RSS
სიტნიკოვის საქმე. ГРУ-ს ჩავარდნის ისტორიიდან - ნაწ. II
07.12.2010 12:58
ლევან კიკნაძე
ექსპერტთა კლუბი

დასასრული. იხ. დასაწყისი...

...დაკითხვაზე ა.სიტნიკოვმა სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული და აჩვენა შემდეგი: 1982-1991წ.წ. იგი სწავლობდა ქ.რიაზანის უმაღლეს სამეთაურო -სადესანტო სასწავლებელის სპეციალურ ფაკულტეტზე, რომელთა კურსანტებიც სწავლობდნენ ერთ-ერთ უცხო ენასაც. უცხო ენის სწავლების პარალელურად ასწავლიდნენ დაზვერვის წარმოების წესებს. სასწავლებლის კურსდამთავრებულები იგზავნებოდნენ (განაწილებით) საჰაერო-სადესანტო სამხედრო ნაწილებში. სწავლის დამთავრების შემდეგ იგი განაწილებული იქნა დაბა რომანცევოში (მოსკოვის ოლქი) დისლოცირებულ ს/ნ 48427–ს საჰაერო–სადესანტო ჯარების ბატალიონში. აღნიშნულ სამხედრო ნაწილში ა.სიტნიკოვი მსახურობდა თარჯიმნად. მის მოვალეობაში შედიოდა ნაწილში შემოსული უცხოური მასალებისა და ლიტერატურის გადათარგმნა.

1993 წლის 24 დეკემბერს იგი გამოიძახეს სამხედრო ნაწილის მეთაურმა ნიკოლაი ნიკოლაის ძე ვასილჩენკომ და მისმა მოადგილემ კაპიტანმა ალექსანდრე ბორისის ძე ავშაევმა, რომლებმაც აცნობეს, რომ იგი ჩართული იყო იმ ოპერატიული ჯგუფის შემადგენლობაში, რომელიც მივლინებით მიემგზავრებოდა აფხაზეთში. ხოლო თუ რითი იქნებოდა დაკავებული მივლინებაში, ინსტრუქციას ამის შესახებ მიიღებდა ადგილზე. ამის შემდეგ იგი ოპერატიულ ჯგუფთან ერთად, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: პოლკოვნიკი სამარცევი, მედიცინის პოლკოვნიკი ბაზარნი, პოლკოვნიკი ულიანოვი, პოლკოვნიკი კრავჩუკი და სხვ. – სულ 15-მდე სამხედრო პირი, გადააფრინეს აფხაზეთში. ჯგუფს მეთაურობდა გენერალ-ლეიტენანტი ჩინდაროვი.

გუდაუთაში “ბომბორის” სამხედრო აეროდრომზე მათ დახვდა აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის ჯარების ოპერატიული ჯგუფის მეთაური გენერალ-ლეიტენანტი სოროკინი. ჩამოსვლისთანავე სოროკინმა გენერალ-ლეიტენანტი ჩანდაროვი თან წაიყვანა, ხოლო სიტნიკოვი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ავტობუსით გაამგზავრეს ქ.გუდაუთაში და მოათავსეს ერთ-ერთ სანატორიუმში, სადაც აგრეთვე განთავსებული იყვნენ რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები. სანატორიუმში იმყოფებოდა 10-15 დღე. ამის შემდეგ მან ერთ-ერთი მეთაურისაგან მიიღო მითითება იმის თაობაზე, რომ პოლკოვნიკ სამარცევთან ერთად გამგზავრებულიყო ქ.სოხუმში დისლოცირებულ ერთ-ერთ რუსულ ბატალიონში. იმავე პიროვნების მიერ ჩაუტარდა ინსტრუქტაჟი, რომლის თანახმად ქ.სოხუმში მას უნდა შეეგროვებია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა ქართულ ბატალიონებში, როგორ იქცეოდნენ საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები, როგორი დამოკიდებულება გააჩნდათ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიმართ, როგორი ოპერატიული ვითარება იყო ქალაქში, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ადგილობრივ მოსახლეობას იქ მიმდინარე პროცესებისადმი და სხვ. შეგროვებული ინფორმაცია მას უნდა მოეხსენებინა სამხედრო ნაწილში არსებული რადიოკავშირის საშუალებით საძახით “მეექვსესათვის”.

იგი კავშირზე უნდა გასულიყო წინასწარ დათქმულ დროს ყოველდღიურად, დილის ცხრა და საღამოს ხუთ საათზე. განსაკუთრებული მითითებები “მეექვსისაგან” მას არ მიუღია. 23-24 მარტს, ერთ-ერთ რადიო სეანსის დროს, მან მიიღო მითითება “მეექვსესაგან” დახვედროდა უახლოეს რუსულ შვეულმფრენს და ერთ-ერთი ეკიპაჟის წევრისაგან მიეღო კონვერტი. მეორე დღეს იგი დახვდა შვეულმფრენს და მიიღო დაპირებული კონვერტი. კონვერტში იდო რუსული ხუთმანეთიანის ერთი ნაწილი და წერილი პიროვნების გარეგნული აღწერილობით, რომელსაც უნდა შეხვედროდა. წერილში პიროვნება აღწერილი იყო შემდეგნაირად: საშუალო სიმაღლის მამაკაცი 168-170 სმ; 40 წლის შეხედულობის, გამხდარი, შეხვედრისას მარცხენა ხელში ეკავებოდა დახვეული გაზეთი, ხოლო შეხვედრის ადგილად მითითებული იყო ქ. სოხუმის 14 სკოლის წინ მდებარე ავტობუსების გაჩერება, მაღაზია “სამხედრო წიგნი”–ს გვერდით. მითითებული იყო პაროლიც: გამარჯობათ ამხანაგო “ქურთ” და პასუხის შემთხვევაში მას უნდა შეედარებინა გახეული ხუთმანეთიანის ნაწილები. წერილში ასევე იყო მითითებული, რომ გაჩერება მდებარეობდა “ MBO”_ს სანატორიუმის გვერდით, შეხვედრის დღე – კვირა, 28 მარტი დღის 11 საათიდან 12-დე.

კონვერტის მიღების შესახებ ეთერში მორიგი სეანსის დროს სიტნიკოვმა მოახსენა "მეექვსეს", რომელმაც მისცა დავალება – ობიექტთან შეხვედრის შემდეგ ყოველივე მოეხსენებია მისთვის . ამის შემდეგ, კვირას, 28 მარტს, დაახლოებით 12 საათის დასაწყისში სიტნიკოვი დათქმულ ადგილზე შეხვდა დასახელებულ პიროვნებას, რომელმაც აცნობა, რომ სოფელ "აჩადარაში", "მასივში" და "გუმისთაზე" დისლოცირებულია საქართველოს სახელმწიფო ჯარების ოთხი ბატალიონი, თითოეულ ბატალიონში იყო არა ნაკლებ ხუთასი სამხედრო, იმავე რაიონებში შესაბამისად განთავსებული იყო 40, 56, და 50 БМП და БТР–ი, ასევე 20 ერთეული ტანკი. წყაროს ცნობით, სოხუმში ქართველები მას თითქოს სთავაზობენ სამხედრო სამსახურს მეორე ბატალიონში. მას ასევე აინტერესებდა თავისი ძმის ბედი, დაბა ახალ ათონში, რომელიც ჩარჩენილი იყო აფხაზების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. აგრეთვე აინტერესებდა – ხომ არ შეეძლოთ დახმარება მის გადმოყვანაში ქ.სოხუმში.

ამ ინფორმაციების მიღების შემდეგ სიტნიკოვმა მისცა მას ახალი დავალება: მოეპოვებინა უფრო ზუსტი მონაცემები ქართველების არტილერიის განლაგებაზე და სამხედრო ტექნიკის გადაადგილებაზე სოფ. აჩადარას მიდამოებში. საუბრისას წყარომ ასევე აცნობა, რომ ქ.სოხუმში დამატებით ჩამოვიდნენ სამხედრო მოსამსახურეები საქარვველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, მიუთითა მათი შტაბების დისლოკაციის ადგილები – ორი ახალ რაიონში, ერთი ახალ უნივერსამთან, მე-2 სკოლა-ინტერნატში, მე-3 მინისტრთა საბჭოს უკან. შეხვედრის ბოლოს წყაროს დაუნიშნა მორიგი შეხვედრის დრო და ადგილი. უკვე ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, ინსტრუქციის თანახმად, საღამოს 17 საათზე ა.სიტნიკოვი გავიდა ეთერში და შეხვედრის შედეგებზე მოახსენა “მეექვსეს”, რომელმაც უპასუხა: “კარგი, გააგრძელე მუშაობა”.

როგორც პირველი შეხვედრისას იყო შეთანხმებული, 1993 წლის 31 მარტს ოთხშაბათს, 12-ის დასაწყისში, სიტნიკოვი წყაროს შეხვდა დათქმულ ადგილზე და უთხრა, რომ მისი ძმა კარგადაა და არ აქვს სოხუმში გადმოსვლის სურვილი. თავის მხრივ წყარომ აცნობა, რომ ქ.სოხუმში ძირითადად იმყოფებიან ადგილობრივი, სოხუმელი მებრძოლები, ხოლო თბილისის ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები საბრძოლო პოზიციებზე მორიგეობით გადიან – მორიგეობენ ორ-ორი დღე, ხოლო შემდეგ ისვენებენ.

შემდგომ, იმის გათვალისწინებით, რომ მათ გარშემო იყო ხალხმრავლობა, საუბარი გადაიტანეს საყოფაცხოვრებო თემებზე. ამ დროს ისინი დაკავებული იქნენ სამართალდამცავი ორგანოების მიერ”.

ამონარიდი ა.სიტნიკოვის დაკითხვის ოქმიდან:

კითხვა: თქვენ ეჭვმიტანილი ხართ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 66-ე მუხლით (შპიონაჟი), რაც გამოიხატა თქვენს მიერ ჩადენილ ქმედებებში – სამხედრო შინაარსის ინფორმაციის შეგროვება, რომელიც უნდა გამოყენებულიყო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის საზიანოდ. ცნობთ თუ არა თქვენს თავს დამნაშავედ წაყენებულ ბრალდებაში?

პასუხი: დიახ, ვცნობ, რომ ჩემი ქმედებებით მე ზიანს ვაყენებდი საქართველოს თავდაცვისუნარიანობას. მაგრამ აქვე მსურს ავღნიშნო, მე როგორც სამხედრო მოსამსახურე, ჩემს ქმედებებში ვხელმძღვანელობდი რადიოსადგურიდან მიღებული ბრძანებებით და ზემდგომი მეთაურის დავალებით. კერძოდ, ვის აქვს საძახისი “მეექვსე” მე არ ვიცი.

მკითხველს კომენტარის გარეშე ვთავაზობთ სისხლის სამართლის საქმეზე თანდართულ დოკუმენტებიდან იმ დროს აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ოპერატიული ჯგუფის ხელმძღვანელის გენერალ-პოლკოვნიკ ალექსეევის 1993 წლის 1 აპრილის განცხადებას და აფხაზეთის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თავმჯდომარის გენერალ-მაიორ ი.კეშელავას 1993 წლის 1 აპრილის საპასუხო წერილს გენერალ ალექსეევისადმი.

აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის თავდაცვის
სამინისტროს ოპერატიული ჯგუფის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

საქართველოს ტელევიზიის 1993 წლის 31 მარტის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების წარმომადგენელთა მიერ ქ.სოხუმში დაკავებულ იქნა რუსეთის არმიის სამხედრო მოსამსახურე ალექსანდრე ნიკოლოზის ძე სიტნიკოვი, რომელსაც წარედგინა ბრალდება, თითქოს, საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებებისათვის , რაზეც არავითარი საფუძველი და მტკიცებულებანი არ არსებობენ. ეს ფაქტი ემსახურება პროვოკაციულ მიზნებს, რომლებიც მიმართულია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ, რომლებსაც შანტაჟისა და პროვოკაციების გარდა ისედაც შექმნილი აქვთ გაუსაძლისი საყოფაცხოვრებო და სამსახურეობრივი პირობები.

ლეიტენანტი სიტნიკოვი მივლინებული იყო ქ.სოხუმში 901-ე ცალკეულ ბატალიონში, პრაქტიკული დახმარების მიზნით იმ ამოცანების განხორციელებლად, რომლებიც არ იყო დაკავშირებული არავითარ სადაზვერვო საქმიანობასთან და სუვერენული საქართველოს შინაურ საქმეებში ჩარევასთან. მონაცემები საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ, რომლებიც ისედაც ცნობილია, არანაირ ინტერესს არ წარმოადგენენ რუსეთის ფედერაციისათვის. ლეიტენანტ სიტნიკოვს აქვს სამხედრო სპეციალობა, რომელიც არანაირ შემთხვევაში არ არის დაკავშირებული სადაზვერვო საქმიანობასთან.

საქართველოს რესპუბლიკის სპეციალური სამსახურის მიერ რუსეთის შეირაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურის უსაფუძვლო და პროვოკაციული დაკავება ფალსიფიცირებული (შეთითხნილი) მასალების საფუძველზე უკიდურეს გამოხდომად მიმაჩნია, რომელიც გამიზნულია საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობათა დესტაბილიზაციისათვის.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ოპერატიული დაჯგუფების ხელმძღვანელობა დაბეჯითებით თხოვს საქართველოს ხელისუფლებას და მისი შეიარაღებული ძალების მეთაურებს უკიდურესად ფრთხილათ მოექცნენ რუსეთის სამხედრო მოსამსახურეთა ხელშეუხებლობის სტატუსს და მათი ღირსებისადმი პატივისცემას. ქართულ მხარეზე მთლიანად გადადის პასუხისმგებლობა ყოველგვარი პროვოკაციული ქმედებებისათვის და ადამიანის ელემენტარული უფლებების დარღვევისათვის მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ქ.სოხუმში, სადაც მეფობს თავაწყვეტილობა და ყოველგვარი დამცირებანი არაქართული ეროვნების პირების მიმართ.

გ თ ა ვ ა ზ ო ბ თ:

1993 წლის 1 აპრილის 10 საათისათვის, ამ განცხადება–პროტესტის მიღებისთანავე, რუსეთის არმიის სამხედრო მოსამსახურე სრულიად ჯანმრთელი დააბრუნოთ 901–ე ცალკეულ სადესანტო ბატალიონში – წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის ჯარების მეთაურები იძულებული იქნებიან გამოიყენონ ძალა რუსეთის სამხედროების წინააღმდეგ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების აღსაკვეთად.

გენერალ-პოლკოვნიკი ა. დ. ალექსეევი.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ოპერატიულ
ჯგუფს აფხაზეთში (გუდაუთა)
გენერალ-პოლკოვნიკ ალექსეევს

ბატონო გენერალ–პოლკოვნიკო!

გუშინ, 1993 წლის 31 მარტს, საქართველოს ტელეარხით გადაიცა საინფორმაციო–სადაზვერვო სამსახურის პრესსამსახურის განცხადება ქ.სოხუმში რუსეთის არმიის ოფიცრის, ლეიტენანტ ალექსანდრე ნიკოლოზის ძე სიტნიკოვის დაკავების შესახებ.

ლეიტენანტ ა.სიტნიკოვის დაკავებასთან დაკავშირებით ტელევიზიით გადაცემული ჩვენი განმარტებების უყურადღებოდ მოსმენის გამო, იძულებული ვართ განმეორებით განვაცხადოთ, რომ ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახური მზად არის მიაწოდოს პროცესუალურ კანონმდებლობაში გარკვეულ თქვენს ნებისმიერ წარმომადგენელს ის მასალები, რომლებიც ადასტურებენ ა.სიტნიკოვის მიერ ქ.სოხუმში მის კავშირზე მყოფი აგენტისაგან სამხედრო სადაზვერვო ინფორმაციის მიღებას.

რაც შეეხება თქვენი განცხადების ტონს, ის უდავოდ არ შეესაბამება სახელმწიფოთაშორის ურთიერთობების მიღებულ საერთაშორისო ნორმებს და წარმოადგენს ძალადობრივი ზეწოლის ნათელ მაგალითს.

ბატონო გენერალ-პოლკოვნიკო, ცნობისათვის განგიმარტავთ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებიც დისლოცირებულნი არიან რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ხელშეუხებლობოს სტატუსი არ ვრცელდება.

აფხაზეთის არ საინფორმაციო სადაზვერვო სამსახურის თავმჯდომარე
გენერალ–მაიორი ი. კეშელავა

მოგვიანებით, რუსული მხარე იძულებული გახდა ეღიარებინა ა.სიტნტკოვის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები. 1993 წლის 25 აპრილს, სიტნიკოვის დაკავებიდან 25 დღის შემდეგ, იგი გაიცვალა დატყვევებულ ქართველ სამხედროებზე.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე