RSS
თანამედროვე აფხაზეთის მატერიალური კულტურის ძეგლები (ნაწ. V)
16.12.2010 17:53
ლია ახალაძე

ოჩამჩირის რაიონი. ბედიის ტაძრის წარწერები

ბედიის სამონასტრო კომპლექსიდან  სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია მრავალრიცხოვანი ქართული წარწერები. კლასიფიკაციის მიხედვით ისინი შეიძლება სამ ძირითად ჯგუფად დავყოთ: ლაპიდარული, ფრესკული და ჭედური წარწერები.

I. ლაპიდარული წარწერები: 1. სვიმეონ გალატოზთუხუცესის წარწერა, 2. ნიკოლოზ კათალიკოსისა და სოფრონ ბედიელის წარწერა, 3. კონსტანტინე მეფეთა მეფის წარწერა, 4. ანტონ ბედიელის წარწერა.

II. ფრესკული წარწერები: 5. წარწერის ფრაგმენტი ბაგრატ მეფის ფრესკაზე, 6. წარწერის ფრაგმენტები დიდებულთა ოჯახის ფრესკულ გამოსახულებასთან, 7. «დეოფალთ დეოფალი» მარიხისა და გიორგი დადიანის წარწერა, 8. მრავალრიცხოვანი განმარტებითი წარწერები წმინდანთა გამოსახულებებთან.

III. ჭედური წარწერები: 9. ბაგრატ აფხაზთა მეფისა და გურანდუხტ დედოფლის წარწერა, 10. წმინდანთა გამოსახულებების განმარტებითი წარწერები ბარძიმზე, 11. გერმენე ჩხეტიძის წარწერა ბედიის ბარძიმის სადგარზე.

სვიმეონ გალატოზთუხუცესის წარწერა (888-999 წწ)

ბედიის ღმრთისმშობლის ტაძრის წარწერებს შორის უძველესად ითვლება ასომთავრული წარწერა, რომელიც ტაძრის დასავლეთ კედლის ერთ-ერთ ქვაზე ყოფილა მოთავსებული. ეს წარწერა ამჟამად დაკარგულია და სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია სYმეონ(სვიმეონ) გალატოზთუხუცესის წარწერის სახელით. მისი არსებობის შესახებ ცნობა დაცულია მარი ბროსეს მერვე ღაპპორტ-ში.

ბროსეს პუბლიკაციის მიხედვით, წარწერა ოთხსტრიქონიანი ყოფილა და გვაუწყებდა სYმეონ(სვიმეონ) გალატოზთუხუცესის მიერ ბედიის ტაძრის მშენებლობის ამბავს.
«წმიდაო ღმრთისმშობელო, მეოხ ექმენ წმიდისა ამის საყდრისა მაშენებელს, გალატოზთაუხუცესსსY სვიმეონსა».
წარწერაში დასახელებულია გაერთიანებული საქართველოს სამეფო კარის ხუროთმოძღვარი სვიმეონი, რომელიც გალატოზთუხუცესის სახელს ფლობდა. წარწერა დათარიღებულია ბედიის ტაძრის მშენებლობის პერიოდით 888-999 წწ.


ნიკოლოზ კათალიკოსისა და სოფრონ ბედიელის წარწერა (XIII-XIV სს მიჯნა)

ბედიის სამონასტრო კომპლექსში შემავალი სამრეკლოს აღმოსავლეთის შესასვლელის თავზე მოთავსებული ყოფილა ფილა ქართული ასომთავრული წარწერით, რომელიც პირველად წაიკითხა და გამოსცა მარი ბროსემ. წარწერა მოგვითხრობს
«ქ. ღმერთო, შეიწყალე სული ამისა მაშენებლისა ნიკოლოზ კათალიკოზისა და სოფრონ ბედიელისა _ გონგლიბაის ძეთასა; შეიწყალენ ღმერთმან!»
წარწერაში დასახელებული ისტორიული პირები ცნობილია სხვა წყაროებითაც. ნიკოლოზ კათალიკოსი და სოფრონ ბედიელი ერთ ფეოდალურ სახლს - გონგლიბაისძეთა ფეოდალურ გვარს ეკუთვნოდნენ. წარწერა დათარიღებულია მათი მოღვაწეობის პერიოდით - XIII-XIV სს.

კონსტანტინე მეფეთა მეფის წარწერა (1293-1327 წწ)

ბედიის ტაძრის სამრეკლოს დასავლეთ კედელში ჩასმულ ქვის ფილაზე ამოკვეთილია სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა, რომელიც თვითმხილველთა ცნობით დღესაც ადგილზეა და იკითხება. მისი პირველი პუბლიკაცია და დათარიღება ეკუთვნის მ. ბროსეს.
«წ: ადიდენ ღ(მერთმა)ნ მეფეთა მეფე კოსტანტ(ი)ნე, ძე/ დავითისი, ა(მე)ნ».

კონსტანტინე დავითის ძე არის საქართველოს მეფის (1259 წლიდან ლიხთიმერეთის) დავით რუსუდანის ძის, ანუ დავით ნარინის (1247-1293 წწ). ამის მიხედვით წარწერა 1293-1327 წლებით თარიღდება.
კონსტანტინე მეფემ, როგორც ჩანს, მსხვილი საამშენებლო-სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა ბედიის ტაძარში. ბედიის ტაძრის ხელახალი მშენებლობა, თუ საფუძვლიანი რეკონსტრუქცია XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე უნდა მომხდარიყო, რასაც ადასტურებს XX საუკუნის 60-იანი წლების არქეოლოგიური გათხრები. აღნიშნული მშენებლობა კონსტანტინე მეფის ინიციატივით მოხდა. ბედიის სამრეკლოზე მოთავსებული ნიკოლოზ კათალიკოსისა და სოფრონ ბედიელის წარწერის ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი ანალიზი მოწმობს, რომ ისინი XIII-XIV საუკუნეთა მიჯნაზე, ე.ი. კონსტანტინე მეფის ზეობის ხანაში მოღვაწეობდნენ. როგორც ჩანს, ბედიის ტაძრის ხელახალი მშენებლობა-რესტავრაცია სწორედ მათი: კონსტანტინე მეფის, ნიკოლოზ კათალიკოსისა და სოფრონ ბედიელის სახელებთან არის დაკავშირებული.

 


ანტონ ბედიელის წარწერა (XVI ს)

ბედიის მონასტრის საეპისკოპოსო პალატის აღმოსავლეთის მარჯვენა შესასვლელის ტიმპანზე, მოწითალო ფერის ქვის ფილაზე ამოკვეთილია სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა
წარწერის ასომთავრული ტექსტი პირველად გამოსცა მარი ბროსემ, მანვე შემოგვინახა წარწერის გრაფიკული გადმონახაზიც; მარი ბროსეს დროს წარწერა შემდეგი სახით იკითხებოდა:
«ქ აღმაშენებელი პალატისა ამის ე ბედიელ მიტრაპოლიტი ანტონი ჟუანისძე, შეუნდვნეს ღმერთმან; ამენ».
წარწერის ტექსტში მოხსენიებული ისტორიული პირი ანტონ ჟუანისძე შუა საუკუნეების საქართველოს ეკლესიის მნიშვნელოვანი მოღვაწეა. მისი საეკლესიო და საზოგადოებრივი საქმიანობა ცნობილია სხვადასხვა სახის საისტორიო წყაროებით. ანტონ ბედიელის თაოსნობით აშენდა ბედიის საეპისკოპოსო პალატა, სადაც ინახებოდა ბედიის ცნობილი წიგნთსაცავი და ტაძრის საჭურჭლე. წიგნთსაცავში ანტონის მითითებითა და ზედამხედველობით მიმდინარეობდა ქართულ ხელნაწერთა განახლება-რესტავრაცია, იქმნებოდა ახალი, ორიგინალური თხზულებები, ითარგმნებოდა ბერძნულიდან ქართულზე და ა. შ.
ანტონ ბედიელის წარწერა დათარიღებულია XVI ს. 40-50-იანი წწ.


წარწერის ფრაგმენტი ბაგრატ მეფის ფრესკაზე (X ს)
ბედიის ტაძრის ფრესკულ მოხატულობას ხელოვნებათმცოდნეები სამ პერიოდად ჰყოფენ. I. X-XI საუკუნეები; II. XIII-XIV საუკუნეები; და III. XVI-XVII საუკუნეები. მათ შორის უძველესად ითვლება სამხრეთის კედელზე ბაგრატ III-ის ფრესკა, რომელზეც მეფე, მდიდრული სამეფო სამოსითა და გვირგვინით, მთელი ტანით იყო გამოსახული ტაძრის მოდელთან ერთად. ფრესკას ახლავს გამოსახულების განმარტებითი წარწერა ქარაგმის გარეშე: «ბაგრატ». ბაგრატის ფრესკაც და წარწერაც ცნობილმა ხელოვნებათმცოდნე რ. შმერლინგმა X-XI ს.ს. დაათარიღა.
XI საუკუნის ქართველი მემატიანის ცნობით, ბედიის ტაძარი აგებულია გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III (978-1014 წწ) ბაგრატიონის მიერ, რასაც ასევე ადასტურებს ბაგრატ III-ის მიერ ბედიის ტაძრისადმი შეწირული ოქროს ბარძიმი (სურათი 19) და მასზე გაკეთებული წარწერა: «წმიდაო ღმრთისმშობელო, მეოხ ეყავ წინაშე ძისა შენისა ბაგრატ აფხაზთა მეფესა და დედასა მათსა გურანდუხტ დედოფალსა – ამის ბარძიმისა შემწირველთა, ამის საკურთხევლისა შემამკობელთა და ამის წმიდისა საყდრისა აღმშენებელთა, ამენ.»
«მატიანე ქართლისაის» უცნობი ავტორის მიხედვით ბაგრატ მესამე ბედიის ტაძარში არის დასაფლავებული.

წარწერის ფრაგმენტები დიდებულთა ოჯახის ფრესკულ გამოსახულებასთან

ტაძრის ერთ-ერთ ფრესკაზე გამოსახულია ქართველ დიდებულთა მთელი ოჯახი. მდიდრულ სამოსში გამოწყობილი ქალისა და მამაკაცის ფიგურების წინ დგას ორი ახალგაზრდა ყმაწვილი; ასომთავრული წარწერების ფრაგმენტები შემორჩენილია ქალის ფიგურასთან და ერთ-ერთი ყმაწვილის გამოსახულებასთან. ქალის ფიგურის მარჯვენა მხარეს ზემოდან ქვემოთ ასომთავრულით იკითხება შემდეგი გრაფემები «როდაბ».
ყმაწვილის გამოსახულებასთან შემორჩენილი წარწერის ფრაგმენტში იკითხება: «......ძე კახაბერი».
ფრესკაც და წარწერაც დათარიღებულია XIV საუკუნის შუახანებით. ფრესკაზე გამოსახული დიდებულთა ოჯახი ბედიის ტაძრის ქტიტორები იყვნენ და სავარაუდოდ, ისინი დადიანთა ფეოდალურ სახლს ეკუთვნოდნენ.


«დეოფალთ დეოფალი» მარიხისა და გიორგი დადიანის წარწერა (XIV_XV სს მიჯნა)

ბედიის ტაძრის ერთ-ერთი კედელის ფრესკაზე, ქტიტორულ გამოსახულებათა შორის შემორჩენილია ასომთავრული წარწერა «დეოფალ» მარიხისა და გიორგი დადიანის მოხსენიებით. წარწერის პირველი პუბლიკაცია ფრანგული თარგმანით ეკუთვნის მარი ბროსეს. «დეოფალთ დეოფალი მარიხ, ძე მათი ერისთავთ ერისთავი და მადატურუთუხუცესი დადიანი გიორგი».
ფრესკულ წარწერაში დასახელებულია ტაძრის ქტიტორები ისტორიული პირები «დეოფალთ დეოფალი» მარიხი და ერისთავთ ერისთავი და მანდატურთუხუცესი გიორგი დადიანი არიან ვამეყ I-ის (1384-1396) მეუღლე მარიხი და მისი უფროსი ვაჟი- ერისთავთ ერისთავი და მანდატურთუხუცესი გიორგი დადიანი, რომელთა ინიციატივითა და დაკვეთით ბედიის ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა XIV_XV საუკუნების მიჯნაზე.

მრავალრიცხოვანი განმარტებითი წარწერები წმინდანთა გამოსახულებებთან

როგორც ზემოთ აღინიშნა ხელოვნებათმცოდნეებმა ბედიის ფრესკული გამოსახულებანი ქრონოლოგიურად სამ ეტაპად დაჰყვეს. ტაძრის ყოველი ახალი რესტავრაციის დროს ხდებოდა ცალკეული ფრესკების განახლება, ქტიტორთა და წმინდანთა ახალი მოხატულობების დამატება. ტაძრის წმინდანთა ფრესკული მოხატულობიდან განმარტებითი ქართული ასომთავრული წარწერები გვხვდება წმ. კონსტანტინეს, წმ. ელენეს, წმ. ბასილის, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის, წმ. სტეფანეს, წმ. ზაქარიას, წმ. ნიკოლოზის ფრესკულ გამოსახულებებს.
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე