RSS
რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ახალ გეგმებს აწყობს
09.03.2011 17:30
ირაკლი ცქიტიშვილი
"ექსპერტთა კლუბი"

რუსეთმა უარი განაცხადა საქართველოზე თავდაუსხმელობის გარანტიების გაცემაზე. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გრიგორი კარასინმა. მისი თქმით, რუსეთი არ არის კონფლიქტის მხარე, შესაბამისად, არანაირ დოკუმენტზე ხელის მოწერა მას არ ესაჭიროება. უფრო მეტიც, კარასინმა თბილისს კვლავ შესთავაზა ამგვარი ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს ტერიტორიულ ერთეულებთან – აფხაზეთთან და ცხინვალთან.

კარასინმა ისიც განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის გარკვეულ გარანტადაც კი დადგეს იმაში, რომ ცხინვალი და სოხუმი არ დაესხმებიან თავს თბილისს.

რუსეთის საგარეო პოლიტიკის არაადექვატურობასა და რეალობასთან შეუსაბამობას დიდი ხანია საერთაშორისო საზოგადოება მიეჩვია. ისიც ყველასათვის ცნობილია, რომ სწორედ რუსეთი წარმოადგენს კონფლიქტის მხარეს და არა რაღაც გაუგებარი წარმონაქმნები "დამოუკიდებელი" აფხაზეთისა და ე.წ "სამხრეთ ოსეთის" სახით. არც ის არის დამალული, რომ სწორედ რუსეთის მიერ იქნა ინსპირირებული კონფლიქტები საქართველოში და 2008 წლის აგვისტოს აგრესიამ ისიც ნათლად დაანახა საზოგადოებას, თუ რა მიზნები ამოძრავებს იმპერიულ რუსეთს. აქედან გამომდინარე, კარასინის განცხადებას გულთან ახლოს არავინ მიიტანდა, რომ არ იყოს ერთი "მაგრამ". ზემოთაღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერის უარით მოსკოვმა ფაქტიურად განაცხადა, რომ კვლავ განიხილავს საქართველოზე თავდასხმის გეგმებს.

რუსეთი ცდილობს მოახვიოს საერთაშორისო საზოგადოებას საკუთარი პოზიცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს კონფლიქტი არა მასთან, არამედ სოხუმსა და ცხინვალთან აქვს. მოსკოვის ოფიციალური პირების ბოლო დროის განცხადებები პირდაპირ მიუთითებენ, რომ ოკუპანტის საერთაშორისო სტატუსი მოსკოვს საკმაოდ მძიმე ტვირთად აწევს. შესაბამისად, მათ არცთუ ბევრი საშუალება რჩებათ ლავირებისათვის – მათ ან უნდა დაიწყონ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და მოახდინონ საქართველოს დეოკუპაცია, ან უნდა დაიძვრინონ თავი და მოიხსნან ოკუპანტის სტატუსი, ან კიდევაც მოახდინონ საქართველოს სრული ოკუპაცია, რათა თბილისიდან მათ მიმართ პრეტენზიები აღარ ისმოდეს.

რუსეთის გეგმებში დეოკუპაცია რომ არ შედის, გასაგებია. ამაზე მეტყველებს რუსეთის მხრიდან ლამის ყოველდღიურად გაჟღერებული განცხადებები, რომელთა მიზანია საქართველოს დადანაშაულება რუსეთში მომხდარ ამა თუ იმ უბედურების ავტორობაში. ხან დომოდედოვოს ტერაქტში დაადანაშაულებენ, ხანაც სოჭის ოლიმპიადისთვის ხიფათის შექმნაში. ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსი აგონიაში ყოფნას უკვე აშკარადაც კი გამოხატავს საქართველოზე საუბრის დროს, მაგალითისათვის სერგეი მარკოვისა და ალექსანდრე ტორშინის განცხადებებიც კი კმარა.

ოკუპანტის სტატუსის "ჩამორეცხვა" რუსეთისთვის დღეს ყველაზე სასურველი მიზანია, თუმცა, ჩვენი აზრით, შეუძლებელი. ამისათვის მთელმა მსოფლიომ უნდა დახუჭოს თვალი ყველა უმსგავსობაზე, რასაც რუსეთი სჩადის. უფრო მეტიც, ღიად უნდა უღალატოს საკუთარ პრინციპებს. მაშინ უკვე მესამე ეტაპამდეც აღარაფერი დარჩება. სავარაუდოდ, მოსკოვის პოლიტიკა სწორედ ამ ხაზით ვითარდება. ჯერ–ჯერობით აგრესიის განმეორების საშიშროება არ არის, თუმცა რუსეთისგან ყველაფერია მოსალოდნელი. თუ მოსკოვმა შეძლო და შეარბილა საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულება მისი ოკუპაციური სტატუსის მიმართ, მაშინ ახალი აგრესიის შანსები გაორმაგდება, და ალბათ, პოლიტიკური თვალსაზრისით, არც არაფერი შეუშლის ხელს რუსეთს მიიტანოს მორიგი შეტევა საქართველოზე.

ეს ერთადერთი მიზეზი შეიძლება იყოს, რატომაც არიდებს რუსეთი თავს საქართველოზე თავდაუსხმელობის დოკუმენტის ხელმოწერას. ის რომ არ ამუშავებდეს თავდასხმის გეგმებს, მაშინ მის ინტერესებში უნდა შედიოდეს მეზობელ საქართველოსთან ასეთი ხელშეკრულების გაფორმება, თუნდაც ის არ იყოს კონფლიქტის მხარე. ქვეყანას, რომელიც არ განიხილავს მეზობელ სახელმწიფოზე თავდასხმის გეგმებს, არ უნდა ეშინოდეს მშვიდობის გარანტად გახდომა.

რაც შეეხება კარასინის მიერ გაკეთებულ სხვა განცხადებებს, ისინი უფრო ცინიკურია, ვიდრე შინაარსობრივი და იმეორებს კრემლის მიერ არაერთხელ გაჟღერებულ პოლიტიკურ განცხადებებს, რომელთა მიზანია საერთაშორისო საზოგადოებისათვის ახალი რეალობის თავს მოხვევა. ახალ რეალობაში კი ისინი გულისხმობენ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ სტატუსს, რაც ნონსენსია არა მარტო მსოფლიო საზოგადოებისათვის, არამედ თვით მოსკოვისათვისაც, ვინაიდან წარმოადგენენ მისთვის მხოლოდ ინსტრუმენტს საერთაშორისო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

როდესაც მოსკოვი აცხადებს, რომ შეუძლია გარანტად გამოვიდეს სოხუმისა და ცხინვალის მხრიდან თბილისზე თავდაუსხმელობის ხელშეკრულებისა, ეს ცინიზმია. პირველ რიგში იმიტომ, რომ სწორედ რუსეთის ჯარი დგას თბილისიდან 40 კილომეტრში და ქვეყნის სატრანსპორტო არტერიიდან რამოდენიმე ასეულ მეტრში. ეს ცინიზმია იმიტომ, რომ სწორედ რუსეთი ბომბავდა ქართულ სოფლებსა და ქალაქებს, ხოცავდა საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის ცხინვალშიც. ეს ცინიზმია იმიტომ, რომ სწორედ რუსეთი იყენებდა საქართველოში უახლეს შეიარაღებას მისი გამოცდის თვალსაზრისით (ცეცხლმფრქვევი РПО ПДМ-А) და ქართველებს უშენდა ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსს "Точка У"-ს.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რუსეთის გარანტიების ფასი ქართველებმა ყველაზე უკეთ ვიცით მოყოლებული გეორგიევსკის ტრაქტატიდან. განა რუსეთი არ იყო, ტრაქტატის მუხლების დარღვევით რომ მოახდინა მთელი საქართველოს ანექსია და იმპერიაში შეგვიყვანა? განა რუსეთმა არ სცნო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, რასაც 1921 წლის მორიგი ანექსია მოჰყვა? განა რუსეთი არ იყო გარანტი ყველა იმ ხელშეკრულებისა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც აფხაზეთში 1992–1993 წლებში დაიდო? და ყველას გვახსოვს, თუ როგორ დაკარგა საქართველომ ყოველი ასეთი გარანტიის შემდეგ ტერიტორიის გარკვეული ნაწილი. განა რუსეთის "სამშვიდობოები" არ იყვნენ მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტები ცხინვალის რეგიონში 2008 წელს? და რა? ასე იყო და ასე არის – რუსეთის გარანტია გაცილებით უფრო იაფია, ვიდრე ის ფურცელი, რომელზეც ის არის დაფიქსირებული. ამიტომაც, რუსეთს თანხმობაც კი რომ განეცხადებია საქართველოზე თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერაზე, საქართველოსათვის ეს მაინც ვერ იქნებოდა მშვიდობის გარანტია რუსული აგრესიისაგან. მას მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებისთვის იურიდიული დატვირთვა ექნებოდა, ისიც მანამ, სანამ რუსეთი არ მოახდენდა საქართველოს სრულ ოკუპაციას და არ შესთავაზებდა მათ კიდევ ერთ ახალ რეალობას.

აქედან გამომდინარე, ნებისმიერ დოკუმენტს, ხელმოწერილს რუსეთის მხრიდან, საქართველოსთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ამიტომაც ოფიციალურ თბილისს დიდი იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ კრემლის ხელმოწერა რაიმე ქაღალდზე დაიცავს ჩვენს ქვეყანას რუსეთის აგრესიისაგან. თუმცა საერთაშორისო ასპარეზზე, რა თქმა უნდა, ამ დოკუმენტით აპელირება და ყოველდღიურად რუსეთისაგან ნიღბის ჩამოხსნა აუცილებელი და საჭიროა.

მაგრამ რამ შეიძლება შეაკავოს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი? გასათვალისწინებელია, რომ კარასინის ამ განცხადების შემდეგ ჟენევის ფორმატი სრულ ჩიხში მოექცა, საიდანაც გამოსავალი არ ჩანს. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მოახდინოს გარკვეული ზეწოლა კონფლიქტის რომელიმე მხარეზე, რათა გამოსავალი გამოჩნდეს. საქართველოს დასათმობი აღარაფერი დარჩა. თანაც, სწორედ მისი ტერიტორიებია ოკუპირებული კონფლიქტის მეორე მხარის – რუსეთის მიერ. ამას გარდა, საქართველოს ზურგს უმაგრებს საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული არაერთი რეზოლუცია, რომელშიც პირდაპირ არის აღნიშნული თბილისის მიერ ყველა აღებული ვალდებულების შესრულება. აქედან გამომდინარე, საქართველო დღეს იურიდიულად მომგებიან პოზიციაში იმყოფება, თუმცა რეალპოლიტიკაში ეს არ მუშაობს. მიუხედავად ამისა, თუ საერთაშორისო საზოგადოებას სურს მშვიდობა და სტაბილურობა (და მათ ეს ნამდვილად უნდა სურდეთ) კავკასიის რეგიონში, საჭიროა ადექვატური ზეწოლის მოხდენა აგრესორზე. იმ პირობებში, როდესაც ევროპა და აშშ გარკვეულ ზომებს იღებს ბელორუსის საწინააღმდეგოდ, რომლის ხელისუფლებამაც აშკარად რუსეთის მიერ მოწყობილი პროვოკაციული მიტინგი დაშალა, რუსეთის მიმართ მიყრუება დანაშაულის ტოლფასია.

სამწუხაროდ, თვით საქართველოს არცთუ ისე ბევრი ბერკეტი გააჩნია, რათა შიდა რესურსებით შეაჩეროს აგრესიული მეზობლის მოქმედებები. ასეთ ბერკეტებად შესაძლოა გამოდგეს უფრო მეტი ჩართულობა ევროპულ სივრცეში და უფრო მეტი მონაწილეობა ევროპელი დამკვირვებლებისა და სამონიტორინგო ჯგუფებისა იმ ტერიტორიებზე, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს რუსეთის მიერ აგრესიის საბაბად; აშშ–ს მეტი მონაწილეობა საქართველო–აშშ ქარტიის ფარგლებში საქართველოს საზღვრებზე უსაფრთხოების სისტემების დანერგვასა და თავდაცვისუნარიანობის გაზრდით, მით უმეტეს, რომ სწორედ აშშ–სახელმწიფო დეპარტამენტი დიდად არის დაინტერესებული ტერორიზმისა და ნარკოტიკების გაუვრცელებლობით, რაზეც ამას წინათ გამოქვეყნებულ ანგარიშში იყო მითითებული; დემოკრატიული ინსტიტუტების მეტად განვითარება და ამ ფასეულობათა უფრო მეტი გავრცელება ჩრდილოეთ მეზობლის ტერიტორიაზე, რათა თვით რუსეთის მოქალაქეებს შეეძლოთ მტყუან–მართალის სწორად გარჩევა. 2008 წლის აგვისტოს აგრესია ხომ მთლიანად რუსეთის მოსახლეობის ჩუმი თანხმობის ფონზე მიმდინარეობდა. ასევე აუცილებელია საქართველოში მიმდინარე პროცესების გაცნობა არა მარტო რუსეთის, არამედ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოსახლეობისათვისაც. ეს კი პირველ რიგში სწორ საინფორმაციო პოლიტიკას გულისხმობს; კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში არსებული სიტუაციის ადგილიდან დაძვრა საკმაოდ რთული იქნება, თუ შეუძლებელი არა, ევროპული საზოგადოების მხრიდან რუსეთისადმი არაადექვატური დამოკიდებულების ფონზე, ამიტომაც მათ კარგად უნდა გაიაზრონ, და ჩვენ ამაში უნდა დავეხმაროთ, თუ რა ზიანი მოაქვს ასეთ დაუსჯელობის სინდრომს თვით ევროპისთვის. არის კიდევ ერთი სერიოზული საფრთხე – ეს ის შიდა კონტინგენტია, რომელიც ყოველ წუთს მზადაა ყვავილებით დახვდეს რუსის ტანკს. სამწუხაროდ, ასეთები საქართველოს ისტორიაში იყვნენ, არიან და ალბათ ყოველთვის იქნებიან, და ყველაზე დიდი ზიანი ქვეყანას სწორედ მათ შეუძლიათ მოუტანონ.

დღესათვის რუსეთის ჯარს არ გააჩნია გრძელვადიანი ომის საწარმოებელი რესურსები – არც ეკონომიკური, არც ფიზიკური. გამომდინარე აქედან, საქართველოს შეიარაღებული ძალების წინაშე არ დგას მხოლოდ აგრესიის მოკლევადიანი შემკავებლის ფუნქცია, რომელსაც შემდეგ საერთაშორისო საზოგადოების ჩარევა უნდა მოჰყვეს, ვინაიდან 2008 წლის აგვისტომ გვიჩვენა – მათ იმედად ყოფნა დაუშვებელია. ევროპამ უნდა გაიგოს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მორიგი აგრესია პირდაპირ აისახება მის აწმყოსა და მომავალზე, რაც საქარველოს ტერიტორიაზე გამავალი ნავთობსადენებისა და გაზსადენების მუშაობის შეჩერებით, თუნდაც მიზანმიმართულად მწყობრიდან გამოყვანით, იქნება გამოწვეული. საერთო ჯამში, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ნებისმიერი აგრესია საქართველოს წინააღმდეგ არ დამთავრდება მხოლოდ თბილისში რუსეთის მარიონეტის "დანიშვნით" და გამოიწვევს სრულ რეგიონალურ დესტაბილიზაციას. მათ კარგად უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს იქნება ფასი მათ მიერ გატარებული უხერხემლო, წყაროების, მიჩუმათების პოლიტიკისა და იქნებ დროა მიხვდნენ, რომ სამართალმა პური უნდა ჭამოს.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე