RSS
სოხუმში ქართველების დამნაშავე ერად გამოცხადება სურთ
23.08.2010 08:59
ლევან კიკნაძე
"ექსპერტთა კლუბი"-ს პრეზიდენტი

აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა თავის ერთ-ერთ გამოსვლაში ამაყად განაცხადა, რომ „აფხაზეთმა საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად უნდა იცხოვროსო“. თქვა და პირველი რაც გააკეთა აფხაზეთში კონფლიქტამდე მცხოვრები რუსი ეროვნების მოქალაქეების საჩივრებისგან შეწუხებულმა, რომლებიც სამართლიანად ითხოვენ აფხაზი ბოევიკებისგან წართმეული უძრავი ქონების დაბრუნებას, რა თქმა უნდა კრემლთან შეთანხმებით რუსულ-აფხაზური ერთობლივი კომისია შექმნა. კომისიამ არ დააყოვნა და ხსენებული საკმაოდ სკანდალური და საჩოთირო საკითხის საბოლოოდ დასარეგულირებლად ე.წ. კონცეფცია შეიმუშავა. კონცეფციის შემუშავება არც ისე ადვილი საქმე აღმოჩნდა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ბაღაფშის წარგზავნილებს თურმე დიდი ბრძოლის გადატანა მოუხდათ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, როდესაც მათ ხელის მოსაწერად კონცეფციის პროექტის ბოლო ვარიანტი გააცვნეს. ისინი არ ეთანხმებოდნენ ძირითად ფორმულირებას და მოითხოვდნენ ”რუსეთის მოქალაქეების ქონებრივი უფლების დაცვის...” ნაცვლად ჩაწერილიყო ”რუსი ეროვნების მოქალაქეების ქონებრივი უფლების დაცვა” და რაღაც ამდაგვარი, რათა გამოერიცხათ ქართველი ეროვნების რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ქონებრივი უფლების აღდგენის შესაძლო მოთხოვნები.

სამართლიანობა მოითხოვს ავღნიშნოთ, რომ რუსეთი არ წავიდა ნაციზმის ასეთი აშკარა გამოვლინების დაფიქსირებაზე, რადგანაც აშკარად ირღვეოდა საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის ფუნდამენტალური უფლებები და პირველი ვარიანტი ძალაში დარჩა. მხოლოდ იმ პირობით, რომ ამ შემთხვევაში მთავარი იქნებოდა არა კონცეფციაში ჩადებული ფორმულირებები, არამედ ის, რაც ქართველების მიმართ სეპარატისტულ რეჟიმს უკვე დიდი ხანია გადაწყვეტილი აქვს – არ დაუშვას მათი დაბრუნება აფხაზეთში. ბუნებრივია კონცეფციის ასეთი, არცთუ საიმედო ფორმით მიღება და მით უმეტეს მისი საჯაროდ განხილვა ხელს არ აძლევს ბაღაფშის რეჟიმს. მიუხედავად ამისა, დემოკრატიულობის იმიჯის გასამყარებლად ინფორმაციას მაინც გააჟონინა და აფხაზეთში გამომავალ გაზეთს ”ნუჟნაიას” ჯერ ვინმე ნესტერენკოს წერილი დააბეჭდვინა, რომელიც შიშს გამოთქვამს ხსენებული კონცეფციის საფუძველზე ქართველების შესაძლო დაბრუნებაზე (ალბათ ქართველის ქონებას არის დასაკუთრებული) და შემდეგ ჯიჯ საიერ გეჩის ფსევდონიმით, ვიღაც უგვაროს და უჯიშოს ვითომ ოპოზიციური, სინამდვილეში კი ქართველების წინააღმდეგ მიმართული სტატია გამოაქვეყნებინა. ავტორი აფხაზურ-რუსული ერთობლივი კომისიის მიერ შემუშავებული კონცეფციის ზემოთხსენებულ პროექტს ანტიაფხაზურს უწოდებს, თანაც მის შემდგენლებს შორის ქართული მხარის წარმომადგენლების მონაწილეობასაც არ გამორიცხავს. მისი აზრით ამანბ ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში საქართველოს დაინტერესება უნდა გამოიწვიოს, რათა იგი დათანხმდეს ხელი მოაწეროს თავდაუსხმელობის შესახებ დოკუმენტს. ბატონო გეჩ, რა მიამიტი ბრძანებულხართ თუ მართლა გჯერათ, რომ ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის გაფორმებული თავდაუსხმელობის დოკუმენტი გარანტია იქნება იმისა, რომ რუსეთი აღარ გაიმეორებს 2008 წლის მსგავს აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ არც არასდროს გვიფიქრია კონფლიქტების ძალით მოგვარება და არც ეხლა ვაპირებთ. ამიტომ, ნუ აყენებთ საკუთარ თავს სულელურ მდგომარეობაში და ბრმად ნუ ასრულებთ თქვენი შეფების დავალებას. ქართველების მტრის ხატად წარმოჩენა იმ იდეოლოგიის მთავარი შემადგენელი ნაწილია, რომლის სულისჩამდგმელი და მამოძრავებელი სწორედ რუსეთის ხელისუფლება და სეპარატისტული რეჟიმია, თქვენ კი თქვენი რიტორიკით არაფრით არ განსხვავდებით მათგან. ამიტომ, ამაოდ ნუ ცდილობთ ვინმე დააჯეროთ, რომ აფხაზი ეთნოსის გადარჩენისთვის იბრძვით ხმალამოწვდილი. ეს რომ მართლაც ასე იყოს, პირველ რიგში ქართველებთან ურთიერთობის აღდგენისკენ, მათი ღირსეული დაბრუნებისკენ უნდა მოუწოდებდეთ და არა კონფრონტაციის გაღრმავებისკენ. ნურც იმას ცდილობთ, რომ დაგვაჯერებთ თქვენს რადიკალურ ოპოზიციონერობაში. თქვენნაირები და თქვენი მარიონეტული ხელისუფლება ერთ ნავში ზიხართ და უფსკრულისკენ მიექანებით. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ამ გზაზე, ჩვენ ეს არ გვაწუხებს, რომ არა აფხაზი ხალხის ბედი, რომლის მომავალს ასე მიზანმიმართულად უქმნით საფრთხეს. არც ერთი საღად მოაზროვნე და საქმეში ჩახედული ადამიანი იმ აბსურდებს არ დაიჯერებს. რაზეც თქვენ საუბრობთ. ჩვენ მზადა ვართ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში თავდაუსხმელობის შესახებ დოკუმენტს ხელი მოვაწეროთ მხოლოდ რუსეთთან და ეს სრულებითაც არ უკავშირდება იმ ე.წ. ”კონცეფციის” პროექტს, რომელიც ქართულ მხარეს არაფერში არ სჭირდება. არ სჭირდება იმიტომაც, რომ ჩვენ ხელში გვაქვს გაცილებით წონიანი და სხვათაშორის რუსეთის ხელისუფლების და თქვენი რეჟიმის "სრულუფლებიანი წარმომადგენლების" მიერ თავის დროზე ხელმოწერილი, გაეროს რეზოლუციებით გამაგრებული არაერთი დოკუმენტი დევნილების უპირობო დაბრუნების შესახებ. გარდა ამისა, მოქმედებს და არავის არ გაუუქმებია საერთაშორისო კერძო და ჰუმანიტარული სამართლის რიგი საერთაშორისო კონვენციებიც (მაგ, 1951 წელს მიღებული კონვენცია ლტოლვილთა სტატუსის შესახებ, ასევე 1950 წლის ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია, 1974 წლის გაეროს კონვენცია და ა.შ.). აქედან გამომდინარე სრულიად უსაფუძვლოა თქვენი მტკიცება იმის შესახებ, რომ როგორც თქვენ ბრძანებთ: "идет лихорадочный поиск правовых оснований для возврата грузинских беженцев". თან ამას უკავშირებთ გალის ქართული მოსახლეობისთვის აფხაზეთის ე.წ მოქალაქეობის პასპორტების გაცემასთან თქვენს ”პარლამენტში” ატეხილ ვაიუშველებელს. ისე ხართ მოწამლული სეპარატისტული იდეოლოგიით, რომ ადამიანის ამ ელემენტარულ უფლებაზეც კი, როგორიცაა პიროვნების დამადასტურებელი საბუთის გაცემა, უარი უთხარით აფხაზეთის მოსახლეობის თითქმის მესამედს. თქვენთვის დაუშვებელია ფიქრიც კი იმაზე, რომ ამ მიწის ძირძველ მოსახლეობას შეიძლება ქონდეთ ხმის უფლება იმ თქვენ ფსევდოარჩევნებშიც კი - მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქართველები არიან. ეს იმდენად ბუნებრივია თქვენთვის, რომ ამ საკითხის რაღაცნაირად საერთაშორისო ნორმების ჩარჩოებში მოქცევის მცდელობა არ აპატიეთ საკუთარ ხელისუფლებასაც კი, რომელმაც 17 წლის განმავლობაში იმდენი ჭკუა მაინც ისწავლა, რომ იგივე ნააზრევი სახალხოდ მაინც არ გაეჟღერებინა, რათა მსოფლიო საზოგადოების თვალში მოფაშისტო ველურებად არ გამოჩენილიყო. თქვენ, თქვენივე ხელისუფლებაზე გაცილებით ბრიყვი ბრძანდებით და ამიტომაც ღიად აცხადებთ თქვენი ცხოველური შიშის ნამდვილ მიზეზს: "воспрепятствуйте процессу гибели нашего государства и абхазского народа… не дайте превратить нас вновь в меньшинство".

მაგრამ თქვენი გაგება შეიძლება. თქვენნაირების ხელებით ხორციელდებოდა ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა აფხაზეთში. მარიონეტული ეთნოკრატიის შესაქმნელად თქვენ არ მოერიდეთ ხელები გაგესვარათ ახლო ნათესავებისა და მეზობლების სისხლში, დაარღვიეთ ყველანაირი ადამიანური და ღვთიური კანონები. თქვენ შესანიშნავად გესმით, რომ თქვენი დაცემის სიღრმის გამართლებას, საკუთარი თავის წინაშე მაინც, მანამდე შეძლებთ სანამ სიტუაცია ამის საშუალებას გაძლევთ. მაგრამ, როგორც კი აღიარებთ, რომ ქართველი ისეთივე ადამიანია და ისეთივე უფლებები აქვს, იძულებული გახდებით აღიაროთ აქედან გამომდინარე ყველა ჭეშმარიტება - ჭეშმარიტება, რომელიც საბოლოოდ ჯვარს დაუსვამს თქვენს "საქმეს".

მაგრამ დავუბრუნდეთ თქვენს მიერ ხსენებულ რუსეთ-აფხაზეთის ერთობლივ კომისიას და თქვენივე თქმით რუსეთის საგარეო უწყების მიერ "შემოგდებულ" პროექტს. მისი შექმნის აუცილებლობა რუსეთს ნამდვილად დაუდგა, რადგანაც რუსი ეროვნების მოსახლეობის უძრავი ქონების უკანონო ჩამორთმევის და საცხოვრებლიდან მათი გამოდევნის პროცესმა ეტყობა შეუქცევადი ხასიათი მიიღო და ზეპირმა განკარგულებებმა მდგომარეობის გამოსასწორებლად სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. არა მარტო "ექსპერტთა კლუბი", არამედ აფხაზური და რუსული მედიაც ამის შესახებ არაერთხელ წერდა. თქვენ კი ბატონო გეჩ, ამის შესახებ გაკვრითაც არაფერს ამბობთ. დარწმუნებული ვართ, რომ თქვენთვის ასე მიუღებელი და ჩვენი აზრით, კიდევ ერთი ფარატინა, თვალის ასახვევად შეთითხნილი "კონცეფცია" მდგომარეობას ვერ გამოასწორებს და "უძღები შვილის" მადას ვერ დააკმაყოფილებს. თქვენ და თქვენ მარიონეტულ ხელისუფლებას ისიც კარგად მოეხსენება, რომ ხსენებულმა დოკუმენტმა თუ იმუშავა, ჩათვალეთ, რომ მასში ნახსენებ "რუსეთის მოქალაქეებში", რომელთა ქონებრივი უფლებების დაცვაზეა საუბარი, მხოლოდ რუსი ეროვნების მოქალაქეები იგულისხმება და არამც და არამც არ გავრცელდება სხვა ეროვნებებზე, განსაკუთრებით ქართველებზე. დიდი იმედი ნუ ექნებათ სომხებსაც, რომელთა რაოდენობამ აფხაზებს გადააჭარბა და კარგა ხანია მათი ქონებრივი უფლებებიც საკმაოდ ირღვევა. ასე, რომ ბატონო გეჩ, ეტყობა თქვენი ტვინი ვერ წვდება ხსენებულ "კონცეფციაში" ჩადებულ რეალურ მიზნებს და ვერ ხვდებით, რომ კონცეფციის პროექტში, თუ იგი, როგორც თქვენ აღნიშნავთ მართლა ასეთი სერიოზული უწყების მიერ არის მომზადებული, ვერაფრით ვერ ჩაიწერებოდა შეზღუდვები მხოლოდ ქართველი ეროვნების რუსეთის მოქალაქეებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში აშკარა იქნებოდა ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლით აღიარებული ფუძემდებლური პრინციპების უხეში დარღვევა. ყველაფერი ეს ჩვენზე კარგად უნდა გესმოდეთ და ზედმეტ ხმაურს არ ტეხდეთ, მაგრამ ბაღაფშის ხელისუფლებისთვის "დემოკრატიული სახელმწიფოს" მშენებლობის გზაზე მოჩვენებითი, "შეურიგებელი ოპოზიცია" აუცილებელი ატრიბუტია, თანაც, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ქართველების სახით შექმნილი მტრის ხატის პერიოდული შეხსენებაც ხომ აუცილებელია აფხაზეთის მოსახლეობისთვის..

ჩვენი მხრიდან კი გვინდა დავამატოთ, რომ ჩვენთვის მიუღებლად და აფხაზი ერისთვის დიდ სირცხვილად მიგვაჩნია აფხაზეთის ძირძველი ქართველი მოსახლეობის თავის მამა-პაპის მიწაზე დაბრუნების საკითხში ამჟამად აფხაზეთში ჩამოთესლილი უთვისტომო ადამიანების ურცხვი ჩარევა. უფრო მეტიც, ისინი თავს უფლებას აძლევენ მოუწოდონ რუსეთის და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას ქართველი ერი პრაქტიკულად დამნაშავე ერად შერაცხონ. აფხაზი ხალხისთვის დიდ სირცხვილად მიგვაჩნია, რომ ის, რაც მათ მიმართ ერთ დროს ჩაიდინა რუსეთის ცარიზმმა, დღეს იგივეს ქადაგებენ ვიღაც საინერ გეჩები და ყველაფერი ამის რეკლამირებას ახორციელებს ისეთი რეიტინგული გაზეთი, როგორიც "ნუჟნაიაა".

"ექსპერტთა კლუბისთვის" საინტერესოა რა გამოხმაურება მოჰყვება გეჩის ფსევდონიმით ხელმოწერილ მიმართვას აფხაზეთის ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან და საერთოდ, რა ბედი ეწევა ხსენებულ პროექტს. ამის შემდეგ გადავწყვიტავთ გამოვაქვეყნოთ თუ არა ქართველ დევნილთა და მათ შთამომავალთა მოსაზრებები და გეგმები აფხაზეთში მათი ქონებრივი პრეტენზიების შესახებ, რომლებსაც ისინი თავიანთ წერილებში გვიზიარებენ. იქნებ ამის შემდეგ მაინც შეწყვიტოს მარიონეტულმა რეჟიმმა ხსენებული სტატიის მსგავსი შეკვეთილი პუბლიკაციების გამოქვეყნება, რომლებიც ასე გვაღიზიანებს ქართველებს.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე