RSS
"ორსულად სანახევროდ ვერ იქნები"
28.10.2010 15:22
ექსპერტთა კლუბი

აფხაზეთში არსებულ მძიმე კრიმინოგენულ ვითარებაზე არაერთი ინფორმაცია გავრცელებულა და სტატია დაწერილა. ყველაზე მძიმე სიტუაცია ამ მხრივ რათქმა უნდა გალის რაიონში იყო და დღესაც ასე რჩება. მიუხედავად ამისა, ჩვენ გალის რაიონს, რომლის ადგილობრივ მოსახლეობას როგორც კონფლიქტის დაწყებამდე ასევე დღესაც 99 %-ს ეთნიკური ქართველები შეადგენენ, მთლიანად ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის კონტექსტში განვიხილავდით.

2010 წლის 18 ოქტომბერს "ეხო კავკაზა"-ზე ვარვარა პახომენკოს სტატიამ "Бандитская вольница в Гали" და ამ სტატიაზე გაკეთებულმა კომენტარებმა გვიბიძგეს ორიოდ მოსაზრება ჩვენც გამოგვეხატა.

პირველ რიგში გვინდა ავღნიშნოთ მნიშვნელობა იმ ფაქტისა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის თითქმის მთლიანად ქართველებით დასახლებულ ამ რაიონში არსებული ვითარებით ქართული მხარის გარდა სხვებიც დაინტერესდნენ. მართალია ამ პროცესს ეთნიკური ქართველების ყოფის სიღრმისეული გაშუქება აკლია, მაგრამ მიგვაჩნია, რომ მთავარი მაინც დაწყებაა.

ამ კუთხით სტატიის ავტორის მიმართ რათქმა უნდა არანაირი პრეტენზია არ გაგვაჩნია. მაგრამ, თუ კარგად დავუკვირდებით, მასში ფაქიზად, ძნელად შესამჩნევად გატარებულია ის აზრი, რომ გალის რაიონში ქართულმა მოსახლეობამ პრაქტიკულად ამოისუნთქა და საგრძნობლად დაცულად გრძნობენ თავს მას შემდეგ, რაც იქ რუსი სამხედროები განლაგდნენ და მიმდინარე პროცესებზე კონტროლი თავის ხელში სრულად აიღეს. ანუ, ავტორი ცდილობს ვითარება ისე წარმოაჩინოს, რომ რუსი სამხედროების გალის რაიონში ყოფნა ადგილობრივი ქართული მოსახლეობის მხრიდან დადებითად აღიქმება და მათთან სავსებით ნორმალური ურთიერთობები გააჩნიათ.

ერთის მხრივ ძნელია არ დაეთანხმო სტატიის ავტორს - რომელი ჭკუათმყოფელი იქნება წინააღმდეგი ძალისა, რომელიც მათ უსაფრთხოებას იცავს. მაგრამ, მეორეს მხრივ, სრული დეოკუპაციის და ამ რეგიონში საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის პირობებში, როგორც გალის რაიონის ქართულ მოსახლეობას, ისევე როგორც აფხაზეთის ტერიტორიაზე სხვა ეროვნების მაცხოვრებლებს, პირველ რიგში თვით აფხაზებს, სრულებით არ სჭირდება არანაირი რუსი სამხედრო, რათა დაცული იქნეს მათი უსაფრთხოება და კონსტიტუციური უფლებები იცხოვრონ ცივილიზებულ ქვეყანაში, იყვნენ ამ ქვეყნის განვითარების სრულუფლებიანი უშუალო მონაწილე.

ავტორს ასევე გვინდა შევახსენოთ, რომ გალის რაიონში რუსი სამხედროების განლაგებით და ვითარებაზე სრული კონტროლის დამყარებით, რამდენიმე მიზანი მიიღწევა. პირველს აფხაზეთის ოკუპაციის განმტკიცება წარმოადგენს. ამისათვის ადგილობრივ მოსახლეობაში უსაფრთხოების გარანტორის როლის გათამაშებით ნდობის მოპოვებაა საჭირო, რისი მაჩვენებელიც იქნება მოსახლეობის მიერ აფხაზსა და რუსულ ჩექმას შორის არჩევანის ამ უკანასკნელზე გაკეთება. რუსები კარგად ხვდებიან, რომ გალის რაიონის ქართულ მოსახლეობასა და აფხაზებს შორის ტრადიციული ურთიერთობის აღდგენამ, თუნდაც ნათესაური კავშირების გათვალისწინებით, შესაძლოა აფხაზეთში მათ დამკვიდრების პერსპექტივას საშიშროება შეუქმნას, რაც საბოლოო ჯამში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საფუძველი გახდება. აქედან გამომდინარე მათ მეორე მიზანს "გათიშე და იბატონე"-ს პოლიტიკის გატარება წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც 90-იან წლებში წარმატებით განახორციელეს შეიარაღებული კონფლიქტის პროვოცირება აფხაზეთში. და მესამე, არც თუ ისე ნაკლებად მნიშვნელოვანი მიზანი - ფინანსური ფაქტორი. როგორც ცნობილია, და ამას სტატიის ავტორიც აღნიშნავს, გალის რაიონში ომის შემდეგ ნოყიერი ნიადაგი შეექმნა ე.წ. სეზონურ ტერორიზმს. ძირითადი აქცენტი თხილსა და ციტრუსებზე კეთდებოდა, რადგანაც გალის რაიონი ამ მხრივ ყოველთვის გამოირჩეოდა საუკეთესო ხარისხის უხვი მოსავლიანობით. ისარგებლეს, რა შექმნილი ვითარებით, აფხაზმა და ქართველმა კრიმინალებმა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით ადვილად გამონახეს საერთო ენა და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მათი "პროფესიის" ადამიანებს ეროვნება არ გააჩნიათ - მათ ყველას ერთი სახელი - კრიმინალი ჰქვია. ამდენად, ერთის მხრივ საქართველოს სამართლებრივ სივრციდან იძულებით ამოვარდნილი, ხოლო მეორეს მხრივ სეპარატისტული რეჟიმის მხრიდან ამ კუთხით საერთოდ მიტოვებული და ბედის ანაბარა დარჩენილი გალის რაიონი აფხაზი და სამეგრელოს რეგიონის კრიმინალების სათარეშო პოლიგონად გადაიქცა. თუ ენგურს აქეთა კრიმინალებს პრობლემებს ე.წ. რუსი სამშვიდობოები უქმნიდნენ, აფხაზი კრიმინალები, აფხაზი ე.წ. სამართალდამცავების და სხვადასხვა შეიარაღებული ფორმირებების მხარდაჭერით, იმავე სამშვიდობოების ხელშეწყობით გამუდმებით აყაჩაღებდნენ გალის დაუცველ მოსახლეობას. გარდა ამისა, მათ დაწესებული ჰქონდათ ე.წ. მოსაკრებლები "ნატურის" ან ფულის სახით, რომლის სოლიდური ნაწილი "წილების" სახით მისდიოდათ სეპარატისტული რეჟიმის მესვეურთ. აქედან გამომდინარე, რუსი სამხედროების ერთ-ერთ მიზანს სწორედ ამ "ბიზნესზე", ისევე როგორც აფხაზეთის გავლით ნარკოტრაფიკისა და იარაღით ვაჭრობაზე სრული კონტროლის დამყარება წარმოადგენს.

გარდა ზემოაღნიშნულისა მიზანშეწონილად ვთვლით გამოვეხმაუროთ პახომენკოს სტატიაზე გაკეთებულ კომენტარებსაც. ძირითადი აქცენტი ამ კომენტარებში კეთდება გალის რაიონში 1995 წელს ქართველების დაბრუნების პროცესზე. თურმე ნუ იტყვით, ქართველების დაბრუნება საკუთარ სახლებში იმ დროისათვის ჯერ კიდევ სეპარატისტული რეჟიმის სათავეში მდგომ არძინბას კეთილი ნების გამოხატვა ყოფილა და არა საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლისა და სხვადასხვა ფორმატით მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგი. აღნიშნული საკითხი შესაძლებელია ბევრს მივიწყებული ჰქონდეს, ბევრმაც კი შესაძლოა არც იცოდეს. ამიტომ თავს უფლებას მივცემთ და მკითხველს "გალის რაიონში დევნილთა "დაბრუნების" ყბადაღებული საკითხის რეალურ მხარეებს გავაცნობთ.

ვინაიდან გალის რაიონი, ისტორიული სამურზაყანო, რეალურად ყოველთვის ეთნიკური ქართველებით იყო დასახლებული, 92-93 წლებში მიმდინარე საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ მოსახლეობისგან პრაქტიკულად დაიცალა. ამასთან, სოფლის მეურნეობისა და მეციტრუსეობით განთქმული რაიონი მიწაზე მომუშავე გლეხის გარეშე დარჩა. პოსტსაომარი მოქმედებების აფხაზეთის რეალობის პირობებში კი, სადაც უმეტესობა იარაღით დარბოდა და თავს პრივილიგირებულ კასტას აკუთვნებდა, მიწაზე მუშაობა არავის უნდოდა. იმ დროს, როცა შექმნილი ვითარება "დაუმარცხებელ აფხაზეთს" შიმშილს უქადდა სეპარატისტული რეჟიმის იმდროინდელი მესვეურებიდან ვიღაცას გაახსენდა, რომ გალის რაიონი აფხაზეთს ომამდე 70%-ით ამარაგებდა სოფლის მეურნეობის პროდუქციით. სწორედ აქედან გამომდინარე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რაც შემდგომ საერთაშორისო ფორმატებში მიმდინარე მოლაპარაკებებზე გაჟღერდა და არძინბას კეთილ ნებად მოინათლა, გალის რაიონში ქართველთა დაბრუნებასთან დაკავშირებით.

აღნიშნული საკითხის თვალსაჩინოებისათვის მოვიყვანოთ ის დოკუმენტები, რომლებიც უშუალოდ რუსეთის მიერ იყო ინიცირებული და სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები აწერენ ხელს.

დავიწყოთ იმით, რომ დევნილთა და ადგილნაცვალ პირთა უსაფრთხო დაბრუნების საკითხი კონფლიქტის სრულმასშტაბიან დარეგულირებასთან დაკავშირებით ჟენევაში 1993 წელს დაწყებული მოლაპარაკებების პირველსავე რაუნდში 30 ნოემბერს დაისვა. მოლაპარაკებებზე მიღებული იქნა "ურთიერთგაგების მემორანდუმი ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის ", რომლის მე-4 პუნქტი სწორედ დევნილთა დაბრუნების საკითხს ეხება. კერძოდ, "მხარეები ვალდებულად თვლიან თავს სასწრაფოდ გადაჭრან დევნილთა და ადგილნაცვალ პირთა საკითხი. ისინი ვალდებულებას იღებენ აფხაზეთის ყველა რაიონში დევნილთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და სწრაფი დაბრუნებისათვის შექმნან შესაბამისი პირობები. ყველა დაბრუნებულ დევნილს დაუბრუნდება ადრე მიტოვებული ბინები, სახლები, მიწის ნაკვეთები და ქონება".

როგორც ვხედავთ, საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ სულ რაღაც ორ თვეში სეპარატისტული რეჟიმი მზად იყო სასწრაფო წესით "აფხაზეთის ყველა რეგიონში დევნილთა ნებაყოფლობითი, უსაფრთხო" დაბრუნებისათვის არა მარტო პირობები შეექმნა, არამედ დევნილებისთვის მათ მიერ იძულებით მიტოვებული ქონებაც კი დაებრუნებინა.

უკვე მეორე რაუნდისათვის, რომელიც ჟენევაში 1994 წლის 11-13 იანვარს მიმდინარეობდა, სიტუაცია აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში შეიცვალა და აფხაზეთის ყველა რეგიონში დევნილთა ნებაყოფლობითი, უსაფრთხო დაბრუნება ეტაპობრივად გადაწყდა, რაც შესაბამის კომუნიკეში აისახა.

ამ დოკუმენტის თანახმად, "მხარეები შეთანხმდნენ 1994 წლის 10 თებერვლიდან დაიწყონ დევნილთა და ადგილნაცვალ პირთა აფხაზეთში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესი და პირველ ეტაპად გალის რაიონი განისაზღვროს". ამ მომენტიდან იწყება გალის რაიონით სპეკულირების პროცესი. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტში მკაცრად იქნა დაფიქსირებული: "მხარეები მიიღებენ აუცილებელ ზომებს დევნილების, ადგილნაცვალ პირთა და ამ ოპერაციაში ჩართული პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. დევნილთა, ადგილნაცვალ პირთა და აღნიშნული პერსონალის მიღებაში და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში უპირველესი პასუხისმგებლობა აფხაზურ მხარეს ეკისრება.

მხარეები მიმართავენ თხოვნით გაეროსა და რუსეთის ფედერაციას, რათა მათ დევნილთა დაბრუნებისათვის საჭირო უსაფრთხო გარემოს შექმნისათვის დახმარება გაუწიონ ".

გარდა ამისა დოკუმენტის მე-5 პუნქტში მკაცრად არის გაწერილი, რომ "...მხარეები აღიარებენ, რომ მთავარი ამოცანაა მიღწეულ იქნეს კონფლიქტის სრულმასშტაბიანი პოლიტიკური დარეგულირება და ყველა ძალისხმევა სწორედ აქეთკენ იქნეს მიმართული... გაერო, ეუთო და რუსეთის ფედერაცია მოუწოდებს მხარეებს მათი ქმედებები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარეობდეს და დაცული იქნეს აფხაზეთის მრავალეროვანი მოსახლეობის ინტერესები...". აფხაზეთის მრავალეროვანი მოსახლეობის ინტერესები სწორედ რომ ქართველთა ინტერესების დაცვასაც ითვალისწინებდა.

თუმცა, თუ როგორც ვითარდებოდა შემდგომში მოვლენები და როგორი სახეცვლილებით მიიღებოდა შემდგომი დოკუმენტები, რა თქმა უნდა ქართული მხარის საზიანოდ, ეს ყველამ კარგად იცის.

ასეთ ცვლილებებს ქართველთა დაბრუნებით შეშინებული სეპარატისტული რეჟიმი რუსეთის დახმარებით აღწევდა, რომელსაც იმ დროისათვის მოლაპარაკებების ბერკეტები სრულად ჰქონდა ჩაგდებული ხელში. კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებაზე მხოლოდ მისი, როგორც "მიუკერძოებელი" მხარის ინფორმაციები ითვლებოდა უტყუარად და შეთანხმებები, ხელშეკრულებები, თუ გაეროს რეზოლუციები ამის გათვალისწინებით მიიღებოდა.

სწორედ ამის შედეგი იყო, რომ 1994 წლის 4 აპრილს მოსკოვში ხელი მოეწერა "დევნილთა და ადგილნაცვალ პირთა ნებაყოფლობით დაბრუნების ოთხმხრივ შეთანხმებას". ეს დოკუმენტი ერთი შეხედვით ისეა შედგენილი, თითქოს მიუღებელი არაფერი იყოს. მაგრამ, თუ კარგად დავაკვირდებით, იგი მხოლოდ გალის რაიონის და ისიც მხოლოდ მისი მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს აძლევდა დაბრუნების საშუალებას.

კერძოდ, ამ შეთანხმების მე-3 მუხლის "с-პუნქტი" ასეა ჩამოყალიბებული: "ადგილნაცვალ პირებს/დევნილებს უფლება აქვთ დაპატიმრების, დაკავების, ციხეში ჩაჯენის რისკის გარეშე მშვიდობიან დაბრუნებაზე.

ამგვარი იმუნიტეტი არ ვრცელდება იმ პირებზე რომლებზეც არსებობს სერიოზული მინიშნება, რომ:
- მათ ჩადენილი აქვთ სამხედრო დანაშაულებები კაცობრიობის წინააღმდეგ, როგორც ამას საერთაშორისო დოკუმენტები სცნობენ, ან
- მათ ჩაიდინეს მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულებები, ან
- ისინი ადრე ღებულობდნენ მონაწილეობას საომარ მოქმედებებში, ხოლო ამჟამად (1994 წ.- რედ) შეიარაღებულ ფორმირებებში იმყოფებიან, რომლებიც აფხაზეთში საომარი მოქმედებებისათვის ემზადებიან."

დოკუმენტს მთლიანად თუ გავეცნობით, ვნახავთ, რომ საერთოდ არაფერია ნათქვამი, თუ რა ზომები უნდა იქნას გატარებული დაბრუნებული დევნილების უსაფრთხოების გარანტიებისათვის იმ სამხედრო დამნაშავეებისა და სხვა კრიმინალებისაგან, რომლებიც ქართველთა ეთნიკური წმენდის უშუალო მონაწილეები არიან.

აღნიშნული კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ გალის და მითუმეტეს აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე დევნილთა უსაფრთხო დაბრუნება არც რუსეთის და არც სეპარატისტული რეჟიმის მესვეურების მიზნებში არ შედიოდა. ბუნებრივია ასეთ პირობებში ქართული მხარე არანაირად არ თანხმდებოდა გალის რაიონში დევნილთა დაბრუნების პროცესის დამთავრების აღიარებას, რადგანაც არანაირად არ იყო დაცული მათი უსაფრთხოება. კრიმინოგენური ვითარების გამოსწორების, დაბრუნებული მოსახლეობის მუდმივი ძარცვა-დაყაჩაღების და მათ მიმართ სხვა მრავალი მძიმე დანაშაულის აღკვეთის მიზნით, რაზეც ქართულ სამართალდამცავებს ხელი არ მიუწვდებოდათ, გალის რაიონში საერთაშორისო ფორმატით პოლიციური ძალების დაკომპლექტებაზე, სეპარატისტულმა რეჟიმმა საერთოდ უარი განაცხადა. აქედან გამომდინარე, სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლების მიერ, სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებით ჩატარებულ შეხვედრებზე გაკეთებული განცხადებები გალის რაიონში ქართველების დაბრუნების პროცესის დამთავრების შესახებ, რასაც ურცხვად უდასტურებენ კრემლის მესვეურები, მხოლოდ ამ საკითხით სპეკულირებისათვის არის გამიზნული და რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს.

გარდა ამისა გალში ქართველთა დაბრუნებას სეპარატისტული რეჟიმისათვის სხვა დატვირთვაც ჰქონდა. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კონსტიტუციური წყობილების ძალისმიერი გზით აღდგენის მცდელობის შემთხვევაში გალის რაიონის მოსახლეობას პრაქტიკულად ცოცხალ ფარად, ან კიდევ მძევლებად გამოიყენებდნენ.

სეპარატისტულ რეჟიმს რომ გალის ქართველთა ნაოფლარის მითვისება და მათ ხარჯზე გამდიდრება ჰქონდათ დაგეგმილი, ხოლო მათ, როგორც ადამიანებს არაფრად აგდებდნენ, ამაზე მრავალი ე.წ. სადამსჯელო ოპერაცია მეტყველებს, რომლებსაც სეპარატისტთა შეიარაღებული ბანდფორმირებები რუს სამშვიდობოებთან ერთად ახორციელებდნენ. ერთ-ერთი ასეთი მასშტაბური სადამსჯელო-წმენდითი ოპერაცია სეპარატისტთა შეიარაღებულმა ბანდფორმირებებმა, რუსი სამშვიდობოების ხელშეწყობით 1998 წლის მაისში განახორციელეს. რის შედეგადაც გალის რაიონის მოსახლეობა მეორეჯერ გახდა იძულებული მასიურად დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი სახლები და ენგურს გამოღმა გამოსულიყვნენ. ამ ოპერაციის დროს რამდენიმე სოფელი მთლიანად იქნა განადგურებული. უნდა აღინიშნოს, რომ ქართველთა მიმართ დამოკიდებულება არც დღეისათვის არის შეცვლილი. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული დაუფარავი სამხედრო აგრესიის შემდეგ მის მიერვე "დამოუკიდებლად” აღიარებულ აფხაზეთში გალის რაიონის მოსახლეობას აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის მესვეურები პოტენციურად საშიშად თვლიან და "დამოუკიდებელი აფხაზეთის" მოქალაქეებად არ მიიჩნევენ. მათ არც ე.წ. აფხაზური პასპორტების აღების უფლება მისცეს და არც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მიაღებინეს მონაწილეობა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე რა თქმა უნდა მივესალმებით ქალბატონ ვარვარა პახომპენკოს გამბედაობას "დამოუკიდებელ აფხაზეთში" ტაბუდადებული თემის სააშკარაოზე გამოტანისათვის, მაგრამ ამასთან ვურჩევდით თუ იგი გააგრძელებს აღნიშული საკითხების გაშუქებას, თემას ბოლომდე ჩაწვდომის მიზნით გამოიყენოს "ექსპერტთა კლუბის" შესაძლებლობები, დაუკავშირდეს მის წევრებს, რომლებიც ობიექტურად აშუქებენ აფხაზეთში და მათ შორის, გალში მიმდინარე პროცესებს.

როგროც იტყვიან - "ორსული სანახევროდ ვერ იქნები".


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება