RSS
აფხაზური სეპარატიზმი სუკის ლაბირინთებში იშვა. ნაწილი V
14.03.2011 15:21
ლევან კიკნაძე
ექსპერტთა კლუბი

(გაგრძელება. იხ. ნაწილები I, II, III, IV)

როგორც "ექსპერტთა კლუბი" წინა პუბლიკაციაში წერდა, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების წინ შექმნილ უაღრესად რთულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებდა არძინბას დიქტატს დამორჩილებული უზენაესი საბჭოს (აფხაზური ფრთა) და მისი პრეზიდიუმის არაკანონიერი გადაწყვეტილებები, რომლებიც ძირითადად მიმართული იყო საქართველოს იურიდიული სივრციდან აფხაზეთის მოწყვეტისკენ. ზ.გამსახურდიას ხელისუფლების ნებისმიერი მცდელობა, დაერეგულირებინა სიტუაცია უშედეგოდ მთავრდებოდა. 

ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ თბილისიდან, ქუთაისიდან, ზუგდიდიდან და საქართველოს სხვა რაიონებიდან გამოდევნილი ზ.გამსახურდიას აქტიური მხარდამჭერებით აივსო აფხაზეთი, სადაც პირველი პრეზიდენტის მომხრეები ისედაც ბევრი იყვნენ. მეორეს მხრივ, აფხაზ და რუსულენოვან მოსახლეობაში ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდნენ რუსეთის სპეცსამსახურები. თავისი ანტიქართული განწყობით გამოირჩეოდნენ და ცეცხლზე ნავთს ასხამდნენ აფხაზური "აიდგილარა", სომხური და რუსული ორგანიზაციები "კრუნკი" და "სლავიანსკი დომი", რომლებიც "აიდგილარა"-ს მსგავსად შექმნილი იყვნენ და იმართებოდნენ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ (ადრე, ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელობა მოსახლეობაში სეპარატიზმის გაღვივებისთვის უშიშროების მიერ აყვანილი იყვნენ ოპერატიულ აღრიცხვაზე).

ამავე პერიოდში გაგრის, გუდაუთის, სოხუმის და სხვ. დასასვენებელ სახლებს იკავებდნენ ჩრდილო კავკასიელი "კონფედერანტები". ეშერის ბაზაზე ასევე განლაგდნენ ჩეჩენი ბოევიკები. ჯერ კიდევ 1991 წლის გაზაფხულზე არძინბას თხოვნით და საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ანატოლი ლუკიანოვის უშუალო ხელშეწყობითა და დახმარებით გუდაუთის "ბომბორის" აეროდრომზე შემოყვანილი იქნა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის 50-ე სპეციალური სადესანტო-მოიერიშე დივიზია. სოხუმში განლაგებული, ჯერ კიდევ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი დასასვენებელი სახლები "МВО", "ПВО", და სპეციალური დანიშნულების ობიექტები შუქურა", "ეშერის ლაბორატორია", "ტურისტული ბაზა" დამატებითი თავდაცვითი ღონისძიებების აუცილებლობის საბაბით, რესპუბლიკაში შექმნილი განსაკუთრებული ვითარების გამო, გაძლიერებული იქნენ ჯავშანტექნიკით, საბრძოლო იარაღით და ცოცხალი ძალით. მათ შემადგენლობაში მრავლად იყვნენ ГРУ-ს და ФСБ-ს განსაკუთრებული დანიშნულების განყოფილების ოფიცრები.

ვ.არძინბას და მის გარემოცვას კარგად ესმოდათ, რომ ქართული ეროვნული ძალების გათიშულობა მათ ინტერესებშიც შედიოდა და უნდა ითქვას, რომ ამ მიმართულებით ახერხებდნენ კიდეც სიტუაციის უფრო მეტად გამწვავებას. არადა ვითარება სულ უფრო ფეთქებადსაშიში ხდებოდა. ზ.გამსახურდიას ხელისუფლების წარმომადგენლები სოხუმის ცენტრში თითქმის ყოველ დღე მართავდნენ საინფორმაციო მიტინგებს. მიტინგზე გამომსვლელები მოითხოვდნენ ადგილობრივი ქართველი ხელმძღვანელებისაგან არ დამორჩილებოდნენ სამხედრო საბჭოს, რაც ფაქტიურად წარმოება-დაწესებულებებში აფხაზებსა და ქართველებს შორის ისედაც წარმოქმნილ დაპირისპირებას კიდევ უფრო ამწვავებდა და კოლექტივების ეროვნული ნიშნით გაყოფას უწყობდა ხელს. ბუნებრივია ყოველივე ეს სეპარატისტების წისქვილზე ასხავდა წყალს. შექმნილი მდგომარეობა აშკარად უქმნიდა საფრთხეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და უადვილებდა რუსეთის სპეცსამსახურებს დასახული მიზნის მიღწევას. ე.შევარდნაძის მცდელობა, ერთიანი ფრონტით გამოსულიყვნენ სეპარატისტების აღვირახსნილი ქმედებების წინააღმდეგ სასურველ შედეგს ვერ იძლეოდა, რადგან გადაულახავი იყო ის წინააღმდეგობები, რაც არსებობდა ერთის მხრივ მისა და ზ.გამსახურდიას მომხრეებს შორის, მეორეს მხრივ აფხაზეთის იმ ქართველ ლიდერებს შორისაც, რომლებმაც თანამდებობისთვის ბრძოლა თვითმიზნად გაიხადეს და ყურადღებას არ აქცევდნენ თუ როგორ იყენებდა ვ.არძინბა ქართველებს შორის დაპირისპირებას და იმავდროულად ახდენდა რა მთელი ძალაუფლების უზურპირებას.

არძინბას უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ უკანონო ფორმირებებად იქნენ აღიარებული აფხაზეთში მომრავლებული თბილისიდან გამოდევნილი საქართველოს ეროვნული გვარდიის მებრძოლები, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლა და განიარაღება დაევალა ე.წ. აფხაზეთის შინაგან ჯარს, რის გამოც მათ შორის დაპირისპირება საკმაოდ საშიშ ფორმებს ღებულობდა. ყველაფერი ეს კი უარყოფითად აისახებოდა კრიმინოგენურ ვითარებაზე. სამართალდამცავების ძალისხმევას სასურველი შედეგები არ მოქონდა, ხშირი იყო ძარცვის, ყაჩაღობის, თანამდებობის პირების მძევლად აყვანის ფაქტები. ბანდიტური ჯგუფების მიერ მომხდარი აფეთქებები აჩიგვარა-გალის, ტამიში-ოჩამჩირის, აძიუბჟა-ტამიშის რკინიგზის გადასარბენებზე გამსახურდიას მომხრეებს ბრალდებოდათ. გარდა ამისა, მათვე ბრალდებოდათ გაგრის, ბზიფის, განთიადის, გუდაუთის, ეშერის, სოხუმის, დრანდის, ოჩამჩირის, აჩიგვარას, გალის რკინიგზის სადგურებში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმები. იძარცვებოდა მაღალი ძაბვის ელსადენები რკინიგზაზე. ყველაფერი ეს კი იწვევდა როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო მატარებლების მოძრაობის შეფერხებას. იძარცვებოდა სადგურებში ჩარჩენილი სატვირთო ვაგონებიც.

შექმნილ ურთულეს სიტუაციაში არძინბას რეჟიმი სრულ პასიურობას იჩენდა. მართალია ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე მიმდინარეობდა მსჯელობა შექმნილი ვითარების ირგვლივ, მაგრამ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მდგომარეობის სტაბილიზაციისაკენ არ ჩქარობდნენ. მიღებული გადაწყვეტილებები რჩებოდა ქაღალდზე. მყარდებოდა აზრი, რომ არძინბას და მის გარემოცვას ხელს აძლევდა ვითარების მაქსიმალურად დაძაბვა.

რკინიგზაზე შექმნილ მძიმე სიტუაციასთან დაკავშირებით, საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის (ყოფილი აფხაზეთის უშიშროება) ინიციატივით შემუშავებული იქნა რკინიგზის მაგისტრალის აფხაზეთის მონაკვეთის დაცვის კომპლექსური გეგმა, რომელშიც, გარდა უშიშროებისა, მონაწილეობას მიიღებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო. ღონისძიებას ადგილებზე კოორდინაციას გაუწევდნენ რაიონების უშიშროების დანაყოფები, ხოლო საერთო ხელმძღვანელობას განახორციელებდა უშიშროების საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახური. გეგმაში ორგანიზაციული საკითხების გარდა, დეტალურად იყო წარმოდგენილი ყველა სარკინიგზო გადასარბენი, ხიდი და გვირაბი, რომლებიც დაცვას უნდა დაქვემდებარებოდა. გათვლილი იყო საჭირო ცოცხალი ძალა და შეიარაღება. შექმნილ ვითარებაში ყველასათვის აუცილებელი ღონისძიების ჩატარება მხოლოდ ერთობლივი, შეთანხმებული მოქმედებით იქნებოდა შესაძლებელი. თუ ამ საქმეში თბილისი დაგვეხმარებოდა, მხოლოდ გონივრულად და გეგმით გათვალისწინებულ ფარგლებში, არც თუ ისე დიდი დანახარჯებით – აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთზე და მიმდებარე ტერიტორიებზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდებოდა კრიმინოგენური ვითარება, აღიკვეთებოდა რკინიგზაზე ელ.სადენებისა და სატვირთო ვაგონების ძარცვა. ხსენებული გეგმა უშიშროების მაშინდელმა ხელმძღვანელმა ა.იოსელიანმა გააცნო არძინბას, რომელმაც საკითხის შესწავლა და ჩვენთან ერთად გადაწყვეტილების მიღება დაავალა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ე.კაპბას. სპეციალურ თათბირზე, რომელსაც ვესწრებოდით მე, როგორც ა.იოსელიანის მოადგილე, (ა.იოსელიანი იმ მომენტისთვის თბილისში იმყოფებოდა მივლინებით) და აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრი გენერალი გ.ლომინაძე, გეგმა ე.კაპბას მიერ მხარდაჭერილი იქნა, მაგრამ მას შესრულება არ ეწერა, რადგანაც წესრიგის დამყარება ვ.არძინბას ხელს არ აძლევდა. გაუგებარია რა მიზეზით, მაგრამ გეგმის განსახორციელებლად რაიმე მონდომება არც გ.ლომინაძეს გამოუჩენია. ფაქტი ის არის, რომ უშიშროების ძალისხმევა ამ მიმართულებით უშედეგოდ დამთავრდა. მიუხედავად ამისა ა.იოსელიანი მცდელობას მაინც არ აკლებდა და თბილისშიც არაერთხელ ჩამოვიდა ამ უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხის გადასაწყვეტად, მაგრამ უშედეგოდ. ერთხელ ასეც კი მითხრა: "ლევან, თბილისს ჩვენთვის არ სცალია. ჩვენ თუ არ მივხედეთ აფხაზეთს, ყველაფერი გაცილებით უარესად დამთავრდება, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია". დიდი და პატარა ჩართული იყვნენ პოლიტიკურ ბატალიებში და ქვეყნისათვის ისეთი სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემების მოგვარებისთვის, როგორიც იმ დროს კრიმინალთა თარეშის აღკვეთა და სარკინიგზო გადაზიდვების დაცვა იყო – არავის არ ეცალა. ის კი არა, დაჟინებული მოთხოვნა, ადგილებზე მიღებულიყო გადამჭრელი ზომები რკინიგზის დასაცავად, უდროოდ და ახირებადაც აღიქმებოდა.

მოგვიანებით სწორედ რკინიგზის დაცვის მიზნით შემოვიდნენ თ.კიტოვანის შეიარაღებული ფორმირებები აფხაზეთში, რის შესახებაც სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილებას თბილისში სასტიკად შეეწინააღმდეგა ავთანდილ იოსელიანი. მისი წინააღმდეგობა განპირობებული იყო იმით, რომ მან კარგად იცოდა, რაც მოყვებოდა მართალია სამშობლოს სიყვარულით გულანთებული, მაგრამ გაუწვრთნელ, ყოველგვარ სამხედრო დისციპლინას მოკლებულ და სახელდახელოდ შეკრებილ ქართულ საჯარისო ფორმირებების შესვლას აფხაზეთში. სახეზე იყო კარგად დაგეგმილი პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეუძლებელი გახდა მისი თავიდან აცილება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობას სრული უფლება ჰქონდა თვითონ გადაეწყვიტა საჯარისო ფორმირებების გადაადგილება თავის ტერიტორიაზე, იგი მაინც ვალდებული იყო გაეთვალა მოსალოდნელი გართულებები აფხაზეთში, მითუმეტეს, რომ ჩვენგან მიწოდებული წერილობითი თუ ზეპირი ოპერატიული ინფორმაციებით არძინბა დათმობას არ აპირებდა და ქართული საჯარისო ფორმირებების გადაადგილება აფხაზეთის ტერიტორიაზე, საბაბს მისცემდა ძმათამკვლელი ომის გასაჩაღებლად.

მართალია აფხაზეთის ტრაგედიის დასაწყისს ყველა 1992 წლის აგვისტოს უკავშირებს, მაგრამ იმავე წლის გაზაფხულზე თითქმის ყველა წინაპირობა არსებობდა იმისათვის, რომ შეიარაღებული დაპირისპირება ქართველებსა და აფხაზებს შორის გარდაუვალი იყო.

ყველაზე კარგად ამას აფხაზეთის უშიშროების მაშინდელი თავკაცი ავთანდილ იოსელიანი გრძნობდა. გრძნობდა და იმ დროისათვის არაპოპულარულ გადაწყვეტილებებსაც იღებდა. რაც მთავარია, მიუხედავად ანგაჟირებული ადგილობრივი ქართველი ლიდერების ზეწოლისა, მოახერხა და უშიშროების ერთიანი ბირთვი შეინარჩუნა. მართალია არძინბა შეეცადა ახლად შექმნილი, აფხაზეთის უზენაეს საბჭოს დაქვემდებარებული სამთავრობო დაცვის სამსახურის სახით, ალტერნატიული უშიშროების სამსახური ჩამოეყალიბებინა, მაგრამ რამოდენიმე გონებაშეზღუდული თანამშრომლის გარდა, სხვა ვინმე ფასეული თანამშრომლის გადაბირება ვერ მოახერხა. ვერ მოახერხა პირველ რიგში იმის გამო, რომ აფხაზეთის იმდროინდელ უშიშროების კომიტეტში ვერავინ გაბედავდა ამა თუ იმ მხარეს ღიად ჩაბმულიყო პოლიტიკურ პროცესებში, რადგანაც ყველა ხედავდა თუ როგორ იბრძოდა თვით ა.იოსელიანი სისხლიანი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად. ისიც უნდა ავღნიშნო, რომ მოწონს ეს ვინმეს თუ არ მოწონს, ფაქტი ერთია: მიუხედავად ჩვენდამი არაერთგვაროვანი დამოკიდებულებისა (რაც სამწუხაროდ დღესაც გრძელდება) საზოგადოების სხვადასხვა ფენებში მიმდინარე პროცესებზე კონტროლს ყველაზე უკეთესად მაინც ჩვენ ვახორციელებდით, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ზემოქმედების ბერკეტებს სამწუხაროდ ვეღარ ვფლობდით. სამწუხაროდ იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ საინფორმაციო სამსახური ვიყავით და ვისაც ხელეწიფებოდა რეაგირება, ან არ უჯერებდა ჩვენს ინფორმაციებს, ან კიდევ უარესი – არ ეცალა ამისათვის. ასე იყო მაშინაც, როცა აფხაზეთის უნივერსიტეტი გაიყო. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ სწორედ იმ დღეს ჩატყდა ხიდი ქართველებსა და აფხაზებს შორის, რადგანაც ეს იყო პირველი, აფხაზური მხარის მიერ ორგანიზებული შეიარაღებული დაპირისპირება, რომლისთვისაც იმ დროისათვის შესაძლებლობის ფარგლებში საკმაოდ კარგად იყვნენ მომზადებულები აფხაზები.

დღემდე არც ერთ მხარეს არ უსაუბრია 1989 წლის 15-16 ივლისს სოხუმში დატრიალებულ ტრაგედიის ნამდვილ მიზეზებზე, რომელმაც სხვა ქართველ ბიჭებთან ერთად ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ლიდერი ვოვა ვეკუა იმსხვერპლა. არ უსაუბრიათ იმიტომ, რომ უნივერსიტეტის, როგორც ქართული ასევე აფხაზური ნაწილის ზოგიერთი ხელმძღვანელის ქმედებებში პირადი, მერკანტილური ინტერესები უფრო სჭარბობდნენ ვიდრე ეროვნული. სამწუხაროდ ხსენებულ ქართველ ხელმძღვანელთა პროვოკაციულ მოწოდებას გამოყოფის შესახებ მხარი დაუჭირეს პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა, რომელთა პატრიოტიზმში და ეროვნულებაში ბუნებრივია იოტისოდენ ეჭვსაც ვერ შევიტანთ. იმ დროისათვის მსგავსი შინაარსის მოწოდებებისთვის მხარის არდაჭერა ქართულ საზოგადოებაში აღიქმებოდა, როგორც ღალატი და ამდენად, ხშირ შემთხვევაში საღი აზრის გამოთქმას ბევრი ერიდებოდა და იძულებული ხდებოდა მიყოლოდა დინებას.

ასევე უარყოფითად ვაფასებდით უკვე დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფას. მე მშვენივრად მესმის, რომ არძინბამ არაკანონიერად, ცენტრთან შეუთანხმებლად გაათავისუფლა თანამდებობიდან გენერალი გივი ლომინაძე და ასევე არაკანონიერად დანიშნა მინისტრის თანამდებობაზე ა.ანქვაბი. მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან აშკარად ჩანს - წინდახედულება და მოთმინება რომ გამოგვეჩინა და შსს-ს არ გამოვყოფოდით, დარწმუნებული ვარ ა.ანქვაბთან, რომელიც არძინბამ გ.ლომინაძის ადგილზე დანიშნა და ძალით გაათავისუფლებინა ამ უკანასკნელს კაბინეტი, არ გაჭირდებოდა კონსტრუქციული თანამშრომლობა.

 არც უზენაესი საბჭოს გაყოფა წაადგა ქართულ მხარეს. წინა პუბლიკაციაში ვწერდით, თუ როგორ მივართვით ლანგარით არძინბას უმრავლესობა, რითაც იგი ზედიზედ იღებდა არაკანონიერ გადაწყვეტილებებს. მეტი ვერაფერი მოიფიქრა ქართულმა დეპუტაციამ, გარდა იმისა, რომ გაეყო პარლამენტი, რამაც ასევე სეპარატისტების წისქვილზე დაასხა წყალი. მე სრულებითაც არ მინდა იმის თქმა, რომ ქართული დეპუტაცია წინააღმდეგობას არ უწევდა არაკანონიერ გადაწყვეტილებებს. პირიქით, უწევდა და სიამაყის გრძნობით ვიყავით განმსჭვალული ყველა ქართველი, როცა თვალს ვადევნებდით მათ შეუპოვარ ბრძოლას. ეს საპარლამენტო ბრძოლის მუხტი მოსახლეობაზეც გადმოდიოდა და აუცილებლად უნდა გაგრძელებულიყო. დღემდე არ ვიცი ვინ გადაწყვიტა გამოყოფა, მაგრამ ჩემის ღრმა რწმენით ქართულ დეპუტაციას პარლამენტის პლენარულ სხდომებზე მონაწილეობაზე უარი არ უნდა ეთქვა და პარლამენტის სხდომათა დარბაზი არ უნდა დაეტოვებინა. ეს ქმედება ბრძოლის ველის დატოვებად და უკანდახევად უნდა შეფასდეს. ხალხის რჩეულებს კი ამის უფლება არ ქონდათ, უნდა ებრძოლათ ბოლომდე.

ზემოთხსენებულ საკითხებზე მუდმივად მიმდინარეობდა ბჭობა, კამათი, გაწევ-გამოწევაც, მაგრამ დასაშვებ ფარგლებში. არ ვცდილობ ვინმე დავარწმუნო იმაში, რომ აფხაზ და რუს თანამშრომლებთან პრობლემები არ იყო, პირიქით ძნელად ხერხდებოდა აფხაზ მოსახლეობაში მიმდინარე პროცესების სრულფასოვანი შეფასება, რადგანაც აფხაზი თანამშრომლებისაგან მოწოდებული ინფორმაციები ობიექტურად არ ასახავდნენ რეალურ ვითარებას. მიუხედავად ამისა უშიშროება მაინც ინარჩუნებდა ერთიანობას. ამასვე მოუწოდებდა ა.იოსელიანი სხვა ხელმძღვანელებს, რაც, როგორც ზემოთ ავღნიშნე, ბევრ ქართველ ლიდერს აღიზიანებდა.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე