RSS
აუჩუყდა თუ არა გული რუს ხალხს და რა გამოეპარა კრემლს
09.09.2010 12:42
ნათია ვერძეული
"ქართული სიტყვა"

თუ ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთიდან წამოსულ ბრძანებას ხმისამოუღებლად ემორჩილება, აფხაზეთში უკვე კარგა ხანია მიხვდნენ, რომ დამოუკიდებლობა ეფემერულია და პერსპექტივაშიც საინტერესო არაფერი ჩანს. როგორც ”ექსპერტთა კლუბის“ პრეზიდენტმა. აფხაზეთის უშიშროების ექსმინისტრმა გენერალ-მაიორმა ლევან კიკნაძემ „ქართულ სიტყვასთან“ საუბარში განაცხადა, აფხაზეთში გამომავალ გაზეთებში საპროტესტო სტატიებმა იმატა, სადაც ჟურნალისტები ღიად საუბრობენ ამის შესახებ. დუმს ჩრდილში მოქცეული ინტელიგენცია და, როგორც ჩანს ამით გამოხატავს პროტესტს.
„ქართული სიტყვა“ ლევან კიკნაძეს ესაუბრა.

– ბოლო პერიოდის განმავლობაში რუსულ- აფხაზური ურთიერთობები დაიძაბა, მხედველობაში მაქვს შამბას ცნობილი განცხადებები. თქვენი ინფორმაციით, რა მდგომარეობაა ახლა ოკუპირებულ აფხაზეთში და რამდენად ძლიერია აფხაზთა ის ფრთა, რომელიც რუსეთისაგან თავის დაღწევას ცდილობს?

-რუსულ-აფხაზური ურთიერთობების დაძაბვა და მისი მოსალოდნელი ზრდა ჯერ კიდევ მაშინ გამოიკვეთა, როცა ბაღაფშის სეპარატისტული რეჟიმი რუსეთ-აფხაზეთს შორის ისეთი კაბალურ ხელშეკრულებების გაფორმებას დათანხმდა, რომელთა სრულფასოვანი ამოქმედება აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის დასასრული გახდება.

ისიც ნუ შეგვეშლება, რომ ბაღაფშის გარემოცვის რომელიმე მაღალჩინოსანის, თუნდაც სერგეი შამბას ცნობილი განცხადება ამ დაძაბვასთან რაიმე კავშირში მივიჩნიოთ. იგი უკვე საკმაოდ დახვეწილი, ჩამოყალიბებული პოლიტიკოსია და მშვენივრად იცის არ თქვას ის, რაც მოსკოვს გაანაწყენებს, თუმცა მისი პიროვნებიდან გამომდინარე შესაძლებელია საწინააღმდეგოსაც ფიქრობდეს. რაც შეეხება მარიონეტული ხელისუფლების მთავარ ოპოზიციონერს, ფსბ-ს გენერალს და პუტინის ფავორიტს რაულ ხაჯიმბას, მისი აქტიურობა და განცხადებები, თითქოს მმართველი რეჟიმი რუსულ-აფხაზური ურთიერთობის დაძაბვას უწყობს ხელს, არც მეტი არც ნაკლები შეურიგებელი ოპოზიციონერის იმიჯის გასამყარებლად არის განპირობებული. მანაც კარგად იცის, რომ მისი ოპოზიციონერობა მკაცრ ჩარჩოებშია მოქცეული და მოუკრეფავში გადასვლის ნებას კრემლი არ მისცემს.

მას შემდეგ, რაც “დამოუკიდებლობის” ეიფორია ჩაცხრა და აფხაზეთში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებმა ჩაიარა, რუსეთმა თითქმის ყველა მიმართულებით დაიწყო აფხაზეთის ოკუპაცია და იმპერიულ ამბიციების აშკარა გამოვლინება. პრაგმატულად მოაზროვნე ინტელიგენციის ნაწილი საგონებელში ჩავარდა, რადგანაც უკვე აღარ იციან რა გზას დაადგნენ. აფხაზეთში გამომავალ გაზეთებში იმატა საპროტესტო სტატიებმა, რომლებშიც ავტორები უკვე ღიად საუბრობენ მოჩვენებითი, ეფემერული დამოუკიდებლობის შესახებ. თუ ჟურნალისტები ასე თუ ისე მაინც ახერხებენ შიშნარევი მოკრძალებით ისაუბრონ არსებულ სიტუაციაში აფხაზი ერის არც თუ სახარბიელო მომავალზე, ჩრდილში მოქცეული და დაშინებული ინტელიგენცია ჯერჯერობით დუმს, თუმცა დუმილით გამოხატული საპროტესტო განწყობა სახეზეა და მისი გაძლიერების ტენდენციები სხვადასხვა ფორმით და საზოგადოების სხვადასხვა ფენებში დრო და დრო მაინც იჩენს თავს.

– გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის აფხაზეთში გადმოსახლებას აპირებს, რამდენად რეალურია ეს მაშინ, როცა აფხაზეთში რუსებს იმ ბინებსაც არ უკანონებენ, რომლებიც ქართულ-აფხაზურ კონფლიქტამდე ეთნიკურ რუსებს ეკუთვნოდა. და თუ ეს მაინც მოხდა, რა საფრთხის წინაშე დადგება აფხაზეთი?

-რუსეთში მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის აფხაზეთში გადმოსახლება ალბათ დაუკავშირეს დაზარალებული ოჯახების ბავშვების აფხაზეთში დასასვენებლად ჩამოყვანას. ამის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არაფერი არ არის. რაც შეეხება საშიშროებას, საშიშროება უამისოდაც საკმარისზე მეტია. დღეს არავისთვის დასამალი არ არის, რომ აფხაზეთში საუკეთესო საკურორტო ადგილებს რუსები ეპატრონებიან. მართალია დღეს მოქმედი აფხაზური კანონმდებლობით უძრავი ქონების სხვა ქვეყნის მოქალაქეზე გაყიდვა იკრძალება, მაგრამ ბაღაფშმა პირობა დადო, რომ ამ საკითხს მოაგვარებდა და კანონში სათანადო ცვლილებას შეატანინებდა. ამიტომ უძრავი ქონების რუსეთის მოქალაქეებზე გადაფორმების საკითხი მხოლოდ დროის საკითხია. თუმცა საინტერესოა მაინც როგორ აპირებენ სეპარატისტები კანონში ცვლილების შეტანას, ისე, რომ ”რუსეთის მოქალაქეში” ქართველი არ იგულისხმებოდეს..

როგორც ცნობილია, ქართველი დევნილების მოსალოდნელი დაბრუნების გამო გამოწვეულმა შიშმა, როდესაც რუსულ-აფხაზური ერთობლივი კომისიის მიერ შემუშავებულ კონცეფციაში გაკეთდა ჩანაწერი : ”რუსეთის მოქალაქეების ქონებრივი უფლებების აღდგენა. . როგორც ცნობილია აფხაზეთში დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია, რადგანაც რუსეთის მოქალაქეებად ბუნებრივია ჩაითვლებოდა იქ მაცხოვრებელი ქართველი დევნილებიც, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ მიღებული. ამან კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ქართველის სახით შექმნილ მტრის ხატს ჯერ კიდევ დიდი გავლენა აქვს აფხაზეთის მოსახლეობაში.

– რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ნესტერენკომ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად ავიწროებს იმ ადამიანებს, რომლებმაც ბოლო პერიოდის განმავლობაში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმოგზაურეს, რას იტყვით ამის შესახებ და თქვენი აზრით რას ემსახურება რუსეთის მხრიდან ასეთი განცხადებები?

ნუ ავიწყდება ბატონ ნესტერენკოს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი მოქმედებს, რომელიც აქტიურად ერევა დაკავებული ტერიტორიების მართვა-გამგებლობაში და კონტროლში. ოკუპაცია (ლათ. დაპყრობა) - რომელიმე სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ იმ ტერიტორიის დროებით დაკავებაა, რომელიც მას არ ეკუთვნის. ამიტომ ამ ბატონმა სჯობს იმ უამრავ დანაშაულზე ისაუბროს, რაც კრემლს საქართველოს წინაშე მიუძღვის. ამაზე საკმარისზე მეტად მარტო უახლესი, ბოლო 20 წლის ისტორიაც კარგად მეტყველებს. აქედან გამომდინარე ნესტერენკოს ამგვარ აბსურდულ განცხადებებზე კომენტარიც კი არ ღირს. როგორ წარმოუდგენია ვინმეს, ტერიტორიებზე, რომლებიც საქართველოს განუყოფელად რჩებიან , ვის აქვს უფლება შევიდეს საქართველოს ნებართვის გარეშე. ყველა შემთხვევაში ეს საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთა იქნება და არსებული კანონმდებლობით დასჯადია. რუსეთის მხრიდან კი ასეთი განცხადებები ემსახურება ერთად-ერთ მიზანს- შეცდომაში შეიყვანოს საერთაშორისო თანამეგობრობა, თუ რა ცუდები ვართ ჩვენ და როგორ ვარღვევთ ადამიანის უფლებებს.

– სოციოლოგიურმა გამოკითხვებმა, რომელიც რუსეთში ჩატარდა, აჩვენა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის მომხრეთა რაოდენობა შემცირდა. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ეს და რა გამოეპარა კრემლს?

- ჩემი აზრით ის, ფაქტი, რომ რუსეთში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის მომხრეთა რიცხვი შემცირდა უფრო პუტინ-მედვედევის ტანდემის რეიტინგის დაცემაზე მეტყველებს ვიდრე ვიფიქროთ, რომ რუს ხალხს გული აუჩუყდა და ჩვენსკენ შემობრუნდნენ. რეიტინგის დაცემა თავისთავადაც ნიშნავს უნდობლობის ზრდას და რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდობლობას , მათ მიერ გატარებული პოლიტიკისადმი. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არც თუ ისე ცუდად გამოვიყურებით საინფორმაციო ომში და ყველაფერმა ამან ერთად აღებულმა და რაც მთავარია რუსეთის მოსახლეობის, მართალია ძალიან მცირე ნაწილამდე მიტანილმა ჩვენმა სიმართლემ გამოიწვია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის მომხრეთა რიცხვის შემცირება.

– ყოველივე აქედან გამომდინარე, რა პროგნოზებს გააკეთებთ, როგორ განვითარდება მოვლენები აფხაზეთში, შეძლებს თუ არა ეთნიკური აფხაზების ნაწილი მაინც პროტესტის ღია ფორმით გამოხატვას?

დარწმუნებული ვარ მოჩვენებითი სიმშვიდე აფხაზეთში დიდ ხანს ვერ გასტანს. ამის იმედს გვაძლევს ჯერ კიდევ 1999 წელს პრაგმატულად მოაზროვნე აფხაზური ინტელიგენციის საპროტესტო გამოსვლები აფხაზეთში. იმის შესახებ, თუ სად მიიყვანა აფხაზები არძინბას პოლიტიკამ, პირველად 1999-2000წწ. სახალხოდ ალაპარაკდა ცნობილი აფხაზი პოლიტიკოსი, სეპარატისტული ორგანიზაციის “აიდგილარას” ყოფილი ვიცე-თავმჯდომარე ზურაბ აჩბა. იგი ღიად აკრიტიკებდა არძინბას და რუსეთის ხელმძღვანელობის პოლიტიკას, იმავდროულად არ ერიდებოდა საქართველოს ხელისუფლების კრიტიკასაც. თავის გამოსვლებში იგი ამბობდა, რომ რუსეთმა შეუწყო ხელი პირადად არძინბას თბილისთან კონფრონტაციაში. აჩბა დარწმუნებული იყო და ხმამაღლა აცხადებდა, რომ ქართულ მხარესთან საერთო ენის გამონახვის გარეშე აფხაზ ხალხს მომავალი არ ექნებოდა. მას ასევე დასაშვებად მიაჩნდა ყველა დევნილის დაბრუნება მთელს აფხაზეთში გარკვეული პირობებით, რის წინააღმდეგაც გამოგონილი მიზეზებით გამოდიოდნენ და გამოდიან სხვა სეპარატისტი ლიდერები.

ზურაბ აჩბას მაშინ ასეთი სითამამე არ აპატიეს და 2000 წელს მოკლეს სოხუმში. მიუხედავად ამისა დარჩნენ აჩბას თანამოაზრეები, რომლებიც თვლიან, რომ შესაძლებელი იყო სისხლისღვრის თავიდან აცილება და თბილისთან საერთო ენის გამონახვა.

დარწმუნებული ვარ, რომ, დადგება დრო და აფხაზი ხალხი პირუთვნელად შეაფასებს არა მარტო ვლ. არძინბას მოღვაწეობის დამღუპველ შედეგებს, არამედ მათაც ვინც ამა თუ იმ ფორმით აგრძელებს მის პოლიტიკას.

– ბოლო დროს დევნილებთან დაკავშირებით დიდი აურზაურია ატეხილი. ხელისუფლება აცხადებს, რომ აფხაზეთიდან დევნილების საკითხი უკვე მოგვარებულია და სუბელიანის უწყება ახლა მხოლოდ მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებითაა დაკავებული. დევნილების დედაქალაქიდან გასახლება გამართლებულია?

დევნილების თემა მეტად მტკივნეული თემაა და ნებისმიერი, ვინც კი მათი პრობლემების საკითხს ეხება, ვალდებულია პატივი სცეს მათ ღირსებას, რომელიც ამრიგად შეელახათ ლტოლვილობის გრძელ და დაუსრულებელ გზაზე. პირველ რიგში ნურავის დაავიწყდება, რომ ისინი თავისი ნებით არ აყრილან მამა-პაპის ფუძიდან და მათ უმეტესობას შვილის, მეუღლის, მშობლების თუ ახლო ნათესავების დაკარგვით გამოწვეული ჭრილობები არ შეხორცებიათ და არც არასოდეს შეუხორცდებათ. გაუსაძლის ყოფას ბევრი მათგანი აფხაზეთში დაბრუნების იმედით არის შეგუებული, თორემ გული მოგიკვდებათ ზოგიერთ კომპაქტურ ჩასახლებებში მათი ცხოვრების პირობები, რომ ნახოთ. რაც არ უნდა გაუკეთოს ხელისუფლებამ, მათგან სამადლობელო სიტყვებს და დითირამებს ნურავინ ელის. ეს ხალხი დღემდე იმით საზრდოობენ, რომ იმედი აქვთ დაუბრუნდებიან თავიანთ ცხოვრების წესს, სახლ-კარს, მეზობლებს, მეგობრებს, ახლობლების მიტოვებულ საფლავებს, ზღვას და ღმერთმა არ ქნას მათ ეს იმედი გადაეწუროთ.

ეხლა, რაც შეეხება დევნილების საქართველოს სხვადასხვა რაიონებში გასახლების საკითხს.

დღევანდელი გადასახედიდან კარგად ჩანს, თუ რა შეცდომები იქნა დაშვებული ხელისუფლების მხრიდან იმთავითვე, როცა მიმდინარეობდა დევნილების ქაოტური ჩასახლება. რა თქმა უნდა, იმ პერიოდში ძალიან რთული იყო რაიმე გეგმაზომიერ ჩასახლებაზე საუბარი, როცა დევნილები რამოდენიმე ნაკადად გადმოდიოდნენ აფხაზეთიდან. ჯერ იყო და გაგრის დაცემის შემდეგ ათეულ-ათასობით დევნილის განთავსების პრობლემა იყო გადასაწყვეტი, სოხუმის დაცემამ კი ეს რიცხვი სამას ათასამდე გაზარდა. ნუ დაგვავიწყდება 1998 წლის გალის მოვლენებიც, როცა ოცდაათ ათასამდე დევნილი მივიღეთ, რომელთა უმრავლესობა თბილისში იქნა ჩასახლებული.

არავინ არ უშლიდა ხელისუფლებას, ცოტა მოგვიანებით მაინც მიეღო გადაწყვეტილება, მომხდარიყო დევნილების აღწერა და აფხაზეთის სოფლებში მცხოვრები დევნილები გადაენაწილებინათ საქართველოს სხვადასხვა რაიონებში და სოფლებში, ხოლო აფხაზეთის ქალაქებში მაცხოვრებელი დევნილები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. მესმის, რომ ამგვარი ღონისძიების გატარება ძალიან ბევრ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ისიც ნათელია, რომ დღეს ასეთ რთულ ვითარებაში არ აღმოვჩნდებოდით. შედეგად, დღეს თბილისში გვყავს უკვე ქალაქის პირობებთან ადაპტირებული დიდი რაოდენობის დევნილები, რომლებმაც დიდი ჯაფითა და წვალებით, ასე თუ ისე ააწყვეს ცხოვრება, შეეგუენ ადგილობრივ პირობებს, ისიც ნურავის ავიწყდება, რომ 17 წელი გავიდა, და ახალი თაობა გაიზარდა, რომელთა შორის ბევრი უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობს და სხვადასხვა ადგილას მუშაობს. ამ დროს მათ სოფელში ცხოვრებას ვაიძულებთ, რაც მათთვის, მეორედ დევნილად გახდომას ნიშნავს.

მე ისიც კარგად მესმის, რომ დევნილების ხსენებულ კატეგორიას შორის შესაძლებელია იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც ფულადი კომპენსაცია ადრე მიღებული აქვთ და უკანონოდ არიან შეჭრილები. სამწუხაროდ ასეთ ფაქტებს ჰქონდა ადგილი, როდესაც დევნილების გარკვეულ კატეგორიას სახელმწიფო ფართების უკანონოდ დაუფლება შეჭრების გზით და შემდეგ მათი გაყიდვა “ხელობად” ჰქონდათ გადაქცეული. რას ვიზამთ აფხაზეთიდან დევნილ წესიერ ადამიანებს შორის, უწესოებიც ერივნენ.

აქედან გამომდინარე, ყველა დევნილთან კონკრეტული მიდგომაა საჭირო, რასაც ის სტრუქტურები უნდა აკეთებდნენ, რომლებიც პირველ რიგში ამისთვის არიან მოწოდებულნი, მხედველობაში მყავს ლტოლვილთა სამინისტრო და აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება. დარწმუნებული ვარ, მათ რომ ეს საკითხები კომპეტენტურად ჰქონოდათ შესწავლილი და სათანადო დასკვნები დადებული, ასეთი შეხლა-შემოხლა და აურზაური არ ატყდებოდა.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე