RSS
სიტნიკოვის საქმე. ГРУ-ს ჩავარდნის ისტორიიდან - ნაწ. I
01.12.2010 08:37
ლევან კიკნაძე
ექსპერტთა კლუბი

”ექსპერტთა კლუბის” ერთ-ერთ პუბლიკაციაში “დიალოგის გაგრძელება: მორიგი წერილი ასლან კობახიას” აფხაზ ადრესატს, რომელიც ჯიუტად იმეორებს, რომ ქართველების დამარცხებაში რუსეთის ხელი არ ურევია, შევპირდით, რომ ჩვენი ფორმატის შესაძლებლობის ფარგლებში, დავიწყებდით დოკუმენტურ ფაქტებზე დაყრდნობით იმ მასალების პუბლიკაციას, რომლებიც ააშკარავებენ 1992-1993წ.წ. ძმათამკვლელ ომში რუსეთის მონაწილეობას აფხაზების მხარეზე. ამ მხრივ საინტერესოდ მივიჩნიეთ აფხაზეთის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის (ყოფილი აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) 1993 წლის 31 მარტს ჩატარებული სპეციალური ოპერაცია, რომლის შედეგად შპიონაჟის ბრალდებით დაკავებული იქნა ГРУ-ს ოფიცერი.

1993 წლის დასაწყისში, აფხაზეთში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობის დროს, სეპარატისტების მიერ კონტროლირებად გუდაუთის რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქე “ზ”–თან სახლში მივიდა რუსეთის სასაზღვრო ჯარების ორი ოფიცერი, რომლებმაც მას გადასცეს მოკითხვა ქ.სოხუმში მცხოვრები მისი დისაგან. მასთან მოკლე საუბრის შემდეგ სამხედროები მალევე წავიდნენ. დაახლოებით ორ კვირაში “ზ”-ს სახლში ესტუმრა სეპარატისტული რეჟიმის სპეცსამსახურის წარმომადგენელი სერგეი პიგარი, რომელმაც მას შესთავაზა ქ.სოხუმში აფხაზური მხარის სასარგებლოდ მუშაობა, სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება და მათთვის გადაცემა. სერგეი პასუხს არ დალოდებია, მუქარითა და ზეწოლით დააწერინა შემდეგი შინაარსის ხელწერილი: “მე, “ზ”(გვარი, სახელი მამის სახელი), ნებაყოფლობით ვაცხადებ თანხმობას, ვითანამშრომლო აფხაზეთის დაზვერვასთან ქართული ფაშიზმის წინააღმდეგ. ვდებ ჩემთვის მინდობილი საიდუმლოების შენახვის პირობას. ფსევდონიმად ვირჩევ “ქურთ”–ს". ტექსტის ბოლოს თანამშრომლობაზე თანხმობის ნიშნად ხელიც მოაწერინა. სერგეის სტუმრობიდან მეორე დღეს, “ზ”-თან ოჯახში აფხაზებმა შეასახლეს გვარდიელი ვინმე არღუნი, რომელმაც მასთან დაჰყო ერთი თვე.

გვარდიელის ჩასახლების მიზანი “ზ”-თვის არ უცნობებიათ, მაგრამ მისი საქციელიდან გამომდინარე, აშკარად ეტყობოდა და არც მალავდა, რომ იგი ყურადღებით აკვირდებოდა “ზ”-ს შემდგომ მოქმედებებს. პირველ დღეს მოსული რუსი მესაზღვრეებიდან, ერთ-ერთი პერიოდულად მიდიოდა მასთან ოჯახში და ყოველ მისვლაზე აფრთხილებდა, რომ მომზადებულიყო ქ. სოხუმში გასაგმზავრებლად. დაახლოებით თებერვლის შუა რიცხვებში, “ზ”–ს სახლთან “КАМАЗ”- ის მარკის ავტომანქანით მოვიდა ორი მამაკაცი. ერთ-ერთმა, სამხედრო ფორმიანმა თავი ახუბად წარმოუდგინა, ხოლო მეორე ეროვნებით იყო რუსი. ახუბამ ჯიბიდან ამოიღო დაკეცილი ქაღალდი, ამოიკითხა “ზ”-ს გვარი და თქვა: “ეს შენ ჩისტოუსოვისაგან” (აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის სასაზღვრო რაზმის მეთაური), თან დაამატა, რომ სასწრაფოდ უნდა წასულიყო ეშერაში განლაგებულ აფხაზურ შტაბში, საიდანაც გადააგზავნიდნენ სოხუმში ჩისტოუსოვის განკარგულებაში. “ზ”-მ არ შეასრულა მათი მოთხოვნა, რისთვისაც საყვედურიც არავის უთქვია და კარგა ხნის განმავლობაში ვიზიტითაც არ შეუწუხებიათ. გარკვეული დროის შემდეგ მასთან კვლავ გამოცხადდა თვით სერგეი პიგარი, რომელმაც მოუტანა ინსტრუქცია და შუაზე გადახეული რუსული ხუთმანეთიანის ერთი ნაწილი.

ინსტუქციის მიხედვით, ქ.სოხუმში გადასვლის შემდეგ, ყოველ ხუთშაბათ და კვირა დღეს 11 დან 12 საათამდე “ზ” უნდა მისულიყო MBO-ს (მოსკოვის სამხედრო ოლქის სანატორიუმი) მიმდებარე მე-14 სკოლის წინ, ავტობუსის გაჩერებასთან. მარცხენა ხელში უნდა დაეკავებია დახვეული გაზეთი. იგი იქ უნდა მდგარიყო მითითებული დროის განმავლობაში. მისულ პიროვნებას მისთვის უნდა ეთქვა პაროლი: “გამარჯობა “ქურთ” და იმ შემთხვევაში თუ იგი აჩვენებდა შუაზე გადახეულ რუსულ ხუთმანეთიანის ერთ ნაწილს, შეედარებინა იგი თავის მეორე ნაწილთან და თუ დაემთხვეოდა, მხოლოდ ამის მერე შესულიყო მასთან კონტაქტში და შეესრულებინა ყველა მისი დავალება. იმ შემთხვევაში, თუ “ზ”-ს ექნებოდა რაიმე მნიშვნელოვანი სასწრაფო ინფორმაცია სხვა დღეებში, იგი უნდა გამოცხადებული “შუქურას” რაიონში განლაგებულ რუსეთის სასაზღვრო რაზმში პოლკოვნიკ საიგანოვთან (აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის სასაზღვრო რაზმის მეთაურის მოადგილე), ეთქვა, რომ პიგარისგან იყო და მისთვის გადაეცა ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ აფხაზები აიღებდნენ ქ.სოხუმს, იგი უნდა მისულიყო იმავე საიგანოვთან, რომელიც უზრუნველყოფდა მასთან ერთად მისი დის ოჯახის უსაფრთხოებას.

საუბრის ბოლოს პიგარმა გააფრთხილა “ზ”, რომ თუ იგი მას უღალატებდა, ახალ-ათონში ჩარჩენილი მისი ძმა დაიხვრიტებოდა... აქვე მან მისცა შემდეგი დავალება: “ზ”-ს უნდა გაეგო რამდენი ბატალიონი იყო დისლოცირებული ე.წ. “გრეჩკოს აგარაკის” მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენი სამხედრო მოსამსახურე ირიცხებოდა ქართულ სამხედრო ბატალიონში, რა რაოდენობის სამხედრო ტექნიკა ჰქონდა ქართულ მხარეს და სად იყვნენ ისინი განთავსებულნი, სად მდებარეობდნენ ქ.სოხუმში სამხედრო შტაბები. ს.პიგარმა დასძინა, რომ ეს იყო მისი პირველი დავალება. მეორე დღის დილის 10 საათზე რუს მესაზღვრეთა კუთვნილ “ УАЗ ”–ის ავტომანქანით, რომელშიც იმავე საგუშაგოს მეთაურიც იმყოფებოდა, “ზ” წაიყვანეს ქ.სოჭის მიმართულებით. მათ წინ მიაცილებდა ერთი ოპერატიული ავტომანქანა. ქ.ადლერში “ზ” ჩასვეს თვითფრინავში, რომლითაც ჩაფრინდა სოხუმში და დაბინავდა თავისი დის სახლში.

როგორც ცნობილია, 1993 წლის 16 მარტს განხორციელდა აფხაზი სეპარატისტებისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთობლივი ფართომასშტაბიანი შეტევა სოხუმზე, რომელიც მათთვის სრული კრახით დამთავრდა. საბრძოლო მოქმედებების დაწყების წინ ბუნებრივია დღის წესრიგში დადგა გუმისთის ფრონტის ხაზზე განლაგებულ ქართულ საჯარისო ფორმირებზე ტაქტიკური ხასიათის სადაზვერვო ინფორმაციების მოპოვება და სავარაუდოა, რომ სეპარატისტების უშიშროება და ГРУ-ს წარმომადგენლები, “ზ”-ს გამოყენებას სწორედ ხსენებული შეტევის მომზადების ფარგლებში გეგმავდნენ, მაგრამ, როგორც ეტყობა, თავი ვერ მოაბეს, ან რაღაც აერიათ. ფაქტი ის არის, რომ “ზ”-ს ჩაყვანა სოხუმში მხოლოდ შეტევის წინა დღეებში მოხდა.

აქ აუცილებელია აღინიშნოს, რომ ГРУ–ს არც ამ შემთხვევაში უღალატია ტრადიციისათვის, როდესაც დაზვერვის ამა თუ იმ ქვედანაყოფის წინაშე დასახული ამოცანის შესრულება, ხარისხი და ვადები დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დონის სამხედრო ხელმძღვანელი იძლევა დავალებას. როგორც ჩანს, გამონაკლისს არ წარმოადგენდა “ზ”-ს ქართულ საჯარისო ფორმირებებში ჩანერგვაც და მაღალი რანგის სამხედრო ხელმძღვანელისგან მიღებული სასწრაფო განკარგულების შესრულებას დადგენილი წესების უხეში დარღვევით შეუდგნენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ მიერ არ იყო სათანადოდ შესწავლილი გადმობირების კანდიდატი. არავითარი პირადი ურთიერთობა მისი შესაძლებლობების გამოვლენის მიზნით გადმობირების კანდიდატთან არ დამყარებულა, უხეშად დაირღვა გადმობირების მომზადების ურთულესი პროცესიც, რომლის არსი მდგომარეობს გადმობირების კანდიდატისგან საიდუმლო თანამშრომლობაზე თანხმობის ნებაყოფლობით მიღებაში, მიუხედავად იმისა, რა მოტივითაც არ უნდა ხორციელდებოდეს ეს გადმობირება. და ბოლოს, ერთი დღეც არ დათმობია “ზ”-ს სადაზვერვო საქმიანობის ელემენტალურ სწავლებას თუნდაც იმ სფეროში, რომელშიც მისი გამოყენება იგეგმებოდა... და რა გასაკვირია, რომ შედეგიც შესაბამისი დადგა.

მიუხედავად შანტაჟისა და მუქარისა, სოხუმში ჩასვლის შემდეგ “ზ”-მ 1993 წლის 18 მარტს განცხადებით მიმართა აფხაზეთის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურს, სადაც მას შევთავაზეთ საქართველოს წინააღმდეგ მტრულად განწყობილი ჯგუფის გამოვლენის მიზნით ეთანამშრომლა ჩვენთან და წასულიყო შეხვედრაზე დათქმულ დროს, რაზეც “ზ”-მ თანხმობა განაცხადა. სამსახურის ხელმძღვანელობის განკარგულებით შეიქმნა ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდა გამოცდილი მუშაკებით. შეხვედრამდე დარჩენილი მცირე დრო შესაბამისი ოპერატიული ღონისძიებების გატარებას და “ზ”-ს ინტენსიურ მომზადებას დაეთმო. შეხვედრის დღეს MBO–ს შიდა პერიმეტრს და მიმდებარე ტერიტორიას, ასევე “ზ”-ს გადაადგილების მარშრუტს ყურადღებით აკვირდებოდა გარე მეთვალყურეობის ფარული ოპერატიული ჯგუფი.

“ზ” ორჯერ გავიდა შეხვედრაზე, თუმცა მასთან კავშირზე არავინ გამოსულა. თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სეპარატისტული რეჟიმის სპეცსამსახური და მასთან ალიანსში მყოფი ГРУ “ზ”-ს ჩანერგვას ქართულ საჯარისო ფორმირებებში იქედანაც ჩანს, რომ აგენტთან პირველი შეხვედრა განსაკუთრებულ კონტროლზე ჰქონდათ აყვანილი. ამ ხნის განმავლობაში გარე მეთვალყურეობის ოპერატიულმა ჯგუფმა დააფიქსირა სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული სამხედრო გარეგნობის ორი შუა ხნის რუსი ეროვნების მამაკაცი, რომლებიც შეხვედრისთვის დათქმულ დროს გამოდიოდნენ MBO-ს სანატორიუმიდან, მიემართებოდნენ ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით და ერთი საათის განმავლობაში “სეირნობდნენ” ისე, რომ თვალთახედვის არეში ყოლოდათ “ზ”. ისინი ასევე ყურადღებით აკვირდებოდნენ მიმდებარე ტერიტორიას და იქ მოსიარულე ადამიანებს. ერთი შეხედვით, თითქოს მათ ქცევაში საეჭვო არაფერი იყო, მაგრამ დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა, რომ ხორციელდებოდა “ზ”-ს შემოწმება – ხომ არ “ეჯდა მას კუდზე” ვინმე. შეხვედრის ადგილიც სპეციალურად იყო შერჩეული, რათა “დამსვენებლების სეირნობას სანატორიუმთან” ეჭვი არ გამოეწვია.

28 მარტს დღის 11 საათზე “ზ” კვლავ გავიდა ავტობუსის გაჩერებაზე, სადაც ამჯერად მასთან კავშირზე გამოვიდა რუსი სამხედრო მოსამსახურე. უნდა აღინიშნოს, რომ იმავე დღეს, შეხვედრამდე, ფარული მეთვალყურეობის ოპერატიულმა ჯგუფმა MBO-ს ტერიტორიაზე დააფიქსირა შიდა პერიმეტრზე 3-4 კაციან ჯგუფებად მოძრავი, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული სპორტული აღნაგობის 15-მდე მამაკაცი, რაც მიანიშნებდა, რომ რუსი მზვერავის შესაძლო ჩავარდნის თავიდან აცილების მიზნით მობილიზებული ჰყავდათ სპეცდანიშნულების რაზმი.

პაროლის გაცვლის და რუსული ხუთმანეთიანის ნაწილების შედარების შემდეგ “ზ”-მ მიაწოდა ქართულ სპეცსამსახურთან შეთანხმებული სადაზვერვო ინფორმაცია. რუსმა ოფიცერმა მისცა ახალი დავალება და მორიგი შეხვედრა დაუნიშნა მომდევნო ოთხშაბათს ქ.სოხუმის ბაზრის ახლოს “წყალ-წვენების” სავაჭრო ჯიხურთან. იმ შემთხვევაში, თუ შეხვედრა არ შედგებოდა, იგი მეორე დღეს უნდა დალოდებოდა მას იმავე დროს, იმავე ადგილზე.

იმ დროს, როდესაც კონფლიქტის მოგვარებაში ჩართული რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ყველა დონეზე ამტკიცებდნენ, რომ მათ ეკავათ ნეიტრალური პოზიცია – სინამდვილეში არა მარტო ხელს უშლიდნენ კონფლიქტის მოგვარებას, არამედ ფარულად აიარაღებდნენ და ცოცხალი ძალით ეხმარებოდნენ სეპარატისტულ რეჟიმს, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა 16 მარტს განხორციელებულმა ფართომასშტაბიანმა შემოტევამ გუმისთის ფრონტის ხაზზე. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე რუსეთის რეალური პოზიციის და ქმედებების გამოაშკარავების მიზნით, აფხაზეთის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელობამ უარი თქვა გაეგრძელებინა ГРУ-სთან ოპერატიული თამაში და “ზ”-სთან შეთანხმებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ჯაშუშის დაკავებაზე.

1993 წლის 31 მარტს, რუს ოფიცერთან შემდგარი შეხვედრის შემდეგ, ბაზრის მიმდებარე პერიმეტრზე გადაადგილებისას, აფხაზეთის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნენ: რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ოფიცერი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე სიტნიკოვი საქართველოს მოქალაქე “ზ”-სთან ერთად. იმავე დღეს, წინასწარი გამოძიებით მოპოვებული მასალების საფუძველზე აფხაზეთის საინფორმაციო–სადაზვერვო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის მიერ აღძრული იქნა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლით (სამხედრო შინაარსის ინფორმაციის შეგროვება) და ალექსანდრე სიტნიკოვი მიცემული იქნა პასუხისგებაში შპიონაჟის ბრალდებით.

ისტორიას სიტნიკოვზე და მასზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე თანდართულ საინტერესო მასალებს ”ექსპერტთა კლუბი”ახლო მომავალში შემოგთავაზებთ. მანამდე კი უნდა აღინიშნოს, რომ 2010 წლის ნოემბერში, საქართველოში ГРУ-ს აგენტურის უპრეცედენტო, მასშტაბურმა ჩავარდნამ არა გვგონია უპასუხოდ დატოვოს კითხვები, თუ რა მიზნები ამოძრავებდა და დღესაც ამოძრავებს რეალურად კრემლს სრულიად საქართველოს მიმართ. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების მიმდინარეობის არც ერთ ეტაპზე კრემლს არ დაუკავებია ნეიტრალური პოზიცია და აქედან გამომდინარე არ ასრულებდა შუამავლის ფუნქციას, რომლის მანტიაც მოტყუებით, მზაკვრულად მოირგო და უფრო მეტიც, კონფლიქტის ზონებში მშიდობის დამყარების უმნიშვნელოვანესი ფუნქციაც ლეღვის ფოთოლივით ააფარა ГРУ-ს კონტროლს დაქვემდებარებულ ე.წ. სამშვიდობო ძალებს. ამდენად, ფასი დაკარგა და აღარავინ იჯერებს კრემლის მესვეურთა მცდელობებს მიჩქმალონ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი საკუთარი დანაშაული, მათ შორის ეთნოწმენდის შემზარავი ფაქტები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა არა მარტო საქართველოში, არამედ ჩრდილო კავკასიაშიც. ხსენებული კონფლიქტების ირგვლივ, რუსეთთან შეთანხმებული და მის მიერვე დარღვეული გაეროს უამრავი რეზოლუციების ზერელე ანალიზიც კი, თავი რომ დავანებოთ სხვა, ნაკლებად წონიან დოკუმენტებს, ნათლად მეტყველებს, რომ მოსკოვის მიმართ რაიმე ინსინუაციების შეთხზვა სრულებითაც არაა საჭირო, როდესაც ყველასათვის ისედაც ყველაფერი ნათელია.

გაგრძელება იქნება...


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე