RSS
ილია და მისი პოლემიკა გაზეთ «კავკაზთან»
05.11.2010 11:49
გოჩა გუნიავა
"ექსპერტთა კლუბი"

რუბრიკა: ასე იყო 200 წლის წინ, ასეა დღეს, რა იქნება ხვალ?

 1887 წლის დეკემბერში თბილისში გამომავალმა რუსულენოვანმა გაზეთმა «კავკაზმა» გამოაქვეყნა პუბლიკაცია, სადაც ეჭვქვეშ დააყენა მეგრელების, ხევსურების, სვანების, იმერლების და სხვათა ქართველობა, საქართველოსა და ივერიის იგივეობა.

დიდი ილია ალღოთი გრძნობდა ამ «თეორიის» ავტორების შორსმიმავალ ბოროტ ზრახვებს. პოლემიკაში გაზეთ «კავკაზთან» მან ქარცეცხლი დაატეხა თავს მათ პროვოკაციურ ნაბოდვარს.

«აი საქმე რაშია: ბ-მა ზელინსკიმ თურმე ერთი საშინელი ჭორი მოაჭორა: ვითომც ქართველი ქართველი არისო. აბა «Кавказ»-ის მეცნიერი პუბლიცისტი რას დაანებებდა თავს ამისთანა ჭორსა... ამან არც აცივა, არც აცხელა და ასე უკიჟინა წყევლა-კრულვით მეჭორესა:

Автор... делает, как мы сказали выше, обобщения преждевременные и не имеющие достаточных оснований. Так, например, он устанавливает рубрику Картвельский или Иверский народ, который отождествляется им с грузинами (დახე, რა ჭორი მოუგონია ბ-ნს ზელინსკის!) и далее причисляет к последним имеретин (ეს რა მოსვლია ზელინსკის,_განა, Кавказ-ო!), мингрельцев, хевсур, сванет და სხვანი და სხვანი.

რას იტყვით ამაზედ? მართლა-და ბ-ნს ზელინსკის ეს რა ჭორი მოუგონია, რომ ქართველი ქართველიაო. მერე როგორ? ეს წიგნშიაც დაუბეჭდია, წიგნში! ჭორი ხომ ჭორია, მაგრამ ეხლა დააკვირდით, რა სიბრძნეა, რა ლოღიკაა, რა ჭკუადამჯდარი მეცნიერებაა Кавказ-ის პუბლიცისტისაგან...

«Совершенно также преждевременно причислять, напр. сванет и мингрельцев, равно и многие другие племена (მაგალითებრ: კახელი, ქართლელი, ქიზიყელი, ხევსური, ფშაველი, გურული, იმერელი განა?) к грузинам. Если между ними и последними и являются может быть некоторые сходные обычаи, слова, то этого недостаточно еще для такого заключения. Напротив, эти племена, равно и многие другие (კიდევ კახელი, ქართლელი, იმერელი, გურული, ქიზიყელი და სხვანი განა? ბაშუსტა!) представляют такие резкие отличия типа и языка и даже обычаев и национального костюма, что их никоим образом нельзя причислять к грузинам».

როგორ მოგწონთ ეს «კოსტიუმების» თეორია? თუ «კოსტიუმების» თეორიას გავყვებით, არა გვგონია თვითონ «Кавказ»-ის ბედნიერი პუბლიცისტი გამოდგეს იმ თესლისა, რა თესლსაც თითონ ეკუთვნის.

არა, ბ-ნო პუბლიცისტო! ამ ჯაგლაგ თეორიით შორს ვერ წახვალთ და თუ მაინცდამაინც დაიჟინებთ, იქამდე მიხვალთ, რომ ტულის გუბერნიის გლეხკაცსაც ჩამოართმევთ რუსობას, იმიტომ რომ ტულის გუბერნიაში სხვანაირ ქუდებს ატარებენ და მოსკოვისაში სხვანაირს. ეგ ახალი გაზანდრის ადლი აგიღიათ ხელში და ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ; ჩვენ-კი მაგით ვერას გაგაზომინებთ.

რა დაემართა ადამიანს? არ ვიცით. უჭკუვონი, ულოღიკონი, სულელნი განა წინათ-კი არა ყოფილან, მაგრამ სულელს თავის-დღეში სულელი ჰრქმევია და ყური არავის უთხოებია. ეხლა-კი სულელობას თითქო კაი ბაზარი აქვს, თითქო კაი ფასად გადის და ვისაც ეს განძი ბლომად ჰქონია, საპალნეებით ზედიზედ ეზიდება გასასაღებლად, თითქო დროს ეხარბება, მაზანდა არ წახდეს, ფასი არ დაჰვარდეს და არ დავიღუპოვო.

სულელობა ხომ სულელს ექნება და საკვირველი ეს არის, _ სულელს იმოდენა გონიერება ვინ მისცა, რომ ასე ეშურება თავისის განძის გასაღებას. რაკი ეშურება, სჩანს იცის, რომ სულელობის ბაზარს დიდი ხანი არა აქვს და რაკი ეს იცის, სჩანს სულელი მთლად სულელი არა ყოფილა. მაშ რა ხათაბალა ამოქმედებს ამისთანა კაცს? თუ მთლად სულელი არ არის, მთლად რათა ჰსულელობს? აქ მარტო ერთი პასუხია: ან სხვისი სულელობა აქეზებს, ან სხვის გასულელებასა ჰლამის და ამით მუშტრის შოვნასა. რაც გინდა სთქვით და არც ეს არის მთლიანი სულელობა. აქაც ანგარიშია და ანგარიში შეუცდომელი, ამისთანა გამბედაობა დღეს თანხაა და თანხას ტრიალი უნდა, რომ სარგებელი აიღოს, იბღარტოს, იმატოს. კაი ხელობაა და ნუ გგონიათ-კი, რომ სუბუქი ხელობა იყოს.

აქ კაცმა სინდისიც უნდა დაივიწყოს, ნამუსიც უნდა მჩვარში გამოჰკრას, პატიოსნებაცა ჰგმოს, ერთის სიტყვით, ყოველს ღვთაებურს ნიჭს ადამიანისას უნდა გადუდგეს და ამ ხელობას ისე მოჰკიდოს ხელი. ხუმრობა ნუ გგონიათ ასე სამარცხვინოდ თავის გაწირვა, ასე გაბიაბრუება, გაუპატიურება საკუთარის თავისა, საკუთარის კაცობისა. ამასაც ღონე უნდა, მართალია ღონე საზიზღარი, თავლაფდასხმული, შემაძრწუნებელი, მაგრამ მაინც ღონე. ვაი რომ ამისთანა ღონესაც ფასი აქვს და მუშტარი ჰყავს!»

ცოტა ხნის შემდეგ კვლავ ააფორიაქა დიდი ილია გაზეთმა «კავკაზმა». არც ახლა დააკლო თავისი სარკაზმი და გამათრახება გესლისმთხეველებს.
«წაიკითხეთ ამ სასაცილო გაზეთის მეთაური წერილი, დათარიღებული 21 იანვრითა? ჩვენ წავიკითხეთ და უნებლიეთ წამოვიძახეთ გაოცებულებმა: ერიჰაა!.. აი, დაუშტვინეს რომ იტყვიან, სწორედ ეს არის. თქვენ ვინა ჰყრიხართო, ჰყროყინებს «Кавказ»-ი თავმოწონებულის ყროყინითა: მართალია, ივერია ძველისძველათგანვე ცნობილია კაცობრიობის ისტორიისაგან, მაგრამ თქვენ, ქართველებს, ამით რაო? თქვენ ვინა ხართო? გუშინდელი მოსულები, საიდღანაც მოთრეულხართ და იძახით ორი ათასი წლის ისტორია გვაქვსო? სადა გაქვთ თქვენ ისტორიაო? თქვენი ისტორია სულ გუშინდელი ამბავია და ტყუილად მოგაქვთ თავიო.

როგორ გგონიათ? ყოველ ამის ლაღად მთქმელს სად უნდა ამოაყოფინოთ თავი, თუ ქვეყნად სამართალია? განა ჭკვათმყოფელმა კაცმა, მინამ ამას იტყოდეს, ყველაზედ უწინარეს თავის ადამიანობაზე ხელი არ უნდა აიღოს!.. განა ყეველივე მოვალეობა თავის ქვეყნის წინაშე არ უნდა დაივიწყოს და ქვემძრომსავით მარტო მიწა არ უნდა ჰლოკოს!»

«გაგიგონიათ ვისმე ისეთი პირმოხეული ურცხვობა, რომ კაცმა თავის უწმინდურის სიტყვის გასაყვანად განზრახ უარჰყოს საჯაროდ, საქვეყნოდ, მეცნიერებაც, ისტორიის უეჭველნი ნაშთნიც, სამღთო და საერო მატიანეთა მოწმობაც, თავისთავიც და სხვაცა! თუ კაცს ღმერთი გასწყრომია და ყური დახშული აქვს სმენისათვის, თვალთახედვის უნარი სად ჯანაბაშიღა დაჰკარგვია, რომ თავის გარეშემო ვეღარა ჰხედავს ათასის წლების ნაშენებს და ნაკეთებსა. ჩვენში ხომ ისე ფეხსაც არ გადასდგამთ, რომ ამისთანა უტყუარნი მოწმენი თვალწინ არ აღგემართონ თავისის დიდებითა და სახელოვანებითა. ჩვენში ქვებიც, ქვებიც-კი ჰღაღადებენ, რომ საქმე ისე არ არის, როგორც «Кавказ»-ს მოსწყურებია. ჩვენში ეგ მკვდარი, უსულო, უგულო და უენო მოწმენიც-კი მოგვითხრობენ ათასის წლების ამბებსა, მაგრამ პირმეტყველი, სულოვანი და გულოვანი «Кавказ»-ი ქვაზედ უფრო ქვა ყოფილა.

ერთი ვიკითხოთ, _ რა აკაკანებს ეგრე ლაღად, ეგრე ურცხვად?

თითონ «Кавказ»-იც მიმხვდარა, თითონ «Кавказ»-საც-კი უგრძვნია, რომ სტყუის და აშკარადაც სტყუის, სტყუის ისე სამარცხვინოდ, როგორც ქვეყანაზე არავის არ უმტყუნია, არ უცრუვნია. თითონვე გაჰკვირვებია თავისი ტყუილი, _კაცო, ეს რა წამოვროშეო, და წამოროშვილის ჩასაფუჩეჩებლად ამბობს: ჩემს ნათქვამს მევე ვერ ვიკისრებო; რაცა ვსთქვი, იმის პასუხისგებას ჩემს თავზედ ვერ მივიღებო.

მოდი და ამისთანა თავში დაკრულს და დამთხვეულს სულიერს ეშხზედ ელაპარაკე! მაშ რა ეშმაკი და ქაჯი გალაპარაკებს, თუ შენს ნათქვამს შენვე არ ჰკისრულობ და იმის გამო პასუხისგებას თავიდამ იცილებ? განა სადმე გაგონილა, ესე სასაცილოდ აგდება ბეჭდვისა, სიტყვისა, ადამიანისა და ქვეყნისა, გაგონილა, კაცმა ისე დაიბრიყვოს თავისი მსმენელები, რომ დილიდამ საღამომდე ატყუოს და ბოლოს უთხრას: რაც გითხარით, მე მაგის პასუხისგებას არა ვკისრულობ, ეს იცოდეთო! ისეთი რა შესცოდეს «Кавказ»-ის მკითხველებმა თავის საყვარელს გაზეთს, რომ ეს ოინები «Кавказ»-ისა უნდა აიტანონ და პასუხისგებაც არ მოსთხოვონ? ნუთუ ეს ამბები ხმაამოუღებლივ უნდა გადაჰყლაპონ? «Кавказ»-ი ამისთანა მალაყებს რომ გადადის თავის მკითხველების წინაშე, ნუთუ ჰგონია, რომ მის მკითხველებს გრძნობა ადამიანურის ღირსებისა დაკარგული აქვთ და ვერ იგრძნობენ, რომ «Кавказ»-ი სასაცილოდ იგდებს ყველას ერთად და თვითეულსა ცალკე. განა უტვინო კაცად არ უნდა მყვანდეს მიჩნეული ის, ვისაც გავუბედავ და ვეტყვი: მე ვსთქვი, და ჩემის ნათქვამის გამო პასუხისგებას არა ვკისრულობო.

სხვა ქვეყანაში რომ გაზეთი ასე გაბრიყვდეს და ასე გაუკადნიერდეს მკითხველს, მეორე დღესვე გულნაწყენი მკითხველი შეუთვლის ბარათითა_შენმა მყრალმა სუნმა ლამის დამახრჩოსო და ჩემს სახლში ნუღარ გაიჭაჭანებო, ფულზედ ნუ ინაღვლი, შენთვის მიჩუქებიაო. ეს სხვა ქვეყანაში და ჩვენში? ჩვენში, ღვთისა და თქვენის წყალობით, ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის.»

საუკუნეზე მეტი გავიდა გაზეთ «კავკაზთან» დიდი ილიას პაექრობის შემდეგ. შეიცვალა სამყარო, თანდათან გზას იკვლევს გონიერება, მაგრამ კვლავ არ იგრძნობა ზელინსკების და მათ მაგვართა სიმცირე. არც დღეს აკლია ქართულ სინამდვილეს მსგავსი ვაი პუბლიცისტების და ე.წ. მეცნიერების «ყურადღება». ასეთებზეა ნათქვამი: არ გათეთრდების ყორანი რაც უნდა ხეხო ქვიშით.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე