RSS
შეთქმულება აფხაზი ბლოგერებისგან
28.02.2011 19:30
გიორგი წიკლაური

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის "ვიცე-პრემიერი"-ს თანამდებობიდან დაურ ტარბას მოულოდნელმა გადადგომამ სოხუმში მრავალი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ტარბა ყოველთვის ითვლებოდა არა მხოლოდ ბაღაფშის "თანამებრძოლად", არამედ მასთან ყველაზე დაახლოებულ პირს წარმოადგენდა. სწორედ ტარბა არის სახელისუფლებო პარტიის "ედინნაია აბხაზია" ხელმძღვანელი და ძირითადი საყრდენი ბოძი ბაღაფშის გუნდისა. შეინარჩუნებს თუ არა იგი პარტიულ თანამდებობას - ჯერ უცნობია. ერთადერთი კომენტარი, რომელიც ტარბამ მის გადადგომასთან დაკავშირებით გააკეთა, მხოლოდ საკუთარი სურვილით გადადგომის საყოველთაოდ მიღებული ე.წ. "მორიგე" ფრაზით შემოიფარგლება.

მაგრამ აფხაზეთში ამ ფაქტთან დაკავშირებით მაშინვე დაირხა ჭორები, რომლებიც აფხაზურ ბლოგსფეროსა და ინტერნეტ-ფორუმებზე სწრაფად გავრცელდა და მწვავე განხილვის საგანი გახდა. გავრცელებული ჭორების ერთ-ერთი ვერსიით, თავისი პროტეჟეს საქმიანობით განრისხებულმა ბაღაფშმა ტარბას გადადგომა მოსთხოვა. ხოლო ამ განრისხების მიზეზად თითქოს ტარბას ბაღაფშის წინააღმდეგ "შეთქმულებაში" მონაწილეობა გახდა, რომელშიც ტარბას გარდა თითქოს "დამოუკიდებელი აფხაზეთის" ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი და შინაგან საქმეთა მინისტრი ლეონიდ ძიაპშიპა მონაწილეობენ. თითქოს ბაღაფშისათვის ეს ყველაფერი ცნობილი გახდა და მისი ნდობით აღჭურვილ კადრს "კარებისაკენ" მიუთითა.

სხვები წერენ, რომ არანაირ "შეთქმულებას" ადგილი არქონია, მხოლოდ ჩამოთვლილ პირებსა და სხვა, რომელიღაც მესამე მხარის წარმომადგენლებს შორის შედგა ბაღაფშისათვის "არასასურველი" საუბარი. უნდა აღინიშნოს, რომ ინტრიგების წარმოების ენაზე ორივე ვერსიის დედააზრი ერთი და იგივეს, ან შინაარსობრივად ერთმანეთთან დაახლოებულს წარმოადგენს. დამსწრეთაგან რომელიღაცამ ეტყობა ჩაიწერა საუბარი და შემდეგ მოასმენინა ბაღაფშს, ან კიდევ ძლიერ დამაჯერებელი ფორმით ზეპირად მოახსენა საქმის არსი. რაზეც ბაღაფშის მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაგირება და ტარბას არანაკლებ დამაჯერებელი ფორმით "სთხოვეს" დაეტოვებინა მის მიერ ამდენი წლის განმავლობაში "გახედნილი" სავარძელი.

ხოლო ეს ადგილი რომ ტარბას მართლაც "გახედნილი" ჰქონდა მეტყველებს "აფსნიპრესი"-ს საცნობარო ინფორმაცია, რომლის თანახმად ტარბა მარიონეტული რეჟიმის ისეთ სფეროებს უწევდა კურირებას, როგორებიცაა: აფხაზური ენის, ეკონომიკის, კურორტებისა და ტურიზმის განვითარება, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, ეკოლოგია, რეპატრიაცია და ადგილობრივი თვითმმართველობითი ორგანოების საქმიანობა. გარდა ამისა კოორდინაციას უწევდა ეკონომიკის სამინისტროს, რეპატრიაციის, კურორტებისა ტურიზმის, პრივატიზაციის, ეკოლოგიისა ბუნებრივი რესურსების გამოყენების კომიტეტების, საგზაო, ეკოლოგიისა აფხაზური ენის განვითარების ფონდების საქმიანობას.

რა თქმა უნდა ამჯერად საუბარია მხოლოდ ჭორებსა და მონაყოლებზე. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ აფხაზეთის სინამდვილეში ინფორმაციის გავრცელების ასეთი სახეობა ყველაზე ინფორმატულად ითვლება. დღევანდელი აფხაზური საზოგადოება მცირე შეკრულ და ჩაკეტილ სოციუმს წარმოადგენს, რომლის შიდა პოლიტიკური მოწყობის მიხედვით ამა თუ იმ მცირე გავლენიანი ჩინოვნიკის ირგვლივ საკუთარი კლანი დგას, რომელსაც მჭიდრო ნათესაური, საგვარეულო და ვიწრო კუთხური ნიშნების მიხედვით გაერთიანებული კონკრეტული პირები წარმოადგენენ. ამგვარად, აფხაზური საზოგადოება, რომელიც მრავალი ჰორიზონტალური კომუნიკაციით არის გაჯერებული, საკმაოდ პოლიტიზირებულია და "სამზარეულოში პოლიტიკის გარჩევის" დონეზეც კი კარგად ერკვევა მიმდინარე პროცესებში. ამასთან, ანდაზა - "კვამლი ცეცხლის გარეშე არ არსებობს" ყველაზე მეტად სწორედ აფხაზეთის სინამდვილეს მიესადაგება.

მაგრამ წარმოდგენილი ვერსია ერთ სავსებით ლოგიკურ კითხვას ბადებს: - ტარბას შემთხვევა გასაგებია, მაგრამ რატომ იგივე სანქციები არ შეეხოთ ანქვაბსა და ძიაპშიპას? ისინიც ხომ უნდა დაეთხოვათ თანამდებობებიდან? ერთი შეხედვით ეს ლოგიკურიც კი იქნებოდა, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ეს ფიგურები სხვა "წონით კატეგორიებს" განეკუთვნებიან. ანქვაბი აფხაზური პოლიტიკის ვეტერანსა და "მძიმეწონიან" პოლიტიკოსს წარმოადგენს, რომელიც ბაღაფშთან ერთგვარ ტანდემს ჰქმნის. იგი დიდი ხანია ძალაუფლებისათვის იბრძვის და გასაკვირიც არ იქნება, რომ "ორმოს უთხრიდეს" მას, ვისთანაც ამ ძალაუფლების გაყოფა უხდება. ბაღაფშისათვის კი ანქვაბის ჩამოშორება ძნელადპროგნოზირებადი შედეგების მქონე სერიოზული და რადიკალური ნაბიჯი იქნებოდა.

დაახლოებით იგივე სურათია ძიაპშიპასთან დაკავშირებით, თუმცა იგი არ წარმოადგენს იმდენად "წონიან ფიგურას". მიუხედავად ამისა, თავის ხელმძღვანელობის ქვეშ არსებულ ორგანიზაციაში წესრიგის დამყარებაში მნიშვნელოვანი პროგრესის გათვალისწინებით, აფხაზურ პოლიტიკაში გამოჩეკილმა ახალმა სახემ საკმაოდ სწრაფი ტემპებით დაიწყო ავტორიტეტის მოპოვება. ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის ნომერ პირველმა მილიციელმა პრინციპული, საქმიანი და თანამედროვე აზროვნების ადამიანის იმიჯი დაიმკვიდრა. ნიშანდობლივია ისიც, რომ ადგილობრივ პოლიტიკურ სამზარეულოში მას დამოუკიდებელ და გავლენიან ფიგურად მიიჩნევენ, რომელსაც შეუძლია გააძლიეროს ის პოლიტიკური ბანაკი, რომელშიც იგი გადაწყვეტს გადასვლას.

ამგვარად, თუ აფხაზეთში გავრცელებული ხმები საფუძველს მოკლებული არ არიან, გამოდის რომ ბაღაფშმა, გამოავლინა რა საკუთარი "სიმტკიცე", "შეთქმულებაში მონაწილეებიდან" ყველაზე სუსტზე გადატეხა ჯოხი. რაც შეეხება ტარბას, თუ მან საკუთარი სურვილით სთქვა უარი და გადადგა თანამდებობიდან, ეს მისი ნაბიჯი არ ყოფილა პირველი მოულოდნელი გადაწყვეტილება ბოლო პერიოდში. მ.წ. 21 იანვარს ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის მთავრობის ხელმძღვანელი აფხაზური ოპოზიციური "სახალხო პარტიის" ლიდერის იაკუბ ლაკობას ირგვლივ აგორებული სკანდალის ეპიცენტრში მოექცა. ლაკობას კრიტიკით გატაცებულმა ტარბამ წარმოთქვა რა საკრალური ტერმინი "ხალხის მტრები", მან ამით აფხაზური საზოგადოების კრიტიკის ქარიშხალი დაიმსახურა, რომლებმაც "მთავრობას" სტალინის რეპრესიების პერიოდში დაბრუნების მცდელობაში დასდეს ბრალი. ხოლო ამ მოვლენებიდან ხუთ დღეში ტარბამ კიდევ ერთხელ გააოცა ყველა , როდესაც გუდაუთაში ოპოზიციურ ძალებთან შეხვედრაზე გაემგზავრა, სადაც საკუთარი თავის არადამაჯერებლად გამართლებისას მისი მისამართით ბევრი უსიამოვნო რეპლიკისა და გამოთქმების მოსმენა მოუწია.

ტარბას მხრიდან ასეთი ნაბიჯი შეიძლება შეფასდეს როგორც საკუთარი თავის რეაბილიტაციის მცდელობა იმ წრეების წარმომადგენლების თვალში, რომელთა თამოყვარეობა და ღირსება აფხაზური მთავრობის პოზიციის გადამეტებული დაცვისას შელახა. თუმცა, თუ ვივარაუდებთ რომ ტარბა ოპოზიციურ "მოედანზე" საკუთარ, ან გუნდურ გარკვეულ პოლიტიკურ თამაშს აწარმოებს, მაშინ ეს მისი ნაბიჯი სავსებით ლოგიკურადაც შეიძლება მივიჩნიოთ. ამასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ოკუპირებულ აფხაზეთში გამომავალი გაზეთის "ჩეგემსკაია პრავდა"-ს რედაქტორი ინალ ხაშიგი გამოთქვამს. მისი აზრით დაურ ტარბა "საკმაოდ გავლენიანი, მაგრამ ახალგაზრდა და ამბიციური ფიგურაა". მის გადადგომას ხაშიგი პირველ რიგში უკავშირებს "ინტერესთა კონფლიქტს თვით ხელისუფლებაში", რომელიც თავის მხრივ უკვე აქტიურად ემზადება 2014 წლის ე.წ. "საპრეზიდენტო" არჩევნებისათვის.

"პრეზიდენტ ბაღაფშისათვის ეს ბოლო ვადაა, განაცხადა ხაშიგმა რადიო "ეხო კავკაზა"-ს ეთერში. დღეისათვის კი პრეზიდენტის სავარძელზე მოქმედ ხელისუფლებაში ორ მძიმეწონიან პოლიტიკოსს განიხილავენ როგორიცაა ვიცე-პრეზიდენტი ალექსადრე ანქვაბი და პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა. მაგრამ ვფიქრობ, რომ დაურ ტარბა იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომელსაც თვით ხელისუფლებაში ის ახალი ტალღა ლობირებს, რომლებიც უკვე დაიღალნენ მძიმეწონიანი პოლიტიკოსებისაგან და შესაძლებელია ეს გადადგომა საკუთარი პოლიტიკური თამაშის წარმოების შესაძლებლობა იყოს. გამორიცხული არაა, რომ ეს იყოს უშუალოდ დაურ ტარბას, ან კიდევ "ედინაია აბხაზია"-ს რომელიმე სხვა ფიგურის თამაში".

ყოველივე ამის ფონზე საინტერესოა შეინარჩუნებს თუ არა ტარბა "სახელისუფლებო პარტიის" ხელმძღვანელის ადგილს. წინააღმდეგ შემთხვევაში ასევე საინტერესოა მის წასვლას რა რეაქცია მოჰყვება აფხაზეთის სინამდვილეში ყველაზე მძლავრი პოლიტიკური ძალის რიგებში, რომელიც, როგორც თვითონ აცხადებენ, მთელს რეგიონში დღეისათვის არსებული მოსახლეობის 10% აერთიანებს.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე