ურთიერთობები, განაცხადა ლუკაშნკომ.- ჩვენ ამ პრობლემებზე, რომლებიც ორი ათეული პრობლემიდან გამოვხშირეთ, მიზანმიმართულად ვმუშობდით. ამასთან მე განვუცხადე მედვედევს: თქვენ ხართ მზად საკუთარ თავზე აიღოთ ეს პრობლემები და დაგვეხმაროთ მათ მოგვარებაში? რუსეთი არ აღმოჩნდა მზად, ან რუსეთის ხელისაუფლებამ არ მოისურვა დახმარება გაეწია ჩვენთვის იმ პრობლემების მოგვარებაში, რომლებსაც ბელორუსი აღნიშნული საკითხისადმი კრემლისათვის მისაღები პოზიციის დაკავების შემთხვევაში მიიღებდა. აი ეს კი მედვედევმა არ თქვა". უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ლუკაშენკო მედვედევს პირდაპირ დაუპირისპირდა - აქამდე იგი გულმოდგინებით ცდილობდა რუსეთის პრეზიდენტთან პირდაპირი პოლემიკისათვის თავი აერიდებინა და სახალხოდ მხოლოდ რუსების ნაცლიდერს ვლადიმერ პუტინს ეკამათებოდა.

თუმცა სიტყვიერი პოლემიკა ერთადერთი როდია, რაც ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებს აფუჭებს. დღემდე ბოლომდე შეთანხმებული და დარეგულირებული არაა წესები და მექანიზმები, რომლეთა მიხედვითაც უნდა იმუშაოს რუსეთის, ბელორუსიისა და ყაზახეთის საბაჟო კავშირმა. დამკვირვებელთა აზრით ამ კავშირს ისეთივე ბედი ეწევა, როგორიც 1995 წლიდან გაფორმებულ რუსეთ-ბელორუსის საბაჟო გაერთიანებას, რომელიც დღემდე არ ამუშავებულა. წელიწადზე მეტია რაც საერთოდ შეჩერებულია რუსეთ-ბელორუსიის სამოკავშირეო რესპუბლიკის ინტეგრაციული პროცესები. საკონსტიტუციო აქტის შემუშვება, რომლის საფუძველზე უნდა დამთავრებულიყო ორი ქვეყნის გაერთიენება და მათი ერთიან ვალუტაზე გადსვლის საკითხი, როგროც ჩანს საერთოდ ამოღებულია დღის წესრიგან. სამოკავშირეო სახელმწიფოს პოტენციური სუბიექტები ერთმანეთთან მიმართებაში პერმანენტულ ეკონომიკური და ენერგეტიკული ომების რეჟიმში იმყოფებიან. ამასთან, ლუკაშენკო აშკარად იგებს - უკანასკნელი მისი მოგებები "გაზპრომთან" ჭიდილში მორალური და ფინანსური გამარჯვებით დასრულდა. მოსკოვისათვის ასევე მოულოდნელი იყო ბელორუსიასა და ვენესუელას შორის დადებული ხელშეკრულება, რომლის თანახმად ბელორუსია უკრაინის გავლით ვენესუელიდან ტანკერებით მოწოდებულ ალტერნატიულ ნავთობს მიიღებდა. ასეთ რამეს ბრაზიან და ეჭვიან კრემლში არ პატიობენ.

თუმცა ლუკაშენკო არ ერიდება რუსეთთან არსებული დაძაბულობის მიზეზებზე ღიად საუბარს. "რუსეთი პირველ რიგში ცდილობს მოახლოებული ცნობილი პოლიტიკური მოვლენების წინ (საუბარია საპრეზიდენტო არჩევნებზე) ბელორუსიის პრეზიდენტი კედელთან მიაყენოს, გადახაროს. მაგრამ თქვენ მე დიდი ხანია მიცნობთ და ასეთ შემთხვევებშიც კი მე არ ვიცვლები - ჩემი გადახრის მცდელობა უპერსპექტივოა და უშედეგო", - განუცხადა მან ჟურნალისტებს და იქვე მისი პოლიტიკის მრავალვექტორულობის დემონსტრირება მოახდინა. ლუკაშენკოს განცხადებით ბელორუსიას შეუძლია და სურს აშშ-სთან ურთიერთობის ნორმალიზება - "ჩვენ მხოლოდ მზად როდი ვართ, ჩვენ ამ მიმართულებით ცოტა რამ არ გაგვიკეთებია. თუ აშშ-ს სურს ბელორუსთან ურთიერთობის ნორმალიზება, ჩვენ ამისათვის მზად ვართ. მოლაპარაკებებისათვის ჩვენ ბევრი თემა გვაქვს. როგროც ჩვენის მხრიდან, ასევე აშშ-ს მხრიდან არის რიგი წინადადებები. ვფიქრობ, რომ ყველა ამ საკითხების მოგვარება მოლაპარაკებების მეშვეობით სავსებით შესაძლებელია" - განაცხადა ლუკაშენკომ.

რაც შეეხება რიგი პოლიტოლოგების გამონათქვამებს იმის თაობაზე, რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების "გადატვირთვა" შესაძლებელია მოსკოვისა და ვაშინგტონის მხრიდან მინსკზე ერთობლივი ზეწოლის მიზეზი გახდეს, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მოვლენებს გულმოდგინებით ადევნებს თვალს და ხელი მუდმივად ამ მოვლენების პულსზე უჭირავს. "პირველ რიგში - გადაიტვირთეს კი? ვფიქროდ არა... მეორეც - რუსეთის მთავრობასა და ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის ბელორუსთან დაკავშირებით რაიმე საიდუმლო გარიგება არ არსებობს. ეს მე დანამდვილებით ვიცი" - აცხადებს ბელორუსიის ლიდერი.

მოსკოვში კი ლუკაშენკოსადმი ნეგატიური დამოკიდებულება ისტერიაში გადაიზარდა, რაც რუსეთის პოლიტიკუმისათვის სავსებით დამახასიათებელია. კრემლიდან გაჟღერებული გაცხადებებისა და "ნტვ"-ს საშუალებით აგორებული შავი პიარის კვალდაკვალ, მღელვარება დუმა-სა და კრემლთან დაახლოებულ ექსპერტთა წრეს გადედო. ამ ბოლო ორი კატეგორიის ნათელი წარმომადგენელი კონსტანტინე ზატულინია, რომლმაც განაცხადა: "რუსეთში მივიდნენ დასკვნამდე, რომ ლუკაშენკოს პერიოდში ბელორუსთან დაახლოება გამორიცხულია". ხოლო დუმა-ში დსთ-ს საქმეების კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსეი ოსტროვსკიმ "ბატკო" საერთოდ "ექიმებთან გააგზავნა". ასე მოხდა ლუკაშენკო ყველასათვის მოულოდნელად "ფერადი რევოლუციების" ქვეყნების კოლეგა-ანტიპოდებთან ერთ ნავში - ადრე ხომ მოსკოვი "ექიმებთან წასვლას" მხოლოდ მიხეილ სააკაშვილსა და უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, ვიქტორ იუშენკოს ურჩევდნენ. თუ ლუკაშენკოზე მოსკოვში პორნოფილმსაც გადაიღბენ, მაშინ ბელორუსია რუსეთის მხრიდან სამხედრო ინტერვენციისათვის ნამდვილად უნდა ემზადოს. მაგრამ მინსკის არსენალში არსებული შეიარაღება თბილისს საუკეთესო სიზმარშიც კი არ უნახავს და რუსეთის შეიარაღებული ძალების "საქართველოს" გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, ბელორუსიის მიმართულებით სამხედრო აგრესიის განხორციელება აბსოლუტურად გიჟური განზრახვა იქნებოდა. მაგრამ ეს სამწუხაროდ 100%-ით მაინც არ გამორიცხავს ვითარების ამ გზით განვითარებას - რუსეთის ხელისუფლებას საკუთარი საგარეო პოლიტიკის ირაციონალობა და მისი ავანტიურული ხასიათი თავისი ქმედებებით ხშირად დაუმტკიცებია.

ბელორუსის პრეზიდენტის საერთაშორისო დონეზე იგნორირების მოსკოვური პროპაგანდა ლუკაშენკოსა და სააკაშვილის დაახლოების კიდევ ერთი დეტალია. ვითომ არც რუსეთში და არც დასავლეთში ლუკაშენკოს ხელს არავინ გაუწოდებს, იგი ყველასათვის მიუღებელი პოლიტიკური ფიგურაა. სიტუაციის სრული ანალოგიურობისათვის, თითქოს სპეციალურად, ბელორუსიის ოპოზიციის წარმომადგენლებმაც იგივე თეზისების გაჟღერება დაიწყეს. 2010 წლის განვლილ პერიოდში საქართველოს პრეზიდენტის მიერ ჩატარებული მაღალი რანგის შეხვედრების კასკადის შემდეგ, საქართველოსთან მიმართებაში იძულებული გახდნენ შეეწყვიტათ ამგვარი განცხადებების კეთება. ამავე კონტექსტში რა ელოდება ლუკაშენკოს - ამას დრო გვანახებს. სულ მცირე, დასავლეთთან დიალოგისა და მოლაპარაკებების მზადყოფნის დეკლარირებით მან მათი მხრიდან სათანადო ყურადღება მაინც მიიპყრო.

რუსეთ-ბელორუსიის პერიპეტიები საქართველოსათვის სხვადასხვა მიმართულებებზე გარკვეული სასიკეთო შედეგების მომტანია. ეკონომიკაში ტვირთბრუნვის მოცულობების გაზრდა შეინიშნება და შესაბამისი შევედრებისა ვიზიტების შემდეგ ურთიერთთანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულები გამოიკვეთა. განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის მიმართულებით ბელორუსიის მანქანათმშენებელი სფეროს პროდუქციის შესყიდვის საქმეში, საქართველო შესაძლებელია კარგი პარტნიორი ქვეყანა გახდეს. მინსკში კარგად იცნობენ ქართული აგრარული სექტორის პროდუქციებს - ღვინოს, მინერალურ წყალს, ციტრუსებს და ა.შ., ამიტომ მისთვის ამ პროდუქტების ზედმეტი რეკლამირება აუცილებლობას არ წარმოადგენს. პოლიტიკურ კონტექსტში ლუკაშენკო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს უკვე არასოდეს აღიარებს. უფრო მეტიც, საკუთარი მაგალითით იგი უფრო მეტად გაამყარებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ამ საკითხის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას. მაგრამ ყველაზე საინტერესო სფერო, რომელზეც შესაძლებელია გავლენა იქონიოს საქართველო-ბელორუსიას შორის დაგეგმილმა კოოპერაციამ, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობაა.

როგროც უკვე იყო აღნიშნული, მინსკს ყველა სახის საჯარისო შენაერთებისათვის საკმაოდ სერიოზული არსენალი გააჩნია, რომელიც ბელორუსიაში ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან შემორჩა და კარგ მდგომარეობაში იმყოფება. მედვედევთან და პუტინთან კამათისას არ შეიძლება ლუკაშენკოსათვის სერიოზულ არგუმენტს არ წარმოადგენდეს საქართველოსათვის საკმაოდ ძლიერი ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების მიყიდვის შესაძლებლობა. მაგრამ არსებობს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის დაფარული მხარეებიც. მაგალითად, საქართველოში შეიარაღების ერთ-ერთ ყველაზე მხსვილ მომწოდებელს უკრაინა წარმოადგენს, რომლის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ გაჩერებულა და დღეისათვის დაინტერესებულ მხარეებს ბაზარზე დასავლეთის შეიარაღების ხარისობრივად არც თუ ისე ცუდ ანალოგებს საკმაოდ მისაღებ ფასებში სთავაზობს. მაგალითად, საქართველოს ჯარისათვის ძალზედ აუცილებელი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები. უკვე ოფიციალურად არის დადასტურებული საქართველოში ასეთი კომპლესების "სკიფი"-ს უკრაინიდან მოწოდების ფაქტი. ასევე დადის ჭორები Т-84У "Оплот" ტანკების საცდელი პარტიის ჩამოყვანასთან დაკავშირებით. მაგრამ უკრაინის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი მჭიდროდ არის დაკავშირებული ბელორუსიის ანალოგიურ სტრუქტურასთან, საიდანაც უკრაინის სამხედრო ტექნიკისათვის მაკომპლექტებელი ნაწილები ჩამოდის. ამავე დროს სპეციალისტების აზრით ბელორუსიის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი დღემდე გარკვეულწილად კონტროლირდება რუსეთის მიერ, რომელსაც, თავის მხრივ, შეუძლია საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე გავლენა იქონიოს. თუ მოსკოვსა და მინსკს შორის კონფრონტაცია ისეთ მასშტაბებს მიიღებს, რომ ლუკაშენკო ამ მიმართულებაზე გარკვეული ბარიერებსაც კი მოხსნის და საქართველოსთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე წავა, მაშინ შეიარაღების ბაზარზე საქართველოს ახალი შესაძლებლობები გაეხსნება. ეს შესაძლებლობები კი ოკუპანტებს ნამდვილად არ ესიამოვნებათ.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე