RSS
ოსები საქართველოში (ნაწილი III)
15.09.2010 13:10
ვასილ კვირიკაშვილი

დაუპატიჟებელი სტუმარი თათარზე უარესია
რუსული ანდაზა

(გაგრძელება. იხ. ნაწილები II, I)

...კიდევ ერთხელ შევაჯამოთ მოკლედ ის მონაცემები, რომლებიც ზემოთ იქნა მოყვანილი: IV საუკუნის ბოლოსათვის ალანები (ოსთა წინაპრები) კავკასიის არც ერთ რეგიონში არ ცხოვრობდნენ; ამ დროისათვის ისინი მხოლოდ მომთაბარე მეურნეობას ეწეოდნენ და რჩენის ერთ-ერთი საშუალება მხოლოდ ლაშქრობები, ბინადარი ხალხების ძარცვა იყო; ალანები მომთაბარეობდნენ ევრაზიის სტეპების ვრცელ ტერიტორიაზე. მათი სამომთაბარო სივრცის უკიდურესი დასავლეთი საზღვარი მდინარე დუნაი იყო, ხოლო აღმოსავლეთი საზღვარი – შუა აზის ვრცელი ტერიტორიები; ალანები ორ დიდ ჯგუფად იყოფოდნენ: ევროპელი ალანები და აზიელი ალანები. ამავე დროს, ეთნიკური თვალსაზრისით, ისინი არაერთგვაროვანი იყვნენ და მათ დაქვემდებარებაში ბევრი სხვადასხვა პირველყოფილი ტომი შედიოდა, რომლებიც ასევე ალანებად იწოდებოდნენ. ფაქტობრივად ალანები მომთაბარე იმპერიის მფლობელები იყვნენ. სამართლიანად შენიშნავს ავგუსტი ალემანი, რომ ამიან მარცელინის მიერ ალანთა დაქვემდებარებულ ხალხებს წიგნიერი წარმომავლობა აქვთ, რადგან ისინი წყაროებში რვა საუკუნით ადრე იხსენიებიან. ა.ალემანი განსაკუთრებით ხაზს უსვამს მარცელინის სიტყვებს: "Halani orienti acclines" და აღნიშნავს, რომ მასში უეჭველად კასპიისიქითა ალანები იგულისხმებიანო. რომაელი ავტორი აზიელ და ევროპელ ალანებს მდინარე ტანაისით ანუ დონით მიჯნავს. მოხუცებულების უპატივცემულობა ძველი ალანებისათვის დამახასიათებელი რომ იყო, ეს ნართების ეპოსიდანაც კარგად ჩანს, რომელშიც სუიციდის, ანუ მოხუცთა თვითმკვლელობის ფაქტებიცაა დადასტურებული. ალანებში სუიციდის ფაქტები დიუმეზილსაც აქვს შენიშნული.

დაბოლოს, ამიან მარცელინი, რომელიც ასე მრავალ ცნობას გვაწვდის ალანების შესახებ, ერთადერთი ავტორია, რომელიც საუბრობს ჰუნების მიერ ალანების დამორჩილებასა და დაქვემდებარებაზე. ევროპელი ალანების ნაწილი ან, უკიდურეს შემთხვევაში, ისინი, რომლებიც ტანაისზე (დონზე) ბინადრობდნენ, ჰუნებთან დამარცხების შემდეგ, ამ უკანასკნელთა მოკავშირეებად იქცნენ, ოსტგუთებს დაუპირისპირდნენ და დასავლეთისაკენ დაიწყეს მოძრაობა. ალანთა ცალკეული ყაჩაღური რაზმები უშუალოდ ჰუნების დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ. ალანთა ეთნიკურ ისტორიაში გადამწყვეტი აღმოჩნდა ჰუნების დასავლეთისაკენ მიგრაცია. ევრაზიის ვრცელ ტერიტორიაზე მომთაბარე ალანები, რომლებსაც ადრე სხვადასხვა ტომები ჰყავდათ დაქვემდებარებული, ახლა თვითონ აღმოჩნდნენ სხვის დაქვემდებარებაში და ევროპას მოდებული მძარცველები სხვადასხვა ხალხში გაითქვიფნენ (ისევე, როგორც ჰუნები). ჰუნებთან შეჯახების შემდეგ ალანების ერთი ნაწილი ჩრდილოეთ კავკასიის ბარში დამკვიდრდა, სადაც ისინი ბინადარ ცხოვრებაზე გადავიდნენ და სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი შექმნეს. ამ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნთან ჰქონდათ ქართველებს ურთიერთობა ახალი წელთაღრიცხვის V საუკუნიდან. ამ დროიდან ერქმევა საქართველოდან ჩრდილოეთ კავკასიაში გასასვლელს “დარიალი”, რაც ირანული სახელია (ტოპონიმია) და არა ალანურ-ოსური. ჰუნთა შემოსევების შემდეგ, დაახლოებით V-VII საუკუნეებში ალანები სახლდებიან კავკასიის დასავლეთ მთიან ნაწილში (თანამედროვე ბალყარეთის, ყარაჩაის და დიგორის ტერიტორიები). აქ ისინი ჰუნების ერთ-ერთ ტომთან – სავირებთან ერთად შემოვიდნენ. სწორედ ამ ტერიტორიით ესაზღვრებოდნენ ალან-ოსები ქართველებს მთელი ადრე შუა საუკუნეების განმავლობაში და ეს საზღვარი მათ აფხაზეთთან და სვანეთთან ჰქონდათ. რაც შეეხება ცენტრალურ კავკასიას (ალაგირი, თაგაური, ქურთაული), აქ ალან-ოსების შემოსვლა და დასახლება (აღმოსავლეთიდან შემოსულ ახალ მომთაბარეებს) მონღოლებს უკავშირდება.

საყურადღებოა IV-V საუკუნეების მოღვაწის იულიუს ჰონორიუსის მიერ ჩამოთვლილი დასავლეთ ევროპის ხალხები. მის მიერ მოხმობილი ეთნონიმები ორ ჯგუფად იყოფა – ძველი გალური მოდგმის ხალხთა სახელწოდებანი და გერმანული და ირანული ტომები, რომლებიც იქ შეიჭრნენ. ამ უკანასკნელთა შორის ასახელებს ალანებსა და სარმატებს (ალემანი 2003: 92). V საუკუნის ავტორთან კაპელასთანაც არიან ალანები მოხსსენიებული. ის აღწერს შავი ზღვის იქითა ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონს: “დუნაის იქითა სკვითების სანაპირო დასახლებულია ბევრი სხვადასხვა ბარბაროსით, ისეთებით როგორებიც არიან: გეტები, დაკები, სარმატები, გამასკობები, ტროგოდატები, ალანები და გერმანელები” (ალემანი 2003: 101). ეს ის ალანები არიან, რომლებიც ჰუნების შემოსევას გადაურჩნენ და დასავლეთისაკენ არ წავიდნენ. სწორედ აქ დარჩენილი ეს ალანები ცოტა ხნის შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიის ბარში სახლდებიან, ბინადარ ცხოვრებაზე გადადიან და ქმნიან ალან-ოსთა სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს. ა.ალემანის აზრით, კაპელას პლინიუსის პერიფრაზირება აქვს მოცემული, მაგრამ პლინიუსისაგან განსხვავებით, აქ აორსები და როქსოლანები არ იხსენიებიან, რომლებიც ამ პერიოდში გამქრალები არიან. საერთოდ, IV-V საუკუნის ყველა რომაელი ავტორი ალანებს კარგად იცნობდა. ევროპული წყაროებით ერთი რამ ცხადია, მთელი IV-V საუკუნეების განმავლობაში ალანები, ჰუნებთან და გუთებთან ერთად, როგორც მძარცველები ისე მოიხსენიებიან ევროპის ხან რომელ მხარეში და ხან – რომელში. კავკასიის (მით უმეტეს, სამხრეთ კავკასიის) მკვიდრებად ამ დროისათვის ალანები არც ერთ წყაროში არ არიან დასახელებულნი.

მნიშვნელოვანი ცნობები აქვთ ალანების შესახებ დაცული ძველ ბერძენ ავტორებს. ამ წყაროებში ძირითადად ალანების გეოგრაფიულ ლოკალზაციასა და სამხრეთ კავკასიაში ქრისტიანული ერის პირველ საუკუნეებში ლაშქრობებზეა საუბარი. მაგალითად, ასეთი ცნობა პირველად გვხვდება ნიკომედიელი ფლავიუს არიანეს (დაახლოებით ახ. წ. 95-175 წლები) თხზულებაში, რომელშიც დაცულია ცნობა 135 წელს კაპადოკიაში ალანების შეჭრის შესახებ (ალემანი 2003: 125). იმავე წყაროს ცნობით, ალანები ძირითადად მახვილითა და შუბებით იყვნენ შეიარაღებულნი. ამ წყაროში კასპიის კარი აღწერილია, როგორც ალანიის მიმდებარე ტერიტორია. წყაროში კასპიის კარი, ანუ დარუბანდის კარი ალანიის მიმდებარე ტეერიტორიად იმიტომაა მოხსენიებული, რომ ამ გზით ლაშქრობდნენ ისინი პართიაში.

ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა დიონ კასიოსის (დაახლოებით 150-235 წლები) ცნობები, რომელიც მაღალჩინოსანი გახლდათ. 135 წელს ალანები შეჭრილან ალბანეთსა და მიდიაში, მიუღწევიათ აგრეთვე სომხეთსა და კაპადოკიამდე, რომელთა წინსვლაც საჩუქრებითა და ძღვენით შეუჩერებიათ. წყაროს ცნობით, ამ კონფლიქტის პროვოცირება მოაწყო იბერიის მეფემ ფარსმან მეორემ. ვარაუდობენ, რომ ფარსმანმა გაუხსნა ალანებს კასპიის კარი, რათა ისინი თავს დასხმოდნენ ალბანეთსა და მიდიის ატროპატენას და იმ ქვეყნებს, რომლებიც პართიის მეფის ვოლოგეზის ვასალურ დამოკიდებულებაში იმყოფებოდნენ. ეს ხელმწიფე იძულებული იყო ელჩები გაეგზავნა რომში, რათა ფარსმანისათვის წაეყენებინათ ბრალდება. ა.ალემანის კომენტარით, ალანებმა სომხეთისა და კაპადოკიის წინააღნდეგ ლაშქრობები თავიანთი ინიციატივით მოაწყვეს. ეჭვს გარეშეა რომ, იბერიის მეფე შეცდომითაა ბრალდებული, რადგან კასპიის კარი იბერთა საგამგეო ტერიტორია არ იყო და ალანები ალბანეთსა და შემდეგ უფრო სამხრეთით ქართველთა ჩარევით და ხელშეწყობით ვერ მოხვდებოდნენ.
შემდეგი ბერძენი ავტორი, რომელიც ალანებს ახსენებს არის დიონისი პერიგეტი, რომლის გეოგრაფიული პოემა 124 წელსაა დაწერილი. მდინარე დუნაიდან მეოტის ტბის შესართავამდე ის მრავალ ტომს ასახელებს, რომელთა შორის სარმატები და ალანებიც არიან. ეს უკანასკნელნი დნეპრის დასავლეთით იგულისხმებიან. დიონისის თხზულების "კომენტარებში" ევსტაფი სოლუნელს აღნიშნული აქვს, რომ "ალანების მთა მდებარეობს სარმატიაში; მისგან მომდინარეობს ალანი ხალხი, რომლებიც, დიონისეს სიტყვებით, მამაცები და ბევრი ცხენის პატრონები არიან".

რამდენიმე პასაჟი აქვს ალანების შესახებ პრორომაელ იუდეველ ისტორიკოსს იოსეფ ფლავიუსს. საერთოდ, ის პირველი ისტორიკოსია, რომელიც ალანებს ახსენებს. იოსიფ ფლავიუსი (37/8-100 წლები) კერძოდ აღნიშნავს, რომ "იმპერატორმა ტიბერიუსმა ვერ გადაიბირა იბერები და ალბანელები სომეხი არტაბანის წინააღმდეგ და მან არტაბანის წინააღმდეგ ალანები მოიწვია, გაუღო კასპიის კარი და მისცა გასასვლელი თავის მიწაზე.

სომხეთი დამარცხებულ იქნა, პართიის მიწა დაპყრობილი (ალემანი 2003: 138). როგორც აღვნიშნეთ, ესაა ალანების ისტორიის არენაზე პირველი მოხსენიება (ამ კონკრეტულ შემთხვევაში ტაციტი, ალანების ნაცვლად, სარმატებს ასახელებს). მოგვიანო პერიოდის ლათინურ თარგმანში კი “სკვითები” ფიგურირებენ. წყაროს ამ ცნობამ ზოგიერთი თანამედროვე მეცნიერი დააბნია. მაგალითად, გაუგებრად მსჯელობს ტოიბლერი რომელიც აღნიშნავს, რომ "კასპიის კარი ძალიან შორს მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთით, რათა ის იბერებისა და ალბანელების კონტროლქვეშ ყოფილიყო”" (ალემანი 2003: 139) და რომ ბერძენ ისტორიკოსს უბრალოდ შეცდომა აქვს დაშვებული – "კასპიის კარის" ნაცვლად უნდა იყოს "დარიალი". თუ ასეა, მაშინ კითხვა ჩნდება (დარიალზე თუ უნდა იყოს საუბარი), რაღა შუაშია აქ ალბანეთი? რა თქმა უნდა, ტექსტში შეცდომა არაა – ალანები "კასპიის კარით" ალბანეთში გადავიდნენ; ალბანელებს თავისუფლად შეიძლებოდა გაეკონტროლებინათ "კასპიის კარი" ანუ დარუბანდი. ის მათი სახელმწიფოს საზღვართან მდებარეობდა.

ახ.წ. 72/3 წელს რომაელების მიერ კომაგენის საბოლოო ანექსიის შემდეგ, ზემოთ დასახელებული წყაროს თანახმად, კვლავ საუბარია ალანთა თარეშებზე: "ალანები, რომლებიც არსებითად სკვითი ხალხია, დასახლებული არიან ტანაისის და მეოტიის ნაპირებზე, ლაშქრობენ მიდიასა და სომხეთში და ორივე ქვეყნიდან (სამეფოდან) თავიანთ ქვეყანაში ნადავლით ბრუნდებიან". მკვლევარ ბოსვორტის კომენტარით, "ეს ალანები კასპიისიქითა წარმოშობისანი არიან, რომლებმაც კასპიის ზღვას შემოუარეს". ვფიქრობთ, რომ მეცნიერის ვარაუდი გასაზიარებელია, წყაროში სწორედ აზიაში მცხოვრებ ალანებზეა საუბარი.

ევროპელი ალანების შესახებ პასაჟი აქვს გეოგრაფ მარკიანსაც (დაახლოებით 400 წელი). მისი ინფორმაციით, მდინარე რუდონი ალანიის მთებიდან მოედინება; ამ მთის მეზობლად მთასა და ოლქში ცხოვრობს ფართო ტერიტორიაზე განსახლებული ხალხი სარმატ-ალანები; აქაა მდინარე ბორისფენის სათავე, რომელიც ჩაედინება პონტოში. ალანების იქით, მდინარე ბორისფენის გასწვრივ, ე.წ. ევროპელი ჰუნები მოსახლეობენ (ალემანი 2003: 145).

II საუკუნის ავტორის კლავდიოს პტოლემეოსის (ალექსანდრიელის) გეოგრაფიიდან მოვიყვანთ ზოგიერთ ნაწყვეტს. მისი ნაშრომის მიხედვით ტოპონიმი “სარმატია” მთელ აღმოსავლეთ ევროპას აღნიშნავს ვოლგამდე, სადაც იწყება სკვითეთი; რაც შეეხება დონს, ის ევროპისა და აზიის გამყოფია; დონი გამოყოფს ევროპულ სარმატიას აზიური სარმატიისაგან: “სარმატია ასევე გარშემორტყმულია მთებით, რომლებსაც ეწოდებათ (იწოდებიან): ტევკა (ან პევკა), ამადოკიის მთები, ბუდინის (ბოდინის) მთა, ალავნის მთა, ზემოთ ნახსენები მთა კარპატი, ვენედის მთები და რიპეის მთების ცენტრალური ნაწილი” (ალემანი 2003: 148). შემდეგი პასაჟი იმავე ავტორიდან: “ყველაზე დიდი ხალხები, რომლებიც სარმატიაში არიან დასახლებული: ვენეტები – ვენეტის უბის მთელ სანაპიროზე და დაკიის იქით, პევკინები და ბასტერნები; მეოტიდის მთელ სანაპიროზე – იაზიგები და როქსოლანები და ამ უკანასკნელთა სიღრმეში ქვეყნები: გამასკობია და სკვითი-ალანები” (ალემანი 2003: 148). ა.ალემანის კომენტარით, “ტექსტის თანახმად, როქსოლანებს ეკავათ აზოვის ზღვის სანაპიროს ჩრდილოეთი მონაკვეთი, შემდეგ ჩრდილოეთით მდებარეობდა გამაკსობია და ალანი-სკვითები… აორსები განთავსებული არიან ბალტიის ზღვის მახლობლად (რიგის ყურე), ძალიან შორს ჩრდილოეთით” (ალემანი 2003: 149).

პტოლემეიოსი როდესაც ლაპარაკობს აზიის სარმატიაზე, ე.ი. ტერიტორიაზე დონსა და ვოლგას შორის, არ ახსენებს ალანებს, თუმცა ასახელებს ასებს. სამაგიეროდ, ერთ-ერთ თავში, რომელიც ცენტრალურ აზიას შეეხება ჰინდიყუშიდან და ჰიმალაიდან ვოლგამდე, უხვი მასალაა მოცემული ალანების შესახებ: ა) სკვითების მთების მხარეზეა იმაონის მთები, ე.წ. ალანიისა და შემდეგ აღმოსავლეთისაკენ, გიპერბორიისა; ბ) ამ სკვითეთის ჩრდილოეთით მთელი ოლქი გაყოფილია ე წ. ალან-სკვითებსა, სუობენებსა და ალანორსებს შორის. იქვე ნახსენები არიან სხვადასხვა ხალხი, მათ შორის, ასიოტები და აორსები; გ) ქვემოთ, სამხრეთით წყარო “ალანიის მთებსაც” ასახელებს. ჩვენთვის ფრიად საყურადღებოა ა.ალემანის კომენტარი: ”ланские горы – это, по-видимому, горы Мугоджоры в степях Казахстана, есттественное продолжение Южного Урала к северо-востоку от Каспийского моря. Аланорсы, конфедерация алан и аорсов, возможно с «неарийскими» народами аланами-скифами, живут севернее этой Скифи, к востоку от Волги; аорсы и их соседи асиоты, с другой стороны, обнаруживаются снова слишком далеко, около яксартов, народа у Сыр-Дарьи» (ალემანი 2003: 151).

ამდენად, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ეს დასკვნა – ალანიის მთები თანამედროვე ყაზახეთის ტერიტორიაზეა, კასპიის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთით და, ბუნებრივია, აქვე იყო მათი (ალანების) პირველსაცხოვრისი. მნიშვნელოვანია ის დასკვნაც, რომ ალანებისაგან სამხრეთით სირდარიასთან ლოკალიზდებიან აორსებიც. ვინ იყვნენ აორსები თავდაპირველად, ირანულენოვანი თუ სხვა ეთნიკური სამყაროს წარმომადგენლები, ამას ამჯერად ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს...

გაგრძელება იქნება

სტატია დაწერილია როლანდ თოფჩიშვილის ნაშრომის მიხედვით
"ოსთა წინაპარი ალანების თავდაპირველი განსახლების არეალი"


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მახაჩკალაში ტერორისტმა-თვითმკვლელმა ქალმა შსს-ს შენობასთან თავი აიფეთქა
25.05.2013 14:55
საოკუპაციო ხაზის დამრღვევთათვის სანქციები გამკაცრდა
25.05.2013 13:30
საოკუპაციო რეჟიმის უშიშროების რაზმი ოქუმის სკოლაში შეიჭრა
24.05.2013 16:54
პრეზიდენტმა "თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის" დოკუმენტს მოაწერა ხელი
24.05.2013 12:57
გალში რუსული ენის დღე ”კალინკას” ფონზე აღნიშნეს
23.05.2013 13:44
პატრიარქის ჩასვლა აფხაზეთში შესაძლებელია რაღაც შეთანხმების საფუძველზე – პაატა ზაქარეიშვილი
23.05.2013 13:38
ილია მეორე სოხუმში ჩასვლას გეგმავს
22.05.2013 20:11
ქართველი წვევამდელები აფხაზურ ჯარში იძულებით იმსახურებენ
21.05.2013 12:29
ყველა სიახლე