RSS
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი - ისტორია, კონფლიქტის მიზეზები, მოგვარების პროცესები და ოკუპაცია. (IV ნაწილი)
31.01.2011 14:24
გოჩა გვარამია
ექსპერტთა კლუბი

ოკუპაციისათვის მზადება და ოკუპაცია

წინა სამ ნაწილში ასახული ცხინვალის რეგიონის მოკლე ისტორიული ექსკურსი, კონფლიქტის პროვოცირება, მისი ესკალაცია და მშვიდობიანი მოგვარების პროცესი გვინდა დავასრულოთ უშუალოდ იმ მოვლენების ასახვით, რომლებიც წინ უძღოდნენ 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიასა და საქართველოს ისტორიული ნაწილების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ღია და დაუფარავ ოკუპაციას.

საქართველოს მიერ ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე წინსვლასთან ერთად რუსეთის ხელისუფლებამ დაიწყო მკვეთრი და აგრესიული ნაბიჯების გადადგმა. სულ უფრო ნათელი ხდებოდა, რომ რუსეთი სამხედრო ავანტიურისათვის ემზადებოდა. მაგრამ უცნობი იყო თავიდან თუ რომელ მიმართულებას აირჩევდა იგი პრიორიტეტულად - აფხაზეთს, თუ ცხინვალის რეგიონს.

2008 წლის 6 მარტს რუსეთი გამოვიდა დსთ-ს შეთანხმებიდან რომელიც აფხაზეთთან ეკონომიკურ და სამხედრო თანამშრომლობას ზღუდავდა. ამის პარალელურად აფხაზეთში შეყვანილი იქნა რუსეთის სადესანტო შენაერთების ათასამდე სამხედრო მოსამსახურე თავისი საშტატო მოიერიშე ტექნიკით, რომლებიც ძირითადად განთავსებული იქნენ ოჩამჩირის რაიონსა და ტყვარჩელის მიდამოებში.

2008 წლის 2-4 აპრილის ბუქარესტის ნატოს სამიტზე საქართველოსა და უკრაინისათვის წევრობის სამოქმედო გეგმაზე უარის თქმის შემდეგ, რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაში აგრესიულობის ხარისხი მკვეთრად გაიზარდა და მოიმატა რუსეთის ზეწოლამ ორივე კონფლიქტურ რეგიონში.

პუტინის, იმ დროისათვის ჯერ კიდევ რუსეთის პრეზიდენტის 2008 წლის 16 აპრილის განკარგულებით, რუსეთის მთავრობას დაევალა პირდაპირი ურთიერთობების დამყარება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ ხელისუფლებებთან.

ამავე პერიოდში აფხაზეთში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საინჟინრო ძალების მიერ ხორციელდება გაგრა-სოხუმი-ოჩამჩირის სარკინიგზო მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომელიც შემდგომში გამოყენებული იქნა ტყვარჩელის მიმართულებით მძიმე სამხედრო ტექნიკის გადასროლისათვის.

ცხინვალის რეგიონში ამ დროისათვის ასევე მიმდინარეობდა დამატებითი ძალების გადასროლა, რომლის ძირითადი ნაწილი ჯავაში იქნა კონცეტრირებული, ხოლო რეგიონში სეპარატისტების მხრიდან სულ უფრო ინტენსიური ხდებოდა ადამიანების გატაცებები და ქართული სამშვიდობო ნაწილების ბლოკპოსტებზე შეიარაღებული პროვოკაციები, ასევე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების და სეპარატისტული რეჟიმების ლიდერების აგრესიული და მკვეთრი განცხადებები.

2008 წლის აპრილი – რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა განაცხადა, რომ "რუსეთი გააკეთებს ყველაფერს, რათა არ დაუშვას უკრაინის და საქართველოს ნატოში შესვლა".

2008 წლის 20 აპრილს რუსეთის ავიაგამანადგურებლის მიერ ენგურთან კონფლიქტის მიმდებარე ზონაში ჩამოგდებული იქნა ქართული უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავი. აშკარა მტკიცებულებების მიუხედავად, რუსეთმა კატეგორიული უარი განაცხადა ამ ინციდენტში თანამონაწილეობაზე და განაცხადა, რომ უპილოტო აპარატი აფხაზურმა შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს.

2008 წლის 23 ივნისს სეპარატისტებმა ცხინვალიდან გამოაძევეს რეგიონში ვიზიტით მყოფი ევროკავშირის ქვეყნების ელჩების დელეგაცია, რადგანაც ის მანამდე სანაკოევის ადმინისტრაციას სტუმრობდა ქურთაში.

2008 წლის ივნისი-ივლისის პერიოდში მკვეთრად მოიმატა შეიარაღებულმა პროვოკაციებმა ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის ზონაში: ქართული სოფლებისთვის ცეცხლის გახსნა, გზების დანაღმვა, გზების ბლოკირება, მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცება, მოსახლეობის აფეთქება ნაღმებზე და ა.შ.

2008 წლის 3 ივლისს დილით სოფელ დმენისში გაურკვეველ ვითარებაში მომხდარი აფეთქებისას დაიღუპა ადგილობრივი ოსური „მილიციის უფროსი“, რასაც იმავე დღეს მოყვა ტერორისტული თავდასხმა დროებითი ადმინისტრაციის მეთაურზე დ. სანაკოევზე, რომლის დროსაც რამდენიმე პოლიციელი დაიჭრა.

2008 წლის 8 ივლისს სეპარატისტებმა გაიტაცეს 4 ქართველი სამხედრო მოსამსახურე, რომელთა განთავისუფლებაც მძევლობიდან მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ულტიმატუმის შემდეგ მოხდა.

2008 წლის 8 ივლისს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის საქართველოში ვიზიტის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე რუსეთის 4 ავიაგამანადგურებელმა ცხინვალის რეგიონის თავზე დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე. 10 ივლისს რუსეთმა ეს აღიარა, მაგრამ განაცხადა, რომ ამგვარად მათ საქართველოს "სამხედრო აგრესია" შეაჩერეს და "თბილისში ცხელი თავები გააგრილეს".

2008 წლის 15 ივლისს ჩრდილოეთ კავკასიაში დაიწყო რუსეთის შეიარაღებული ძალების ფართო მასშტაბიანი სამხედრო წვრთნები ჩრდ. კავკასიაში განლაგებული სამხედრო დანაყოფების და სხვა რუსული შენაერთების მოაწილეობით. ეს შენაერთები შემდეგ მონაწილეობდნენ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიასა და ოკუპაციაში (მათ შორის 58-ე არმია და ფსკოვის სადესანტო დივიზია).

2008 წ 17-18 ივლისს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვ. შტაინმაიერმა წარმოადგინა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების სამეტაპიანი გეგმა, რომელიც სოხუმის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ უარყო.

2008 წლის 1 აგვისტოს ერედვი-ხეითის შემოვლთ გზაზე ნაღმის აფეთქების შედეგად დაიჭრა 5 ქართველი პოლიციელი.

2008 წლის 1-2 აგვისტოს სეპარატისტებმა მსხვილკალიბრიანი არტილერიით დაბომბეს ცხინვალის მიმდებარე ქართული სოფლები, რაც რუსულმა სამშვიდობო ძალებმაც დაადასტურეს. ქართული მხრიდან დაიჭრა 6 სამოქალაქო პირი და 1 პოლიციელი.

ამავე პერიოდში იწყება ქართულ ინტერნეტ გვერდზე მასირებული თავდასხმები. რუსეთის სპეცსამსახურებში შექმნილი სპეციალური სამმართველოების მეშვეობით ხორციელდებოდა ქართული საინფორმაციო წყაროების ბლოკირება. განსაკუთრებით ეს შეეხოთ რუსეთში ყველაზე პოპულარულ ქართულ რუსულენოვან ვებ-გვერდებს, ბლოგორებს და რა თქმა უნდა სამთავრობო ვებ-გვერდებს.

2008 წლის 3 აგვისტოს სეპარატისტებმა დაიწყეს ცხინვალიდან და ოსური სოფლებიდან ქალების და ბავშვების ევაკუაცია და რუსეთის ტერიტორიაზე გადაყვანა, ამავე დროს ჩრდ. კავკასიაში დაიწყო რუსული შეიარაღებული ძალების და კაზაკთა და სხვა შეიარაღებული დაჯგუფებების მობილიზება. რუსეთის მასმედიამ დაიწყო ინტენსიური დეზინფორმაცია და მილიტარისტული პროპაგანდა საქართველოს წინააღმდეგ.

უკვე ცხადი იყო, რომ რუსეთი ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიისათვის ემზადებოდა. ამ ვითარებაში საქართველოს მთავრობამ მაქსიმალურად შეეცადა ინფორმირება მოეხდინა საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის გეგმებთან დაკავშირებით, მაგრამ 21-ე საუკუნეში ვერავინ დაიჯერა, რომ ქვეყანა, რომელიც ცხინვალის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში მომლაპარაკებლისა და შუამავლის, მშვიდობის გარანტად გამოდიოდა, მსოფლიოს წინაშე სამხედრო აგრესორისა და ოკუპანტის როლში წარსდგებოდა.

2008 წლის 6 აგვისტოს სეპარატისტებმა რუსეთის სამშვიდობო ძალების პოსტებს ამოფარებული ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს ქართულ სოფლებს. დაიჭრა 2 ქართველი სამშვიდობო ძალების ბატალიონიდან. საქართველოს ხელისუფლებამ სეპარატისტებს პირდაპირი მოლაპარაკებები შესთავაზა.

2008 წლის 7 აგვისტოს სეპარატისტებმა კვლავ დაბომბეს ქართული სოფლები. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში ჩავიდა ცხინვალში, რათა პირდაპირი მოლაპარაკება გაემართა სეპარატისტების ლიდერებთან და მომხდარიყო კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილება, თუმცა სეპარატისტების ლიდერებმა უარი თქვეს მასთან შეხვედრაზე.

2008 წლის 7-დან 8 აგვისტოზ ღამით ქართული მხარე აწარმოებდა რა ჯერ კიდევ თავდაცვით საომარ მოქმედებებს, საქართველოს პრეზიდენტმა ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა და მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა, თუმცა სეპარატისტებმა ეს შეთავაზება არ მიიღეს და ქართული სოფლების მიმართულებით ძლიერი ცეცხლი გახსნეს მათ ხელთ არსებული ყველა სახის იარაღიდან. ამის შემდეგ ქართული მხარე იძულებული იყო მიეღო ადექვატური ზომები და რეგიონში კონსტიტუციური წყობის აღდგენისათვის აუცილებელი საბრძოლო ოპერაციის წარმოებაზე შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს ხელისუფლების მიერ ცხინვალის რეგიონში მოსახლეობის დასაცავად შეიარაღებული, ძირითადად პოლიციური ძალების შეყვანას რუსეთის ფედერაციამ პირდაპირი სამხედრო აგრესიით უპასუხა.

2008 წლის 8-10 აგვისტოს განმავლობაში რუსეთმა როკის გვირაბის გავლით, ასევე აფხაზეთიდან, ასევე შავი ზღვის სამხედრო ფლოტის სადესანტო გემებით საქართველოში დამატებით ათასობით ერთეული სამხედრო ტექნიკა და ათიათასობით ცოცხალი ძალა შემოიყვანა. მათ თან მოყვა კიდევ უფრო დიდი რაოდენობით დაქირავებული და "მოხალისე" ჩრდილოეთ კავკასიიდან.

მძიმე ბრძოლების შემდეგ, ძალების აშკარა უთანასწორობის გამო, საქართველოს ხელისუფლებამ გამოიყვანა ჯარები კონფლიქტური რეგიონებიდან, თუმცა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მოახდინეს არა მარტო კონფლიქტური რეგიონების ოკუპაცია, არამედ შიდა ქართლისა და სამეგრელოს მნიშვნელოვანი რაიონებიც – გორი, ქარელი, ხაშური, ზუგდიდი, სენაკი და ფოთი დაიკავეს, გადაჭრეს საქართველოს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილების დამაკავშირებელი კომუნიკაციები.

პარალელურად მიმდინარეობდა სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა და განადგურება მთელ საქართველოში (მათ შორის აკრძალული ტიპის შეიარაღებით – კასეტური ბომბებით და ბალისტიკური ტაქტიკური რაკეტებით), იბომბებოდა საცხოვრებელი სახლებიც, რასაც მოჰყვა მსხვერპლი მოსახლეობაში. რუსეთის რეგულარულმა სამხედრო ნაწილებმა და სეპარატისტთა ბანდფორმირებებმა ეთნიკური წმენდა მოაწყვეს ცხინვალის რეგიონში. მათ სიცოცხლეს გამოასალმეს ათეულობით ქართველი და მთლიანად გამოდევნეს ქართული მოსახლეობა დიდი და პატარა ლიახვის, ფრონეს ხეობების, ასევე კოდორის ხეობის სოფლებიდან, გაძარცვეს და გაიტაცეს მათი ქონება, ხოლო მათი საცხოვრებელი სახლ-კარი კი მთლიანად გადაწვეს და გაანადგურეს.

რუსეთის ვერტმფრენებმა ცეცხლი წაუკიდეს ბორჯომისა და ატენის ხეობის ტყეებს. რუსულ არმიასთან ერთად მოქმედი ოსური და სხვა ეროვნების მოხალისეებისგან შედგენილი ბანდები იტაცებდნენ და კლავდნენ ქართველ მოსახლეობას ცხინვალის მიმდებარე სოფლებიდან, კონფლიქტის ზონის გარეთ მდებარე დასახლებული პუნქტებიდან, ქალაქ გორიდან. ადგილი ჰქონდა ჯგუფურ დახვრეტებს, გაუპატიურებებს, განსაკუთრებული სისასტიკით საჯარო მკვლელობებს, ადამიანის უფლებათა მასიურ დარღვევებს. ყოველივე ეს ხდებოდა რუსეთის ოფიციალური შეიარაღებული რეგულარული სამხედრო ნაწილების თვალწინ, მათი ხელშეწყობით და მონაწილეობით.

საქართველოს თხოვნით რუსული აგრესიის გამო მოწვეული გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომებზე რუსეთმა ვეტოს უფლება გამოიყენა და უშიშროების საბჭომ ვერანაირი რეზოლუციის მიღება ვერ მოახერხა.

საფრანგეთის პრეზიდენტის შუამდგომლობით 2008 წლის 12-14 აგვისტოს ხელმოწერილი იქნა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და რუსეთს შორის. თუმცა რუსეთმა დაარღვია ამ შეთანხმების პუნქტები და არ გაიყვანა ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ 2008 წლის 25 აგვისტოს მიიღო დადგენილება, რომლითაც რუსეთის პრეზიდენტს შესთავაზა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება.

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ და საგარეო საქმეთა სამინისტროს მათთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება დაავალა.

ამის საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლებამ გააუქმა რუსეთის შეიარაღებული ძალებისათვის სამშვიდობო სტატუსის მიმნიჭებელი ყველა ხელშეკრულება, გააკეთა განცხადება დსთ-დან გამოსვლის შესახებ და 2 სექტემბერს გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან.

საქართველოს პარლამენტის მიერ 2008 წლის 23 ოქტომბერს მიღებული ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის შესაბამისად აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოცხადდა.

საქართველოს მთავრობამ მართალია ორი წლის შემდეგ, მაგრამ მაინც შესძლო რომ საერთაშორისო დონეზე დაემკვიდრებინა ტერმინი "ოკუპაცია", რამაც გაეროს, ევროსაბჭოს, ნატოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალურ განცხადებებში ჰპოვა ასახვა.


მასალაში გამოყენებულია "რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სრულმასშტაბიან აგრესიასთან დაკავშირებით" საქართველოს მთავრობის ანგარიში და ღია წყაროებიდან აღებული ინფორმაციები
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე