RSS
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი - ისტორია, კონფლიქტის მიზეზები, მოგვარების პროცესები და ოკუპაცია. ნაწილი III
12.01.2011 13:08
გოჩა გვარამია
ექსპერტთა კლუბი

კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესი

წინა ორ თავში მკითხველს წარვუდგინეთ ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" მოკლე ისტორიული ექსკურსი და ქრონოლოგიურად ჩამოვაყალიბეთ ის წინამძღვრები, თუ რა პირობებმა და ფაქტორებმა განაპირობეს 1991 წლის იანვარში საქართველოს ისტორიულ მხარეში, სამაჩაბლოში საომარი მოქმედებების დაწყება და ესკალაცია.

ამჟამად მკითხველს გვინდა მაქსიმალურად გავაცნოთ ის "ფუძემდებლური დოკუმენტი", რომელიც 1992 წლის 24 ივნისს საფუძვლად დაედო საომარი მოქმედებების შეწყვეტას, შემდგომი სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესების წარმოებას და ამავდროულად ქართული მხარისადმი ყოვლად უსაფუძვლოდ წაყენებულ ბრალდებებს მისი დარღვევის გამო, რაც შემდგომში რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული სამხედრო აგრესიის საბაბი გახდა.

მაშ ასე, ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტის დარეგულირების ფორმატს და მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციას საფუძვლად დაედო 1992 წლის 10 ივნისის შევარდნაძე-გალაზოვის ყაზბეგის შეხვედრა და 1992 წლის 24 ივნისის სოჭის შეთანხმება ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების პრინციპების შესახებ, რომელსაც ხელს აწერენ ე.შევარდნაძე და ბ.ელცინი.

სოჭის (იგივე დაგომისის) ხელშეკრულების საფუძველზე შეიქმნა შერეული საკონტროლო კომისია (შემდგომში შსკ) და მშვიდობის დამყარების შერეული სამშვიდობო ძალები (შემდგომში შსძ).

საქართველოს რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის 1992 წლის 24 ივნისს ქ. სოჭში დადებული ხელშეკრულება სახელმწიფოთაშორისო, ორმხრივი, წერილობითი სახით გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმებაა, რომელიც საერთაშორისო სამართლით რეგულირდება. საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესახებ ვენის 1969 წლის კონვენციის (შემდგომში ვენის კონვენციის) მე-2 (ა) მუხლის თანახმად, ასეთი ხასიათის შეთანხმება საერთაშორისო ხელშეკრულებად ითვლება და ექვემდებარება ვენის კონვენციის სამართლებრივი რეგულირების სფეროს.

ამასთან, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ შეთანხმებას ხელს რუსეთი აწერს, თავად სამხრეთ ოსეთის მხარე კი არსად ფიგურირებს. აღნიშნული შეიძლება ჩვენს მიერ გამოყენებულ იქნეს იმის არგუმენტად, რომ რუსეთი სინამდვილეში კონფლიქტის არაღიარებული მონაწილე მხარეა, უშუალოდ ის მართავდა სრულად სიტუაციას და ამიტომაც მოაწერა ხელი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას.

შერეული საკონტროლო კომისია, ისევე, როგორც შსძ შეიქმნა სოჭის 1992 წლის 24 ივნისის ხელშეკრულებაში განსაზღვრული ამოცანების რეალიზაციის მიზნით. ამ ხელშეკრულების მიხედვით (მუხლი 3, პირველი პუნქტი) შსკ შეიქმნა შემდეგი მიზნებით:
- ცეცხლის შეწყვეტაზე კონტროლი;
- შეიარაღებული ფორმირებების გაყვანა;
- უკანონო თავდაცვის ძალების დაშლა (ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის უკლებლივ ყველა ე.წ. თავდაცვის ნაწილები არაკანონიერად მიიჩნეოდნენ);
- უსაფრთხოების რეჟიმის უზრუნველყოფა.

პირველ ეტაპზე შსკ სამმხრივი იყო (საქართველო, რუსეთი, ჩრდ-ოსეთი), მას ჰყავდა თანათავმჯდომარეები მხარეებისაგან და გადაწყვეტილება მიიღებოდა კონსენსუსის საფუძველზე.

შსკ-ს დებულების მიხედვით (1994 წლის 31 ოქტომბრის შეთანხმების დანართი #1 - პრეამბულა) ზემოთაღნიშნულს ემატება:
- მშვიდობის მხარდაჭერა (და არა იძულებით დამყარება, რასაც პრინციპული მნიშვნელობა აქვს);
- საომარი მოქმედებების განახლების არდაშვება;
- მდგომარეობის სტაბილიზაციის მიზნით მხარეთა ერთობლივი ქმედებების კოორდინაცია;
- კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარება;
- დაზარალებული რაიონების ეკონომიკური რეაბილიტაცია;
- ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება.

1994 წლის 31 ოქტომბრის მოსკოვის შეთანხმებით დაფიქსირდა, რომ შსკ არის ოთხმხრივი მუდმივმოქმედი ორგანო (პუნქტი 4). მასში მეოთხე მხარედ შევიდა სამხრეთ-ოსური მხარე.

იქვე აღნიშნულია, რომ ეუთო მონაწილეობას იღებს შსკ-ს მუშაობაში.

იმავე შეთანხმებით დამტკიცებულ შსკ-ს დებულების მეოცე მუხლში კი ნათქვამია: შსკ წყვეტს საქმიანობას ქართულ-ოსური კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოწესრიგების შემდეგ.

ყოველივე ამის შემდეგ მოდით დავაკვირდეთ თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები.

1993 წლის 23 იანვარი – 1 მარტი – ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმებს ეუთოს მისიასა და კონფლიქტის მხარეებს შორის. მათში ასახულია ეუთოს მისიის უფლებამოსილება და სამუშაო არეალი.

1993 წლის 14 სექტემბერი – რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს მთავრობების შეთანხმება ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის დაზარალებულ რაიონებში ეკონომიკის აღდგენის შესახებ.

1994 წლის 26 ივლისს მიღებულ იქნა დებულება შერეული საკონტროლო კომისიის შესახებ.

1994 წლის 31 ოქტომბერს გაფორმდა შეთანხმება ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესის შემდგომი განვითარების გზების შესახებ, რომელშიც აღინიშნა, რომ დაგომისის ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულების მიზნით შექმნილმა შერეულმა საკონტროლო კომისიამ, ფაქტობრივად, შეასრულა თავისი ფუნქცია: შეწყდა ცეცხლი, გაყვანილ იქნა შეიარაღებული ფორმირებები. მხარეები შეთანხმდნენ შერეული საკონტროლო კომისიის ფუნქციების დაზუსტებაზე, მისი შემადგენლობის განახლებასა და გაფართოებაზე. შეიქმნა ექსპერტთა ჯგუფები.

1995 წლის 13 დეკემბერი – შედგა საექსპერტო ჯგუფების სხდომა, რომელიც მიეძღვნა მოლაპარაკებების მომზადებას ქართულ-ოსური კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგების თაობაზე.

1996 წლის 9 თებერვალს ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა დიტერ ბოდენმა, განაცხადა, რომ 1995 წლის დეკემბერში ეუთოს მიერ შემუშავებული დოკუმენტის პროექტი მიუღებელი აღმოჩნდა კონფლიქტში მონაწილე მხარეებისთვის. ბოდენმა აგრეთვე აღნიშნა, რომ კონფლიქტზე მუშაობის პროცესის დროში გაწელვა და დუნედ მიმდინარეობა.

1996 წლის 18 აპრილი – შემუშავდა და მხარეთა მიერ პარაფირებულ იქნა მემორანდუმის პროექტი კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარების თაობაზე.

1996 წლის 29 აპრილი – დიტერ ბოდენის ანგარიში.

1996 წლის 16 მაისს მოსკოვში ხელი მოეწერა მემორანდუმს „ქართულ-ოსურ კონფლიქტში მხარეთა შორის უსაფრთხოების უზრუნველყოფის და ურთიერთნდობის გასამყარებელ ღონისძიებათა შესახებ“.

1996 წლის 27 აგვისტო – შევარდნაძე-ჩიბიროვის შეხვედრა ვლადიკავკაზში.

1997 წლის 14 ნოემბერი – შევარდნაძისა და ჩიბიროვის შეხვედრა ჯავაში. ძირითადად განხილული იყო სოციალურ-ეკონომიკური საკითხები.

1998 წლის 20 ივნისი – ბორჯომში გაიმართა შეხვედრა შევარდნაძესა და ჩიბიროვს შორის. ამ შეხვედრაზე, ძირითადად, საუბარი იყო კონფლიქტის ზონის ეკონომიკურ აღდგენასა და დევნილების დაბრუნების საკითხის მოგვარებაზე. სამხრეთ ოსეთის მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს ხელისუფლების მიერ სოფელ მიტარბში ოსი ეროვნების მოსახლეობის დაბრუნება და გამოითქვა აღნიშნული პროცესის გაგრძელების სურვილი.

1998 წლის ივლისში გავრცელდა გაეროს ექსპერტთა მიერ მომზადებული დოკუმენტი კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციის შესახებ.

2001 წლის 19 იანვარი – ევროპარლამენტის რეზოლუცია. რეზოლუციაში ჩაიდო პუნქტი დევნილების დაბრუნების შესახებ. აგრეთვე აღინიშნა, რომ აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ დეფაქტო აღმოჩნდნენ საქართველოს იურისდიქციის გარეთ. ამ დოკუმენტში პირველად დაფიქსირდა რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ, რაც შეფასებული იქნა ანექსიად. გარდა ამისა, ეჭვქვეშ იქნა დაყენებული კონფლიქტის ზონებში რუსეთის მიუკერძოებლობა საშუამავლო ფუნქციის განხორციელებისას.

2001 წლის 8 აპრილი – ე.წ. „საერთო სახალხო რეფერენდუმის“ საფუძველზე მიღებულ იქნა „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკის კონსტიტუცია (ძირითადი კანონი), რომლის თანახმადაც სამხრეთ ოსეთი „სუვერენულ სახელმწიფოდ“ გამოცხადდა.

2002 წლის 11 მაისი – ცხინვალის რეჟიმმა დააყენა საკითხი რუსეთის სამშვიდობო ძალების კონტინგენტის გაზრდის თაობაზე. „ნებისმიერი საომარი მოქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე – სამხრეთ ოსეთი იქნება ეს თუ აფხაზეთი – საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, აღსასრულს მოასწავებს“, – განაცხადა სამხრეთ ოსეთის ახლადარჩეულმა „პრეზიდენტმა“ ედუარდ კოკოითიმ.

2003 წლის 2 მარტი – სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის განცხადებით, მოცემულ ეტაპზე მისი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან არ იქნებოდა მართლზომიერი, რადგან, მისი აზრით, სწორედ შევარდნაძე იყო დამნაშავე ოსი ხალხის გენოციდში. კოკოითიმ მისი წინამორბედი ლუდვიგ ჩიბიროვი, რომელიც თანხმდებოდა საქართველოს მხარესთან და საქართველოს პრეზიდენტთან ურთიერთობაზე, ოსი ხალხის მოღალატედ გამოაცხადა.

2003 წლის 23 მაისი – ქართულმა მხარემ განსახილველად მიიღო წინადადება, სამართალდამცავ ორგანოთა საკოორდინაციო ცენტრში ჩრდილოეთ ოსეთის მილიციის ჩართვის შესახებ.

2003 წლის 23 ივნისი –მოსკოვში გაიმართა მოლაპარაკება საქართველოსა და რუსეთს შორის ლტოლვილთა დაბრუნების შესახებ სახელმწიფოთაშორისი პროგრამის შესამუშავებლად.

2003 წლის 17 ოქტომბერი – მხარეთა სრულუფლებიანი დელეგაციების საექსპერტო ჯგუფების მეათე შეხვედრა ჰააგაში. ევროპული სტრუქტურების მიერ მოლაპარაკებათა პროცესის ხელშესაწყობად გამოყოფილ იქნა 2003 წლისათვის 210 000 ევრო, რომლითაც დაფინანსდა საექსპერტო ჯგუფების ორი და შსკ-ს 8 შეხვედრა.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 29 თებერვლის #183 განკარგულების საფუძველზე ამოქმედდა „ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული მესამე სარეაბილიტაციო პროგრამა“. ეს პროგრამა, რომლის საერთო ბიუჯეტი შეადგენდა 2.5 მლნ ევროს, მთლიანად იქნა დაფინანსებული ევროკომისიის მიერ და მის რეალიზაციაზე პასუხისმგებლები იყვნენ გაერო-ს განვითარების პროგრამა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისარიატი.

2004 წლის 21 სექტემბერს ნიუ იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 59-ე სესიაზე და 2005 წლის 26 იანვარის სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წარმოადგინა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პრინციპები და სამშვიდობო გეგმა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ცალსახად უჭერს მხარს კონფლიქტის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარებას და უარს ამბობს ძალის გამოყენებაზე ან ძალის გამოყენების მუქარაზე.

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტმა ჩამოაყალიბა კონფლიქტის ეტაპობრივი მოგვარების პრინციპი, რომელიც მოიცავს შემდეგ სამ ეტაპს:
• რეგიონის დემილიტარიზაცია,
• ეკონომიკური რეაბილიტაციის პროგრამების განხორციელება,
• კონფლიქტის სრულმასშტაბიანი პოლიტიკური მოგვარება.

ამასთან, დემილიტარიზაციისა და ეკონომიკური რეაბილიტაციის პროექტების რეალიზაციის პროცესები პარალელურად უნდა ხორციელდებოდეს, ხოლო პოლიტიკური მოლაპარაკებებისთვის აუცილებელია ნდობის ატმოსფეროს ჩამოყალიბება.

2005 წლის 10-11 ივლისს ბათუმში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს მთავრობის ინიციატივა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიან მოწესრიგებასთან დაკავშირებით“, მიღებულ იქნა დეკლარაცია, რომელშიც კონფერენციის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს კონფლიქტის მოგვარების ზემოაღნიშნულ პრინციპებს.

შერეული საკონტროლო კომისიის 2005 წ-ს 24-25 ოქტომბრის მოსკოვის სხდომაზე (შსკ-ს ოქმი #45, მუხლი 1.2) კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საფუძვლად სწორედ სამი ეტაპისგან შემდგარი გეგმა იქნა აღიარებული.

2005 წლის 6 დეკემბერს ლიუბლიანაში გამართულ ეუთოს მინისტერიალზე ეუთოს წევრმა 55-ვე ქვეყანამ, მათ შორის რუსეთმაც, მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ სამშვიდობო გეგმას.

2005 წლის 12 დეკემბერს ე.წ. „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა“, ედუარდ კოკოითმა მიმართა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და ეუთოს სახელმწიფოს მეთაურებს ოფიციალური განცხადებით, რომელშიც პრაქტიკულად სიტყვა-სიტყვით გაიმეორა პრეზიდენტ სააკაშვილის სამშვიდობო გეგმა და მისი მთავარი კომპონენტები – პირველი ეტაპი – კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაცია, ნდობის აღდგენა და უსაფრთხოების გარანტიები, მეორე ეტაპი-სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაცია, მესამე ეტაპი – კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარება. მან ასევე გამოთქვა მზადყოფნა ქართულ-ოსური ერთობლივი ჯგუფის კოორდინირებული პროგრამის შესამუშავებლად.

2006 წლის 12 ნოემბერს სეპარატისტული რეჟიმის მიერ ჩატარებული „არჩევნების“ შედეგების მიხედვით ხელისუფლებაში კვლავ დარჩა ე. კოკოითი, თუმცა სეპარატისტული რეჟიმს შიგნით სხვადასხვა კლანების დაპირისპირების შედეგად სეპარატისტული მთავრობის ზოგიერთმა წარმომადგენელმა (დ. სანაკოევი, ძმები ქარქუსოვები) დატოვა ცხინვალი და საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად გადაწყვიტა კონფლიქტის დარეგულირებაზე მუშაობა. მათ მიერ რეგიონში სეპარატისტების არჩევნების პარალელურად ჩატარებული ალტერნატიული არჩევნების შედეგების მიხედვით გამარჯვება დ. სანაკოევმა მოიპოვა. საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა ამ ჯგუფთან თანამშრომლობა კონფლიქტის მოგვარების საკითხში. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, 2007 წლის 10 მაისიდან კონფლიქტის რეგიონში დაარსდა დროებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, რომლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელადაც დ. სანაკოევი დაინიშნა. დროებით ადმინისტრაციის მდებარეობის ადგილად კონფლიქტის ზონაში დიდი ლიახვის ხეობა განისაზღვრა.

დ.სანაკოევის ადმინისტრაციის ჩამოყალიბებას მოჰყვა ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის მხრიდან მკვეთრი გამწვავება და მდგომარეობის დაძაბვა. ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები, გრძნობდნენ რა „სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლის“ მონოპოლიური მდგომარეობის დაკარგვის საფრთხეს, კატეგორიულ უარს აცხადებდნენ სანაკოევის ადმინისტრაციასთან რაიმე კონტაქტების დამყარებაზე და ასევე იმ საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, რომლებსაც ურთიერთობა ჰქონდათ სანაკოევის ადმინისტრაციასთან.

მდგომარეობა მნიშვნელოვნად გართულდა 2008 წლის დასაწყისიდან, როდესაც სეპარატისტულ რეჟიმმა პირდაპირი ფორმით დაიწყო სამშვიდობო პროცესის საბოტაჟი და უარი განაცხადა საქართველოს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან კონტაქტზე, მისი უწყების დასახელებაში სიტყვა „რეინტეგრაციის“ გამო.

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მიერ შეთავაზებული იქნა სამშვიდობო პროცესის მოდიფიცირების გეგმა. ნაცვლად 1992 წლიდან არსებული, მოძველებული და არაეფექტური ოთხმხრივი შსკ-სი, შეთავაზებული იქნა 2+2+2 პრინციპზე აგებული სამშვიდობო ფორმატი. სადაც სამ სხვადასხვა დონეზე მოხდებოდა მოლაპარაკების წარმოება, კოკოითის რეჟიმი და სანაკოევის ადმინისტრაცია, საქართველო და რუსეთი, და ეუთო და ევროკავშირი. როგორც სეპარატისტებმა, ასევე რუსეთმა ამ გეგმის მიღებაზე კატეგორიული უარი განაცხადეს.

გაგრძელება იქნება>>>
მასალაში გამოყენებულია ოფიციალური დოკუმენტები, "რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სრულმასშტაბიან აგრესიათან დაკავშირებით" საქართველოს მთავრობის ანგარიში და ღია წყაროებიდან აღებული ინფორმაციები


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე