RSS
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი - ისტორია, კონფლიქტის მიზეზები, მოგვარების პროცესები და ოკუპაცია - ნაწილი I
25.11.2010 14:33
გოჩა გვარამია
ექსპერტთა კლუბი

2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია, რის შედეგად ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი, მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების ერთმნიშვნელოვნად ნეგატიური დამოკიდებულებისა, რუსი სამხედროების მიერ დღემდე ოკუპირებული რჩება, თავის აქტუალობას არ კარგავს.

მიუხედავად რუსეთის მიერ გაშლილი ფართო საინფორმაციო ფრონტისა, რაც საკუთარი ქმედებების ლეგალიზებას და საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას ისახავს მიზნად, საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე როგორც იქნა მყარად მკვიდრდება ტერმინი - საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

"ექსპერტთა კლუბი", დაარსების დღიდან თავისი პუბლიკაციებით ამკვიდრებდა აზრს იმის შესახებ, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომმა წერტილი დაუსვა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების ირგვლივ არსებულ აზრთა სხვადასხვაობას, რადგან ძმათამკვლელი ომის გამჩაღებელმა რუსულმა იმპერიულმა ძალამ საბოლოოდ ჩამოიხსნა ნიღაბი. გაზარდა ოკუპირებული ქართული ტერიტორიების მოცულობა და დევნილი მოსახლეობის რაოდენობა.
საქართველო ისევ პირისპირ დარჩა აგრესიულ და უხეშ რუსულ ძალასთან. არაეფექტური და უშედეგო გამოდგა თვით გაეროს საქმიანობა კონფლიქტის ზონაში, რისი ლოგიკური გაგრძელებაც იყო ხსენებული აგვისტოს მოვლენები. მთელი ამ ხნის განმავლობაში შეძლებისდაგვარად ვცდილობდით ობიექტურად გაგვეშუქებინა და ფართო საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში განვითარებული მოვლენები. პარალელურად, უტყუარ ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით მკითხველს ვაწოდებდით ქართულ-რუსული, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობების ამსახველ მრავალ ფაქტს.

"ექსპერტთა კლუბი" იმედს გამოთქვამს, რომ 2010 წელი შესაძლებელია ათვლის წერტილი გახდეს ქართულ-აფხაზურ-ოსურ და რაც მეტად მნიშვნელოვანია ქართულ-რუსულ ურთიერთობებში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის გამოხატვისას სწორედ ამა წლის ნოემბერში ერთმანეთის მიყოლებით, ჯერ ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ თავის რეზოლუციაში, შემდეგ კი ევროკავშირის სახელით ჟოზე მანუელ ბაროზომ ღიად დააფიქსირეს, რომ საქართველოს ისტორიული ტერიტორიები აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არა თუ დამოუკიდებელი რესპუბლიკები, არამედ ოკუპირებული ტერიტორიებია და რუსეთმა ისინი უპირობოდ უნდა დატოვოს. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სამართლებრივ სტატუსთან მიმართებაში ტერმინი "ოკუპაცია" პირველად აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჰილარი კლინტონმა 2010 წლის ზაფხულში საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დროს გააჟღერა.

ვითვალისწინებთ რა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე მიმდინარე მოვლენებს, ასევე რუსეთის მხრიდან ამ კუთხით საინფორმაციო ომის ახალი ტალღის აგორებას, მკითხველს გვინდა კიდევ ერთხელ მოკლე, მაგრამ მაქსიმალურად სრული ინფორმაცია მივაწოდოთ თუ რა უძღოდა 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, "ექსპერტთა კლუბი" ფართოდ აშუქებდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს, მაგრამ ვინაიდან საომარი მოქმედებები ძირითადად ცხინვალის რეგიონში მიმდინარეობდა, ჩვენც მკითხველს ძირითადად ამ რეგიონში არსებული კონფლიქტის წარმოშობის მიზეზებს, მის ესკალაციას, კონფლიქტის მოგვარების პროცესის მიმდინარეობისა და რუსეთის აგრესიული საინფორმაციო პოლიტიკის ამსახველ ფაქტებს უფრო დაწვრილებით წარმოვუდგენთ.

მკითხველს საერთო წარმოდგენა რომ ჰქონდეს თუ რაზეა საუბარი წარმოდგენილ მასალაში, დასაწყისისათვის აუცილებლად ვთვლით სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული მცირე თუ დიდი მოცულობითი ისტორიული მასალებიდან მოკლე, მაგრამ ყოვლისმომცველი ისტორიული ექსკურსი გავაკეთოთ ცხინვალის რეგიონის ისტორიაში.

I. ცხინვალის რეგიონი - მოკლე ისტორია

კონფლიქტის ზონა – ცხინვალის რეგიონი – შიდა ქართლის ნაწილია, რომლის ჩრდილო საზღვარიც მუდამ გადიოდა ბუნებრივ სასაზღვრო ხაზზე – კავკასიონის მთავარ ქედზე. შიდა ქართლი კი საქართველოს სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ ცენტრს წარმოადგენდა და წარმოადგენს. მის გარშემო ერთიანდებოდა ქვეყნის პოლიტიკურ-გეოგრაფიული ორგანიზმი. ეს მდგომარეობა კატეგორიულად გამორიცხავდა რეგიონში რაიმე სახის უცხო პოლიტიკური ერთეულის თუ ეთნიკური მასის არსებობას (ამის დასტურია იქ არსებული უძველესი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლები, მათზე მოთავსებული წარწერები და ადგილობრივი ტოპონიმები). ამავე დროს, ეს განაპირობებდა იმასაც, რომ შინა თუ გარეშე მოძალადე შიდა ქართლის ფლობას დანარჩენი საქართველოს კონტროლის პირობად აღიქვამდა და, როგორც ჩანს, დღესაც აღიქვამს.

რაც შეეხება ოსთა სამკვიდროს, წყაროებში ეს ადგილი ზუსტად არის განმარტებული: მათი ისტორიული სამშობლო კავკასიონის ქედის გადაღმა, მის ჩრდილოეთით მდებარეობდა. ყველა ისტორიული წყარო ცალსახად მიუთითებს ქართულ მიწებზე ოსური მიგრაციის დროსა და ხასიათს. ეს პერიოდი კი ძირითადად XVII-XVIII საუკუნეებით განისაზღვრება. თუმცა ისტორიული საქართველოს ტერიტორიაზე ოსური ეთნოსის პირველი დასახლება დვალეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეში (კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე) XVI საუკუნეში მოხდა. დვალეთი, რომელიც საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო, 1858 წელს, რუსეთის იმპერიული ხელისუფლების გადაწყვეტილებით, თერგის ოლქს გადაეცა.

ქართულ სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, XVII-XVIII საუკუნეებამდეც ჰქონდა ურთიერთობა ჩრდილოელ მეზობლებთან და მათ შორის ალან-ოსებთანაც. იყო დინასტიური ქორწინებები, სამხედრო ძალის დაქირავება და სხვა. ქართველი მეფეები ჯეროვნად აფასებდნენ ჩრდილოეთის გადმოსასვლელების მნიშვნელობას და მათ დაცვასაც დიდ ყურადღებას აქცევდნენ, რაც განპირობებული იყო პოლიტიკური აუცილებლობით და ქვეყნის უსაფრთხოებას ემსახურებოდა. რაც შეეხება ოსთა საკუთარი სამკვიდროდან საქართველოსაკენ ლტოლვა-მიგრაციას, იგი ორი ტიპისა იყო. პირველი ძალადობრივ ხასიათს ატარებდა და საქართველოს ძნელბედობის პერიოდებს ემთხვევა. ასეთ შემთხვევებში, პოლიტიკური სიტუაციის შეცვლასთან ერთად, ქვეყნის ხელისუფლება უცხოტომელთა მოძალეების შედეგების აღმოფხვრას ესწრაფვოდა. სანიმუშოდ გიორგი V ბრწყინვალის ეპოქის (XIV საუკუნის 20-იანი წლებიდან) გახსენებაც კმარა.

უფრო საინტერესოა მეორე სახის მიგრაცია, როცა მშობლიურ მწირ და ღატაკ სამკვიდროს გარიდებული ოსები, თავის გატანისათვის, ქართული სახელმწიფოსა და ქართველ ფეოდალთა სანქციით, ჩვენს მიწა-წყალზე სახლდებოდნენ. ასეთი მიგრაციის შედეგია ის, რომ XVII საუკუნის დასაწყისისთვის დვალეთსა და დიდი ლიახვის სათავეებში უკვე ოსები სახლობენ და, თანამედროვეთა აღწერით, დიდი სისასტიკითაც გამოირჩევიან. ასეთი თარეში მოგვიანებითაც, საქართველოში რუსეთის მფლობელობის საწყის ხანაშიც კი გრძელდებოდა.

XVIII საუკუნის ბოლოსათვის საქართველოში სულ 2130 ოსური ოჯახია აღრიცხული (დაახლოებით 15000 სული), მეცხრამეტე საუკუნის 30-იანი წლებისათვის კი ეს რიცხვი იზრდება 2700 ოჯახამდე. ეს დემოგრაფიული სურათი უცვლელია მთელი XIX საუკუნის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" ცენტრად ქცეულ ისტორიულ ქართულ ქალაქ ცხინვალში, 1886 წლის "საოჯახო სიების" მონაცემებით, არც ერთი ოსი არ სახლობდა.

ტერმინი "სამხრეთ ოსეთი" პირველად გვხვდება 1830 წელს, გაზ. "Тифлисские ведомости"-ს პუბლიკაციათა სერიაში, ამავე პერიოდის ოფიციალურ დოკუმენტაციაში კი ოსები "კავკასიის მთიანეთის სამხრეთით მდებარე ჩრდილოეთ ქართლის ოსებად" იწოდებიან. კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის აქტების თორმეტტომეულში თავმოყრილ 1864-1917 წლების ქართულ, რუსულ, თურქულ და სპარსულენოვან უამრავ დოკუმენტში ტერმინი "სამხრეთ ოსეთი" მხოლოდ ერთხელაა ნახსენები, 1852-1915 წლების ქართული პერიოდული გამოცემების ფურცლებზე კი სულ ორჯერ გვხვდება. მხოლოდ 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაიწყეს ოსმა სეპარატისტებმა შიდა ქართლის ოსებით კომპაქტურად დასახლებული ნაწილის ერთ ადმინისტრაციულ ერთეულად მოწყობისა და მიტაცებისათვის სამზადისი. ამ მხრივ მეტისმეტად აქტიურობდა რუსი ბოლშევიკების მიერ შექმნილი ე.წ. "სამხრეთ ოსეთის ეროვნული საბჭო".

ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული შეიქმნა საქართველოს გასაბჭოების წლისთავზე, 1922 წლის 7 აპრილს, როდესაც, საქართველოს ცაკისა და სახალხო კომისართა საბჭოს დეკრეტის საფუძველზე, შიდა ქართლის ჩრდილოეთი ნაწილი ცხინვალითურთ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქად გამოცხადდა. ამავე დროს, საკუთრივ რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის ფარგლებში მოქცეულ ოსებს ავტონომია მიეცათ მხოლოდ 1924 წელს. 1936 წელს კი ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური ოლქს სტატუსი აუმაღლეს და ავტონომიური რესპუბლიკა უწოდეს.

ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" ავტონომიური ოლქის შექმნა იყო ხელოვნური აქტი და ამის მთავარი მიზეზი იყო ოსების ბრძოლა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ 1918-1921 წლებში. სსრკ-ს სხვა ავტონომიური ოლქებისაგან და რსფსრ-ში შემავალი ავტონომიური რესპუბლიკებისაგან განსხვავებით, სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ოსები ქართველებთან შედარებით მნიშვნელოვანი პრივილეგიებით სარგებლობდნენ. მათ გააჩნდათ ყველა საჭირო პირობა ეროვნული კულტურისა და ეკონომიკური განვითარებისათვის: სახელმწიფო სტრუქტურებში უმეტესად ოსი ეროვნების პირები იყვნენ დაკავებული; სკოლებში ისწავლებოდა ოსური ენა და ლიტერატურა; ე.წ. "სამხრეთ ოსეთში" ფუნქციონირებდა ცხინვალის სახელმწიფო თეატრი ქართული და ოსური დასებით; ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტი ქართულ-რუსულ-ოსური სექტორებით; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილიალი, სადაც მომზადდა ოსური ლიტერატურის ისტორია, ოსური ენის განმარტებითი ლექსიკონის მრავალტომეული (რაც არ გაკეთებულა მათ ისტორიულ სამშობლოში) და სხვა. ყოველივე ამის შედეგად, საქართველოში ოსთა ეთნიკურობა უფრო შენარჩუნდა, ვიდრე ჩრდილოეთ ოსეთში, სადაც ისინი პრაქტიკულად გარუსების გზას დაადგნენ.

საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში ოსების რაოდენობა საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა და 164 ათას სულს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ მათი უმრავლესი ნაწილი, დაახლოებით 100 ათასი, ე.წ. ავტონომიური ოლქის ფარგლებს გარეთ, ძირითადად, აღმოსავლეთ საქართველოს სხვა ქალაქებსა და რაიონებში ცხოვრობდა.

გაგრძელება იქნება>>>
მასალაში გამოყენებულია ღია წყაროებიდან აღებული ინფორმაციები და საარქივო მონაცემები
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე