RSS
აფხაზური სეპარატიზმი სუკის ლაბირინთებში იშვა. ნაწილი IV
27.09.2010 13:29
ექსპერტთა კლუბი

(გაგრძელება. იხ. ნაწილები I, II, III)

„ექსპერტთა კლუბი“ თავის პუბლიკაციებში ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, გამოიკვეთა თუ არა საქართველოს განვითარების ვექტორის მიმართულება დასავლური ღირებულებებისკენ კრემლი, ყველა მის ხელთ არსებული ხერხებით და მეთოდებით, ცდილობდა საქართველოზე გავლენის შენარჩუნებას, რასაც ადასტურებს მოვლენათა შემდგომი განვითარება და რუსეთის სპეცსამსახურების საქმიანობის ამსახველი მასალების ანალიზი.

დავიწყოთ იქედან, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რეორგანიზაცია განიცადა საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურების საქართველოს საკურატორო მიმართულებებმა და ჩამოყალიბდა ერთიანი ცენტრი, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებზე დროული რეაგირების და სასურველი ზეგავლენის მოხდენის მიზნით, შემოსული ინფორმაციების ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებდა სათანადო აგენტურულ-ოპერატიულ ღონისძიებებს. ხსენებული ცენტრის უშუალო დაქვემდებარებაში შევიდა საკავშირო სუკის მიერ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში ჩამოყალიბებული ახალი სტრუქტურა, რომელიც ნომინალურად დაექვემდებარა „ЗАКВО“-ს მე-4 სექტორს (კურატორი პოდპოლკოვნიკი ცურიკა). დანაყოფს ფილიალები გააჩნდა ქ.ერევანში და ქ.ბაქოში. ხსენებული სტრუქტურის ძირითად ამოცანას წარმოადგენდა ახალი რეალიების გათვალისწინებით ამიერკავკასიაში და კერძოდ საქართველოს რესპუბლიკაში, აგენტურულ-ოპერატიული საქმიანობის წარმართვა, რაც ითვალისწინებდა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში, ძალოვან სტრუქტურებში (შსს, უშიშროება, თავდაცვა, ეროვნული გვარდია), ავღანელ ვეტერანთა კავშირში, პოლიტიკურ პარტიებში და საზოგადოებრივ მოძრაობებში შეღწევას. ამისათვის სხვა ღონისძიებებთან ერთად მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული:

– კავშირების აღდგენა იმ აგენტურასთან, რომლებიც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის დროს იქნენ „შეძენილი“ განსაკუთრებული განყოფილებების მიერ საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რეგიონებში დისლოცირებულ სამხედრო ნაწილებში და ცხოვრობდნენ საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.

– „ЗАКВО“-ს მოქმედი და ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს შორის აგენტურული პოზიციების შექმნა და დაკონსერვება იმ შემთხვევისთვის, როდესაც საბჭოთა ჯარები გავიდოდნენ საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან.

აგენტურულ-ოპერატიულ საქმიანობაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დათმობოდა ისეთი მექანიზმების შემუშავებას, რომელთა საშუალებითაც დამყარდებოდა კონტაქტები ეროვნული მოძრაობის იმ წარმომადგენლებთან, რომელთა დამსახურება ეროვნული განწყობის ჩამოყალიბებაში და დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნაში იყო დიდი, მაგრამ მათი გარკვეული ნაწილი სხვადასხვა მიზეზების გამო დაპირისპირებული იყო ზ.გამსახურდიასთან. აქცენტი უნდა გაკეთებულიყო თანამდებობებს გარეშე დარჩენილ განაწყენებულ პირებზე, რომლებიც ასევე ავტორიტეტით სარგებლობდნენ ეროვნულ მოძრაობაში და შეეძლოთ გარკვეული პროცესების მართვა. შესაძლებლად მიიჩნეოდა ზ.გამსახურდიას გარემოცვაში იმ პირთა დადგენა და დამუშავება, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ მის პოლიტიკას და მატერიალურ-ფინანსური დაინტერესებით მოხერხდებოდა მათი გამოყენება რუსეთის სასარგებლოდ.

ქვედანაყოფის ოპერატიული თანამშრომლები განსაკუთრებით ინტენსიურ საქმიანობას ეწეოდნენ უშიშროების კომიტეტის არაქართველი ეროვნების თანამშრომლების გადაბირების მიზნით, რასაც გარკვეულწილად მიაღწიეს კიდეც. შემჭიდროვებულ ვადებში დააკომპლექტეს ახალი სტრუქტურული განყოფილებები (დაზვერვის, ოპერატიულ-ტექნიკური და სხვა). მთლიანად დაკომპლექტდა და მუშაობას შეუდგა საინფორმაციო-ანალიტიკური ჯგუფი, რომელიც აღჭურვილი იყო იმ დროისათვის უახლესი კომპიუტერული ტექნიკით. ხსენებული ჯგუფი აანალიზებდა ოპერატიული და ღია (პრესა, ტელევიზია) წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციებს და რეგულარულად გადასცემდა ცენტრს, სადაც მიღებული ინფორმაციების ანალიზის საფუძველზე იგეგმებოდა შესაბამისი აქტიური ღონისძიებები, რომლებიც ხელს უწყობდნენ საქართველოში პოლიტიკური ვითარების ხელოვნურ დაძაბვას, არსებული დაპირისპირებების გაღრმავებას, ეროვნებათა შორის შუღლის გაღვივებას, ხელისუფლების კომპრომეტირებას და სხვა.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ხსენებული ქვედანაყოფი ექვემდებარებოდა უშუალოდ მოსკოვს და ანგარიშვალდებული იყო მის წინაშე. მისივე ფუნქციაში შედიოდა აგენტურულ-ოპერატიული საქმიანობის კოორდინირება საქართველოს ავტონომიებში (აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და აჭარა), ასევე ამიერკავკასიის სხვა რესპუბლიკებშიც.

როგორც „ექსპერტთა კლუბი“ ერთ-ერთ პუბლიკაციაში აღნიშნავდა, საქართველოს ეროვნული, მაგრამ გამოუცდელი და ზედმეტად თავდაჯერებული, ამბიციური ხელისუფლების მიერ, ვერ იქნა სათანადოდ შეფასებული და გაანალიზებული შექმნილი უაღრესად მძიმე ვითარება, მისი გამომწვევი მიზეზები და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ასევე უაღრესად საშიში საბჭოთა „სუკ“-ის სამართალმემკვიდრის, რუსეთის სპეცსამსახურების შესაძლებლობები, რომლებიც თავისი აგენტურით (იხ. აფხაზური სეპარატიზმი სუკის ლაბირინთებში იშვა. ნაწილი II) აქტიურად ზემოქმედებდნენ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. უფრო მეტიც, დაშვებული იქნა ბევრი გამოუსწორებელი შეცდომა, რის შედეგადაც რუსეთის სპეცსამსახურებმა ადვილად მოახერხეს გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა.

როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა კრემლს არც ე.შევარდნაძე ეხატებოდა გულზე, მაგრამ ზ.გამსახურდიას ალტერნატივად იმ პერიოდისთვის ალბათ ძნელი იყო ვინმეზე ფსონის დადება და „შეჩვეული ჭირის“ პრინციპით არჩევანი ისევ ელცინის ძველ თანაგუნდელზე შეჩერდა. ზვიად გამსახურდიას დამამხობელმა „ეროვნულმა“ ძალებმა, სახელმწიფო გადატრიალების ტალღაზე მოსულ ე.შევარდნაძეს „სნგ“-ში შესვლის ნება არ მისცეს. განაწყენებულმა რუსეთმა აფხაზეთის ომის პროვოცირება განახორციელა და საქართველო წელიწადზე მეტ ხანს წარმოებულ უთანასწორო ომში ჩააბა ... დიახ, ჩაგვაბა და დაგვამარცხა. ნურავის ნუ ექნება იმის ილუზია, რომ იმ დროისთვის ამ ომში საქართველოს გამარჯვების, თუნდაც ომიდან ღირსეულად გამოსვლის მცირეოდენი შანსი ჰქონდა. მკითხველს ვთავაზობთ მცირე ექსკურსს, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები.

როგორც ცნობილია აფხაზეთის უზენაესი საბჭოს შემადგენლობა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე განისაზღვრა 65 დეპუტატით. აქედან 28 –აფხაზი, 26-ქართველი და 11 სხვა ეროვნებების წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო. რამდენად სამართლიანი იყო ასეთი პროპორცია, ეს სხვა საქმეა. მაგრამ ასეთი წამგებიანი ვარიანტის შემთხვევაშიც შეიძლებოდა გამოსავლის მოძებნა, თუ პირველივე ტურში 26 კაცის არჩევას შევძლებდით და 11 არაქართველ და არააფხაზ ადამიანებს შორის ქართველებისადმი ლოიალურად განწყობილ შვიდ პიროვნებას ავარჩევდით. ფაქტი ის არის, რომ იმ ვითარებაში, როცა თითოეულ ხმას მომავალ უზენაეს საბჭოში გადამწყვეტი მნიშვნელობა მიეცემოდა, ქართული მხარე უფრო პასუხისმგებლობით უნდა მოკიდებოდა კანდიდატების შერჩევას. ჯერ იყო და იმ 26 კაცის არჩევაც ვერ მოახერხეთ პირველ ტურში, როცა აფხაზებმა 28-ვე აირჩიეს. მერედა 11 სხვა ეროვნების ადამიანებიდან მართალია 6 ჩვენი კვოტით გავიყვანეთ, მაგრამ რად გინდა, ეთერი ასტემიროვასა და ოლღა ნაგარნინას გარდა ოთხივემ - ერთმა რუსმა და სამმა სომეხმა პირველსავე სესიაზე გვიღალატა და აფხაზების მხარეს გადაბარგდა. რა იყო ეს, ქართული მხარის დაუდევრობა თუ ღალატი? ერთიც და მეორც.

საქმე იმაში გახლავთ, რომ 80-იანი წლების მეორე ნახევარში აფხაზ მოსახლეობაში სეპარატისტული განწყობის თანდათან მომძლავრებამ და სხვადასხვა ფორმით ანტიქართულმა რადიკალურმა გამოვლინებამ, თანდათან შექმნა პირობები ქართული ეროვნული მუხტის გაძლიერებისა, რის გამოც ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობამ აფხაზეთში ერთგვარი ტრანსფორმირება განიცადა და იგი საერთო-სახალხო მოძრაობაში გადაზარდა. ბუნებრივია ასეთ ვითარებაში ყველა საღად მოაზროვნე ქართველმა, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა და წარსულისა, ერთი იდეის ქვეშ დაიწყო გაერთიანება. ამდენად, ეროვნული ძალები ნებსით თუ უნებლიედ მოექცნენ ადგილობრივი ქართული პარტიული და სხვა ნომენკლატურული ფუნქციონერების გავლენის ქვეშ. მათ შორის კი ბევრი იყვნენ ისეთები რომლებსაც ერთადერთი მიზანი ჰქონდათ, რაც შეიძლება თავი მოეწონებინათ ზ. გამსახურდიასთვის, რათა შეენარჩუნებინათ ან ხელი გამოეკრათ სასურველი თანამდებობებისთვის. (ერთ-ერთი ბუნკერშიც კი ჩაყვა გამსახურდიას, მაგრამ შეატყო თუ არა რომ მისი დამარცხება გარდაუვალი იყო, უღალატა, გამოიპარა და მოგვიანებით ერთგულებას უკვე ე. შევარდნაძეს უმტკიცებდა). ამას გარდა, როგორც ცნობილია ზვიად გამსახურდიას გარემოცვა შედგებოდა ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფებისაგან, რომლებიც ცალ-ცალკე ცდილობდნენ თავიანთი აზრის პრეზიდენტისთვის თავს მოხვევას. იმისდა მიხედვით, თუ რომელი დაჯგუფება მოასწრებდა გადაწყვეტილებაც შესაბამისი მიიღებოდა. ამის გამო ხშირი იყო არაადეკვატური, რიგ შემთხვევებში ურთიერთგამომრიცხავი გადაწყვეტილებები. ასევე იყო აფხაზეთის საკითხის ირგვლივაც..

ეს ის დროა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებაში მოსული, ეიფორიაში მყოფი ეროვნული ძალები ძალიან მარტივად უდგებოდნენ აფხაზეთის საკითხს და ანგარიშს არ უწევდნენ ჩვენს რჩევებს. დათმობას არ აპირებდნენ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ წაქეზებული და უაღრესად ანგაჟირებული აფხაზი სეპარატისტების ლიდერებიც.

ზემოთხსენებული იმ 11 არაქართველი და არააფხაზი კანდიდატურის შერჩევისას უშიშროება საერთოდ ახლოს არ გაგვიკარეს, იმის გარდა, რომ ჩვენს მიერ შეთავაზებული კანდიდატურები საერთოდ არ განიხილეს, საშუალებაც არ მოგვეცა შეგვესწავლა მაინც ვინ იყვნენ და რას წარმოადგენდნენ მათი შერჩეული დანარჩენები.

მომხდართან დაკავშირებით, რაც არა მარტო დაუდევრობა, არამედ ღალატის ტოლფასიცაა, პასუხისმგებლობის კი არა სინანულის გამოთქმის სურვილიც არ გაჩენიათ ორგანიზატორებს. სწორედ ჩვენი უნიათობის შედეგად ნაბოძები უმრავლესობით იღებდა ვ. არძინბა ქართული მხარისთვის მიუღებელ კანონებს.

მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ ქართული მხარის წარმომადგენლებს ამა თუ იმ საკითხის მიმართ, ხშირ შემთხვევაში ერთიანი პოზიცია არ გააჩნდათ, რასაც თავის სასარგებლოდ კარგად იყენებდნენ სეპარატისტები. ნათქვამის დადასტურებად საკმარისია გავიხსენოთ აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის დანიშვნის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი. როგორც ცნობილია, აფხაზურ მხარესთან შეთანხმებით პრემიერ მინისტრი ქართველი უნდა ყოფილიყო და რაც მთავარია, მისი კანდიდატურა ქართულ მხარეს უნდა წარედგინა. ამას გარდა რაიმე გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის კანდიდატურები ერთ პაკეტში უნდა გასულიყვნენ. ქართული მხარე ვერ შეთანხმდა პრემიერ მინისტრის კანდიდატურაზე. გამოჩნდა ხსენებული თანამდებობის მრავალი მსურველი, რომლებსაც ლობირებდნენ პრეზიდენტ ზ. გამსახურდიას გარემოცვის სხვადასხვა დაჯგუფებები. ვადაც ამოიწურა და რადგან პრემიერ მინისტრის კანდიდატურაზე ქართული მხარე ვერ ჩამოყალიბდა, იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო. ვ. არძინბა თითქმის ერთხმად იქნა არჩეული აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ. პრემიერ-მინისტრის თანამდებობისთვის ბრძოლა კიდევ გაგრძელდა და დასასრული არ უჩანდა, რასაც ვ. არძინბა ყოველნაირად უწყობდა ხელს. მან ბოლოს დაარღვია შეთანხმება და პარლამენტს თვითონ დაანიშნინა პრემიერ მინისტრი.

ნუ დაგვავიწყდება, რომ იგი მოერიდა ღია კონფრონტაციას და პრემიერ მინისტრად დანიშნა არა აფხაზი, არამედ მისი ერთგული, მაგრამ მაინც ეროვნებით ქართველი ზარანდია, რაც იმის მაჩვენებელი იყო, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი დაკარგული არ იყო. კიდევ ვიმეორებ, რომ ეს ასე ჩანს დღევანდელი გადასახედიდან, იმ დროს კი ყველა მოვლენას ემოციურად აღვიქვამდით და შეცდომებს, შეცდომებზე ვუშვებდით. მთელი საქართველო ეიფორიაში ცხოვრობდა. წლების განმავლობაში თავისუფლების სურვილმა და ბოლოს მიღებულმა დამოუკიდებლობამ სიფრთხილე დაგვაკარგვინა და ადვილად მოვყევით მტრის მიერ დაგებულ მახეში. 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე