RSS
ოსები საქართველოში (ნაწილი I)
02.09.2010 15:43
ვასილ კვირიკაშვილი
ექსპერტთა კლუბი

"დაუპატიჟებელი სტუმარი თათარზე უარესია"
რუსული ანდაზა

ბოლო ორი-სამი ათეული წელიწადია არაქართველთა მიერ მიზანმიმართულად ხდება საქართველოში ოსთა მიგრაციის ისტორიის გაყალბება, ქართულ-ოსური ეთნოისტორიული ურთიერთობების დამახინჯება. დადგენილია, რომ ოსური ეთნოსის გადმოსახლება საქართველოს ტერიტორიაზე გვიან შუა საუკუნეებში მოხდა: დვალეთში - XVII საუკუნეში და შიდა ქართლის მთიანეთში - XVIII საუკუნის შუა ხანებიდან.


...ქართველი ხალხი მძიმე განსაცდელის წინაშე იმყოფება. რუსეთის იმპერია საქართველოს ძირძველი ტერიტორიების მიტაცებას სეპარატისტი ოსებისა და აფხაზების საშუალებით ახდენს. ტერიტორიების მიტაცებას კი როგორც ოსები და აფხაზები, ისე მათი წამქეზებლები ისტორიულ დასაბუთებასაც "უძებნიან" – ისტორიას აყალბებენ, მითოლოგემებს ქმნიან. ისტორიის მიზანმიმართული გაყალბება უკვე რამდენიმე ათეული წელიწადია მიმდინარეობს. ქართველი მეცნიერები სათანადო პასუხს არ აყოვნებდნენ, მაგრამ მათი ნაშრომები, თუ ორიოდ გამონაკლისს არ მივიღებთ მხედველობაში, ძირითადად ქართულ ენაზე იწერებოდა. რუსულ ენაზეა ქართულ-ოსურ ურთიერთობებისადმი მიძღვნილი წიგნი (Грузино-осетинские этноисторические очерки), რომელიც მხოლოდ 200 ცალი ტირაჟიდ დაიბეჭდა – და ბუნებრივია, რომ არ იძლევა ფართოდ გავრცელების საშუალებას. ქართველი ხალხის მტრებს კი ინფორმაციის გავრცელების დიდი საშუალებები გააჩნიათ. ქართულ ენაზეა დასტამბული აგრეთვე მონოგრაფია, რომელიც ოსთა საქართველოში მიგრაციას შეეხება.


დღეს, რამდენადაც ცნობილია, საქართველოში ოსური ეთნოსის დასახლების საკითხებით და ქართულ-ოსური ურთიერთობებით ევროპაშიც არიან დაინტერესებული, თუმცა მათი ინტერესის დაკმაყოფილება, ფაქტობრივად, არ ხერხდება, რადგან ინგლისურ ენაზე არაფერი გაგვაჩნია.


იმდენად ხელშესახებია ოსების საქართველოში გვიან (თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე XVII საუკუნის შუა ხანებიდან) მოსვლის ფაქტი, რომ თავის დროზე ქართველი მეცნიერები მის შესწავლას საჭიროდაც კი არ თვლიდნენ.
წინამდებარე ნაშრომში ოსთა წინაპარი ალანი ტომების თავდაპირველი განსახლების არეალებია გამოვლენილი. ამ მხრივ ავტორს დიდი სამსახური გაუწია კატალონიელი ისტორიკოსის აგუსტი ალემანის ნაღვაწმა, რომელმაც ალანებისა და მათი მონათესავე ტომების შესახებ მსოფლიოში არსებული ყველაენოვანი წყარო მოიძია, თარგმნა და სათანადო კომენტარებით გამოსცა. ასე რომ, ალანების შესახებ ყველა წყარო ერთ წიგნშია თავმოყრილი. კატალანურ ენაზე სქელტანიანი წიგნის გამოსვლისთანავე ის ინგლისურადაც გამოიცა. სამი წლის შემდეგ, 2003 წელს წიგნი რუსულ ენაზედაც ითარგმნა (Агусти Алемань. Аланы в древних и средневековых письменных источниках. _ М., Издательство «Менеджер». – 608 с.). თითქოს ჩვენთვის უშრომია აუგუსტი ალემანს. ყველა წყაროს თანახმად ალანთა ეთნოგენეზი კავკასიიდან ძალიან შორს მოხდა და ჰუნთა შემოსევებამდე მათი განსახლების არეალი მხოლოდ ევრაზიის ვრცელი სტეპები იყო, შემდეგ კი – ჩრდილოეთ კავკასიის ველები. წიგნში დაწვრილებითაა ამ პრობლემაზე საუბარი.
* * *
...თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე ოსური ეთნოსი საკმაოდ გვიან, XVII საუკუნის შუა ხანებიდან განსახლდა (თოფჩიშვილი. 1997). ისინი აქ ჩრდილოეთ კავკასიის მთებიდან გადმოსახლდნენ. დადგენილია, რომ ირანულენოვანი ოსები კავკასიის ოდინდელი მკვიდრნი არ არიან; ისევე როგორც თურქულენოვანი ხალხები, ოსებიც კავკასიაში მოსული არიან. უტყუარი წყაროების მიუხედავად, ოსურ ისტორიოგრაფიაში არის მცდელობა ოსთა წინაპრების კავკასიაში (და, მათი აზრით, საქართველოშიც) დასახლება ძალიან ძველ პერიოდში გადატანისა. უფრო მეტიც, აქ აღმოჩენილ სხვადასხვა ეპოქის მატერიალურ-არქეოლოგიურ კულტურას ირანულენოვანი ხალხის, ანუ ოსების წინაპართა კუთვნილებად აცხადებენ.
ქართველ მეცნიერთა მიერ გარკვეულია, რომ ოსების კავკასიის მთებში შემოხიზვნა მონღოლთა შემოსევების დროს მოხდა; ამ დროს “სტეპნიაკი” ოსები მთიელებად იქცნენ. თუმცა, სიმართლე უნდა ითქვას, უფრო ადრეც, ოღონდ კავკასიის მთიანეთის სხვა მონაკვეთში, ოსთა წინაპარი ალანები დასავლეთით, თანამედროვე ბალყარეთისა და ყარაჩაის ტერიტორიებზეც იყვნენ შემოსახლებულნი. აქ ისინი უშუალოდ ემეზობლებოდნენ საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებს: აფხაზეთსა და სვანეთს. ოსთა წინაპარი ალანების კავკასიელებად ქცევა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ დაძრული ჰუნების თარეშებთან იყო დაკავშირებული. თანამედროვე ოსეთის ოთხი ხეობიდან ადრე შუა საუკუნეებში ალან-ოსები მხოლოდ დიგორიაში ცხოვრობდნენ. როგორც აღინიშნა, ალან-ოსების განსახლების არეალი ახლანდელი ბალყარეთი და ყარაჩაიც იყო. მაგრამ იალბუზის ირგვლივ, ანუ ყარაჩაისა და ბალყარეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ალან-ოსები მონღოლთა შემოსევების დროს კავკასიის ბარიდან და სამხრეთ რუსეთის სტეპებიდან მიგრირებული თურქულენოვანი ყივჩაყების მიერ იქნენ ასიმილირებულნი. ასიმილაციას დიგორელები გადაურჩნენ, თუმცა თურქული მინარევი მათში საკმაოდ არის წარმოდგენილი (კალოევი 1999). ფაქტი თანამედროვე ყარაჩაის და ბალყარეთის ტერიტორიაზე (დასავლეთ კავკასიაში) ალან-ოსების ცხოვრებისა ქართული საისტორიო წყაროებითაც დასტურდება. ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით, დასავლეთ კავკასიის მთიანეთში ალან-ოსების დასახლკარება ჰუნთა შემოსევების დროს მოხდა, ე. ი. ახ. წ. IV საუკუნის 70-იან წლების შემდეგ. დროის ამ მონაკვეთში ალან-ოსები ჩრდილოეთ კავკასიის დაბლობში ნამდვილად სახლდებიან, მაგრამ მათი ნაწილი მთაში, იალბუზის მიდამოებშიც მაშინვე დასახლდა თუ არა ამის დამადასტურებელი წერილობითი მონაცემები არ არსებობს.


ამ დროს, ალან-ოსებთან ერთად, სხვა ეთნოსებიც შემოსახლებულან, კერძოდ თურქულენოვანი ჰუნების მონათესავე სავირები, რომლებიც ალან-ოსებში მალე გაითქვიფნენ. იმ პერიოდში ნარევი ეთნიკური ელემენტების ერთად მიგრაცია და დასახლება იშვიათი არ იყო. მოგვიანო პერიოდშიც, მონღოლთა შემოსევების დროს, ჩრდილოეთ კავკასიის ალაგირის, ქურთაულისა და თაგაურის ხეობებში შემოსული ოსები ნოღაელებთან ერთად დასახლდნენ. თუმცა ნოღაელები არცთუ ისე დიდი ხნის გასვლის შემდეგ თავიანთ სამომთაბარეო არეალს ისევ დაუბრუნდნენ. ნოღაელთა რაღაც ნაწილი კი კავკასიის მთებში ოსებს შეერია. ოსებისათვის დამახასიათებელი ზოგიერთი მონღოლოიდური ელემენტი სწორედ მაშინდელი წარმონაქმნია.


ერთი რამ გარკვევით და დაბეჯითებით უნდა ითქვას: ქართული და უცხოური წყაროებით, საქართველოს ტერიტორიაზე გვიან შუა საუკუნეებამდე ოსები საერთოდ არ ცხოვრობდნენ. მათი მიგრაცია კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე განპირობებული იყო იმ პოლიტიკური მოვლენებით, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიაში ხდებოდა. ამავე დროს, გადმოსახლების მიზეზი ბუნებრივ-გეოგრაფიული და ეკონომიკური ფაქტორებიც იყო.
საიდან მოვიდნენ ოსთა წინაპარი ირანულენოვანი ტომები კავკასიაში? მიგრაციის რა გზა და მიმართულება გაიარეს? აი, კითხვები, რომლებიც ნებისმიერი ჩვენთაგანის წინაშე ისმის და რომლებსაც ოსური ისტორიოგრაფიის წარმომადგენლები საერთოდ არ სვამენ, რადგან მიიჩნევენ, რომ კავკასიაც ჯერ კიდევ ძვ. წ. II-I ათასწლეულებში ირანულენოვანი ტომების სამკვიდრებელი იყო. ობიექტური მკვლევრისათვის ეს პრობლემები ნათელია. მაგრამ, იმის გამო, რომ ისტორია დღეს პოლიტიზირებულია და ხდება მისი გაყალბება და მითოლოგემების შექმნა, რომლის მიზანიც სხვათა ეთნიკური ტერიტორიების მიტაცება და მისაკუთრებაა, ამიტომ ჩვენი ვალია აღნიშნულ კითხვებს პასუხი გაეცეს. ოსი ისტორიკოსები იქამდეც კი მივიდნენ და იმის “მტკიცება” დაიწყეს, თიღქოს ოსები კავკასიაში ვაინახებზე ადრე მკვიდრობდნენ, რომ ჩაჩნები და ინგუშები (იბერიულ-კავკასიური მოდგმის ხალხი) აქ მიგრირებული არიან. უფრო მეტიც, შიდა ქართლში ალან-ოსები თურმე ქართველებზე ადრე მოსახლეობდნენ (ბლიევი 2006).


მეცნიერთათვის დღემდე აღნიშნულ პრობლემაზე პასუხი არსებობდა, მაგრამ ის მაინც გართულებული იყო იმის გამო, რომ საისტორიო წყაროები, რომლებშიც ოსთა წინაპრებად მიჩნეული ირანულენოვანი ხალხები (ალანები, სარმატები, როქსოლანები, აორსები და სხვები) არიან მოხსენიებულნი, ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო. ალანები და სხვა ირანულენოვანი ტომები არაერთ დასავლურ და აღმოსავლურ წყაროში არიან მოხსენიებულნი. საბედნიეროდ, ბოლო დროს აღმოჩნდა მკვლევარი, რომელმაც თავი მოუყარა ირანულენოვანი ეთნოსების შესახებ არსებულ საისტორიო წყაროებს. წყაროთმცოდნეობითი გამოკვლევის ავტორია კატალონიელი ისტორიკოსი აგუსტი ალემანი, რომლის წიგნიც XXI საუკუნის დასაწყისში მალევე ითარგმნა ინგლისურ ენაზე (“Sources on the Alans”). ეს გამოცემა რუსულ ენაზეც დაიბეჭდა (ალემანი 2003).


აგუსტი ალემანის ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი გამოკვლევა ეყრდნობა ადრეული და შუა საუკუნეების პერიოდის ლათინურ (რომაულ), ძველ ბერძნულ, შუა საუკუნეების ლათინურ, ბიზანტიურ, არაბულ, სომხურ, კატალანურ, ქართულ (სამწუხაროდ, არასრულყოფილად), ებრაულ, ირანულ, მონღოლურ, ჩინურ, სირიულ და რუსულ წყაროებს. რა თქმა უნდა, ყველა წყარო ერთნაირი დანიშნულების, მნიშვნელობისა და ღირებულების არ არის. წყაროთმცოდნეობით ნაშრომში ავტორს ზოგიერთი წყარო გამორჩა, არ იცნობს ზოგიერთ სამეცნიერო გამოკვლევასაც. მაგალითად, აგუსტი ალემანს სამეცნიერო მიმოქცევაში არ შემოაქვს ვახუშტი ბაგრატიონის თხზულების მნიშვნელოვანი მონაცემები ოსების შესახებ, ეს იმ დროს, როდესაც ქართველი ავტორის არსებობის შესახებ იცის და ერთ ადგილას მისი წიგნი ციტირებულიც აქვს.


თანამედროვე ისტორიოგრაფიაში აღიარებულია, რომ ოსთა წინაპარი ირანულენოვანი მოსახლეობა ალანების სახელს ატარებდა. ეს მოსაზრება XX საუკუნეში გამოცემულ ყველა ნაშრომშია გატარებული, რაც იმაშიც გამოიხატა, რომ რუსეთის ფედერაციის ავტონომიურ-სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს – ჩრდილოეთ ოსეთს დამატებით “ალანიაც” უწოდეს. თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ოსებისათვის ეთნონიმი “ალანი” მთლად უცნობი იყო. ამ ტერმინით მათ არც სხვა ხალხები იცნობდნენ. ამავე დროს, მეცნიერებაში ისიც ხშირადაა აღნიშნული, რომ ალანები ეთნიკური თვალსაზრისით ერთგვაროვანნი არ იყვნენ. გამოთქმულია სხვა შეხედულებაც, რომლის თანახმადაც, თავდაპირველად, ალანები სრულიადაც არ იყვნენ ირანულენოვანნი და რომ ისინი ერთ-ერთი თურქული მოდგმის ხალხი იყო (მიზიევი 1986). ისიც აღიარებულია, რომ ალანები მომთაბარე ტომთა დიდ ჯგუფებს წარმოადგენდნენ, რომლებიც წყაროებში პირველად მოხსენიებული არიან ძვ. წ. II საუკუნეში ხანის დინასტიის ჩინურ ანალებში კავკასიდან საკმაოდ შორს, აღმოსავლეთით. ჩინურ წყაროებში ალანების მოხსენიება იმაზე მიუთითებს, რომ თავიანთი განსახლების არეალით ისინი ჩინელთა თვალსაწიერში შედიოდნენ. ჩინური დასახელებული წყარო კავკასიის არც ერთ ხალხს არ ახსენებს; მისი თვალსაწიერის უკიდურესი დასავლეთი წერტილი კასპიის ზღვის აღმოსავლეთი მხარეა. ირანული მოდგმის ეთნოსების ეთნოგენეზი და ეთნიკური ისტორია არალისა და კასპიის მხარეში რომ მიმდინარეობდა ეს ისტორიოგრაფიაში დიდი ხანია საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. მაგალითი შეიძლება ცნობილი ისტორიკოსის, ეთნოლოგის და გეოგრაფის ლევ გუმილიოვის მონოგრაფიდან მოვიყვანოთ: “Во II вв. до н. э. на берегах Каспийского моря жили сарматы, а во II в. н. э. это была восточная окраина союза племен, возглавленых аланами, которых около 158 г. хуны оттеснили на запад, за Волгу” (გუმილიოვი 202: 284). რაც შეეხება კლასიკურ ავტორთა ნაშრომებს, ალანები მხოლოდ ახ. წ. I საუკუნიდან იხსენიებიან რომის იმპერიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მომთაბარე ბარბაროს ტომებს შორის. წინასწარ უნდა ითქვას, რომ ყველა საისტორიო წყაროთი, რომაელებთან კონტაქტში შესვლის მომენტისათვის, ალანებს ეკავათ სტეპები შავი, კასპიისა და არალის ზღვების ჩრდილოეთ მონაკვეთებს შორის. ყურადღებამისაქცევია, რომ წყაროებში აღნიშნული სტეპების ზოლში მრავალი სხვა ეთნოსიც მოიხსენიება, რომელთა შორის დასახელებული არიან აგრეთვე სხვა ირანულენოვანი ეთნოსები (ტომები თუ ტომთა გაერთიანებები): სკვითები, სარმატები, აორსები, როქსოლანები, რომლებთანაც ალანები მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდნენ...

გაგრძელება იქნება

სტატია დაწერილია როლანდ თოფჩიშვილის წიგნმის მიხედვით
"ოსთა წინაპარი ალანების თავდაპირველი განსახლების არეალი"


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
პრეზიდენტმა ვანუატუს პრემიერს აფხაზეთის აღიარების უკან წაღებისთვის მადლობა გადაუხადა
20.05.2013 19:06
სააკაშვილი: მოვა დრო, როცა რუსეთიც უკან დაიხევს აღიარების კუთხით
20.05.2013 18:58
ნატო ქართულ პარტიებს კოჰაბიტაციის გაძლიერებისკენ მოუწოდებს
20.05.2013 18:53
ოკუპანტებმა სოფელ აძვის მცხოვრები გაიტაცეს
20.05.2013 18:52
რუსი სამხედროების თვალთვალი ოკუპაციის ხაზზე
20.05.2013 12:58
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიღებულია
17.05.2013 21:49
შსს-მ ოკუპირებული ცხინვალიდან დაკავებული მოქალაქეები გაათავისუფლა
16.05.2013 13:44
ავღანეთში დაღუპული სამხედროები საქართველოში ჩამოასვენეს
16.05.2013 12:51
ყველა სიახლე