RSS
ГРУ-ს "არ უმართლებს" საქართველოში
22.11.2010 12:42
ექსპერტთა კლუბი

უკან დარჩა თვის ყველაზე გახმაურებული მოვლენა. წინასწარ ანონსირებულმა ჯაშუშურმა სკანდალმა ჩაიარა და უკან დატოვა ვარაუდების, შეფასებების და შეხედულებების საკმაოდ ვრცელი არეალი. საინფორმაციო საშუალებებმა სრულად ამოწურეს ეს საკითხი და სხვა მთავარ მოვლენებზე გადაერთნენ . ერთი კი ნამდვილად ცხადია – საქართველოში რუსული აგენტურის არსებობა არავისში არ იწვევს გაკვირვებას. მითუმეტეს გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების პირობებში, ფაქტიურად სამხედრო მდგომარეობაში მყოფი ორი სახელმწიფო უბრალოდ ვალდებულიცაა ერთმანეთს უთვალთვალონ. სავსებით გასაგებია, რომ 15 ადამიანის დაკავება, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურებზე მუშაობდნენ (ორმა პროცესუალური შეთანხმება გააფორმა, 13 დაკავებულია) – ეს იმ აგენტურის მხოლოდ პატარა ნაწილია, რომელიც რუსეთს საქართველოში ჰყავს. შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ აგენტურა ჯერ კიდევ მოქმედებს, ბევრი მათ შორის ალბათ მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, იქნებიან ორმაგი აგენტებიც და წარმოებს ოპერატიული თამაშიც... ეს ყველაფერი სპეცსამსახურების ჩვეულებრივი რუტინული საქმიანობაა, რაც მათი მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, რიგითი მოქალაქეებისათვის დამალულია.

ამ ყოველდღიურობის პარალელურად გამოძიების შემდგომი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი მიმდინარეობს. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში დასადგენია რუსული დაზვერვის მიერ განხორციელებული გადაბირების მოტივი. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს მატერიალური დაინტერესება, შანტაჟი, შიში კომპრომატის გამოყენების მიმართ, სხვადასხვა ფაქტორების კომბინაცია, ან, რაც ყველაზე ნაკლებსავარაუდოა, იდეოლოგია. დასადგენია ინტერესთა კონკრეტული სფეროები და რუსული აგენტურის მუშაობის მიმართულებები. რაც ყველაზე მთავარია – დასახელდება კონკრეტული პირები, რომლებიც გამიზნულად ან გაუთვითცნობიერებლად გადასცემდნენ ინფორმაციას ჯაშუშურ ქსელს. გამოძიების მასალები გახდება საფუძველი გარკვეული სახის პროფილაქტიკის ჩასატარებლად იმ პირების მიმართ, ვისაც დღემდე შემორჩა ილუზია მათ მოსკოვურ კონტაქტებთან დაკავშირებით. სპეცოპერაცია "ენვერის" შედეგებმა და გაკეთებულმა დასკვნებმა ქართულ სპეცსამსახურებს მიზანმიმართული მუშაობის საშუალება უნდა მისცენ. აქედან გამომდინარე, კარგი იქნება მტრულად განწყობილმა ძალებმა მომავალშიც შეიგრძნონ, რომ საქმე სერიოზულ მოწინააღმდეგესთან აქვთ.

თუმცა, მოსკოვს უკვე დიდი ხანია ილუზიები არ აწუხებს. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც რუსეთის სპეცსამსახურები თავს ისე გრძნობდნენ საქართველოში, როგორც საკუთარ სახლში. ამიერკავკასიის სამხედრო დაჯგუფების თბილისის შტაბის, ასევე ვაზიანში, ახალქალაქში, ბათუმში და გუდაუთაში სამხედრო ბაზების, აფხაზეთის, აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის საზღვაო და სახმელეთო სასაზღვრო ზოლებში საკავშირო უშიშროების სასაზღვრო ჯარების და მთელი თანმდევი ინფრასტრუქტურის სახით, მათ ჯაშუშური საქმიანობისათვის უამრავი საფარი და სოლიდური ბაზა გააჩნდათ. რუსეთის სპეცსამსახურები მიეჩვივნენ პრაქტიკულად ღიად მუშაობას და უბრალოდ შოკირებულნი იქნენ, როდესაც მათ თავიდან თავაზიანად, შემდგომ კი არც ისე თავაზიანად, კარებისკენ მიუთითეს. საქართველოს მოუწია რუსეთისთვის რამოდენიმე მგრძნობიარე გაკვეთილის ჩატარება – საპასუხოდ რუსეთმა 2006 წელს ეპიცენტრით შიდა ქართლში საქართველოს ნამდვილი ჯაშუშურ–დივერსიული ომი გამოუცხადა (რისი კულმინაციაც გახდა ტერაქტი შსს–ს სამხარეო სამმართველოს შენობასთან გორში). საბოლოოდ რუსებს დაწყნარება და თავის რიგებში გარღვევების დამალვის მიზნით ძირგამომთხრელი საქმიანობის ახალი ეტაპით დაკავება მოუწიათ. თუმცა, როგორც ეტყობა, მოუქნელობით და სიხისტით ყოველთვის გამორჩეულ გრუ-სთვის საკმაოდ პრობლემატური გახდა თავის მოქმედებებში არა თუ რაიმე სიახლის დანერგვა, არამედ სპეცსამსახურებისთვის აგრერიგად აუცილებელი კონსპირაციის წესების დაცვა, რამაც მათთვის სავალალო შედეგი გამოიწვია.

ახალი ეტაპის დაწყებასთან ერთად თავისი რეზიდენტურის ჩავარდნებზე რუსული მხარის რეაქციამაც ახლებური იერი შეიძინა. მან წინასწარ განსაზღვრული უღიმღამო ხასიათი მიიღო. თუ წინა შემთხვევაში (2006 წელს რუსეთის ჯაშუშების დაკავება) იქნა შემოღებული სავაჭრო ემბარგო და რუსეთში მცხოვრებ ქართველთა წინააღმდეგ აგორებული იქნა ტალღა, ეხლა რუსეთის საგარეო სამინისტრომ მორიგი რიტორიკული განცხადებით საქართველოს სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული ოპერაცია "პოლიტიკურ ფარსად" შეაფასა. უფრო შორს წავიდა მხოლოდ სახელმწიფო სათათბიროს წევრი კონსტანტინე კოსაჩოვი, რომელიც საქართველოს საკმაოდ პირდაპირ დაემუქრა, რომ "რუსეთი თავის მოქალაქეებს არ მიატოვებს". თუმცა, დეპუტატს სწორედ იმისთვის აქვს ენა, რომ მოახდინოს იმის ვერბალიზირება, რისი თქმაც არ შეუძლიათ ძალაუფლების მქონეთ. მაგრამ, მთლიანობაში მოსკოვი არ გასცდენია აგენტურის ჩავარდნის შემთხვევაში გასაკეთებელი განცხადების სპეციფიკურ ნორმებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის უფრო სასაცილო იქნებოდა იმ მორჩილების ფონზე, რომლითაც ის აშშ–ში და რიგ ევროპულ ქვეყნებში თავისი ხალხის დაკავებასა და გამოყრას შეხვდა.

საერთო ჯამში, საქართველოში რუსული აგენტურის მხილებასთან შედარებით უფრო მნიშვნელოვანი სწორედ მათი ბოლო პერიოდის ჩავარდნებია, რაც რუსული სპეცსამსახურების, ამ შემთხვევაში ე.წ. ГРУ-ს არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს. რაც შეეხება ქართული სპეცსამსახურების ბოლო წარმატებას, აქ გასაკვირი მაინცდამაინც არაფერია - მისი თანამშრომლები ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ერთ–ერთ საუკეთესოდ ითვლებოდნენ. არსებობის პერიოდში დაგროვილი და შეძენილი დასავლური გამოცდილების შეჯერებული პროფესიული კვალიფიკაციის მქონე ქართული სპეცსამსახური რუსეთისას შეიძლება ითქვას მხოლოდ ადამიანური რესურსებითა და ფინანსური მახასიათებლით თუ ჩამოუვარდება. რუსული რეზიდენტურის საზღვარგარეთ ჩავარდნის მთელი სერია კი საკმაოდ ნიშანდობლივია და იმ პროცესების სრულ კრახზე მიუთითებს, რომელიც ვლადიმერ პუტინის მიერ მისი პრეზიდენტობის დროს იქნა ჩაშვებული. ადამიანმა, რომლისთვისაც სსრკ–ს დაშლა მე–20 საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფად იქცა, ჩაიგდო რა ხელში ხელისუფლება, მიზნად საბჭოთა სისტემის რეანიმაცია დაისახა და პირველ რიგში იმ სპეცსამსახურების გაძლიერებას შეუდგა, სადაც თვითონ აღიზარდა. თავიდან მან მიაღწია გარკვეულ წარმატებებს, მაგრამ მისი მიღწევები დღეს ისე იშლება, როგორც ქვიშაზე აშენებული სასახლე. ამის მიზეზები ბევრია და თვით მოსკოვშიც მშვენივრად აცნობიერებენ, რომ მხოლოდ ანტურაჟის შეცვლა რეფორმას სრულებითაც არ ნიშნავს, მაგრამ ვისაც ეს კარგად ესმის მათ ახლოს არ იკარებენ, რადგანაც გრძნობენ, რომ ამ შემთხვევაში, პირველ რიგში იმპერიულ ამბიციებზე უარის თქმა მოუწევთ, რაც კრემლის პოლიტიკას საბოლოოდ დაასამარებს.
ანალიტიკოსებს, ალბათ თავსატეხი გაუჩინა აგენტურის სიმრავლემ ერთი ისეთი გამოკვეთილი მიმართულებით, როგორც საქართველოს სამხედრო ავიაციაა. ასეთი რაოდენობა არც კონსპირაციის კლასიკური გაგებით არის გამართლებული, არც ოპერატიული მიზანშეწონილობით და არც ფინანსური თუ მატერიალური პოზიციებიდან გამომდინარე. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ გაუჭირდება მათ, ვინც ღრმადაა ჩახედული საბჭოთა სუკის ხასიათში, რომლის „ღირსეულ“ მემკვიდრეს რუსული სპეცსამსახურები წარმოადგენენ, სადაც გადმობირებული აგენტურის რიცხვი ტრადიციულად იყო განმსაზღვრელი ოპერატიული მუშაკის თუ ოპერატიული დანაყოფის მუშაობის შედეგების შეფასებისას.

სადაზვერვო ინფორმაციები, რომელთა მოპოვება მფრინავებს შორის იყო გადანაწილებული, საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებიან და სამართლიან კითხვებსაც აჩენენ: მიუწვდებოდათ კი ხელი ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულებს ხსენებულ საიდუმლო ინფორმაციებთან? იქნებ ხსენებული ინფორმაციების მოპოვებისთვის სხვა მეთოდებსაც იყენებდნენ? ყველაფერ ამას გამოძიება დაადგენს. გარდა ამისა, თუ მსჯელობას ამ მიმართულებით წავიყვანთ, დიდი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კორუფციის ჭაობში ჩაძირულ გრუ-ს მაღალჩინოსნებს არც ოპერატიული მიზანშეწონილობა ადარდებთ, და არც სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯები, მათთვის მთავარი და გადამწყვეტი პირადი ფინანსური ინტერესებია, რომელთა გათვალისწინება ”მტრის ტერიტორიაზე თავდაცვის სამინისტროს მნიშვნელოვან სტრუქტურაში ჩანერგილი აგენტურის ფინანსური უზრუნველყოფის ხარჯზე” წარმოებდა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ აგენტურის საქმიანობისთვის ”ჩამოწერილი” ხარჯები გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე სინამდვილეში იხარჯებოდა, ადვილი წარმოსადგენია თუ რა ხასიათზე იქნებიან ეს ბატონები არა მარტო მიყენებული, არამედ მოსალოდნელი ”ზარალის” გამო, თუკი მომავალშიც ასე იაქტიურეს ქართველმა კონტრმზვერავებმა.

მაგრამ, როგორც არ უნდა ვიმსჯელოთ ან როგორც არ უნდა იქილიკონ ზოგიერთმა ვაიექსპერტებმა, რომლებსაც ცოცხალი ჯაშუში მხოლოდ კინოში თუ უნახავთ ფაქტი ერთია-საქართველოში აქტიურად მოქმედ რუსეთის სპეცსამსახურებს მძიმე პერიოდი უდგათ. მათი აგენტურის გამოვლენის პროცესი გრძელდება და მას შეუქცევადი ხასიათი მიეცა. ეს პროცესი ბუნებრივია შეცდომების გარეშე ვერ წარიმართება, რაც არავითარ შემთხვევაში ქილიკის და დაცვინის საგანი არ უნდა გახდეს. ჩასაფრებულ პოზიციაში ყოფნა და იქედან ”ბრძნული” აზრების ფრქვევა გაცილებით ადვილია ვიდრე საქმის კეთება.

2006 წლის შემდეგ, როდესაც ГРУ–ს ოფიცრები საქართველოდან დიდი პომპეზურობით გაისტუმრეს, ამდაგვარი დემონსტრირებისგან თბილისი თავს იკავებდა ახლანდელ ეპიზოდს კვლავ დემონსტრაციული ხასიათი აქვს. მაგრამ ამჯერად, რუსეთის რეაქციაში ჩვენ ვხედავთ არა ფანფარების ხრიალს და მრავალ ტელეკამერას, არამედ დახვეწილ სარკაზმს. და თუ ჟურნალისტებმა დიდი სირთულის გარეშე შეუსაბამეს ერთმანეთს შსს–ს მიერ ჩატარებული ბრიფინგი და რუსეთში აღნიშნული სამხედრო მზვერავის დღე, მეორე თარიღის შესაბამისობა ბევრისათვის გაუგებარი იყო. არადა, ჯაშუშთა ნეიტრალიზაციის შესახებ ინფორმაციის "გაჟონვა" და ბრიფინგის 5 ნოემბრისთვის ანონსირება ერთი კვირით ადრე – 29 ოქტომბერს, რუსეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელის ევგენი პრიმაკოვის დაბადების დღეზე მოხდა. "გაჟონვის" დროც ისე იქნა შერჩეული, რომ როდესაც სააგენტოებმა გაავრცელეს ეს ინფორმაცია, ევგენი მაქსიმეს ძე უკვე უნდა მჯდარიყო მეგობრების წრეში გაშლილ სუფრასთან. სხვათაშორის, თავად იუბილარის გარდა, სრულიად დასაშვებია, რომ იქ სხვა ჩვენი თანამემამულენიც მსხდარიყვნენ.

უნდა ითქვას, რომ რუსეთისთვის ჯაშუშების შემოგზავნა ნამდვილად არ წარმოადგენს პრობლემას. საქართველო ღიაა ყველა სტუმრისთვის. მიმდინარე წელი კი რუსეთიდან ჩამოსული ტურისტების საკმაოდ დიდი რაოდენობით აღინიშნა. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ სხვადასხვა საფარქვეშ საქართველოს სხვადასხვა დროს მრავლად სტუმრობდეს რუსული დაზვერვის წარმომადგენლები. გასაკვირი მეორეა. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრი ქართველია მზად იმუშაოს მტრულად განწყობილი სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად და საკუთარი სამშობლოს საზიანოდ. თუმცა, ამის ახსნა შეიძლება ერთ იმპერიაში ყოფნის ორასწლიანი ისტორიით. ასეთმა წარსულმა არ შეიძლება არ დატოვოს უამრავი კონტაქტი და კავშირი, რის მეშვეობითაც მცოდნე ადამიანებს საკმაოდ ადვილად შეუძლიათ მანიპულირება. ეს პრობლემა გადაწყვეტილი იქნება თაობათა საბოლოო შეცვლით – მაშინ დარჩებიან მხოლოდ ფულის უპრინციპო მოყვარულნი. მანამდე კი უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ საკმაოდ ბევრი განიცდის ძლიერ ნოსტალგიას საბჭოთა სამშობლოსადმი, ან არ შეუძლიათ აღიქვან რუსეთის ფედერაცია როგორც მტერი. მაგრამ რაც ყველაზე ძალიან განსაცვიფრებელია, ესაა ე.წ. პოლიტიკური პარტიების ნიჰილიზმი, რომლებიც იყენებენ რა დემოკრატიული ნორმებით უზრუნველყოფილ დაცულობას, პრაქტიკულად არ მალავენ მოსკოვთან კავშირებს.

გასაგებია, რომ ამ "ამხანაგებს" შესაძლოა შემორჩენილი ჰქონდეთ კავშირები რუსეთთან ჯერ კიდევ ძველი დროიდან. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ მათ მართლაც ჰქონდეთ ჩადენილი ისეთი რამ, რასაც რუსეთი გამოიყენებს მათი შანტაჟისთვის და გადასაბირებლად. ბოლოსდაბოლოს, მათ შესაძლოა შესთავაზეს დიდი ფული ან პერსპექტივები – ისინი კი საკმაოდ სუსტნი აღმოჩნდნენ... სწორედ ამიტომაც საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა ყველას, ვისაც რაიმე კავშირი აქვს ან ჰქონდა უცხო ქვეყნის დაზვერვასთან – თავად მისცენ აღიარებითი ჩვენება, რის შემდეგაც ისინი გათავისუფლებული იქნებოდნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან. ასეთი შანსი საქართველოს მთავრობამ მათ კიდევ ერთხელ მისცა – შანსი, რათა საკუთარი ცოდვების აღიარებით მათ შეძლონ ნორმალური ცხოვრების ახლიდან დაწყება. ეყოფათ კი მათ ძალა და შეგნება დაუსვან წერტილი თავიანთ საქმიანობას სამშობლოს საზიანოდ? თუ არ ეყოთ, მაშინ მომავალში ჩვენ გველოდება "ენვერის" მსგავსი ახალი დოკუმენტური ფილმები

”ექსპერტთა კლუბი” ახლო მომავალში მკითველს შესთავაზებს ГРУ–ს ოფიცრის კიდევ ერთ სკანდალურ ”ჩავარდნას”, როდესაც იგი შპიონაჟის ბრალდებით იქნა დაკავებული 1993 წელს აფხაზეთში 1992–1993 წწ ომის დროს. განსხვავებით დღევანდელისგან, ეს ის დრო იყო, როდესაც კრემლი ე. შევარდნაძეს ძმობას ეფიცებოდა, სინამდვილეში კი გაეროს მომრიგებლის მანდატით აღჭურვილი ფარულად თუ ღიად თანამშრომლობდა არძინბას სეპარატისტულ რეჟიმთან.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე