RSS
სულიერი ოკუპაციის მექანიზმი
06.04.2011 19:19
გიორგი წიკლაური

აფხაზეთის სამღვდელოება ამბოხდა. ჯერ კიდევ არ იყო ჩამცხრალი სოფელ აიბგას გარშემო აგორებული ვნებათა ღელვა, დაძაბულობის მორიგ ადგილად რუსეთიდან მოვლენილ სეტყვას აფხაზური ქვა დახვდა ახალი ათონის სახით, სადაც მიმდინარე წლის 15 მაისს "სახალხო-საეკლესიო" ყრილობის ჩატარება იგეგმება. ე.წ. "აფხაზეთის ეპარქიის" მეთაურის ბესარიონის (აპლიაას) წინააღმდეგ, მისი ძველი მოქიშპის სვიმონ კანანელის სახელობის ახალი ათონის მონასტრის წინამძღვრის ანდრეის (ამპარის) მომხრეები გამოდიან. გადაწყვეტილება კრების მოწვევის შესახებ მოხდა 4 აპრილის თავყრილობაზე, როცა ამპარის გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო და მის მხარდასაჭერად ასობით ადამიანი შეიკრიბა მონასტერთან.

ამგვარად კულმინაციას უახლოვდება "დამოუკიდებელი აფხაზეთის" ე.წ. ეპარქიაში წლების განმავლობაში არსებული დაპირისპირება, რომელიც გარდა სულიერი სფეროსა, რუსების მიერ ოკუპირებული აფხაზეთის პოლიტიკურ ვითარებაზეც ახდენს გავლენას. ამასთან, ეს შიდა სასულიერო კონფლიქტი ზუსტი პროექციაა იმ დილემისა, რომლის წინაშეც ზოგადად აფხაზური საზოგადოება დგას.

მცირეოდენი უახლესი ისტორიიდან

სიტუაციაში უფრო კარგად გასარკვევად, საჭიროა ცოტა შორიდან მოვუაროთ. რუსეთის მიერ შექმნილი და შემდგომში გაღვივებული აფხაზური სეპარატიზმი მოსკოვის მიერ იმართებოდა როგორც საერო, ასევე სასულიერო საზოგადოებაში. ეს გასაკვირი არც არის, ვინაიდან საბჭოთა სუკ-ი, რომელიც პარტიული ხელმძღვანელობის დავალებით პასუხისმგებელი იყო "აფხაზური პროექტის" წარმატებით განხორციელებაზე და საბჭოთა კავშირის დაშლამდე მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე არანაკლები სიმკაცრით აკონტროლებდა სასულიერო საზოგადოებაში არსებულ ვითარებას. აფხაზეთში ე.წ. აფხაზურ საეკლესიო სეპარატიზმს სათავეში მღვდელი ბესარიონი ჩაუყენეს, რომელიც, სხვათაშორის, თვით საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის ხელდადებით დაინიშნა. თავდაპირველად იგი ატარებდა ფილიას გვარს, რომელიც 1992-93 წლების საომარი მოქმედებების შემდეგ პოლიტიკურად მომგებიან გვარზე - აპლიააზე გადაცვალა. თუმცა ამ მანევრმა მაინც ვერ უშველა დაემალა საომარი მოქმედებების დროს შეძენილი მრავლისმთქმელი ზედმეტსახელი - "მღვდელი-მაუზერი".

აფხაზეთის სასულიერო საზოგადოება მიტროპოლიტ დანიელის (დათუაშვილის) ხემძღვანელობით მისივე მრევლის უმეტესობასთან ერთად განდევნილი იქნა აფხაზეთიდან. მტრის ხელში მოხვედრილმა აფხაზმა და ქართველმა მღვდელმსახურებმა, რომლებიც არ იზიარებდნენ ძმათამკვლელი ომის კაცთმოძულეობის იდეებს, იოანე ოქროპირის სახელობის მონასტრის მამა ანდრეას (ყურაშვილი) და დიაკვანი იურის (ანუას) ბედი გაიზიარეს, რომლებიც თავიანთ მრევლთან ერთად წამებით დახოცეს სოფ. კომანში. ამგვარად, ეთნიკური წმენდის მომსწრე აფხაზეთში პრაქტიკულად არ დარჩა სასულიერო წოდების პიროვნება - გარდა ბესარიონ აპლიაასი.

