RSS
რუსეთ–საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივა: სავარაუდო სცენარები
02.11.2010 15:06
სიმონ კილაძე

რუსეთის მმართველ ტანდემში უთანხმოება შეიმჩნევა. რაც უფრო ახლოვდება 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, მით უფრო აშკარა ხდება პრეზიდენტის პოლიტიკური ტრანსფორმაცია: მის მოქმედებებში საკუთარი „მე“ გამოიკვეთა – ოდესღაც ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ პუტინის მორჩილი დიმიტრი ანატოლევიჩ მედვედევი ბოლო დრომდე დაფარულ ზნეს თანდათან ამჟღავნებს და თითქოსდა პატრონის გავლენიდან გამოდის. მართალია, 2012 წლამდე ჯერ კიდევ საკმაოდ შორია, მაგრამ აშკარაა, რომ 2008 წლის მარტის არჩევნებში პუტინის მიერ ჩაფიქრებულ ფორმულას „პრეზიდენტი–პრემიერ–მინისტრი–პრეზიდენტი“ საფუძველი ერყევა.

კრემლისა და თეთრი სახლის (რუსეთის მთავრობის შენობის) ბინადართ შორის „მეტოქეობა“ უკვე საკმაოდ ხანს ითვლის. ზოგიერთნი მიუთითებენ, რომ მედვედევ–პუტინის ჯერ კიდევ 2009 წელს დაწყებული უთანხმოება, რაც ზოგიერთი საკადრო საკითხის გადაწყვეტის დროს გამოვლინდა, 2010–ში კიდევ უფრო გაღრმავდა: მოსკოვის ახლოს მდებარე ხიმკის ტყის პრობლემა (ავტოსტრადის მშენებლობის გამო ტყის გაჩეხვას ვ. პუტინმა მხარი დაუჭირა, დ. მედვედევმა კი შეაჩერა) და იური ლუჟკოვის თანამდებობიდან მოხსნა სწორედ რომ უთანხმოების არსებობას ადასტურებს.

მედვედევი–პუტინი:
ლიბერალი კონსერვატორის წინააღმდეგ?

როგორც რუსი და დასავლელი პოლიტოლოგები აღნიშნავენ, დიმიტრი მედვედევი თანამედროვე რუსეთის მმართველ ელიტაში პირობითად ლიბერალური ფრთის ლიდერად შეიძლება მივიჩნიოთ, მაშინ როცა ვლადიმერ პუტინი უღრან კონსერვატორთა ყველაზე ავტორიტეტული ფიგურაა.

ვლადიმერ პუტინი, როგორც საბჭოთა პერიოდის სპეცსამსახურში (სახელმწიფო უშიშროების კომიეტეტში) მუშაობის დროს ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობის ადამიანს სჩვევია, „ხისტი, დაუნდობელი და მკაცრი ხასიათის“ მქონე პიროვნებაა, დიმიტრი მედვედევის შედარებით ლიბერალური მსოფლმხედველობისა და მოვლენების აღქმაში კი, შეიძლება ითქვას, მნიშვნელოვანი როლი სამოქალაქო სამსახურში მისმა მუშაობამ შეასრულა.

რასაკვირველია, შეიძლება სადაოც იყოს რუსეთის ლიდერების ამგვარი „კლასიფიცირება“, თუმცა, როგორც უკვე ზემოთ ვთქვით, აშკარაა, რომ პრემიერ მინისტრისა და პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკაც, გნებავთ ამერიკულ, ანდა ევროპულ ვექტორებში საკმაოდ განსხვავდება. მაგალითისათვის გავიხსენოთ ვლადიმერ პუტინის გამოსვლა მიუნხენის უსაფრთხოების საკითხების კონფერენციაზე, რომელმაც ევროპელები კინაღამ შოკში ჩააგდო, ანდა ის, თუ როგორ გაუარესდა რუსეთ–ამერიკის ურთიერთობა მისი პრეზიდენტობის დროს (მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯ ბუშ – უმცროსმა პუტინს „თვალებში ჩახედა და მისი სული დაინახა“), მედვედევ–ობამამ კი „გადატვირთვის“ ცნობილი პროცესი დაიწყეს, ევროპასა და ამერიკაში რუსეთთან მეგობრულ და საქმიან პარტნიორობაზე ალაპარაკდნენ.

ამავე დროს ისიც აშკარაა, რომ დასავლეთი რუსულ დათვს მაინც ერთგვარი რიდითა და შიშით უყურებს: მსოფლიომ კარგად უწყის რუსული იმპერიული პოლიტიკის შუქ–ჩრდილები, როცა დათბობას აცივება ცვლიდა და დაშორებას დაახლოება მოჰყვებოდა ხოლმე თავისი მძიმე შედეგებით თითქმის მთელი მსოფლიოსათვის. ამგვარი რეციდივები საკმაოდ ბევრია – მე–19 საუკუნიდან დაწყებული დღემდე, რომელიც არ შეცვლილა არც მონარქიის, არც კომუნისტების და არც 1990–იანი წლების „ლიბერალურ–დემოკრატიული რუსეთის“ დროს.

თავის მხრივ, დასავლეთის რუსეთთან ურთიერთობაც მთლად ერთგვაროვანი არ არის, მასში განსხვავებული მიდგომებია გამოკვეთილი: კონტინენტური ევროპის მძიმეწონიანი სახელმწიფოები კრემლთან უფრო ლოიალურნი არიან, ვიდრე კუნძულოვანი ბრიტანეთი და ოკეანისგაღმა მდებარე ამერიკის შეერთებული შტატები. ამგვარი სიტუაციის მიზეზებთაგან ორია ძირითადი: ჯერ ერთი, რომ კონტინენტური ევროპის „ბებერ“ სახელმწიფოებთან რუსეთს ისტორიული პოლიტიკურ–ეკონომიკური და კულტურული კავშირები აქვს, რაც საკმაოდ ხშირად სტრატეგიულ მოკავშირეობაშიც კი გამოიხატებოდა; მეორე კი – გერმანია, საფრანგეთი და ევროპის სხვა განვითარებული ქვეყნები ჯერ–ჯერობით ძირითადად ისევ რუსული ენერგოშემცველებით საზრდოობენ და რუსეთის ეკონომიკაც მათთან მნიშვნელოვანწილადაა ინტეგრირებული.

რუსეთთან მიდგომებში ამგვარი სხვადასხვაობა გარკვეულწილად ასუსტებს დასავლური „დემოკრატიული ფრონტის“ ძალისხმევას მოსკოვის გადემოკრატიულობის მიზნით და თუ ამას „გადატვირთვის“ ცნობილი პოლიტიკის ლოიალურობას დავუმატებთ, მაშინ გასაგები გახდება, თუ რატომაა ხოლმე ბერლინ–პარიზისა და ბრიუსელ–სტრასბურგის სიმკაცრე არცთუისე იშვიათად მოჩვენებითი, რომელიც ძირითადად „შეშფოთება–აღშფოთებაში“ გამოიხატება, რუსეთი კი ამით სარგებლობს და თავის რისხვას ურჩი და დაუდგრომელი „ახლო საზღვარგარეთის“ ქვეყნებისაკენ მიმართავს.

რუსეთის ანტიქართული ისტერიის დროს ისიც შესამჩნევია, რომ ვ.პუტინისა და დ. მედვედევის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით ზოგიერთ ასპექტში, თავისი ტონალობითა და სტილით, მეტ–ნაკლებად განსხვავდება. დიმიტრი მედვედევი შედარებით იშვიათად აკეთებს საქართველოსადმი შეურაცხმყოფელ განცხადებებს, დღეს პრეზიდენტობის ადრეულ ეტაპთან შედარებით მისი პოლიტიკური ლექსიკა უფრო ცივილიზებულია, მაშინ როცა ვლადიმერ პუტინის პერმანენტული არაპოლიტკორექტული გამონათქვამები საყოველთაოდაა ცნობილი.

სკეპტიკოსებს შეუძლიათ ამტკიცონ, რომ რუსული იმპერიულ–დამპყრობლური პოლიტიკის ფონზე მაინც და მაინც დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რუსი ლიდერები საქართველოს რბილი თუ მკაცრი ტონით მოიხსენიებენ – მთავარი ისაა, რომ კრემლის ანტიქართული ვექტორი ჯერ–ჯერობით უცვლელიაო.

და მაინც, რუსეთში მიმდინარე საშინაო–პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, რამდენად შესაძლებელია შეიცვალოს ჩრდილოელი მეზობლის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ? უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, თუ „ლიბერალი“ დიმიტრი მედვედევი გააგრძელებს „კონსერვატორ და ხისტ“ ვლადიმერ პუტინის შეზღუდვას, შემდეგ კი შეძლებს პოლიტიკიდან მის ჩამოშორებას, როგორ განვითარდება საქართველო–რუსეთის ურთიერთობები?

მართალია, დღევანდელი გადასახედიდან პროგნოზის გაკეთება ძნელია, არავინ იცის რა მოხდება და რას მოიმოქმედებს პუტინი და მედვედევის წინააღმდეგ ან პირიქით, მაგრამ მოდით, ცოტა წავიფანტაზიოროთ და ერთგვარი, გამარტივებული ჰიპოთეტური სცენარი წარმოვიდგინოთ, ოპტიმისტური და პესიმისტური ასპექტებით.

ოპტიმისტური სცენარი:
რუსეთის კომპრომისები საქართველოს მიმართ

დავუშვათ, დიმიტრი მედვედევმა დასძლია ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგობა და მას თანდათან უკანა პლანზე დაახევინა, პრემიერ–მინისტრის გარემოცვა მეტ–ნაკლებად ნეიტრალიზებულია, ცენტრალური და რეგიონული მმართველი ელიტა პრეზიდენტის მტკიცე მომხრეებით კომპლექტდება, მასმედიაში ძლიერდება პრეზიდენტის მხარდამჭერი კამპანია, ძალოვანი სტრუქტურები და პუტინის მშობლიური სპეცსამსახურები პრეზიდენტს უკვე ფორმალურ–იურიდიულად კი არა, პრაქტიკულად ექვემდებარებიან. დგება ჭეშმარიტების მომენტი – მედვედევის გადაწყვეტილებით, ვლადიმერ პუტინი გადაყენებულია. პრეზიდენტს მოქმედების სრული თავისუფლება ეძლევა.

მედვედევის რეალური პოლიტიკური აღზევება–გაძლიერება წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა. რუსეთში შესამჩნევად აქტიურდება დემოკრატიული პროცესები, ღრმავდება რეფორმები, დასავლეთი მხარს უჭერს მედვედევის კურსს, თუმცა პარალელურად კრემლს საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებასაც სთხოვს, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით.

ალბათ, რუსეთის ახალ პოლიტიკაში ჩვენდამი დამოკიდებულების საკითხი ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი იქნება, თუმცა ძალზე რთულად გადასაწყვეტი. მტკიცე საფუძველი და მკვეთრი ფონი იმისათვის, რომ მედვედევმა რაიმე დათმოს საქართველოს მიმართ, ჯერ–ჯერობით არ არსებობს, მაგრამ შესაძლებელია პოლიტიკური სიტუაცია შეიცვალოს. ამის მცირე, მაგრამ გარკვეული ნიშნები ჰორიზონტზე უკვე ჩანს.

მართალია, რუსეთის კონსტიტუციის თანახმად, საქართველოზე თავდასხმა და რუსეთის სამხედრო–საოკუპაციო კონტინგენტის შემოყვანა სწორედ პრეზიდენტის – პირადად დიმიტრი მედვედევის ბრძანებით მოხდა, მაგრამ ამავე დროს იგი საჯარო გამოსვლებისას ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ „ეს იყო იძულებითი გადაწყვეტილებაო“. იგივეს ამბობს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის აღიარების შესახებაც. ვინ აიძულა დ. მედვედევი საკუთარი ნების საწინააღმდეგო ნაბიჯი გადაედგა? გავიხსენოთ, რომ 2008 წლის აგვისტოსათვის მედვედევის პრეზიდენტობის სტაჟი ჯერ მხოლოდ სამიოდე თვეს შეადგენდა, იგი ვლადიმერ პუტინზეა დამოკიდებული, რომელიც იმ დროს, შეიძლება ითქვას, რუსეთის ფაქტიური მმართველი იყო.

რით დაიწყებს დიმიტრი მედვედევი?

უნდა გავითვალისწინოთ, რომ პრეზიდენტისათვის ზოგადად ძნელია ერთხელ საქვეყნოდ გაცხადებულის უკან წაღება, მით უმეტეს ისეთი ამბიციური ქვეყნის ლიდერისათვის, როგორიც რუსეთია. ამისათვის გარკვეული დრო და შესაფერისი მომენტია საჭირო.

რადგანაც საქართველოსათვის მთავარი და უპირველესი მიზნებია: ა) რუსეთის ჯარის გაყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ბ)საქართველო–რუსეთის სახელმწიფო საზღვრის გაკონტროლება, გ)ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა – მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ მედვედევიც ამ მიმართულებით შეეცდება გარკვეული ნაბიჯების გადადგმას.

საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის „დათბობა“ შეიძლება ორ ეტაპად :პირველ ეტაპზე, ვფიქრობთ, ამ მხრივ მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) სამომავლო გაწევრიანების ფაქტორს: არაა გამორიცხული, რომ კრემლი დეოკუპაციის პირველ ეტაპზე, აშშ–ის გარკვეული ზეწოლით (ან პოლიტიკური გარიგებით) თბილისის მოთხოვნებს დათანხმდეს და თავდაპირველად როკი–ნიჟნი ზარამაღის საკონტროლო–გამშვებ პუნქტზე სიმბოლურად ქართველი მებაჟეებიც დაუშვას (თუ ეროვნებით ქართველები არა, საქართველოს სახელით მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მაინც. დაახლოებით ამგვარი ფაქტები მსოფლიოს კონფლიქტურ რეგიონებში ადრეც მომხდარა). შესაძლოა ეს დღეს ფანტასტიკურად გვეჩვენოს, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ პრინციპული შეთანხმება საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე ერთობლივი პუნქტების შექმნის შესახებ ჯერ კიდევ 2008 წლის თებერვალში იქნა მიღწეული. გარდა ამისა, ისეთი მტკიცე და დამარწმუნებელი განცხადებები კეთდება ვაშინგტონის მხრიდან – რუსეთი სულ რაღაც ერთ წელიწადში მსო–ში გაწევრიანდებაო, უნებლიედ იბადება აზრი რაღაც გარიგების არსებობის თაობაზე.

მეორე ეტაპი ალბათ 2012 წელს დაიწყება, თუ პრეზიდენტად კვლავ დიმიტრი მედვედევს აირჩევენ: რუსეთი აქტიურად აგრძელებს დასავლეთთან ინტეგრირებას, პარალელურად ამცირებს თავის საოკუპაციო ჯარების კონტინგენტს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში, არწმუნებს სოხუმსა და ცხინვალს ასეთი პოლიტიკის გატარების აუცილებლობაში, თბილისში კი, თავის მხრივ, საერთაშორისო ორგანიზაციების შუამავლობით და ახალი პოლიტიკური რეალიების გათვალისწინებით, მუშაობას იწყებენ საქართველოს ტერიტორიული მოწყობის ფორმაზე, უსაფრთხოებისა და ურთიერთნდობის მექანიზმების განმტკიცებაზე. დასავლეთი და რუსეთი ერთობლივი ძალებით საქართველოს ფინანსურად ეხმარება, რომლის დიდი ნაწილი აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ ნაწილდება, საერთაშორისო კონტროლით.

აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები, რომლებიც მოსკოვისადმი საკმაოდ მტრულად იყვნენ განწყობილნი, მხარს უჭერენ მედვედევის ძალისხმევას, მკვეთრად მცირდება მათ შორის წინა წლებში შექმნილი პრობლემები. ბალკანეთში რუსეთის დიპლომატიის ხისტი პროსერბული კურსი ნეიტრალდება, რადგან თვით სერბეთიც უკვე ევროკავშირთანაა ინტეგრირებული. ამ ფონზე, როცა ბელგრადიც და მოსკოვიც ფაქტიურად „ევროკავშირისა და ნატოს ორბიტაზე ტრიალებენ“, ძველი პოლიტიკის გატარება აზრს კარგავს, შესაბამისად, რუსეთი აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას. ამით იგი პრაქტიკულად დაეთანხმება დასავლეთის პოლიტიკურ კურსს.

კოსოვოს აღიარება, ანუ ძველ პოლიტიკაზე უარის თქმა ბუნებრივად წარმოშობს აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“ ურთიერთობის გადახედვა–კორექტირების შესაძლებლობას, მაგრამ რა უყოს რუსეთმა საქართველოს „უძღებ შვილებს“, რომელთა დამოუკიდებლობა უკვე აღიარებული აქვს?

ეს ძალიან პრობლემატური საკითხია.

რასაკვირველია, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა ხელოვნური, კრემლის მიერაა ნაჩუქარი და მოსკოვის მიერ მათი სუვერენიტეტის ცნობა მნიშვნელოვანწილად მხოლოდ დასავლეთის ჯიბრზე (კოსოვოს გამო) იყო გამოწვეული. რასაკვირველია, საქართველოს ორივე რეგიონი რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ცხადია ისიც, რომ სოხუმისა და ცხინვალის ხელისუფლება სეპარატისტულია, თუმცა მათ შორის განსხვავებაც არსებობს: „სამხრეთ ოსეთს“, რომელიც რეალურად შიდა ქართლის ნაწილია, სულ სხვა მდგომარეობა აქვს, ვიდრე აფხაზეთს. „სამხრეთ ოსეთი“ აბსოლუტურად უსაფუძვლო და ხელოვნურად ჩამოყალიბებული, მომავლის არმქონე წარმონაქმნია, რომელსაც დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლია.

დიმიტრი მედვედევმა მშვენივრად იცის აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის შესაძლებლობები, სოხუმშიცაა ნამყოფი და ცხინვალშიც. მას ისიც კარგად მოეხსენება, რომ ცხინვალი ერთგვარი „შავი ხვრელია“ სადაც მოსახლეობისათვის განკუთვნილი მილიარდობით რუსული რუბლი უკვალოდ ქრება (უფრო ზუსტად კი, ედუარდ კოკოითის რეჟიმის ჯიბეში გროვდება). „სამხრეთ ოსეთი“ რუსეთისათვის ის სიზიფეს ლოდია, რომელიც მას ზურგზე აქვს წამოკიდებული და მიათრევს, ანუ ყოველმხრივ წამგებიანი და ზარალის მომტანი – როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად.

ესე იგი, ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, სავარაუდოა, რომ რუსეთი პირველ რიგში მისთვის ყველაზე მძიმე ბალასტს მოიხსნის – ლიბერალ–დემოკრატი პრეზიდენტი წლების შემდეგ აღიარებს შეცდომას, დასძლევს ცრუ სიამაყეს, მოთოკავს ამბიციებს და გააუქმებს თავისივე ბრძანებულებას „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის ცნობის თაობაზე. ზემოთ უკვე ვთქვით, რომ პრეზიდენტებისათვის შეცდომების აღიარება საკმაოდ მძიმე მომენტია, მაგრამ ძალზე ხშირად ხდება ხოლმე, რომ მცდარი ნაბიჯის აღიარება სამომავლო წარმატების საფუძველია. რაც შეეხება უშუალოდ დამოუკიდებლად ცნობის უკან წაღებას, მის გაუქმებას, ამგვარი პრეცედენტები საერთაშორისო დიპლომატიაში მართალია იშვიათად, მაგრამ მაინც მომხდარა: ასე იყო გასული საუკუნის 20–30–40–იან წლებში, ასეა დღესაც ზოგიერთი აფრიკული თუ აზიური სეპარატისტული რეჟიმის მიმართ.

დასასრული იქნება


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე