RSS
რუსეთის დამოკიდებულება საქართველოს დამოუკიდებლობისადმი (1918-1921 წლები)- ნაწილი VII
14.12.2010 15:14
ვასილ კვირიკაშვილი

(გაგრძელება, იხ. დასაწყისი)

...ხელშეკრულებისადმი ნეგატიური დამოკიდებულება მხოლოდ სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოავლინეს. მხედველობაში გვაქვს ამ ორი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარის გ.ჩიჩერინისადმი გაგზავნილი რადიო-ტელეგრამა. ამ დოკუმენტების მიხედვით: 1) სომხეთი, თბილისის გუბერნიის შემადგენელი, –ბორჩალოსა და ახალქალაქის მაზრების საქართველოსადმი გადაცემის წინააღმდეგი გამოდიოდა. იმავდროულად ბათუმის ოლქში ჭოროხის რაიონით დაკმაყოფილებას მოითხოვდა; 2) რაც შეეხება აზერბაიჯანს, იგი ზაქათალას ოკრუგის საქართველოს საზღვრებში შეტანას აპროტესტებდა. ამ შემთხვევაში, რუსეთის ხელისუფლებამ მხოლოდ გასაბჭოებული აზერბაიჯანის პრეტენზიების განხილვა მიიჩნია მიზანშეწონილად.

სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება 1920 წლის 12 მაისს ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც რუსეთ-საქართველოს 7 მაისის ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმებით არის ცნობილი.

ძირითადი ხელშეკრულების IV მუხლსა და დამატების პირველ პარაგრაფს შორის განსხვავება შემდეგში მდგომარეობს: 1) ხელშეკრულების IV მუხლი ზაქათალას ოკრუგს, საზღვრების ყოველგვარი შესწორების გარეშე აცხადებდა საქართველოს შემადგენელ ნაწილად; 2) ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმების მიხედვით, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე და ზაქათალას ოკრუგში მდებარე სადაო ადგილების კუთვნილების გადაწყვეტის საკითხი ორმხრივი შერეული კომისიის კომპენტენციად იყო მიჩნეული.

ამასთან დაკავშირებით, დოკუმენტში ვკითხულობთ: «დავა ადგილების შესახებ, რომელიც მდებარეობს საქართველოს და აზერბაიჯანის საზღვარზე და ზაქათალას ოკ-რუგში, გადასაწყვეტად გადაეცემა შერეულ კომისიას, რომლის თავმჯდომარე იქნება რუსეთის ფედერაციის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის წარმომადგენელი». ამ დოკუმენტში გარკვევითაა მითითებული, რომ საკითხი ეხება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე და ზაქათალას ოკრუგში არსებული ზოგიერთი სადაო ადგილის, ე.ი. პუნქტის (თუკი ასეთი იქნებოდა) კომისიისადმი განსახილველად გადაცემას. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულების დამატებითი ნაწილი, ძირითადი ხელშეკრულების IV მუხლს არ არღვევდა, რადგან ზაქათალას ოკრუგის კუთვნილებას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებდა. ამ შემთხვევაში, საქმე ეხება ზაქათალას ოკრუგში სადაო ადგილის, – პუნქტის საზღვრის მოსალოდნელ «კოსმეტიკურ» ცვლილებას და არა აზერბაიჯანისადმი უშუალოდ ოკრუგის გადაცემას, როგორც ეს ზოგიერთ ისტორიკოსს მიაჩნია.

რაც შეეხება საბჭოთა რუსეთის წარმომადგენელს, რა დონის ტენდენციურობითაც არ უნდა ყოფილიყო იგი გამორჩეული, დამატებითი ხელშეკრულების აღნიშნული პარაგრაფიდან გამომდინარე, მას აზერბაიჯანისადმი არა ზაქათალას ოკრუგის, არამედ, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე და თვით ზაქათალას ოკრუგში მდებარე მხოლოდ სადაოდ ქცეული ზოგიერთი ადგილის გადაცემა შეეძლო.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ზემოაღნიშნული სამშვიდობო ხელშეკრულების დადების მიუხედავად, საბჭოთა რუსეთი, აზერბაიჯანის მიმართულებიდან, საქართველოს წინააღმდეგ 2 მაისს დაწყებულ სამხედრო ოპერაციებს კვლავაც აგრძელებდა. იმ პერიოდის პრესა ამ კონფლიქტს, საქართველო-აზერბაიჯანს შორის საომარი ურთიერთობის სახელით განიხილავდა. თუ რით იყო განპირობებული ნამდვილი აგრესორის შენიღბვა, ამის შესახებ ამომწურავ პასუხს ნ.ჟორდანიას მოგონებები იძლევა. «თბილისში, – წერს იგი – დიდი პანიკა იყო. ამბობდნენ რუსი მოდის და ვინ გაუძლებსო! რამდენადაც მთავარი მეომარი ელემენტი იყო გვარდია, როგორც გადაჭრით ანტიბოლშევიკური, გადავწყვიტეთ მორალი მისი გაგვემაგრებია ხმის გავრცელებით, მოდის არა რუსის არამედ აზერბაიჯანელთა ჯარი... ხერხმა გასჭრა, გვარდიელები ყალყზე დადგნენ – როგორ გვიბედავენ ეს «ჩაჩნები» ომსო».

როგორც ცნობილია, მოწინააღმდეგის დამარცხებისა და პირვანდელი სასაზღვრო პოზიციების აღდგენისთანავე, ქართული ჯარის ნაწილებმა საქართველოს ხელისუფლების მითითებით 16 მაისს შეტევითი ოპერაციები შეწყვიტეს. ამ ფაქტს გაზეთი «ერთობა» შემდეგნაირად ხსნიდა: «საქართველოს მთავრობამ ამით აცნობა მთელ ქვეყანას, რომ საქართველო არ აწარმოებს დაპყრობით ომს, არამედ იცავს თავის საზღვრებს». დამარცხებული მოწინააღმდეგის გაუნადგურებლობის აღნიშნული მო-ტივი, მიღებული გადაწყვეტილების გამართლების მხოლოდ ერთ არგუმენტს წარმოადგენდა. ფაქტობრივად კი, იგი დაუსაბუთებელი რჩებოდა. ამ გარემოებამ, ბევრ პოლიტიკურ და სამხედრო მოღვაწეს, საქართველოს შეიარაღებული ძალებით იმ ეტაპზე ბოლშევიკებისაგან ამიერკავკაიის «განთავისუფლების» მისიის შესაძლებლობის მტკიცების საშუალება მისცა. «ეს იყო ერთადერთი უაღრესად ხელსაყრელი შემთხვევა – წერდა გ.კვინიტაძე – აზერბაიჯანისა და სომხეთის გასანთავისუფლებლად ბოლშევიკი დამპყრობლებისაგან. ჩვენ შეგვეძლო ბოლშევიკებისაგან მთელი კავკსიის გაწმენდა და იქნებ დაღესტნისაც.ეს იყო 1920 წელი, როდესაც პოლონეთი ომს აწარმოებდა რუსეთთან და გენერალი ვრანგელი დაძრული იყო ყირიმიდან».

ერთი შეხედვით, ეს გეგმა რეალური ჩანს, მაგრამ თუკი ყველა ასპექტის გათვალისწინებით განვიხილავთ, მისი განხორციელება საქართველოს კატასტროფას დააჩქარებდა. და როცა გ.კვინიტაძე სომხეთის განთავისუფლებაზე ლაპარაკობს, იგი ჯერ კიდევ დამოუკიდებელ სახელმწიფოს წარმოადგენდა...


გაგრძელება იქნება

სტატია დაწერილია შოთა ვადაჭკორიას
ნაშრომის მიხედვით – "დამოუკიდებელი საქართველო და რუსეთის აგრესიული პოლიტიკა 1918-1921 წლებში"
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე