RSS
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი - ისტორია, კონფლიქტის მიზეზები, მოგვარების პროცესები და ოკუპაცია. (ნაწილი II)
13.12.2010 14:58
გოჩა გვარამია
ექსპერტთა კლუბი

კონფლიქტის ესკალაცია

პირველ ნაწილში შევეცადეთ მკითხველისათვის საერთო წარმოდგენა მაინც შეგვექმნა, თუ რას წარმოადგენდა ისტორიული თვალსაზრისით ცხინვალის რეგიონი და როდის შეიქმნა ე.წ. სამხრეთ ოსეთი, რომელსაც, საქართველოს ისტორიულ ნაწილს, ასე ურცხვად, ისტორიული ფაქტების დამახინჯებითა და უხეში ძალის გამოყენებით გვედავება რუსეთი. ამ ნაწილში მაქსიმალურად შევეცდებით ქრონოლოგიურად აღვადგინოთ ის პროცესები, თუ როგორ მწიფდებოდა სისხლიანი დაპირისპირება ქართველებსა და ოსებს შორის, იმ ადამიანებს შორის, რომელთა უმეტესობას ერთობლივი ოჯახები ჰქონდათ შექმნილი.

არავითარი საფუძველი არ არსებობს და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია, დღეს უკვე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში, გასული საუკუნის 80-იან წლებში საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისთვის შეიარაღებული დაპირისპირების გადაბრალება, რომელმაც ათასობით სიცოცხლე შეიწირა, ხოლო ასიათასობით ქართველი საკუთარ ქვეყანაში დევნილად აქცია, რასაც სეპარატისები, კრემლის პოლიტტექნოლოგები და რუსეთის მედიასაშუალებები დღემდე ასე დაბეჯითებით უმტკიცებენ მსოფლიოს. ეს კონფლიქტი ათეული წლების განმავლობაში გეგმაზომიერად მზადდებოდა და საბჭოთა კავშირის სუკ-ისა (სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) და ადგილობრივი კომპარტიის სეპარატისტულად განწყობილი ხელმძღვანელების წაქეზებით, მათ მიერვე ადრე მიზანმიმართულად გაღვივებული ეთნიკური დაპირისპირების ესკალაციის ფონზე სსრკ-ს დაშლის წინა პერიოდში დაიწყო. რაც განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა 1988 წლიდან, როდესაც სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში სახალხო ფრონტი – "ადამონ ნიხასი" შეიქმნა. ეს ორგანიზაცია, ისევე, როგორც აფხაზური “აიდგილარა“, როგორც "ექსპერტთა კლუბი" თავის პუბლიკაციაში „აფხაზური სეპარატიზმი სუკ-ის ლაბირინთებში იშვა - ნაწილი I», წერდა, საკავშირო სუკში შემუშავებული გეგმის მიხედვით სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში ვითომ ადგილობრივი ეროვნული ძალების მიერ ჩამოყალიბებული ორგანიზაციები იყვნენ. სინამდვილეში მათ მიზნად დაუსახეს ამ ავტონომიებში ქართულ ეროვნულ−განმანთავისუფლებელ ძალებთან დაპირისპირება და ხელის შეშლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.

სწორედ "ადამონ ნიხასი" ჩაუდგა სათავეში საპროტესტო აქციებს, რომლებიც ცხინვალის რეგიონში 1989 წლიდან დაიწყო. საბაბად გამოყენებული იქნა 1989 წლის 15 აგვისტოს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება ქართული ენის სახელმწიფო პროგრამის შესახებ. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავდა "ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის, კონსტიტუციური სტატუსის უზრუნველყოფას საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის პარტიულ, საბჭოთა, ადმინისტრაციულ, სამეცნიერო-სასწავლო, კულტურულ, სამეურნეო დაწესებულებებსა და საწარმოებში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებში".

1989 წლის 26 სექტემბერს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წინაშე სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ხელმძღვანელობის მიერ დაისვა საკითხი იმის შესახებ, რომ საქართველოს სსრ მოქმედი კონსტიტუციის 75-ე მუხლს დამატებოდა პუნქტი: "სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში სახელმწიფო ენაა ოსური ენა".

1989 წლის სექტემბრის ბოლოს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი გივი გუმბარიძე და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჭითანავა ჩავიდნენ ცხინვალში და იქ შეხვდნენ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზოგადოების წარმომადგენლებს, ადგილობრივ პარტიულ ნომენკლატურას. ეს იყო რეაქცია საქართველოს კომპარტიის სამხრეთ ოსეთის საოლქო კომიტეტისა და სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს აღმასკომის მიერ 1989 წლის 4 სექტემბერს მიღებულ დადგენილებაზე ოსური ენის განვითარების სახელმწიფო პროგრამის თაობაზე.

მიტინგების ფართო ტალღა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში აგორებას იწყებს 1989 წლის ოქტომბრიდან. ეს გახდა საბაბი იმისა, რომ ქალაქში შეიყვანეს მილიციის დამატებითი რაზმები. „ადამონ ნიხასმა» ორგანიზება გაუკეთა „ოსი მშრომელების მიმართვას» სსრკ უმაღლესი საბჭოს, სსრკ მინისტრთა საბჭოს, სკკპ ცენტრალური კომიტეტისადმი, რომელშიც „ოსმა მშრომელებმა» და „ადამონ ნიხასმა» „ერთობლივი» პოზიციით გაილაშქრეს საქართველოში დაწყებული ანტიიმპერიული განმათავისუფლებელი მოძრაობის წინააღმდეგ.

1989 წლის 10 ნოემბერი – სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მეოცე მოწვევის სახალხო დეპუტატთა საბჭოს XII საგანგებო სესიამ მიიღო გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის სტატუსის ამაღლების შესახებ და გამოაცხადა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად. სესიამ მოუწოდა საქართველოს სსრ უმაღლეს საბჭოს და სსრკ უზენაეს საბჭოს, რათა განეხილათ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისათვის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის მინიჭების საკითხი.

სესიამ აგრეთვე მიიღო გადაწყვეტილება „ოსური ენის განვითარების სახელმწიფო პროგრამის შესახებ» სამხრეთ ოსეთის მეოცე მოწვევის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს 1989 წლის 26 სექტემბრის XI სესიის გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შეცვლის შესახებ. ამიერიდან სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე სახელმწიფო ენად ცხადდებოდა ოსური ენა, ხოლო ოლქში ქართული და რუსული ენების თავისუფალი და თანასწორუფლებიანი ფუნქციონირება ხორციელდებოდა „სსრ კავშირის ენობრივი პოლიტიკის თანახმად».

1989 წლის 23 ნოემბერს 15 ათასი ქართველი მშვიდობიანი მარშით გაემართა ცხინვალისკენ მშვიდობიანი მიტინგის ჩასატარებლად. ქალაქის მისადგომებთან მათ გზა გადაუღობეს ოსმა შეიარაღებულმა პირებმა და საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარის მე-8 პოლკის შენაერთებმა. ვითარების შემდგომი გამწვავების თავიდან აცილების მიზნით, ქართული ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა უარი თქვეს ცხინვალში შესვლაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატარეს მიტინგი, რის შემდეგაც უკან დაბრუნდნენ.

1990 წლის 9 მარტს მოწვეულ იქნა საქართველოს სსრ მეთერთმეტე მოწვევის უზენაესი საბჭოს რიგგარეშე XIII სესია. რომელმაც მიიღო დადგენილება საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის გარანტიების შესახებ.

სიტუაციის ესკალაციის შემდეგი საფეხური იყო 1990 წლის ზაფხული, როდესაც მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოს უმაღლესმა საბჭომ მიიღო საარჩევნო კანონი, რომელიც რეგიონალურ პარტიებს უკრძალავდა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ოსური მხარის მიერ ეს ნაბიჯი შეფასებულ იქნა, როგორც „ადამონ ნიხასის» წინააღმდეგ მიმართული ქმედება და 1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთი გამოაცხადეს სსრკ-ს სუვერენულ სუბიექტად – ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად». მეორე დღეს საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა აღნიშნული დადგენილება გაუქმებულად გამოაცხადა.

1990 წლის 28 ნოემბერი – «სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის» სახალხო დეპუტატთა საბჭოს მე-16(2) სესიის გადაწყვეტილებით «სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკას» გადაერქვა სახელი და ეწოდა «სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკა».

იმავე წლის ოქტომბერში საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ოსებმა ბოიკოტი გამოუცხადეს და 9 დეკემბერს ჩაატარეს საკუთარი საპარლამენტო არჩევნები. ამის საპასუხოდ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 11 დეკემბერს გააუქმა ამ არჩევნების შედეგები და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. რეგიონში შემოღებულ იქნა საგანგებო მდგომარეობა.

1991 წლის 7 იანვარს გამოიცა სსრკ პრეზიდენტის, მიხეილ გორბაჩოვის ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც სამხრეთ ოსეთის სტატუსის შემცვლელი ნებისმიერი გადაწყვეტილება მხოლოდ სსრკ უმაღლესი ორგანოების მიერ მისი დადასტურების შემდეგ იღებდა იურიდიულ ძალას.

1991 წლის იანვარში ცხინვალში შეყვანილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მილიციის დამატებითი ქვედანაყოფები. სეპარატისტულმა ძალებმა მათ შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს. ასე დაიწყო საომარი მოქმედებები, რომელიც გაგრძელდა 1992წ. ივნისის ბოლომდე. სეპარატისტებს ზურგს უმაგრებდა იმპერიის სამხედრო მანქანა, რაც კიდევ უფრო ამძაფრებდა სიტუაციას.

1991 წლის 23 მარტს შედგა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიასა და რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ბორის ელცინის შეხვედრა დაბა ყაზბეგში. ერთობლივ ოქმის თანახმად, „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისათვის ერთობლივი მოქმედების შეთანხმების შედეგად მხარეებმა დათქვეს შემდეგი:

„...რუსეთის სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო 10 აპრილამდე შექმნიან მილიციის ერთობლივ რაზმს, რომელიც განაიარაღებს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ყველა უკანონო ფორმირებას».

ამ დოკუმენტით, რსფსრ ხელისუფლებამ ფაქტობრივად აღიარა საქართველოს ხელისუფლების მიერ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება.

საომარი მოქმედებები დასრულდა 1992 წლის 24 ივნისის დაგომისის შეთანხმებით „ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების პრინციპების შესახებ», რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოსა და რუსეთის ლიდერებმა ე.შევარდნაძემ და ბ. ელცინმა. დაგომისის შეთანხმებით გადაწყდა:

• ცეცხლის შეწყვეტა კონფლიქტის ზონაში და შეიარაღებული ფორმირებების დაშორიშორება;

• შეიქმნა შერეული საკონტროლო კომისია (შსკ) კონფლიქტში ჩართული მხარეების მონაწილეობით, (შსკ ჯერ სამმხრივი იყო საქართველოს, რუსეთის, ჩრდილოეთ ოსეთის მონაწილეობით, შემდეგ კი 1994 წ-დან ოთხმხრივი ორგანოა „სამხრეთ ოსეთის» დამატებით, და ეუთოს პატრონაჟით). რომლის ამოცანაც იყო ცეცხლის შეწყვეტის და შეიარაღებული ფორმირებების გაყვანის და დაშლის, კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების რეჟიმის შენარჩუნების კონტროლი;

• შსკ-ს წინაშე დასმული ამოცანების შესასრულებლად შეიქმნა შერეული სამშვიდობო ძალები (შსძ) (1992 წელსვე მიღებული შსკ-ს ოქმების მიხედვით განისაზღვრა რომ შსძ იყო სამმხრივი და შედგებოდა რუსული, ქართული და ჩრდილოოსური ბატალიონებისგან, თითოეულისაგან 500 კაცის შემადგენლობით).

1992 წლის 4 ივლისს შედგა მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრა, რომელზეც ხელი მოეწერა პროტოკოლს ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების მიზნით მიღებული შეთანხმებების შესრულების შესახებ.

კონფლიქტის დაწყებამდე (1989 წლის აღწერის მონაცემებით) საქართველოში ცხოვრობდა 164 100 ოსი ეროვნების მოქალაქე, რაც ქვეყნის მთელი მოსახლეობის (5,4 მლნ) 3%-ს შეადგენდა. სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ცხოვრობდა დაახლოებით 65 000 ოსი ეროვნების ადამიანი. საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ოსი მოსახლეობის რაოდენობა 98 900-ს აღწევდა.

გაგრძელება იქნება>>>
მასალაში გამოყენებულია ოფიციალური დოკუმენტები და ღია წყაროებიდან აღებული ინფორმაციები


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე