RSS
რუსეთის დამოკიდებულება საქართველოს დამოუკიდებლობისადმი (1918-1921 წლები)
08.10.2010 15:37
ვასილ კვირიკაშვილი
"ექსპერტთა კლუბი"

დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ურთულესი სფერო საბჭოთა რუსეთთან ურთიერთობა იყო. ქართველ პოლიტიკოსებს კარგად ესმოდათ, რომ რუსული ორიენტაცია ქვეყნის დაღუპვას მოასწავებდა. ამიტომ, პრიორიტეტს დასავლურ ორიენტაციას ანიჭებდნენ. მიუხედავად ამისა, ურთიერთთანამშრომლობისა და თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, ახალგაზრდა ქართული რესპუბლიკა რუსეთთან თანამშრომლობისთვისაც მზად იყო, თუმცა საბჭოთა რუსეთი, იმპერიაში შემავალ ყოველ ერს კვლავ თავის შემადგენელ ნაწილად მოიაზრებდა.

ამის შესახებ გაბრიელ ხუნდაძე (გაბრიელ ხუნდაძე (1877–1937) - დამოუკიდებელი საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი საბჭოთა რუსეთში) საქართველოს ეროვნული საბჭოს 1918 წლის აგვისტოს სხდომაზე ხაზგასმით აღნიშნავდა: „ყველა იმ ერს, რომელმაც ისარგებლა ერთა თვითგამორკვევის პრინციპით და ბოლშევიკური მთავრობა არ იცნო, ბოლშევიკებმა ომი გამოუცხადეს. ტროცკიმ წინადადება მისცა ადმირალ საბლინს (იური საბლინი – (1897–1937) წითელი არმიის სარდალი) ფლოტი საბრძოლველად გაემზადებინა და სევასტოპოლიდან გაელაშქრა ჩხენკელის (აკაკი ჩხენკელი (1874–1959) – ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედ-ერაციული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე (1918 წლის აპრილი-მაისი). დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი (1918 წლის 26 მაისი – 1919 წლის 21 მარტი). 1919 წლიდან საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ჯერ გერმანიაში, შემდეგ შვეიცარიაში) მთავრობის წინააღმდეგ. ამას ბოლშევიკები არ ეძახიან ერთა თვითგამორკვევის წინააღმდეგ გალაშქრებას“.

როგორც ვხედავთ, დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ საომარი მოქმედების დაწყება, საბჭოთა რუსეთის ხელისუფალთა დღის წესრიგში იდგა. ამ ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა, მხოლოდ „მოხალისეთა არმიის“ (მოხალისეთა არმია – საბჭოთა რუსეთში სამოქალაქო ომის დროს მთავარი სამხედრო ძალა 1918–1920 წლებში. მოხალისეთა არმიის უმაღლესი ხელმძღვანელი იყო გენერალი მ.ალექსეევი. მთავარსარდალი კი კორნილოვი. 1918 წლის დამლევს, ანტანტის სახელმწიფოთა მხარდაჭერის შედეგად, ანტისაბჭოური ძალები გენ. ა.დენიკინის ხელმძღვანელობით სამხრეთ რუსეთის შეიარაღებულ ძალად გაერთიანდა. იგი საბჭოთა ხელისუფლების დამხობას და ერთიანი რუსეთის იმპერიის აღდგენას ისახავდა მიზნად) შეტევითმა ოპერაციებმა და რუსეთში სამოქალაქო ომის დაწყებამ ჩაშალა. უმძიმესი მდგომარეობიდან გამომდინარე, საბჭოთა რუსეთმა ამიერკავკასიის სახელმწიფოების მიმართ მტრული პოლიტიკური კურსი გარეგნულად „კეთილმეზობლური“ ურთიერთობის დამყარების მცდელობით შეცვალა. ამის დამადასტურებლად საბჭოთა რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარის გ.ჩიჩერინის მიერ აზერბაიჯანის, დაღესტნის და საქართველოს მუშებისა და გლეხებისადმი გაგზავნილი „მოწოდება“ გამოდგება. დოკუმენტის მიხედვით, ერთა თვითგამორკვევის პრინციპიდან გამომდინარე, საბჭოთა რუსეთის მიზანს თითქოს აღნიშნული რესპუბლიკების დამოუკიდებლობისადმი მხარდაჭერა წარმოადგენდა. „თუ თქვენ კავკასიის მუსლიმანები და ქართველები – ვკითხულობთ მოწოდებაში – კმაყოფილნი ხართ თქვენი რესპუბლიკების სახელმწიფოებრივი წესებით, იცხოვრეთ თქვენთვის წყნარად, თვითგამორკვევით და აღადგინეთ ჩვენთან კეთილმეზობლური განწყობილება“.

დოკუმენტში გამოთქმული შემრიგებლური ტონი და „ერთა თვითგამორკვევის“ საბჭოური აღიარებისადმი მხარდაჭერა, გაზეთმა „ერთობამ“ ეჭვის ქვეშ დააყენა. თავისი პოზიციის გასამაგრებლად, ბოლშევიკების სიტყვასა და საქმეს შორის ურთიერთსაწინააღმდეგო, კერძოდ, საქართველოში მათი ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის ფაქტები მოიშველია და მოსკოვის „სამშვიდობო“ კურსისადმი ნდობა, შეუძლებლად გამოაცხადა. „ჩვენ კი ჩვეულნი ვართ – წერდა გაზეთი – საქმეს დავუჯეროთ, და სანამ ბოლშევიკების სიტყვასა და საქმეს შუა ჰარმონია არ იქნება, ჩვენი დღევანდელი პოლიტიკაც ბოლშევიკებისადმი მათ მოქმედებასთან იქნება შეფარდებული და არა მათ „მოწოდებასთან“. ეს იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოს ხელისუფლების მესვეურები, მიმდინარე პროცესებს სწორად აფასებდნენ და ამიერკავკასიის სახელმწიფოებისადმი რუსეთის "დამთმობლურ" ნაბიჯთან მიმართებაში შესაბამის დასკვნებსაც აკეთებდნენ.

ამის შესანიშნავ ნიმუშს საქართველოს მთავრობისადმი გ.ჩიჩერინის მიერ გამოგზავნილი ნოტისადმი დამოკიდებულება წარმოადგენს. ეს დოკუმენტი რუსეთთან მიმართებაში საქართველოს მთავრობას „მერყევი“ პოლიტიკური კურსის დაძლევის აუცილებლობაზე მიუთითებდა და დენიკინის წინააღმდეგ საბრძოლველად საბჭოთა რუსეთთან სამხედრო ხელშეკრულების გაფორმებას სთავაზობდა. თუ რამდენად მიზანშეწონილი იყო ჩრდილოელი მეზობლის მიერ შემოთავაზებული წინადადების მიღება და თანხმობის შემთხვევაში რას მისცემდა საქართველოს ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, ამასთან დაკავშირებით, ჩვენი ყურადღება გაზეთ „ერთობაში“ გამოქვეყნებულმა მოწინავე წერილმა „კომუნისტების წინადადება საქართველოს მთავრობისადმი“ მიიქცია. იგი საზოგადოებას შეახსენებდა: 1) საქართველო, რუსეთთან „სამხედრო კავშირის“ შეკვრის გარეშედაც 1919 წლიდან დენიკინთან საომარ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამ ფონზე, მეზობელი რესპუბლიკების საგარეო პოლიტიკის დენიკინის (ანტონ დენიკინი – (1872–1939) სამხრეთ რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი 1918 წლის აპრილიდან. ანტანტის სახელმწიფოთა მხარდაჭერით იბრძოდა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ) საფრთხისაგან თავდაცვისათვის დაქვემდებარებამდე დაყვანას იგი შეცდომად მიიჩნევდა; 2) საბჭოთა რუსეთის მიერ შემოთავაზებული „სამხედრო კავშირი“, ამიერკავკასიის რესპუბლიკების სამოქალაქო ომში ჩათრევას, საქართველოსადმი ევროპის სახელმწიფოების გადამტერებას და ბლოკადას ისახავდა მიზნად. ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი ქვეყანაში უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისს წარმოქმნიდა. „ეს ნიშნავს – წერდა გაზეთი – შიმშილის ათჯერ გაზრდას, ეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის მცხოვრებთა გადაშენების გზაზე დაყენებას. შეიძლება რუსეთის ასმილიონიანმა ერმა ამ უბედურებას გაუძლოს, მაგრამ ჩვენი ორ მილიონიანი ერი ამას ვერ გაუძლებს, წელში გატყდება და საბოლოოდ აღიგვება ქვეყნიდან. ბოლშევიკებს ასეთი შედეგი არ აშინებთ, რადგან ისინი ერს, როგორც ასეთს არ უფრთხილდებიან. ერი მათთვის მხოლოდ საშუალებაა სხვა მიზნისათვის. ჩვენთვის კი ერის შენახვა უმაღლესი მიზანია“; 3) გასაბჭოებულ რუსეთთან „სამხედრო კავშირის“ შეკვრა, საქართველოს მხრიდან „დაუფიქრებელი და შეუწყნარებელი ნაბიჯი იქნებოდა, რადგან... დარწმუნებული არა ვართ, წერდა გაზეთი „ერთობა“ – რომ დღევანდელი „მოკავშირენი“ ხვალ ზვარაკად არ შეგვწირავენ კომუნისტური ღმერთების სამსხვერპლოზე“ .

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, იმავე გაზეთმა სტატიაში – „უცნაური გაუგებრობა“ თავისი პოზიცია შემდეგნაირად ჩამოაყალიბა: „დღევანდელ პირობებში, როცა რუსეთში ანარქია მძვინვარებს და ამ ანარქიის გამომწვევ ორ ძალასთან ლენინ-დენიკინთან გვაქვს საქმე, ჩვენ ყოვლად შეუძლებლად ვთვლით რაიმე სახელმწიფოებრივი კავშირის გაბმას როგორც ერთ ისე მეორე ძალასთან“. ხოლო მომდევნო წერილში „რეაქციის წინააღმდეგ“ ვკითხულობთ, – „ბოლშევიზმის აყოლა დენიკინის გულისათვის ნიშნავს მეორე უკიდურესობაში ჩავარდნას, გზის აბნევას და ამით თავის დასამარცხებლად უეჭველი ნიადაგის მომზადებას. ჩვენი მიზანი ნათელია: დემოკრატიის საშუალებით, დემოკრატიული რევოლუციური მეთოდებით დენიკინის დამხობა და ბოლშევიკური ანარქიის თავიდან აცილება. ამ ორი დიდი მიზნის ერთად განხორციელება იხსნის... ჩვენს მხარეს მოსალოდნელი განადგურებისაგან“. როგორც ვხედავთ, დენიკინთან და ბოლშევიზმთან მიმართებაში ნეგატიური დამოკიდებულება აქ გამოკვეთილადაა ნაჩვენები.

ასეთი პოზიციის ოფიციალურად გამოთქმით, ქართულმა სამთავრობო პრესამ, რუსეთისადმი უნდობლობის დემონსტრირება მოახდინა. ამავე დროს საჭირო იყო საკითხის სამთავრობო დონეზე გადაწყვეტა. ამ მხრივ, განსაკუთრებულ ინტერესს გ.ჩიჩერინისადმი ე.გეგეჭკორის (ალექსანდრე (საშა) გეგეჭკორი – (1887-1918) კომუნისტური პარტიის წევრი. დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ მებრძოლი. დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლების დასამხობად გლეხთა აჯანყებების მოწყობის ერთ-ერთი ორგანიზატორი. შულავერის რევკომის წევრი) საპასუხო ნოტა იქცევს. რუსეთ-საქართველოს შორის კეთილმეზობლური, სამშვიდობო ურთიერთობის დამყარებას ეს დოკუმენტი გადაუდებელ ამოცანად მიიჩნევდა და სათანადო გზების ძიების აუცილებლობაზეც მიუთითებდა, მაგრამ ამავე დროს, აღნიშნული ნოტა, საბჭოთა რუსეთთან სამხედრო კავშირის დადებასა და დენიკინის წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის შესაძლებლობას გამორიცხავდა. ძირითად არგუმენტებად ე.გეგეჭკორი შემდეგ გარემოებებს ასახელებდა: ა) საქართველოს საგარეო პოლიტიკა ქვეყნის ნეიტრალიტეტის დაცვას ეფუძნებოდა; ბ) დენიკინთან 1919 წლიდან საომარი მდგომარეობის მიუხედავად, შეტევითი ომის შეუძლებლობიდან და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველო მხოლოდ თავდაცვითი ოპერაციების განხორციელებით იფარგლებოდა; გ) დენიკინის წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ქართული მხედრობის მონაწილეობა, საბჭოთა რუსეთის შინაურ საქმეებში ჩარევას წარმოადგენდა.

დიპლომატიური ნორმების დაცვით შედგენილმა დასაბუთებულმა პასუხმა, რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარს როგორც ჩანს, წონასწორობა დააკარგვინა. ამის დადასტურებას ე.გეგეჭკორისადმი გ.ჩიჩერინის მიერ გამოგზავნილი საპასუხო ნოტა (1919 წლის 31 იანვარი) წარმოადგენს. იგი დიპლომატიურ ჩარჩოს სცილდებოდა და რაც მთავარია, საქართველოს ხელისუფლებისადმი წინასწარგამიზნული ბრალდებების ახალ წყებას შეიცავდა. საპასუხო ნოტით (7 თებერვალი), ე.გეგეჭკორმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წამოყენებულ პრეტენზიებს არა მარტო დამაჯერებელი პასუხი გასცა, არამედ სააშკარაოზე გამოიტანა ის ძირითადი მიზეზები, რასაც რუსეთის მხარე ზემოდასახელებული ნოტის გავრცელებით ითვალისწინებდა. „აღნიშნული რადიო-დეპეშის შინაარსი და ხასიათი, – ვკითხულობთ ე.გეგეჭკორის ნოტაში – საქართველოს მთავრობას სრულ საბუთს აძლევს იფიქროს, რომ საბჭოთა მთავრობა ცდილობს საქართველოს რესპუბლიკის პრესტიჟი დასცეს ყალბ ცნობებზე მითითებით, რომლით სარგებლობასაც მე სრულებით მიუღებლად ვთვლი“. გ.ჩიჩერინის ბრალდებებს ე.გეგეჭკორი ზნეობრივ-პოლიტიკური კუთხით განიხილავდა და მის შეფასებასაც იძლეოდა. „ჩემი მთავრობის რწმუნებით ვაცხადებ, – ვკითხულობთ ნოტაში – რომ საქართველოს რესპუბლიკის მხრივ ამ დამოკიდებულებათა დასამყარებლად არავითარი დაბრკოლება არ არსებობს და იმედს გამოვთქვამ, რომ საბჭოთა მთავრობა თავის მომავალ პოლიტიკაში მოძებნის ქართველი ხალხისათვის მისაღებ ენას“.

ე.გეგეჭკორის ეს იმედი არ გამართლდა. პირიქით, საბჭოთა რუსეთის მესვეურები დიპლომატიურ პაექრობაში, საქართველოსთან მიმართებაში დაგროვილი ღვარძლი და მტრული დამოკიდებულება სრულყოფილად გამოამზეურეს. ამის დადასტურებას გ.ჩიჩერინის მესამე, №432 ნოტა წარმოადგენს, რომელიც 1920 წლის 19 თებერვლითაა დათარიღებული. იგი ბრალდებების ახალ „სერიალთან“ ერთად, საქართველოსადმი საბჭოთა რუსეთის „რისხვის“ განმაპირობებელ ძირითად მიზეზსაც ხსნის. „მიუხედავად ყველაფრისა, – ვკითხულობთ ნოტაში - რუსეთის მუშათა და გლეხთა მთავრობა იმედოვნებდა, რომ გეგეჭკორის მთავრობა ვერ გაბედავდა უარი ეთქვა ერთად ბრძოლაზე რუსეთისა და საქართველოს მშრომელი მასის საერთო მტრის წინააღმდეგ“.

აქ ერთი ნიუანსია გასათვალისწინებელი, კერძოდ, „უარის თქმის გაბედვა“ ჩრდილოელი მეზობლისაგან შემოთავაზებულ „საომარ ხელშეკრულებაზე“. როგორც ჩანს, დროის ცვალებადობამ რუსულ ცნობიერებაზე ზემოქმედება ვერ მოახდინა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლებას აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში თავისი პრინციპული პოზიცია არ შეუცვლია. გაზეთი „ერთობა“ მოწინავე წერილში „ჩიჩერინის მესამე ნოტა“ ამ დოკუმენტს „სიცრუისა და ჭორიკანობის დაუშრეტელ ზღვას“ უწოდებდა და დასტურად, ჩიჩერინის მიერ წამოყენებული ყოველი ბრალდების გასაბათილებელი ფაქტები მოყავდა. მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას საქართველოზე თურქეთის თავდასხმის მომენტში, სოხუმის ოლქში ბოლშევიკთა მიერ საგანგებოდ მოწყობილ აჯანყებაზე ამახვილებდა. იმავდროულად, ნოტის ავტორს ბრესტის საზავო ხელშეკრულებასაც შეახსენებდა. „ამისთანა წამების გახსენებით, – ვკითხულობთ წერილში – არა გვგონია ბოლშევიკებმა მოიგონ რამე. კეთილგონიერება მოითხოვდა, რომ ჩიჩერინს დავიწყებისათვის არ მიეცა ისეთი სახელოვანი საზავო ხელშეკრულება, რომელიც საბჭოთა რუსეთმა ბრესტ-ლიტოვსკში დასდო, ხელშეკრულება, რომელიც ამიერკავკასიის დემოკრატიის გაწირვას და გაყიდვას უდრის, რომლითაც ლენინის მთავრობამ ოსმალთა ფაშების ფეხქვეშ განართხო ჩვენი დემოკ-რატია, მთელი ჩვენი ერი, ყველა ის, რაც რევოლუციის გზით მოვიპოვეთ“.

რაც შეეხება რუსეთის წინააღმდეგ საქართველო-ოსმალეთის შეთქმულების ბრალ-დებას, იმავე სტატიაში ვკითხულობთ: „პოლიტიკური გულუბრყვილობით, ანდა საზღაპრო უტიფრობით უნდა ავხსნათ, რომ ბატონი ჩიჩერინი... რამდენჯერმე იხსენიებს ჩვენს ვითომდა „შეთანხმებას“ ოსმალ-ფაშასთან, ასეთი ლაპარაკი „ოსმალ-ფაშების“ შესახებ ბ-ნი ჩიჩერინის მხრივ, სხვა რომ არა ვთქვათ რა, უზრდელობაა საბჭოთა რუსეთის დღევანდელი მოკავშირისადმი, რომლებთანაც ბოლშევიკურ მთავრობას ნამდვილი ბლოკი აქვს შეკრული და რომლებთანაც ერთად აწარმოებს მთელ თავის პოლიტიკას აღმოსავლეთში და ამიერკავკასიაში. გაბედოს ჩიჩერინმა ამ ფაქტის უარყოფა“.

ისტორიოგრაფიაში დადასტურებულია, რომ 1920 წლიდან მუსტაფა ქემალსა (მუსტაფა ქემალი (ათათურქი) – 1881–1939. თურქეთის რესპუბლიკის ფუძემდებელი და მისი პირველი პრეზიდენტი (1923–1938 წწ.). თურქეთის სახალხო პარტიის დამაარსებელი და ლიდერი) და ლენინს შორის მიმოწერა ოსმალეთისადმი დახმარების შესახებ მართლაც მიმდინარეობდა. ხოლო ოსმალეთის ეროვნულმა კრებამ (1920 წლის 12 ივლისი), რსფსრ (რსფსრ – რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა) სახალხო კომისარიატისადმი გაგზავნილი შეტყობინებით, რუსეთის სფს რესპუბლიკისადმი ოსმალეთის მოკავშირეობა ოფიციალურად აღიარა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, საბჭოთა რუსეთმა საპასუხო ნაბიჯი გადადგა. იმავე წლის ივნისში, მუსტაფა ქემალ-ფაშას გ.ჩიჩერინმა საგანგებო ნოტა გაუგზავნა, რომელშიც თურქეთისადმი დამოკიდებულება გამოკვეთილად იყო დაფიქსირებული. ჩვენთვის საინტერესო საკითხთან მიმართებაში, დოკუმენტში ვკითხულობთ: „საბჭოთა მთავრობამ მიიღო თქვენი წერილი, რომელშიაც თქვენ სურვილს გამოთქვამთ მუდმივი კავშირი დაიკავოთ საბჭოთა მთავრობასთან და მონაწილეობა მიიღოთ ბრძოლაში იმპერიალიზმის წინააღმდეგ, რომელიც ერთნაირად ემუქრება ორივე ქვეყანას... საბჭოთა მთავრობა იღებს ცნობათ დიდი ნაციონალური კრების გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რათა ჩვენი მუშაობა და... სამხედრო ოპერაციები იმპერიალისტური მთავრობების წინააღმდეგ შეთანხმებული იყოს... დღეს, როდესაც ოსმალეთი განიცდის დიდ ტანჯვას, საბჭოთა მთავრობა განსაკუთრებული სიხარულით ჰკრავს მეგობრულ კავშირს, რომელმაც უნდა შეაკავშიროს რუსეთისა და ოსმალეთის ხალხები“.

აღნიშნული ფაქტებით დასტურდება, რომ ქართული სახელმწიფოს ხელისუფალთა გულისწყრომა სინამდვილიდან გამომდინარეობდა. ხოლო ზემოთ მითითებული წერილის მწვავე პოლემიკური ხასიათი საქართველოს წინააღმდეგ საბჭოთა რუსეთის მიერ ჩადენილი ცოდვების სააშკარაოზე გამოტანას და საზოგადოების წინაშე სრული სახით წარმოჩენას ითვალისწინებდა. რაც შეეხება რუსეთ-ოსმალეთის შეთანხმებას, მასში ორივე სახელმწიფოს ინტერესები იყო ჩადებული.

რუსეთის მოკავშირეობიდან გამომდინარე, თურქეთის მიზანს ანტანტისადმი დაპირისპირება და დანაწილებისგან ოსმალეთის გადარჩენა წარმოადგენდა. ხოლო რუსეთს, კავკასიაში გაბატონებით, ახლოაღმოსავლეთში წინსვლისათვის მტკიცე დასაყრდენის შექმნა ქონდა ჩაფიქრებული. ამასთან დაკავშირებით მ.მანდელშტამმი გაზეთ „სლოვო“-ში გამოქვეყნებულ წერილში გარკვევით მიუთითებდა, რომ „ევროპა სადაც მრეწველობა განვითარებულია, ზურგს აქცევს ბოლშევიზმს. კრემლი კი თვალებს აღმოსავლეთისკენ აპყრობს. საქართველო გზაზეა და ბოლშევიზმი შეეცდება მის დამორჩილებას“. ხოლო გაზეთი „ტანი“ იმავე საკითხთან დაკავშირებით იუწყებოდა: „მუსტაფა ქემალს მჭიდრო დამოკიდებულება აქვს ლენინთან, რომელთანაც იგი ამუშავებს საბჭოთა მთავრობის მცირე აზიის საქმეებში ჩარევის გეგმას“.

ეს იმის დამადასტურებელია, რომ რუსეთ-ოსმალეთის ალიანსი უშუალოდ დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ იყო მიმართული. მეორე მხრივ, აშკარად გამოიკვეთა რუსეთის ახლოაღმოსავლური პოლიტიკა. აქ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიცაა გასათვალისწინებელი, კერძოდ – ბოლშევიკების და მეფის რუსეთის პოლიტიკურ მისწრაფებათა იდენტურობა. ამ საკითხთან მიმართებაში, ქართულ სახელმწიფოს გამოკვეთილი პოზიცია გააჩნდა. ამის შესანიშნავ მაგალითს გაზეთ „ერთობაში“ გამოქვეყნებული მოწინავე წერილი „წითელი არმიის კავკასიასთან მოახლოების გამო“, წარმოადგენს...

გაგრძელება იქნება

სტატია დაწერილია შოთა ვადაჭკორიას
ნაშრომის მიხედვით –
"დამოუკიდებელი საქართველო და რუსეთის
აგრესიული პოლიტიკა 1918-1921 წლებში"
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მახაჩკალაში ტერორისტმა-თვითმკვლელმა ქალმა შსს-ს შენობასთან თავი აიფეთქა
25.05.2013 14:55
საოკუპაციო ხაზის დამრღვევთათვის სანქციები გამკაცრდა
25.05.2013 13:30
საოკუპაციო რეჟიმის უშიშროების რაზმი ოქუმის სკოლაში შეიჭრა
24.05.2013 16:54
პრეზიდენტმა "თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის" დოკუმენტს მოაწერა ხელი
24.05.2013 12:57
გალში რუსული ენის დღე ”კალინკას” ფონზე აღნიშნეს
23.05.2013 13:44
პატრიარქის ჩასვლა აფხაზეთში შესაძლებელია რაღაც შეთანხმების საფუძველზე – პაატა ზაქარეიშვილი
23.05.2013 13:38
ილია მეორე სოხუმში ჩასვლას გეგმავს
22.05.2013 20:11
ქართველი წვევამდელები აფხაზურ ჯარში იძულებით იმსახურებენ
21.05.2013 12:29
ყველა სიახლე