RSS
კიტოვანი – სოხუმს, აფხაზური ქონება – რუსეთის მოქალაქეებს? მთავარი, სიახლეები, პოლიტიკა
01.09.2010 12:39
მადლენ მაჭარაშვილი
"ახალი 7 დღე"

ცხელი ზაფხული სოხუმში არც პოლიტიკურად არის გრილი. რუსულ-აფხაზური პოლიტიკური თამაშები ჩვეულ რიტმში გრძელდება. ვიდრე აფხაზები ოფიციალური თბილისისგან თენგიზ კიტოვანის გადაცემას ითხოვენ, აფხაზეთის იურიდიულად "გადასაფორმებლად" რუსეთი ახალ-ახალ დოკუმენტებს ამზადებს. უკვე დასრულდა მუშაობა კონცეფციაზე, რომელიც აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების ინტერესებს, კერძოდ, მათი ქონებრივი უფლებების დაცვას ეხება.

„ექსპერტთა კლუბის“ პრეზიდენტი, აფხაზეთის უშიშროების ექსმინისტრი, გენერალი ლევან კიკნაძე მიიჩნევს, რომ რუსულ-აფხაზური ერთობლივი კომისიის მიერ შემუშავებული კონცეფცია მიზნად ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობების მეტად დაძაბვას ისახავს.

ლევან კიკნაძე: "კონცეფციის პირველ პუნქტში წერია, რომ კომისიამ კოორდინაცია უნდა გაუწიოს რუსეთის იმ მოქალაქეების ქონებრივი უფლებების აღდგენის საკითხებს, რომლებმაც დატოვეს აფხაზეთი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს". ერთი შეხედვით, აქ სადავო და საკამათო არაფერია. რუსეთ-აფხაზეთს შორის გაფორმებული იმ კაბალური ხელშეკრულებების ფონზე, რომელთა სრულფასოვანი ამოქმედება აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის დასასრული გახდება, ხსენებული კონცეფცია სეპარატისტებისთვის სერიოზული საფრთხის შემცველი არ უნდა იყოს, მით უმეტეს, რომ იგი შეეხება რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ომის დროს დატოვეს აფხაზეთი. თუ საქმეს უფრო სერიოზულად შევხედავთ, სიტუაცია ამგვარია: ქართულ-აფხაზური ომის დროს აფხაზეთში მცხოვრები არც ერთი მოქალაქე არ ყოფილა რუსეთის მოქალაქე, ყველა საქართველოს მოქალაქე იყო და მათზე მხოლოდ საქართველოს იურისდიქცია ვრცელდებოდა. აქედან გამომდინარე, ხსენებულ კონცეფციას არავითარი იურიდიული ძალა არ აქვს და იგი შემოგდებულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, რათა კიდევ უფრო დაძაბოს ურთიერთობა ქართველებსა და აფხაზებს შორის. აღწევს კიდეც ამას საინფორმაციო საშუალებების მიერ ატეხილი აჟიოტაჟით.

-რატომ გაჩნდა კონცეფციის შემუშავების აუცილებლობა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებისთვის, ან რამდენად საჭიროა ეს კონცეფცია? ძნელი დასაჯერებელია, რომ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების უფლებები სხვებზე მეტად ირღვეოდეს.

- რუსეთს მხოლოდ რუსი ეროვნების მოქალაქეების ბედი აწუხებს. კონცეფციის შექმნის მიზეზი და საბაბი რუსეთს ნამდვილად ჰქონდა, რადგანაც რუსი ეროვნების მოსახლეობის უძრავი ქონების უკანონო ჩამორთმევის და საცხოვრებლიდან მათი გამოდევნის პროცესმა აფხაზეთში შეუქცევადი ხასიათი მიიღო. გახშირებული სასამართლო პროცესების და რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი დონის ჩინოვნიკების მისამართით გაგზავნილი საჩივრების გამო მდგომარეობის გამოსასწორებლად გაცემულმა ზეპირმა განკარგულებებმა, სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. ამის შესახებ წერდა "ექსპერტთა კლუბი" – ისევე, როგორც ქართული, აფხაზური და რუსული მედია. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ერთი ფარატინა, თვალის ასახვევად შეთითხნილი "კონცეფცია" მდგომარეობას ვერ გამოასწორებს, „უძღები შვილის“ მადას ვერ დააკმაყოფილებს.

- რამდენად უქმნის საფრთხეს საქართველოს ასეთი დოკუმენტის არსებობა?

- საფრთხის შემცველია ყველა დოკუმენტი, რომელიც მიზანმიმართულად ემსახურება კონფრონტაციის გაღრმავებას ქართველებსა და აფხაზებს შორის. ამის ნათელი დადასტურებაა აფხაზეთში გამომავალი საკმაოდ რეიტინგული გაზეთის "ნუჟნაიას" მიერ გამოქვეყნებული ჯერ ვინმე ნესტერენკოს წერილი და შემდეგ ჯიჯ საიერ გეჩის ფსევდონიმით ხელმოწერილი მიმართვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებისადმი, მათ ახლახან დაემატა სერგეი შამბას მიერ გაკეთებული განცხადება, რომ არ უნდა დაუშვან ქართველების დაბრუნება აფხაზეთში.

- მოსკოვიდან მიღებული კონცეფცია ოფიციალურმა სოხუმმა უკვე გააკრიტიკა. როგორ ფიქრობთ, რატომ დაიწუნეს რუსული დოკუმენტი აფხაზეთში?

- როგორც ირკვევა, და ამას სერგეი შამბაც ადასტურებს, დოკუმენტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მომზადდა და ბაღაფშის წარგზავნილებს თურმე დიდი ბრძოლის გადატანაც მოუხდათ ამ დოკუმენტის გამო. როდესაც მათ ხელის მოსაწერად კონცეფციის პროექტის ბოლო ვარიანტი გააცნეს, არ თანხმდებოდნენ ძირითად ფორმულირებას და მოითხოვდნენ "რუსეთის მოქალაქეების ქონებრივი უფლების დაცვის..." ნაცვლად ჩაწერილიყო "რუსი ეროვნების მოქალაქეების ქონებრივი უფლების დაცვა" და რაღაც ამგვარი, რათა გამოერიცხათ რუსეთის ქართველი ეროვნების მოქალაქეების მხრიდან ქონებრივი უფლების აღდგენის შესაძლო მოთხოვნები. სამართლიანობა მოითხოვს, აღვნიშნოთ, რომ რუსეთი არ წავიდა ნაციზმის ასეთი აშკარა გამოვლინების დაფიქსირებაზე, რადაგანაც აშკარად ირღვეოდა საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის ფუნდამეტური უფლებები და პირველი ვარიანტი ძალაში დარჩა. მხოლოდ იმ პირობით, რომ ამ შემთხვევაში მთავარი იქნებოდა არა კონცეფციაში ჩადებული ფორმულირებები, არამედ ის, რაც ქართველების მიმართ სეპარატისტულ რეჟიმს უკვე დიდი ხანია გადაწყვეტილი აქვს – არ დაუშვას მათი დაბრუნება აფხაზეთში.

რუსეთის ხელისუფლებას ისიც კარგად მოეხსენება, რომ ხსენებულმა დოკუმენტმა თუ იმუშავა, მასში ნახსენებ "რუსეთის მოქალაქეებში", რომელთა ქონებრივი უფლებების დაცვაზეა საუბარი, მხოლოდ რუსი ეროვნების მოქალაქეები იგულისხმონ და ის არავითარ შემთხვევაში არ გავრცელდება სხვა ეროვნებებზე, განსაკუთრებით ქართველებზე. დიდი იმედი ნუ ექნებათ სომხებსაც, რომელთა რაოდენობამ აფხაზებს გადააჭარბა და, კარგა ხანია, მათი ქონებრივი უფლებებიც საკმაოდ ირღვევა. ამიტომ ამ დოკუმენტის საბაბით როგორც ოფიციალურ, ასევე ოპოზიციურ წრეებში ატეხილი "ვნებათაღელვა", მოჩვენებითია და ბაღაფში და შამბა კრემლთან სერიოზულ დაპირისპირებას ნამდვილად არ აპირებენ.

- ოფიციალური სოხუმის მიერ კონცეფციის დაწუნება საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნას ნიშნავს? თუ ეს თემა კვლავ დაბრუნდება განსახილველად?

- ეს, მართლაც, საინტერესო საკითხია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თუ ეს დოკუმენტი "შემოგდებულია" მხოლოდ სეპარატისტული ხელისუფლების რეაქციის მოსასინჯად, ეს უკვე გაკეთდა. არა მგონია, ბაღაფშს ან შამბას არ სცოდნოდა, რომ ეს კონცეფცია მზადდებოდა. მათ ისიც კარგად იცოდნენ, რა შინაარსის იქნებოდა დოკუმენტი, მაგრამ ასეთი ფორმა არჩიეს. იფიქრეს, წამოვაყენოთ ეს იდეა, ავალაპარაკოთ "ოპოზიცია" და მერე რუსეთს ვუთხრათ: კი ბატონო, ყველაფერში გეთანხმებით, მაგრამ ეს ფორმა მიუღებელია და იქნებ სხვაგვარად მოვიქცეთ. შეიძლება, საერთოდ უარი თქვან ოფიციალურ დოკუმენტზე და სიტყვიერად დაჰპირდნენ რუსეთს: რუსი ეროვნების მოქალაქეებს არაფერს ვერჩით და მათ უფლებებს დავიცავთო. ვნახავთ, რა პოზიციაზე დადგება რუსეთი.

თუ კონცეფცია არ მიიღეს აფხაზეთში, ეს რუსეთის, როგორც დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად იმოქმედებს. გამოვა, რომ მან ვერ გაიტანა დოკუმენტი, რომელიც ერთი შეხედვით სამართლიანობის დამკვიდრებას ემსახურება და მოქალაქეების ინტერესებს იცავს.

- აფხაზები ბოლო დროს დაჟინებით ითხოვენ ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებას. ვის და რატომ აძლევს ხელს ამგვარი დოკუმენტის არსებობა?

- ასეთი დოკუმენტის გაფორმება, რა თქმა უნდა, კრემლისა და მისი მარიონეტების ინტერესებში შედის, რადგანაც ჩვენი მხრდან ხელის მოწერა, პირველ რიგში, ნიშნავს, რომ ჩვენ თავად ვაღიარებთ ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს დოკუმენტი, კიდეც რომ მოვაწეროთ ხელი, ვერ იქნება გარანტია იმისა, რომ რუსეთი აღარ გაიმეორებს 2008 წლის მსგავს აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ.

- აფხაზები აფხაზეთის ომიდან 17 წლის შემდეგ ოფიციალური თბილისისგან კიტოვანის გადაცემას ითხოვენ. როგორ ფიქრობთ, რატომ გახდა დღეს ეს საკითხი აქტუალური?

- კიტოვანს ისინი აფხაზების გენოციდში ადანაშაულებენ, მაგრამ ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვთ. ქართველების ეთნოწმენდის საკითხზე კი საქართველოში 200-მდე ტომი არსებობს. მათ მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმებშიც კი ის ჩანს, რომ ჟიული შარტავა და მისი გარემოცვა თავად ჰყავდათ დაკავებული, მერე კი დახვრიტეს. სწორედ, ეს არის გენოციდი. იმ მომენტისთვის ეს ადამიანები მებრძოლები აღარ იყვნენ, იარაღაყრილ მშვიდობიან მოქალაქეებად მიიჩნეოდნენ.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე