საეკლესიო ხუროთმოძღვრების ძეგლები (გაგრძელება)
ბესლეთის მონასტერი. ბესლეთი, სოხუმის რაიონი. XI ს.
ბესლეთის მონასტერი მდებარეობს სოხუმის რაიონის სოფელ ბესლეთში ცნობილი თაღოვანი ხიდიდან 200 მეტრის დაშორებით. მონასტრის ძირითადი ნაგებობა - ტაძარი თითქმის დანგრეულია და მიწის ზემოთ ძლივს ჩანს. ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით კლდესთან ახლოს მდებარეობს დიდი ნაგებობა, რომლის პირველ სართულზე განლაგებული იყო ერთმანეთთან ვიწრო გასასვლელებით დაკავშირებული ოთხი ოთახი. გარდა ამისა, შეიმჩნევა რამდენიმე სხვა ნაგებობის ნანგრევები, რაც მიუთითებს აქ სამონასტრო კომპლექსის არსებობაზე. აშკარაა, რომ მონასტერი შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საეკლესიო ცენტრს წარმოადგენდა.
თავის დროზე ბესლეთის მონასტერი ი. ვორონოვმა არქიტექტურული თავისებურებების მიხედვით XI – XII საუკუნეებით დაათარიღა. მონასტრის მახლობლად ჩანს თაღოვანი ხიდი ქართული წარწერით, რომელშიც ბაგრატ მეფე არის დასახელებული.
მონასტრის დღევანდელი მდგომარეობა: ნანგრევები მთლიანად დაფარულია მცენარეული საფარით.
ბიჭვინთის ღმრთისმშობლის ტაძარი. დაბა ბიჭვინთა, გაგრის რაიონი. X_XI სს.
საქართველოში ქრისტიანული არქიტექტურის ძეგლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ძეგლია ბიჭვინთის ღმრთისმშობლის ტაძარი, რომელიც აფხაზეთის ჩრდილო - დასავლეთ ნაწილში, დღევანდელი ბიჭვინთის, ძველი ანტიკური ქალაქის _ დიდი პიტიუნტის ფარგლებში მდებარეობს. პიტიუნტ-ბიჭვინთამ, რომლის სახელწოდება დაკავშირებულია ადგილობრივი რელიქტური ფიჭვის სახელთან, განსაკუთრებული როლი შეასრულა დასავლეთ საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების საქმეში.
ბიჭვინთის ტაძრის თავდაპირველი მშენებლობა ანდრია მოციქულის სახელს უკავშირდება, რომელმაც ახ. წ. I საუკუნეში, აქ ქრისტიანობა იქადაგა და საყდარიც ააგო. საუკუნეების მანძილზე აქ საეპისკოპოსო კათედრა არსებობდა, რომელსაც «წმ. ანდრიას საყდრად» მოიხსენიებდნენ. დღევანდელი გუმბათოვანი ტაძარი X_XI საუკუნეების ხუროთმოძღვრულ ნიმუშს წარმოადგენს. III საუკუნის ბოლოსა და IV საუკუნის დასაწყისში ბიჭვინთა მნიშვნელოვან საეკლესიო ცენტრად იქცა, რასაც მოწმობს ბიჭვინთის ეპისკოპოსის სტრატოფილეს მონაწილეობა პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე. საუკუნეების მანძილზე ბიჭვინთაში მდებარეობდა დასავლეთ საქართველოს საეკლესიო ცენტრი, რომელიც XVI საუკუნის შუახანებში, მთიელთა შემოსევების შემდეგ, გელათში გადმოვიდა. XVII საუკუნეში ბიჭვინთის ტაძარი მიტოვებული იყო და არ ფუნქციონირებდა. XVIII საუკუნეში ტაძარს მეხი დაეცა და ძლიერ დაზიანდა. XIX საუკუნის 30-იან წლებში რუსეთის იმპერატორის ბრძანებით ტაძარი შეაკეთეს, შეიცვალა გუმბათის ფორმა, შელესეს და შეათეთრეს ფასადები, რის გამოც ნაგებობამ სახე მნიშვნელოვნად იცვალა და დამახინჯდა. XX საუკუნის 60-იან წლებში გ. ჩუბინაშვილის რეკომენდაციით ტაძარში ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები, მოიხსნა შელესილობა, გუმბათს დაუბრუნდა პირვანდელი სახე, გამოიცვალა სახურავი და ტაძრის თავდაპირველი სახე, ნაწილობრივ, აღდგა. დღეს ბიჭვინთის ღმრთისმშობლის ტაძარი ქართული ეკლესიის უმნიშვნელოვანეს საკულტო დანიშნულების ძეგლებს მიეკუთვნება.
ბომბორის ეკლესია «აილაგა _ აბიყუ». სოფ. ბომბორა, გუდაუთის რაიონი. VIII_IX სს.
გუდაუთიდან 10 კმ. მანძილზე, ზღვის პირას მდებარეობს ადრე შუასაუკუნეების ქრისტიანული ტაძარი, რომელიც დღეს ადგილობრივ მოსახლეობაში ცნობილია «აილაგა _ აბიყუს» სახელით. ტაძარი წარმოადგენს ცალნავიან (ერთდარბაზიან) ნაგებობას ხუთწახნაგოვანი აფსიდით, რომლის კედლები თითქმის მთლიანად, მთელ სიმაღლეზე არის შემონახული. ტაძრის შიგნით ცუდად შენახულ შელესილობის ფენაზე შეინიშნება ფრესკის ნაკვალევიც. სამხრეთის შესასვლელთან კედელზე ამოკვეთილია ჯვრის გამოსახულება. ტაძარს დასავლეთის მხრიდან ჰქონდა კარიბჭე. სამხრეთიდან მიდგმული აქვს წაგრძელებული სამლოცველო ნახევარწრიული საკურთხევლით. «აილაგა _ აბიყუს» (აფხაზურად «დახლართულ კოშკს ნიშნავს») თავდაპირველი სახელწოდება ჩვენთვის უცნობია, თარიღდება VIII _ IX საუკუნეებით.
ტაძრის დღევანდელი მდგომარეობა უცნობია.
ბზიფის ეკლესია. ბზიფის ხეობა, გუდაუთის რაიონი. IX_X სს.
გუდაუთის რაიონის სოფ. ბზიფის მახლობლად მდინარე ბზიფის მარჯვენა ნაპირზე შემაღლებულ ადგილას შემორჩენილია IX_X სს. ხუროთმოძღვრული კომპლექსი, რომელშიც შედის გალავნით შემოზღუდული ციხე და ტაძარი. თავად ბზიფის ციხე ორი ნაწილისაგან შედგება. ციხის ზედა ნაწილში მდებარეობდა ტაძარი, ქვედა ნაწილის ეზოში გადიოდა ძველი საქარავნო გზა.
ბზიფის ციხის ეკლესია ჯვარგუმბათოვანი, «ჩაწერილი ჯვრის» ტიპისაა, სამი შვერილი აფსიდით და თარიღდება IX-X საუკუნეებით. თლილი ქვით მოპირკეთებული კედლები შემორჩენილია მთელ სიმაღლეზე, მაგრამ უგუმბათოდ, მიუხედავად ამისა, მნახველში დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს. ეკლესიის კარ-სარკმლები თავსართებითაა შემკული, რაც დამახასიათებელია საეკლესიო ხუროთმოძღვრებისათვის. ბზიფის ტაძრის აღმოსავლეთით ჩანს კიდევ ერთი, უფრო ძველი ტაძრის ნანგრევები.
ტაძრის დღევანდელი მდგომარეობა: გასუფთავებულია მცენარეებისაგან.
|