RSS
აფხაზეთი დღეს - ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის
22.12.2010 16:58
გოჩა გვარამია
ექსპერტთა კლუბი

აფხაზეთში ყველაზე აქტუალურ თემად დღემდე საკუთრების საკითხი რჩება. საქმე იქამდე მივიდა, რომ რუსეთისათვის საკუთრების გადაცემის საკითხის განხილვისათვის "დამოუკიდებელი აფხაზეთის" ე.წ. სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პარტიების წამომადგენლების მონაწილეობით მრგვალი მაგიდის გამართვა გახდა საჭირო.

როგორც გამართულმა შეხვედრამ აჩვენა, დღევანდელ მარიონეტულ ხელისუფლებას ძირითადად ყველა ბრალს "ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ" გატარებულ პოლიტიკაში სდებენ და მიუთითებენ, რომ დამოუკიდებლობის აღიარების საფასურად ყველაფერი, რაზეც რუსეთი თითით მიუთითებს, არ უნდა იქნეს მასზე გადაცემული .

საინტერესო ამ დისკუსიებში ის გარემოება აღმოჩნდა, რომ ბაღაფშის რეჟიმის წარმომადგენელმა, პარტია "ედინნაია აბხაზიას" თავმჯდომარემ დაურ ტარბამ თავდაცვის მიზნით, თითი არძინბასკენ გაიშვირა - ყველა ეს ობიექტი, წინა ხელისუფლების მიერ უკვე იქნა გადაცემული რუსეთისათვის უვადო სარგებლობაში და დღევანდელ გადაწყვეტილებაში ახალი არაფერიაო, აცხადებს იგი. მისი სიტყვებით 1995 წლის 14 სექტემბერს აფხაზურ მხარესა და რუსეთს შორის ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკები 8, 9 და 10 ობიექტები რუსეთის მხარეს გადაეცა სარგებლობაში. მისივე სიტყვებით, "გაგრაში არსებული სახელმწიფო აგარაკი 30 ჰექტარი მიწის ფართობით 2003 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით გაიყიდა 25 მილიონ რუბლად და მის მფლობელს დახურული სააქციო საზოგადოება "ინვესტ-პლუსი" წარმოადგენს. რაც შეეხება ბიჭვინთის ობიექტს, ხელშეკრულების მოწერის ორი წლის შემდეგ 16 დეკემბერს ხელი მოეწერა მიღება-ჩაბარების აქტს მისი უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ". აქედან გამომდინარე ტარბა გაკვირვებას გამოთქვამს - "ამ ობიექტებთან დაკავშირებით რაში ვდებთ ბრალს დღევანდელ ხელისუფლებას?".

აღნიშნული გარემოების მართებულობის დადასტურება მოუწია ბაღაფშის რეჟიმისადმი ყველაზე კრიტიკულად განწყობილი ოპოზიციური ფრთის წარმომადგენელს, არძინბას კლანის წევრს რაულ ხაჯიმბას. უფრო მეტიც, ბიჭვინთის ობიექტებთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ ეს ობიექტები, გარდა იმისა რომ უსასყიდლოდ არიან გადაცემული სარგებლობაში, ამავე დროს ამ სარგებლობის ვადა უსასრულობის ტოლია.

დავები ამ საკითხთან დაკავშირებით დიდ ხანს მიმდინარეობდა და პრაქტიკულად ორი პოზიცია დაფიქსირდა, მაგრამ ეს იმდენად მნიშვნელოვანი ჩვენთვის არ არის - ყველასთვის ცნობილია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება რეალურად მაინც კრემლში მიიღება, ხოლო "დამოუკიდებელი აფხაზეთი" ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ ქაღალდზე გააფორმებს.

ინტერესს იწვევს სულ სხვა ტენდენცია. ბოლო პერიოდში აფხაზეთში მწვავე საკითხების განხილვა ერთგვარი სახით 90-იანი წლების მოვლენებთან მიმართებაში "აფხაზეთის ჯარის უძლეველობის" მითის გაქარწყლებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ რუსეთის უშუალო მონაწილეობასთან დაკავშირებით ქართული პოზიციის გამყარებას უწყობს ხელს.

ცხადია, რომ რუსეთი, სეპარატისტული რეგიონების აღიარებით მიღებული ეკონომიკური და პოლიტიკური ზარალის სანაცვლოდ, ამ რეგიონებისაგან კომპენსაციას ითხოვს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთს აფხაზეთში უძრავი ქონება ჯერ კიდევ არძინბას სეპარატისტულმა რეჟიმმა გადასცა. მაგრამ, ვინაიდან ჯერ კიდევ არაღიარებული, თუმცა დამოუკიდებლად მოქმედი სეპარატისტული ხელისუფლების კანონმდებლობით, აფხაზეთში უძრავი ქონების მეპატრონე არ შეიძლება ყოფილიყო სხვა რომელიმე ქვეყნის მოქალაქე, უძრავ ქონებას ან იჯარით გადაცემდნენ ან კიდევ გარიგებებს ცრუმეპატრონე "აფხაზეთის მოქალაქეზე" აფორმებდნენ. თანაც ეს მეპატრონე აუცილებლად მმართველ კლანთან დაახლოებული ეთნიკური აფხაზი უნდა ყოფილიყო. ანუ პრაქტიკულად აფხაზეთი საომარი მოქმედებების დამთავრების შემდეგ ეტაპობრივად უკვე გაყიდული, ან გაჩუქებული იყო. ეტყობა ეს იმის საფასური იყო, რაც სეპარატისტებმა ამ კონფლიქტში რუსეთისაგან დახმარება შეიარაღებისა და ცოცხალი ძალის სახით მიიღეს. საინტერესოა, რომ ამ მადლიერების გამოხატვა ღიად პირველებს აფხაზებს არ დაუწყიათ. 2005 წლის 30 სექტემბერს, როდესაც სეპარატისტული რეჟიმი "ქართველ ოკუპანტებზე" გამარჯვებას, სინამდვილეში კი ქართველების მიმართ განხორციელებულ ეთნოწმენდას და ასიათასობით აფხაზეთის მაცხოვრებლის უსახლკაროდ დარჩენას ზარ-ზეიმით აღნიშნავდა, იმ პერიოდში კრემლიდან აფხაზეთის კურატორი სერგეი ბაბურინი იყო ჩასული, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ არ აღიარებული აფხაზეთის რეჟიმის ხელმძღვანელმა ბაღაფშმა ე.წ. "ღირსებისა და დიდების" მე-2 ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. (ცნობისათვის - აღნიშნული ორდენის მე-3 ხარისხით ბაბურინი, ზატულინთან, კონდრატენკოსთან და სეპარატიზმის სხვა მხარდამჭერებთან ერთად არძინბამ ჯერ კიდევ 2003 წელს დააჯილდოვა). იმავე დღეს დაღუპულ მეომართა მემორიალთან გამართულ ღონისძიებაზე ბაბურინმა მადლიერება გამოხატა ასეთი ყურადღებისათვის და ეს ჟესტი რუსეთის მიერ გაწეული დახმარების დაფასებად შეაფასა. თუმცა ღიად მადლიერება მთის ხალხთა კონგრესის დამაარსებელმა მუსა შანიბოვმა გააკეთა. მადლობა გადაუხადა რუსეთის ხელისუფლებას იმ გაწეული დახმარებისათვის, რომელსაც იგი "ქართველი ოკუპანტების" წინააღმდეგ ბრძოლაში აფხაზ ხალხს უკეთებდა - "...Россия давала нам оружие, давала нам перевалы, давала нам воздух, давала нам море, помогала с переброской живой силы, открыла нам свои границы...". ეს ის მუსა შანიბოვია, რომელმაც აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების პირველსავე დღეებში საქართველო უბედურების ზონად გამოაცხადა და ყველას საქართველოს მსხვილ ქალაქებში ტერორისტული აქტების განხორციელებისაკენ მოუწოდა.

მაგრამ მუსა შანიბოვი აფხაზი არ არის.

არც ოკუპირებულ აფხაზეთში მოღვაწე რუსეთის ცრუ ელჩი გრიგორიევია აფხაზი, რომელიც 2010 წლის 1 დეკემბერს ახრა სმირის პუბლიკაციის საპასუხოდ გაკეთებულ განცხადებაში ხაზს უსვამს რუსეთის როლს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ წამოებულ ომში. ასწავლის რა სმირს რუსეთთან მიმართებაში ტერმინების შერჩევას: "...Наверное, ему невдомек, что оскорбление нанесено всему российскому народу, сотни представителей которого отдали свои жизни за свободу Абхазии...". აქ გრიგორიევს ნამდვილად მხოლოდ ეთნიკური რუსები ჰყავს მხედველობაში და საინტერესოა რომელ ქვეყნებს მიაკუთვნებს იგი ჩრდილოკავკასიელ მოხალისე-დაქირავებულ ბოევიკებს, როლებიც ასევე ასობით დაიღუპნენ "აფხაზეთის დამოუკიდებლობისათვის"?!

არც აფხაზური და ოსური სეპარატიზმის ქომაგი, ყველასათვის კარგად ცნობილი კონსტანტინე ზატულინია აფხაზი, რომელმაც აფხაზი ხალხისთვის გამოჩენილი "მზრუნველობისათვის", განსაკუთრებით ისტორიის შეცვლის მცდელობისათვის, არც მეტი არც ნაკლები გაგრაში მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ გადაცემაზე განაცხადა პრეტენზია. ამაზე კი რა თქმა უნდა ბაღაფშის მარიონეტული რეჟიმი ვერ ეტყოდა უარს და დარწმუნებული, რომ აფხაზეთში ზატულინს "ვერავინ უარს ვერ გაუბედავდა", ფორმალურად საკითხი ე.წ. პარლამენტში გაიტანა განსახილველად. მაგრამ ამ საკითხმა ბაღაფშისთვის მოულოდნელად მწვავე რეაქცია გამოიწვია. არგუმენტები, რომლებიც "დამოუკიდებელი აფხაზეთის" კანონმდებლებს მოჰყავდათ სავსებით შესაძლებელია მართებულად იქნეს მიჩნეული. პირველი, რამაც გააღიზიანა ”პარლამენტარები” ის გახლდათ, რომ ზატულინს ისედაც ჰქონია უკვე მიწის ნაკვეთიც და საკმაოდ კეთილმოწყობილი სახლი ახალ ათონში. მეორე კი ყველაზე მიუღებელი აფხაზებისათვის, ეს მათი ისტორიის იმ ნაწილის გაქრობის მცდელობა იყო, რომელიც აფხაზურ-რუსულ ურთიერთობებს მუხაჯირობის საკითხებს ეხება. ამ საკითხმა ისეთი მწვავე რეაქცია გამოიწვია, რომ ყოველთვის წინასწარგათვლილი სიტყვებით მოლაპარაკე ზატულინმა ოფიციალური წერილიც კი გაუგზავნა "აფხაზ საზოგადოებას", სადაც აფხაზეთის მიმართ მისი გვარის დამსახურების ხაზგასმით იმდენად შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, რომ პირდაპირ განაცხადა "Пятнадцать лет я добивался в России признания права Абхазии на независимость… Считайте это письмо в таком случае формальным отказом от аренды предложенного нам земельного участка...". ამ სიტყვებით ზატულინმა არა მარტო "უმადურობაში" დასდო ბრალი, არამედ პირდაპირ ისიც კი სთქვა, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება მისი დამსახურება ყოფილა. მაგრამ არცერთი ეს პიროვნება ხომ არ წარმოადგენს ეთნიკურ აფხაზს და მათი განცხადებები შეიძლება ვინმემ ბაქიაობად ჩათვალოს.
სხვა შემთხვევაა, როდესაც ასეთ აღიარებას უშუალოდ ეთნიკური აფხაზი აკეთებს და თვითონვე ადასტურებს იმას, რასაც ქართული მხარე წლების განმავლობაში ცდილობს დაუმტკიცოს მთელს მსოფლიოს - აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში საქართველოს წინააღმდეგ რუსეთი ომობდა. კერძოდ, თავში ხსენებულ მრგვალ მაგიდაზე აფხაზეთის ელიტარული საკურორტო ობიექტების რუსეთისათვის გადაცემასთან დაკავშირებით ბაღაფშის მარიონეტული რეჟიმის პოზიციის დასაცავად, დაურ ტარბამ შემდეგი განცხადება გააკეთა : "Если мы говорим, что за каждое признание нашей страны другими государствами мы безвозмездно будем передавать какие-то объекты, я согласен, не правильно. Но давайте не будем ставить на чашу весов другие страны и Россию... Из какого оружия мы стреляли? С какими боеприпасами мы оборонялись? С какой техникой мы наступали? Откуда мы получаем пенсии, чьи гражданство мы имеет? Какие убытки понесла Россия, признав Абхазию, кто-нибудь считал?".

რა გამოუვიდა ტაბრას ამითი - კრემლის მესვეურთათვის კიდევ ერთხელ ლოიალობის დამტკიცებით მან პრაქტიკულად გააცამტვერა მითი იმის შესახებ, რომ არძინბას სეპარატისტულმა კლანმა ქართველების წინააღმდეგ ბრძოლა სანადირო თოფებითა და ნაჯახებით დაიწყეს, ხოლო ის შეიარაღება რაც მათ საბოლოოდ აღმოაჩნდათ, ბრძოლებში მოპოვებული ნაალაფარი იყო. ტარბას სიტყვებით აფხაზებს რუსეთი ცეცხლსასროლი იარაღით, შეიარაღებით და საბრძოლო მასალებით ამარაგებდა. ტარბას ოღონდ დაავიწყდა იმის თქმა, თუ რუსეთის რეგულარული სამხედრო შენაერთების რამდენმა სამხედრო მოსამსახურემ და დაქირავებულმა რუსეთის მოქალაქემ დალია სული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაშინ სურათი უფრო ნათელი და სრული იქნებოდა, თანაც აფხაზეთის ქონების რუსეთისათვის უსასყიდლოდ გადაცემის აუცილებლობასთან დაკავშირებით არგუმენტებსაც გაამყარებდა.

საინტერესოა ადევნებს თუ არა თვალყურს ამ პოლემიკას აფხაზეთის ომის გმირი ასლან კობახია, რომელიც საპასუხო წერილში ”ექსპერტთა კლუბის” პრეზიდენტისადმი ამაყად აცხადებს , რომ ”. К большому сожалению, до сих пор грузинские идеологи считают грузинских бойцов, которые воевали против нас ограниченными людьми и они придумали очередное оправдание своего сокрушительного поражения, представляя, что против грузин воевали не абхазские войны, а регулярная российская армия.” იმავე წერილში ამ და სხვა კიდევ უფრო აბსურდულ გამონათქვამებზე, მან საკადრისი პასუხი მიიღო. უფრო მეტიც ბატონ ასლანს დანაპირებსაც ვუსრულებთ და პერიოდულად ვაქვეყნებთ დოკუმენტურ მასალებს, რომლებიც ადასტურებენ რუსეთის მონაწილეობას აფხაზების მხარეს 1992-93 წწ ომში. იქნებ ცოტაც ვაცადოთ და იმის მოწმეებიც შეიძლება გავხდეთ, რომ რუსთის ხსენებულ ”დამსახურებას” მართლაც დაივიწყებს ”უძღები შვილი” და ოკუპანტს თავის სახელს დაარქმევს.

თუმცა, ამ შემთხვევაში, რუსეთს აფხაზების თუნდაც არგუმენტირებული პოზიციაც კი არ აღელვებს. გაწეული "დახმარებისათვის" 90-იან წლებში არძინბას მიერ ნაჩუქარ, მაგრამ ვითარებიდან გამომდინარე ცრუმფლობელებზე გაფორმებული ქონების "ოფიციალურად" საკუთრებაში გაფორმებას ითხოვს და საერთოდ არ აინტერესებს თუ რა მოტივაცია გააჩნია "დამოუკიდებელ აფხაზეთს" ამის საწინააღმდეგოდ, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლად აღიარეს. მანამდე თუ კრემლი საკუთარი პოლიტიკის გატარების მიზნით ჭირვეულ აფხაზებს ქართველების შემოშვებით აშინებდა, დღეისათვის ამ ოკუპირებულ რეგიონში დიდძალი სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის პირობებში ესეც არ სჭირდებათ. ასე რომ, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმისა თუ ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა რა ვერდიქტიც არ უნდა გამოიტანონ, საკითხი მაინც გადაწყვეტილია - აფხაზებს აფხაზეთში არაფერი არ ეკუთვნის. უფრო მეტიც, მათი აზრი არავის არაფერში არ აინტერესებს.

როგორც იტყვიან - ძაღლი ჰყეფს, ქარავანი კი მიდის.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე