დაუპატიჟებელი სტუმარი თათარზე უარესია
რუსული ანდაზა
(გაგრძელება. იხ. ნაწილი I)
გერმანელი მეცნიერი იუდიგერ შმიტი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ჰუნების და, შემდეგ, მონღოლების ზეწოლით, ალანები თანდათან შერეკილ იქნენ კავკასიის მთებში: «Под натиском народов, двигавшихся в западном направлени (сначала гунов, позднее монголов и других), аланы со временем были постепно оттеснены в горные районы Кавказа, где они под именем осетин проживавают до сих пор» (ალემანი 2003: 18).
ამჯერად ჩვენს ინტერესებში არ შედის ყველა იმ წყაროს მითითება და დასახელება, რომელშიც ალანები არიან სახელდებული. მაგრამ მოკლედ უნდა შევჩერდეთ ეთნონიმის - “ალანი” - შესახებ. ამ საკითხით ა.ალემანიც დაინტერესდა. ეთნონიმის ეტიმოლოგიზაციას ის მონოგრაფიის გამოკვლევით ნაწილში იძლევა. საყურადღებოა, რომ აღნიშნული ეთნონიმით მათ იცნობდნენ როგორც დასავლური (ლათინი, ბერძენი), ისე აღმოსავლური (ჩინური) წყაროები. ერთ-ერთი მონაცემით, ტერმინ “ალანს” თურქულ-მონღოლური ახსნა აქვს და აღნიშნავს “მთას”. მკვლევარ ჰარმატის მონაცემებით, თურქმენეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში დღესაც ცხოვრობს ტომი, რომლებიც გადმოცემის მიხედვით გადმოსახლებულნი არიან მანგიშლაყის ნახევარკუნძულიდან (კასპიის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთი), სადაც იყო ციხე-სიმაგრე “ალან-ყალა”. ეთნონიმ “ალანის” თურქული ახსნის შესახებ სხვათა გამოთქმული შეხედულებები თავმოყრილი აქვს ვ.ტომაშეკს (ვილგელმ ტომაშეკი – გეოგრაფი და ორენტალისტი). მაგრამ აქვე არ შეიძლება არ გავიხსენოთ დღეს უკვე უარყოფილი სხვა შეხედულებაც, რომელიც ეთნონიმს სანსკრიტულ “არანას” უკავშირებენ, რაც უცხოს, დაშორებულს აღნიშნავს და რომელიც ძველი ინდოევროპული სიტყვიდან – “ელენ” – მომდინარეობდა. მიგვაჩნია, რომ ეს მოსაზრება მთლად უგულებელსაყოფი არ არის. ერთი რამ კი აშკარად ცხადია, რომ ალანები ჰეტეროგენული წარმოშობისანი იყვნენ და რაშიც, მართლაც, შეუძლებელია აგუსტი ალემანს არ დაეთანხმო: «аланы возникли как гетерогенная племенная конфедерация благодаря объединению ряда североиранских групп под кличем общего «арийского» происхождения» (ალემანი 2003: 31). კატალონიელი ავტორი ვრცლად ჩერდება ეთნონიმის “ასის” შესახებაც. მას მიაჩნია, რომ აღნიშნული სიტყვის ეტიმოლოგია გაურკვეველია, თუმცა მოყვანილი აქვს რამდენიმე დაკვირვება, რომლებიც სხვადასხვა ავტორებს ეკუთვნით და რომლებიც წყაროებშია დაფიქსირებული.
ზემოთ აღინიშნა, რომ ალანები მსოფლიოს ხალხთა მრავალ წყაროებში არიან დასახელებული. მხოლოდ რამდენიმე მათგანზე შევჩერდებით. პირველ რიგში ლათინური წყაროები უნდა დავასახელოთ, რომლებშიც დღევანდელ ოსთა სავარაუდო წინაპრები: ალანები, აორსები და როქსოლანები არიან მოხსენიებულნი, მხოლოდ ახ. წ. I-II საუკუნეებს მიეკუთვნებიან. ახ. წ. დაახლოებით 350-360 წლებში ე. წ. პეიტინგერის ტაბულაზე (ПЕЙТИНГЕРОВЫ ТАБЛИЦЫ - Род географической карты, IV ст., изображенной на пергаменте; найдена в IV ст. в немцк. библиотеке Конрадом Цельнером и продана Пейтингеру) ალანები კავკასიის ჩრდილოეთით, სამხრეთ რუსეთის სტეპებში არიან დატანილი. უფრო ადრინდელ ახ. წ. 23/4-79 წლებში მცხოვრები ავტორის გაიუს პლინიუს სეკუნდუსის თხზულების ერთი პასაჟის მიხედვით სხვადასხვა ირანული ტომები - სარმატები, აორსები, ალანები და როქსოლანები - მდინარე დუნაის აღმოსავლეთით ბინადრობდნენ. იმავე პერიოდის რომაელი მწერალი სენეკაც ალანებს დუნაის რაიონში მოიხსენიებს (ალემანი 2003: 54). ჩვენი აზრით, იმდროისათვის მდინარე დუნაი იყო უკიდურესი დასავლეთი საზღვარი, სადამდეც მომთაბარე ალანთა ტომები აღწევდნენ.
IV-V საუკუნეების ლათინური ლიტერატურული წყაროები ძირითადად ალანების დიდ თარეშებში მონაწილეობის შესახებ მოგვითხრობს. იგულისხმება ალანების ჰუნებისადმი დაქვემდებარება და დასავლეთით, ჰუნებთან ერთად, მათი ცალკეული ჯგუფების მიგრაცია. ამ თვალაზრისით განსაკუთრებით აღსანიშნავია მარცელინის, ამბროსის და ავზონის თხზულებები. ისინი ძირითადად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ალანები რომის იმპერიის დაქირავებულ მებრძოლთა შორის იყვნენ და ისინი ჩრდილოეთ იტალიასა და ესპანეთში ლაშქრობდნენ. ამბროსიუსი (დაახლოებით 339-397 წლები) შემდეგს წერდა: "ჩვენ გაგვიგია მრავალი ბრძოლის შესახებ! ჰუნები მიისწრაფიან ალანების წინააღმდეგ, ალანები – გუთების წინააღმდეგ, გუთები – თაიფალების და სარმატების წინააღმდეგ. ილირიკში გუთებმა, რომლებიც თავიანთი მიწებიდან იყვნენ გამოყრილი, თავის მხრივ, ჩვენ გაგვაძევეს და ეს ჯერ კიდევ ბოლო არაა” (ალემანი 2003: 66).
ამ წყაროდანაც კარგად ჩანს, რომ ოსთა წინაპრებად მიჩნეული ალანები საქართველოდან (და კავკასიიდანაც) ძალიან შორს არიან მოხსენიებული. ციტატიდან ირკვევა, რომ ისინი გუთების ამოძრავებელნი ყოფილან. გუთები კი, როგორც ცნობილია, მაშინ ყირიმის ნახევარკუნძულსა და შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე იყვნენ განსახლებულნი.
ლათინურ ენაზეა დაწერილი ანტიოქიაში დაბადებული მწერლის ამიან მარცელინის თხზულება. ალანების შესახებ მარცელინის თხზულება ყველაზე სრულყოფილ წყაროდ არის მიჩნეული, რომელშიც ვხვდებით არა მხოლოდ ისტორიულ ცნობებს (375-378 წლების მონაკვეთის შესახებ), არამედ გეოგრაფიულ მონაცემებსა და ეთნოგრაფიულ ექსკურსს. აზოვის ზღვის (PALUS MAEOTIS) შესახებ ამიან მარცელინი წერს: "ამ უკიდურესი და დაშორებული ჭაობის ირგვლივ მრავალი ხალხი მკვიდრობს, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ენებისა და წეს-ჩვეულებების მრავალფეროვნებით: იქსომატები, მეოტები, იაზიგები, როქსოლანები, ალანები, მელანქლები და გელონები" (ალემანი 2003: 67).
მარცელინი ალანებს, მასაგეტებსა და სარგეტებთან ერთად, უფრო შორს, ყირიმის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთითაც ასახელებს. სხვა პასაჟში - ა.მარცელინი შავი ზღვის სანაპირო ზოლს მოღუნულ სკვითურ მშვილდს ადარებს და წერს: “ამ მშვილდის შუაში, რომელიც წარმოადგენს ძალიან ვრცელ ტერიტორიას, ფეხით კარგად მოსიარულე მგზავრის 15 დღის სავალში, ცხოვრობენ ევროპელი ალანები, კოსტობოლები და სკვითთა უთვალავი ტომები. მათი უმნიშვნელო ნაწილი მინდვრის ნაყოფით იკვებება, ყველა დანარჩენი ფართო სტეპებში მომთაბარეობს, რომლებმაც კავი (სახვნელი) რა არის, არ იციან, არ იციან თესვა, რადგან მინდვრები გაველურებულია და დაფარულია თრთვილით (ჭირხლით). ისინი იკვებებიან მხეცებივით, თავიანთ ოჯახობას, საცხოვრებელს და ღარიბ საოჯახო ბარგიბარხანას ისინი ათავსებენ კიბიტებზე (დახურული ჩარდახიანი ურმები), რომლებიც გადაფარებული აქვთ ქერქით და როდესაც სურვილი გაუჩნდებათ დაუბრკოლებლად გადაადგილდებიან, და თავიანთ საზიდავს მიმართავენ საითკენაც მოესურვებათ” (ალემანი 2003: 68).
ამრიგად, ამიანე მარცელინის ზემოთ მოყვანილ ციტატაში ბევრი რამაა საყურადღებო: ალანების განსახლების არეალი, სამეურნეო ყოფა, წეს-ჩვეულებები. მათი განსახლების არეალი კკლავ შავი და კასპიის ზღვების ჩრდილოეთი მონაკვეთია. ისინი სწორედ ამ ვრცელ ტერიტორიაზე მომთაბარეობდნენ. წყაროდან აშკარად ჩანს, რომ ალანები მომთაბარეები არიან და მიწას არ ამუშავებენ. უფრო მეტიც, მათი ნაწილი შემგროვებლობით ცხოვრობს. არა აქვთ საცხოვრებელი სახლები და, როგორც ყველა მომთაბარისათვის, მათთვისაც საცხოვრებელი ჩარდახიანი ურემია. ალანები ჩრდილოეთით შორს ვრცელდებიან, რადგან იმ მინდვრებში, სადაც მომთაბარეობენ სიცივე ადრე დგება. მარცელინის თხზულებაში კიდევ ერთი რამაა საყურადღებო: ის საუბრობს ევროპელ ალანებზე, ე. ი. იყვნენ აზიელი ალანებიც.
ამიანე მარცელინი საუბრობს ბაქტრიელების, სოგდიელებისა და საკების შესახებ, რომლებიც შუა აზიელი ირანულენოვანი მოდგმის ეთნოსები იყვნენ. ამ ხალხების აღწერის შემდეგ რომაელი ისტორიკოსი მოგვითხრობს: “ადგილებში, სადაც მთავრდება მთები, რომლებსაც იმავის და აპურის მთებს უწოდებენ, სპარსეთის მხარეში ცხოვრობენ სკვითები, რომლებსაც ესაზღვრებიან აზიელი სარმატები და [რომლებიც] უკიდურეს ფარგლებში ეხებიან [ესაზღვრებიან] ალანთა მიწებს. დედამიწის დაშორებულ კუთხეში მიგდებულები მიჩვეულნი არიან უდაბნოს, ისინი ცხოვრობენ ერთმანეთისაგან შორს მდებარე სადგომებში და კმაყოფილდებიან ღარიბი და მწირი საკვებით” (ალემანი 2003: 69). ამრიგად, ამ პასაჟში ა.მარცელინი უკვე აზიელი ალანების შესახებ საუბრობს.
ისტორიკოსისათვის მათი განსახლების არეალი "დედამიწის მიგდებული" მხარეა. ასე რომ, ალანები ახ. წ. IV საუკუნის 70-იან წლებში ვრცელ ტერიტორიაზე – შავიზღვისპირეთის სტეპებიდან შორს, ჩრდილოეთისაკენ, მდინარეების პრეგოლისა და ვისტულის მიდამოებამდე და კასპიის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთით ცხოვრობდნენ (მომთაბარეობდნენ).
ირანულენოვანი მოსახლეობის შესახებ ა.მარცელინი თხზულების სხვა მონაკვეთშიც საუბრობს: “ისტრი, რომელიც შენაკადებისაგან საზრდოობს სავრომატების გვერდით მიედინება, რომელთა ოლქიც ტანაისამდე ვრცელდება და რომელიც განაცალკევებს აზიას ევროპისაგან. ამ მდინარეზე ალანებს სკვითეთის უდაბნოს (სავანის) უზომოდ დიდი სივრცე უკავიათ. მათი სახელი მომდინარეობს მთის სახელწოდებიდან. თანდათანობით მათ (ალანებმა) გამარჯვებით დაიქვემდებარეს მრავალრიცხოვანი მეზობელი ხალხები, რომლებზედაც თავიანთი სახელი გაავრცელეს, როგორც ამას სპარსელები აკეთებდნენ” (ალემანი 2003: 71).
ამრიგად, აღნიშნული პასაჟითაც აშკარაა, რომ ალანები ევრაზიის სივრცეში მომთაბარეობდნენ. ისინი არ იყვნენ მონოეთნიკური წარმოშობისანი; შემადგენლობით ჰეტეროგენური იყვნენ. ალანების სახელწოდებით, გარდა ალანებისა, სხვა ხალხებიც იყვნენ ცნობილი. ალანები დამორჩილებული ხალხების ალანიზაციას ახდენდნენ. კიდევ ერთი პასაჟი უნდა მოვიყვანოთ: “სამყაროს ორ ნაწილში განაწილებული ალანები მრავალ ტომად არიან დაყოფილი, რომელთა ჩამოთვლის საჭიროებას ვერ ვხედავ. თუმცა ისინი როგორც ნომადები მომთაბარეობენ ვრცელ ტერიტორიაზე, რომლებიც ერთმანეთისაგან შორი მანძილით არის დაშორებული, მაგრამ, დროთა განმავლობაში, ისინი ერთი სახელის ქვეშ ერთიანდებიან და ყველას ეწოდებათ ალანები წეს-ჩვეულებების ერთგვაროვნების, ცხოვრების ველური წესის და ერთნაირი შეიარაღების გამო. არა აქვთ მათ ქოხები, არავინ მათგან არ ხნავს, იკვებებიან ისინი ხორცით და რძით, ცხოვრობენ კიბიტებში, რომლებიც გადახურულია ხის ქერქის მოღუნული ნაჭრებით და გადაადგილდებიან უსასრულო სტეპებში. მიაღწევენ რა ბალახით მდიდარ ადგილებს, ისინი თავიანთ კიბიტებს წრეში აჩერებენ და იკვებებიან როგორც მხეცები, და, როდესაც საძოვარს გამოსჭამენ, თავიანთ “ქალაქებს” კიბიტებზე ტვირთავენ და აგრძელებენ მოძრაობას. კიბიტებში ხვდებიან (ეყრებიან) ერთმანეთს კაცები და ქალები, აქვე იბადებიან და იზრდებიან ბავშვები, ესაა მათი მუდმივი საცხოვრებელი, და საითკენაც არ უნდა წავიდნენ, იქაა მათი მშობლიური სახლი” (ალემანი 2003: 71).
“ყველა, ვინც ასაკითა და სქესით ომისათვის გამოუსადეგარია, კიბიტების ირგვლივ არიან თავმოყრილი და ისინი დაკავებული არიან საოჯახო საქმიანობით, ახალგაზრდები კი ადრეული ასაკიდან ცხენთან არიან შეზრდილი, მამაკაცებისათვის სირცხვილად თვლიან ფეხით სიარულს” (ალემანი 2003: 72).
ა.მარცელინი ისევ და ისევ ალანების ისეთ ყოფასა და კულტურაზე საუბრობს, რომელიც მხოლოდ მომთაბარე ხალხებისა და არა ბინადრებისათვის იყო დამახასიათებელი. ცხენიც ხომ მომთაბარეთა საყვარელი ცხოველი იყო, რომელზედაც ფაქტობრივად შეზრდილნი იყვნენ. გავაგრძელოთ ამიანე მარაცელინისეული ალანების დახასიათება: "თითქმის ყველა ალანი მაღალი და ლამაზი შესახედაობისაა, თმები აქვთ ქერა, გამოხედვა – მრისხანე, თუმცა არც თუ ისე საშიში. ისინი, შეიარაღების სიმსუბუქის გამო, ძალიან მოძრავნი არიან; ყველაფერში ჰგვანან ჰუნებს (ბუნებრივია, აქ ისტორიკოსი მათ ანთროპოლოგიურ ტიპს არ გულისხმობს – ავტ.), მაგრამ თავიანთი წეს-ჩვეულებებითა და ცხოვრების წესით რამდენადმე რბილნი არიან. ყაჩაღობისას, ავაზაკობისას და ნადირობასას ისინი მეოტის ზღვამდე და კიმირიის ბოსფორამდე მიდიან სომხეთსა და მიდიამდე" (ალემანი 2003: 72).
მოყვანილ ციტატაში კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისებაა წინ წამოწეული. ა.მარცელინი ვრცელ სალაშქრო რეგიონს შემოწერს – სამხრეთით საავაზაკოდ ისინი სამხრეთ კავკასიასა და მცირე აზიამდე აღწევდნენ. აშკარაა, რომ ალანები კოლხეთსა და იბერიაში ვერ (არ) ლაშქრობდნენ, რადგან მიდიასა და სომხეთში ისინი კასპიის ზღვის მხრიდან შედიოდნენ და არა დარიალით, რომლის სიახლოვეს ახ. წ. IV საუკუნეში ისინი ჯერ კიდევ არ იყვნენ გამოჩენილი. "წყნარი და მშვიდობიანი ადამიანებისათვის თუ სიწყნარეა მისაღები, ისინი (ალანები) სიამოვნებას ომებსა და საშიშროებაში ხედავენ. მათში ბედნიერად ითვლება ის, ვინც ბრძოლაში კვდება, ის კი ვინც მოხუცებულობას მიაღწევს და ბუნებრივი სიკვდილით კვდება, მას მოსვენებას არ აძლევენ, მკაცრად ექცევიან, დასცინიან, გადაგვარებულებსა და მშიშრებს უწოდებენ. არაფრით ისინი ისე არ ამაყობენ, როგორც კაცის კვლით და თავიანთ საბრძოლო ცხენებზე, როგორც სასახელო ტროფეას, კიდებენ მოკლულის თავის ქალის გადამძვრალ კანს. არა აქვთ მათ არც ტაძრები და არც სალოცავები; ვერ ნახავთ ჩალით გადახურულ ქოხებს” (ალემანი 2003: 72).
მოყვანილ ციტატას, ვფიქრობთ, კომენტარი არ სჭირდება, მომთაბარე ხალხს, ბუნებრივია, არც ტაძრები, არც სხვა სალოცავები და არც საცხოვრებელი სახლები არ ექნებოდა. ალანების სალოცავი ყოფილა მიწაში ჩარჭობილი მახვილი, რასაც მოწიწებით ეთაყვანებოდნენ და რომელსაც იმ ქვეყნის (მიწა-წყლის) მფარველად თვლიდნენ, სადაც ისინი მომთაბარეობდნენ. ხოლო მომავალს შემდეგნაირად წინასწარმეტყველებდნენ: "ერთ კონად კრავდნენ ტირიფის წნელს, გარკვეული ხნის შემდეგ, რაღაც საიდუმლო შელოცვითა და თილისმით ხსნიდნენ და იღებდნენ გარკვეულ მითითებას იმის შესახებ, თუ რა ელოდათ. სამუშაოზე მათ არავითარი წარმოდგენა არ ჰქონდათ, ყველა კეთილშობილური წარმოშობისად თვლიდა თავს, ხოლო ხელმძღვანელად კი ახლაც მას ირჩევენ, ვინც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ბრძოლაში გამოიჩინა თავი” (ალემანი. 2003: 72).
აღნიშნული პასაჟიდან კარგად ჩანს, რომ ალანები რწმენა-წარმოდგენით წარმართები არიან, მათი სალოცავი მხოლოდ მახვილია, რომლითაც თავს ირჩენენ. ალანებს შორის IV საუკუნეში არავითარი სოციალური დიფერენციაცია არ იყო და ბელადად იმას ირჩევდნენ, ვინც დარბევებსა და ლაშქრობებში ყველაზე უფრო მოხერხებული და გეზის მიმცემი იქნებოდა...
გაგრძელება იქნება
სტატია დაწერილია როლანდ თოფჩიშვილის წიგნის მიხედვით
"ოსთა წინაპარი ალანების თავდაპირველი განსახლების არეალი"
|