მან, ყველა კანონიკური და მორალური ნორმების იგნორირებით განაცხადა "აფხაზური ეპარქიის" შექმნისა და მის ხელმძღვანელად თავისი თავის "დანიშვნის" შესახებ, ხოლო ორი წლის წინ საკუთარი ტიტული "აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელით" შეცვალა. ამ "ეკლესიაში" ნაციონალისტურად განწყობილი აფხაზი მღვდელ-მსახურების ჯგუფიც შედის, რომლებიც ძირითადად რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ არიან ხელდასმულნი და იზრდებოდნენ "მღვდელი-მაუზერი"-ს კალთას ამოფარებული (ბევრი მათგანი უშუალოდ აპლიაას რეკომენდაციით იგზავნებოდა სასწავლებლად რუსეთის სასულიერო სემინარიაში). ასეთ კატეგორიას განეკუთვნებიან ვასილისკ ლეიბა, ეგნატე კიუტი, დოროფეი დბარი, დავით სარსანია, გერმან მარშანი, ადრეი ამპარი, ლეონ აჯინჯალი და სხვა... ალბათ ზედმეტია იმის შეხსენება, რომ ამგვარი "ეკლესია" დღემდე არავის უცვნია კანონიკურად. თუმცა ეს გარემოება რუსეთისათვის არ გამხდარა რაიმე დაბრკოლება, რათა საქართველოს წინააღმდეგ კონფესიურ საკითხებში ისეთივე დამპყრობლური, კოლონიალური პოლიტიკა გაეტარებინა, როგორსაც იგი საქართველოსთან მიმართებაში ბოლო ოცი წლის მანძილზე ახორციელებს.

ოფიციალური აუღიარებლობის პირობებში, განდგომილების ჯგუფმა მაინც მოახერხა მოსკოვის საპატრიარქოს ფარული მხარდაჭერის მოპოვება, რომელმაც ქართველებისაგან "გაწმენდილ" საქართველოს უძველეს კუთხეში ფესვების გასადგმელად შექმნილი ვითარება საკმაოდ კარგად გამოიყენა. რუსი მღვდელმსახურების საქმიანობა და აფხაზურ "ეპარქიასთან" ურთიერთობა არ აფიშირდებოდა, მაგრამ თუ ეს მაინც ხდებოდა ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი, მათ ქმედებებს "პირადი ინიციატივების" კვალიფიკაცია ეძლეოდა, თუმცა უშუალოდ ბესარიონ აპლიაა რამოდენიმეჯერ შეხვდა აწ განსვენებულ სრულიად რუსეთის პატრიარქს ალექსი მეორეს. მართალია საქართველოს მართმადიდებლური ეკლესია ამჯობინებდა თვალი დაეხუჭა შექმნილ ვითარებაზე და კმაყოფილდებოდა პასუხებით იმ კითხვებზე, რომლებიც იგზავნებოდა მოსკოვში განსაკუთრებულად გახმაურებულ თემებზე. მიუხედავად ამისა აფხაზური "ეპარქია", ისევე როგორც მის საბოლოო ოკუპაციამდე თვითონ აფხაზეთი, ხმაურიანი 90-იანი წლების შუა პერიოდიდან თვითდინებაზე იყო მიშვებული - რუსეთი ამ დროს საკუთარი შიდა პოლიტიკური პრობლემებით იყო დაკავებული და კმაყოფილდებოდა იმით, რომ საქართველოში სიტუაცია ენგურზე მდგომი "მშვიდობისმყოფელების" მიერ საგულდაგულოდ იყო დაკონსერვებული.

მამები და შვილები

კანონიერი სასულიერო ხელმძღვანელობისა და მოსკოვიდან მკაცრი ზედამხედველობის არარსებობის პირობებში 2000 წლის დამდეგისათვის აფხაზ მღვდელმსახურთა შორის სერიოზული დაპირისპირება გაჩაღდა. დოროფეი დბარსა და ანდრეი ამპარს, რომლებიც ღვთისმსახურებას აფხაზურ ენაზე აღავლენდნენ, კონფლიქტი მოუვიდათ ბესარიონ აპლიაასთან, რომელიც საკუთარ თავს აფხაზეთში რუსეთის ეკლესიის ეპისკოპოსად თვლის, მაგრამ ამაზე ღიად საუბარი არ შეუძლია. ამ კონფლიქტს პოლიტიკურის გარდა სხვა მოტივებიც გააჩნია. ახალგაზრდა მოძღვრები, რომლებიც გახდნენ კომანისა (დბარი) და ახალი ათონის (ამპარი) მონასტრების წინამძღვრები, განათლებულ ადამიანებს წარმოადგენენ და უფრო მეტად შეესაბამებიან მღვდლის იერსახეს, ვიდრე ეშმაკისეული ბესარიონი, რომელიც თავისი მოუთოკავი ხასიათით, ღრეობის მოყვარულობით, კრიმინალური წარსულითა და დღესაც საეჭვო კავშირებით კარგად არის ცნობილი საზოგადოებისათვის. ამიტომაც სრულიად გასაგებია აფხაზური "სასულიერო სამყაროს" ახალგაზრდა ამბიციური ნაციონალისტების პოზიცია – არ დაემორჩილონ ისეთ პერსონას, როგორიც მღვდელი-მაუზერია.

2005 წლის მაისში კონფლიქტი ღია დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომლის განეიტრალება მაიკოპისა და ადიღეს არქიეპისკოპოსის პანტელეიმონის (კუტოვოის) მეშვეობით მოხერხდა. რუსი კრელიკალის შუამავლობას ე.წ. "მაიკოპის შეთანხმების" გაფორმება მოჰყვა, რომლის თანახმადაც "აფხაზეთის ეპარქიას" ორი თანათავმჯდომარე უნდა ჰყოლოდა. ასეთებად განიხილებოდნენ აპლიაა და ამპარი, მაგრამ ზუსტად ერთი წლის თავზე, 2006 წლის მაისში ამპარი და დბარი კვლავ გამოვიდნენ აპლიაას წინააღმდეგ. იგი შეთანხმების დარღვევაში და ძალაუფლების უზურპაციაში დაადანაშაულეს. აპლიაამ თავის მხრივ ოპონენტებს "აფხაზური ეკლესიის დამანგრევლები" უწოდა და კათოლიკებთან ურთიერთობაში დაადანაშაულა.

ბესარიონ აპლიაამ ამჯერად შესძლო საკუთარი პოზიციების დაცვა. იმავე არქიეპისკოპოს პანტელეიმონის მეშვეობით აფხაზეთიდან პრაქტიკულად გაძევებული იქნა მისი მთავარი მოწინააღმდეგე დოროფეი დბარი. ახალი ათონის სასულიერო სასწავლებლის ყოფილი რექტორი 2007 წლიდან თვითონ გადის "სწავლებას" საბერძნეთის თესალონიკის უნივერსიტეტში. მისი მეგობარი ანდრეი ამპარი აიძულეს ხელი მოეწერა განცხადებაზე "აფხაზეთის ეპარქიის" თანათავმჯდომარის თანამდებობაზე უარის თქმის შესახებ, რის სანაცვლოდაც დაუტოვეს მხოლოდ ახალი ათონის მონასტერი, სადაც ბოლო დრომდე მშვიდად ეწეოდა თავის საქმიანობას. შემდგომში აფხაზეთის "სასულიერო ხელისუფლებაში" საკუთარი მონოპოლიის განმტკიცების მიზნით, აპლიაამ კომანის მონასტრიდან გამოაგდო მის კონტროლს გარეშე მყოფი რუსი ბერები მამა გრიგორის (ხორკინი) მეთაურობით, რომელიც ამ მონასტრის წინამძღოლი იყო და დბარის მემკვიდრედ ითვლებოდა. ახლა კი ყუბანში აპირებს მოწყობას, რადგან მისი ადგილი მღვდელი-მაუზერთან და რუსეთის ფსბ-სთან დაახლოებულმა იგნატი კიუტმა დაიკავა.

აფხაზი ეგზარქოსი

ხორკინთან დაკავშირებული ეპიზოდი არანაირად არ არის დაკავშირებული აპლიაას რუსეთის ეკლესიის მიმართ დამოკიდებულებასთან. აქ საქმე უფრო პერსონალურ შეუთავსებლობასთან გვაქვს. აპლიაა აქტიურად შეუდგა მღვდელმსახურების რუსეთიდან აფხაზეთში ჩამოყვანას, რასაც რა თქმა უნდა პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ახორციელებს. ვინაიდან რუს ბერებს აფხაზეთში არანაირი კავშირები და მითუმეტეს ფესვები არ გააჩნიათ, ისინი პირდაპირ არიან დამოკიდებული მღვდელ-მაუზერზე და უპირობოდ აღიარებენ მის თავკაცობას. იმავე მიზეზით რუსეთიდან ჩასული ნებისმიერი მღვდელთმსახური ახლო მომავალშიც კი ვერ გახდება "აფხაზური ეპარქიის თავკაცის" კონკურენტი. ეს სწორედ იმ ქვეყნის ეკლესიის "საძმოა", რომლის ნაწილადაც თვლის საკუთარ თავს და საერთოდ აფხაზეთის ტერიტორიას ადგილობრივი ნომერ პირველი მღვდელთმსახური, „ჩამოსულები“ კი მისთვის, მკვეთრი აფხაზური პოზიციის მქონე ახალგაზრდა "სწავლულებისაგან" განსხვავებით, მენტალურად და სულიერად ახლოს არიან მასთან. ბესარიონმა არ დააყოვნა და საკუთარი ვაჟი ერთ-ერთ გავლენიან მოსკოველი მღვდლის ქალიშვილზე დააქორწინა, რითაც მისთვის და საკუთარი თავისთვისაც "საკუთარი ეპარქიიდან" მოშორებით მყუდრო ნავსაყუდელი გაიჩინა. როცა მის ტაძრებში რუსეთის პატრიარქის კირილეს სახელზე ლოცვები აღევლინება, ეს იმის მიმანიშნებელია, რომ "აფხაზეთის ეკლესია" რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიაში შედის, ან კიდევ ამ უკანასკნელთან სრული ევქარისტული ურთიერთობის დამყარება და ოფიციალური აღიარების მოპოვება უნდათ.

აფხაზეთში რუსეთის სასულიერო პირების "ჩასახლების" პროცესი უფრო გააქტიურდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ოკუპირებული რეგიონი "დამოუკიდებელ სახელმწიფოდ" აღიარა. დღეისათვის აფხაზეთის ტერიტორიაზე "მოღვაწე" სასულიერო წოდების მქონეთა ორ მესამედს საერთოდ არანაირი კავშირი არ გააჩნია აფხაზეთთან. ხოლო სოხუმის საკათედრო ტაძარში მხოლოდ რუსი მღვდლები და დიაკვანები ეწევიან მღვდელმსახურებას. აფხაზურ უძველეს სოფელ ანუხვაშიც კი (წმინდა ადგილი) ღვთისმსახურებას რუსეთიდან მოვლინებული მამა სერგეი ატარებს. რუსულ სამხედრო ბაზებზე იხსნება რუსული საველე ეკლესიები, სადაც წირვა-ლოცვებს რუსი სამხედრო მღვდლები ეწევიან. კერძოდ, გუდაუთაში ჩავიდა მოსკოვის პეტრე-პავლეს ეპარქიის ყოფილი წარმომადგენელი მამა ალექსანდრე (ტერპუგოვი), ხოლო აფხაზეთის უნივერსიტეტში ღვთისმეტყველებაში ლექციებს კითხულობს ფრიად საინტერესო პიროვნება, მისიონერად ცნობილი და "რუსული სიტყვისათვის" მებრძოლი დიაკვანი ანდრეი (კურაევი), რომელიც სტუდენტებს ართობს რჩევებით თუ როგორი მეთოდებით უნდა "მოაბრუნო ქრისტეს რჯულზე" ურწმუნო გოგონები.

ამ ფონზე გაერთიანდა აფხაზური სასულიერო საზოგადოების ახალგაზრდა ფრთა ანდრეი ამპარის ირგვლივ. ისინი დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ გაჩუმებული და ბოლოს უკვე ალბათ მოთმინების ფიალა აევსოთ (ან კიდევ შეიგნეს, რომ დასაკარგი არაფერი დარჩათ), როცა 2011 წლის მარტში მღვდელმა-მაუზერმა ახალი ათონის მონასტერში მოძღვარი - იღუმენი ეფრემი (ვინოგრადოვი) ჩამოიყვანა, რომელიც თავის მხრივ მოსკოვის საპატრიარქოს მიერ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელთმსახურთა ჯგუფთან ერთად "აფხაზეთში რუსული სამღვდელოების ტრადიციის აღსადგენად" იქნა მოვლინებული. თუ რატომ მაინცდამაინც სვიმონ კანანელის მონასტერში - ეს გასაგებია, ვინაიდან იგი 1875 წელს საბერძნეთის ახალ ათონში მომსახურე რუსი ბერების მიერ იქნა დაფუძნებული, ხოლო შემდგომ მონასტერი რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე მესამის განსაკუთრებული კეთილგანწყობით სარგებლობდა. ასე რომ ამპარის მონასტრის ეკონომის ადგილზე გადაყვანით იგი გვერდზე გაწიეს და ახალი წინამძღვრისათვის სასურველი გარემოს შექმნის მიზნით, გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ვინოგრადოვი აფხაზური გვარის - ლაკერბაიას შტოს ეკუთვნის. თუმცა მის ქცევას და მანერებს აფხაზურთან საერთო არაფერი აქვს.

კრიზისი

პირველივე დღეებში, მოიმიზეზა რა რუსეთის პატრიარქ კირილის (გუნდიაევის) რჩევა-დარიგება, მამა ეფრემმა მოითხოვა ხმარებიდან ამოეღოთ ბიზანტიურ მოკაზმულობასთან და ღვთისმსახურებასთან დაკავშირებული ყველა ელემენტი, რომლებსაც ნაციონალისტურად განწყობილი "აფხაზური ეკლესიის" წარმომადგენლები იყენებდნენ იმისათვის, რათა თანამედროვე აფხაზურ ეთნომითოლოგიის მიხედვით ისტორიულ აფხაზეთის ეპარქიასა და გაერთიანებული ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის რაიმე კავშირის არ არსებობისათვის გაესვათ ხაზი. თუმცა, ბიზანტიურ ყაიდაზე და აფხაზურ ენაზე საეკლესიო გალობების შესრულება მიუღებლად იქნა მიჩნეული, ვინაიდან პირადად მონასტრის ახალი წინამძღვრისათვის და მას ჩამოყოლილი ამალასათვის ეს ენა უცხოა. ხოლო ღვთისმსახურების სლავურ ყაიდაზე გადაყვანა აფხაზებისათვის გახდა გაუგებარი. სამაგიეროდ აფხაზები მიხვდნენ, თუ რა გადაიტანეს ქართველებმა მე-19 საუკუნეში, როდესაც რუსეთის იმპერატორის ერთი განკარგულებით საქართველოს ეკლესიამ თოთხმეტი საუკუნის ისტორიის მქონე ავტოკეფალია დაკარგა, რომელიც ეგზარქატის უფლებებით რუსეთის ეკლესიას გადასცა, ხოლო რუსეთიდან გამოგზავნილმა ეგზარქებმა გააუქმეს ღვთისმსახურება "ძაღლურ ქართულ ენაზე" და ტაძრებში არსებული უძველესი ქართული ფრესკები საერთოდ გადაღებეს.

უნდა აღინიშნოს, რომ იღუმენი ეფრემი საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა. მაგრამ ეს ცნობადობა მან მოიპოვა ინკოგნიტოდ, რუსეთში გამოცემული წიგნებით, რომლებსაც აქვეყნებდა ფსევდონიმით „იღუმენი N“. ამ მოძღვარის სწავლების შინაარსი მარტივია: - ოკულტური შიშების დანერგვა, ეშმაკების ძიება ყველგან და ყველაფერში, ფსიქიატრიის შეცვლა დემონოლოგიით. ზოგადად ყველაფერი გამოიყურება სწორედ ისე, როგორც ეს ესადაგება სამღვდელოების იმ წარმომადგენელს, რომელიც "ყოველთვის ასწავლიდა თავის მრევლს არა შეეცნო და შეეყვარებინა ღმერთი, არამედ ჰქონოდა მხოლოდ ეშმაკების შიში, რომლებსაც თითონვე ამრავლებდა" ("რუსეთის ისტორიის კურსი" 1908 წ. ტ.9 გვ.356). ყველაფერი რიგზე აქვს ეფრემს პოლიტიკური თვალსაზრისითაც: "არ არსებობს ხსნა ეროვნულ ფესვებთან ურთიერთობის გარეშე", "მსოფლიო თავის ამოცანას ასევე რუსეთის დაპყრობაში ხედავდა, რათა დაუბრკოლებლად განეხორციელებინა მისი ექსპლუატაცია და რესურსების საზღვარგარეთ გატანა" (იღუმენ N–ის ვებგვერდი). როგორც ვხედავთ ამ პიროვნების აზროვნება თანამედროვე რუსული ნაციონალიზმისა და კლასიკური საბჭოთა იდეოლოგიის "ირგვლივ ყველგან მტრებია"-ს ტიპიური შეხამებაა. ლენინური ლექსიკაც კი უცვლელად შენარჩუნებული აქვს!

მაგრამ ცვლილებებს მოწყურებულმა აფხაზურმა მრევლმა, ყოველ შემთხვევაში მისმა დიდმა ნაწილმა, სათანადოდ ვერ შეაფასა რუსეთის საპატრიარქოსთან გაერთიანებაში გადარჩენის ქადაგებების პერსპექტივები. ადგილობრივ მედიაში ეს თემა არ გაჟღერებულა, თუმცა ახალი ათონის მონასტრის ახალ წინამძღვარზე ხმები მთელს აფხაზეთში უმალ გავრცელდა. ვინოგრადოვის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია კი მოგვიანებით, 2 აპრილს მხოლოდ აფხაზურმა ინტერნეტ-გამოცემამ "Apsny Online"-მა გაავრცელა, ხოლო ორი დღის შემდეგ ახალი ათონის მონასტრის ტერიტორიაზე ამპარის მხარდამჭერი შეკრების შესახებ ცნობა აფხაზეთში არსებული ორი ტელევიზიიდან არც ერთმა არ გააშუქა. ეს მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის სინამდვილეში ასეთი მოვლენები "მნიშვნელოვან" კატეგორიას განეკუთვნებიან. უნდა ვივარაუდოთ, რომ ტელევიზიის მესვეურებმა გაითვალისწინეს, რომ ეფრემ ვინოგრადოვი სერგეი ბაღაფშთან საკმაოდ დაახლოებული ბესარიონ აპლიაას კრეატურას წარმოადგენს. მაგრამ ამ ფაქტორმა ვითარების დამალვას მაინც ვერ შეუწყო ხელი. ახალი ათონის მონასტრის ირგვლივ მიმდინარე პროცესები ფართოდ გაშუქდა აფხაზური პოლიტიკური ოპოზიციური ძალების პრესაში.

და ბოლოს....

ამჟამად საქმე არ ეხება თუნდაც აფხაზეთის ყველაზე მსხვილი სასულიერო ცენტრის და მხოლოდ მონასტრის წინამძღვრის ადგილისათვის ბრძოლას. პრაქტიკულად, მღვდელი ბესარიონისათვის მმართველობის ჩამორთმევის მიზნით, სახეზე გვაქვს შიდასაეკლესიო აშლილობა რომელიც რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების სივრცეში მიმდინარეობს. აპლიაასათვის წაყენებული ბრალდებები აფხაზეთის ტაძრების მოსკოვის საპატრიარქოსათვის გადაცემასთან დაკავშირებით, არ არის საფუძველს მოკლებული, მითუმეტეს, როდესაც, რუსეთის ეკლესია არ ცნობს "აფხაზურ ეკლესიას". აფხაზეთში არსებული მონასტრების რუსეთიდან გამოგზავნილი მღვდლებით შევსების შემდეგ იგი ჯერ დე-ფაქტოდ შეიერთებს მას, როგორც კიდევ ერთ ეპარქიას, ხოლო შემდგომ არც დე-იურედ გაფორმებას მოერიდება (სხვისი მიწების მიტაცება რუსეთისათვის ისტორიულ ტრადიციას წარმოადგენს). ცნობისათვის, 2010 წლის დეკემბერში ბაღაფშის რეჟიმმა მღვდელ-მაუზერს "უსასყიდლოდ და უვადო სარგებლობაში" ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული 42 ტაძარი გადასცა. ამის გამო ადგილობრივ ოპოზიციას ეჭვი არ ეპარება, რომ აპლიაა ყველა თავის ქმედებას ბაღაფშთან ათანხმებს.

სწორედ ამიტომ, 4 აპრილს, აფხაზური სასულიერო საზოგადოების წარმომადგენლებმა "პრეზიდენტთან" შეხვედრაზე აპლიაას საკითხი ბაღაფშს პირდაპირ დაუსვეს. მან თავის მხრივ ამპარის მომხრეებს სთხოვა, რომ რელიგიური საკითხები გადაწყვიტონ "მშვიდობიანი გზით, საკითხის პოლიტიზაციის გარეშე". თუმცა სერგეი ვასილის ძის სურვილს ასრულება არ უწერია. მას შემდეგ, რაც დასრულდა სტუმრებთან შეხვედრა, ახალი ათონის სამონასტრო "საძმომ" და მრევლმა ერთხმად გამოხატეს უნდობლობა აპლიასადმი და მიიღეს გადაწყვეტილება მიმდინარე წლის მაისში მოიწვიონ სახალხო და სასულიერო საერთო აფხაზური კრება. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ამ კრებაზე, გარდა მთავრობისა და საზოგადოების წარმომადგენლებისა, განსაკუთრებული პატივით იწვევენ აფხაზეთის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ აფხაზ სასულიერო პირებს. ესენია მღვდელი-მაუზერის მიერ აფხაზეთიდან გაძევებული ანდრეი ამპარის თანამოაზრეები - მღვდელი დოროფეი დბარი, დიაკვანი დავით სარსანია და მორჩილი ლეონ აჯინჯალი.

ბესარიონ აპლიამ, მოიმიზეზა რა დიდი მარხვა და ამგვარ შეკრებებზე საეკლესიო გადაწყვეტილებების მიღების არალეგიტიმურობა, საერთოდ უარი განაცხადა ჟურნალისტებისათვის კომენტარის გაკეთებაზე 4 აპრილს ახალი ათონის მონასტერთან გამართულ შეკრებასთან დაკავშირებით. თუმცა იმავე დღეს მან თვითონ შეკრიბა რუსი მღვდლები სოხუმის საკათედრო ტაძარში, სადაც ამ შეკრებაზე მოწვეულთა გარდა სხვა არავინ შეუშვეს. მიუხედავად ამისა, აფხაზური პრესით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აპლიაამ თავის მორჩილებს მოუწოდა არ დაუჭირონ მხარი ახალი ათონის მონასტრის მღვდელთმსახურებს, ხოლო დაუმორჩილებლობისათვის მისი განაჩენით ანდრეი ამპარს აეკრძალა მსახურების ჩატარება. ასე რომ, გაზაფხულის ბოლოსათვის, საეკლესიო ბატალიების გამო, აფხაზეთში ჩვეულებრივზე მეტად დაცხება.

ხედვა თბილისიდან

საქართველოს საპატრიარქო როგორც ყოველთვის უხალისოდ-გამოეხმაურა აფხაზეთის მოვლენებს. საქმე მარტო ინტერესების არქონას კი არა უპირატესი პოზიციის არჩევას ეხება. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია მიმდინარე მოვლენებს, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამას ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ 5 აპრილს მოსკოვში დარეკა თვით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. ილია მეორე ესაუბრა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის საგარეო საეკლესიო კავშირების ხელმძღვანელს მიტროპილიტ ილარიონს, მან აღუთქვა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურს, რომ ინფორმაცია სვიმონ კანანელის მონასტერში იღუმენ ეფრემის დანიშვნის შესახებ "არ შეესაბამება სინამდვილეს". კიდევ რაზე ისაუბრეს მათ და განმარტა თუ არა ვოლოამსკის მიტროპოლიტმა საერთოდ რას აკეთებენ რუსი სასულიერო პირები საქართველოს ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე-ცნობილი არ არის.

შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ საუბარს ჰქონდა სერიოზული ხასიათი, რადგან ცნობილია ამ საკითხისადმი მისი უწმინდესობის დამოკიდებულება. აფხაზეთის თემა და აფხაზეთი, სადაც ილია მეორე მსახურობდა ეპისკოპოსის და მიტროპოლიტის რანგში-მისი ქადაგების მუდმივი თემაა. აქედან გამომდინარე თბილისი არც თუ ისე ცუდად უნდა იყოს ინფორმირებული ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში არსებული რეალური სიტუაციის მიმართ. მითუმეტეს, რომ ცხუმ-აფხაზეთის ხელმძღვანელის წოდება კვლავ სიმბოლურად დაამატა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა თავის ტიტულს გასული წლის დეკემბერში. ქართველი მღვდელმთავრები თითქოს ერთხელ კიდევ დაკმაყოფილდნენ რუსი კოლეგების ახსნა განმარტებით. მოსკოვში კი პუბლიკას უცხადებენ, რომ ეფრემი გაგზავნილი იყო ახალ ათონში "თანაშემწის" რანგში და გაოცებას გამოხატავენ აფხაზეთში ატეხილი აურზაურის გამო.

მაგრამ ყოველივე ეს მიამიტ ადამიანებზეა გათვლილი. ასეთ ვერსიას უპირველეს ყოვლისა აფხაზებიც არ განიხილავენ სერიოზულად, რომლებსაც Владимир Путин и Виссарион Аплиааვინოგრადოვმა და აპლიაამ გასაგებად აუხსნეს ყველაფერი. აქ ქართული ეკლესიის სინოდის წინაშე ისმება კითხვა: სანამ დაკმაყოფილდება იგი ფორმალური ახსნა-განმარტებით და სადამდე დახუჭავს თვალებს რეალურად მიმდინარე პროცესებზე? სასულიერო პირებს არ უყვართ მათ საქმეებში საერო პირების შეჭრა, მაგრამ ეკლესია არა მარტო რელიგიური, არამედ საზოგადოებრივ პოლიტიკური ინსტიტუტიც არის. საქართველოში იგი ავტორიტეტითა და გავლენით მეორეა თვით სახელმწიფოს შემდეგ, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისაგან განსხვავებით, რომელიც რუსეთის იმპერიის რელიგიური გაგრძელებაა და მისი ინტერესების დაქვემდებარებაში მყოფია. ესმით თუ არა ქართველ კრელიკალებს მთელი სისრულით, რომ სასულიერო ოკუპაციის მექანიზმი უკვე გაშვებულია და საეკლესიო სივრცეში აფხაზეთის დეფაქტო მიტაცება აუცილებლად გაფორმდება დე-იურედ ისე, როგორც ეს კრემლმა სამხედრო-პოლიტიკურ ჭრილში განახორციელა?

პრინციპში "სასულიერო ომის" გამოცხადება პრაქტიკულად უკვე შედგა მაშინ, როცა პატრიარქმა კირილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული "შეკვეცა". საჭირო იყო, რომ დასკვნები მაშინვე გაეკეთებინათ, როგორც ქართველებს ისე აფხაზებს, მაგრამ მათ საეკლესიო პოლიტიკაში ისეთივე ვითარებაა, როგორიცაა ზოგადად რუსეთის ოფიციალურ საგარეო პოლიტიკაში. იმყოფებიან რა თავისი მეტისმეტად მითოლოგიზირებული იდეოლოგიის ტყვეობაში პატრიოტულად განწყობილი აფხაზები რუსებისაგან ნაჩუქარ ვირტუალურ "დამოუკიდებლობას" აღიქვამენ, როგორც რეალურს. მათ არც ძალა შესწევთ და არც სურვილი გააჩნიათ აღიქვან, რომ "ზემოთ" როლები დიდი ხანია გადანაწილებულია და ბესარიონ აპლიაა ისეთივე პერსონაჟია, როგორიც სერგეი ბაღაფში, რომლებისთვისაც დედაქალაქი მოსკოვია. ორივე მათგანი კრემლთან შეთანხმებითა და მისი მხარდაჭერით მოქმედებს. ისინი აფხაზების უკმაყოფილებას იმდენად აქცევენ ყურადღებას, რამდენადაც იგი ემუქრება მათ პირად კეთილდღეობას.

მოსკოვს შესწევს უნარი ითამაშოს ილუზიებით. ახალ ათონთან დაკავშირებით ეხლა მოხდება ის, რაც მოხდა აიბგასთან დაკავშირებით. დღევანდელი სკანდალი მხოლოდ ნიადაგის მოსინჯვაა. ის რისი აღებაც ვერ მოხერხდა ერთი ხელის მოსმით, რადგან წააწყდნენ ძლიერ წინააღმდეგობას-გადაიტანენ შემდეგისთვის და გარეგნული კეთილგანწყობილი სახით დაამთავრებენ საქმეს. თუ უბრალოდ არ ხერხდება რაიმეს აღება და მიტაცება, ის შესაძლებელია "აიღო იჯარით" ერთ რუბლად წელიწადში. შედეგი ერთი იქნება: აფხაზები გადაყავთ აბორიგენების მდგომარეობაში, რომლებიც ბატონ-პატრონის სახით დააბიჯებენ მიწაზე, რომელიც დიდი ხანია უკვე ეკუთვნის კოლონიზატორებს. ასიმილაციის პროცესი მუშაობს და როცა მთელი აფხაზეთი გაათვითცნობიერებს თავის მდგომარეობას უკვე გვიან იქნება. ახალი პატრონები უკვე დაფუძნებული იქნებიან იმ მხარეში, სადაც ჩვენმა წინაპრებმა მოციქული ზილოტი ორი ათასი წლის წინ მიწას მიაბარეს, ჯერ კიდევ როცა არც რუსები იყვნენ ზოგადად დედამიწაზე და მითუმეტეს არც ქრისტიან რუსებს იცნობდა ვინმე. ამ დროს აფხაზი პატრიოტები მოულოდნელად აღმოაჩენენ, რომ თურმე სულაც არ წარმოადგენენ უმრავლესობას.

ხომ არ დადგა დრო, რომ ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი? კრემლის მარჯვენა ხელი და რუსული სპეცსამსახურების საკუთრება - რუსეთის საპატრიარქო - იყო, არის და იქნება ყოველგვარი ქართულის გამანადგურებელი ინსტრუმენტი ყველგან, სადაც გასწვდება რუსეთის ხელი. გასაგებია, რომ ქართული ეკლესიის მოღვაწენი, რომელთა უმრავლესობამ განათლება და აღზრდა რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიიღო, მორალურად და მენტალურად გაუჭირდებათ ასეთი ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ ალბათ ღირს მოვიგონოთ ავტოკეფალიის აღდგენის პერიოდი, რათა განვიმსჭვალოთ იმ სულისკვეთებით და აღარ აურიოთ ერთმანეთში რუსი ბერების წმინდანთა დიდი დასი - სერგეი როდონეჟელი, სერაფიმე საროვსკი, იგნატი ბრიანჩანინოვი, იოანე კრონშტატსკი, ქსენია პეტერბურგსკაია და სხვა მისთანანი მოსკოვის დღევანდელ სინედრიონთან და "მეთამბაქოე" გუნდიაევთან.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე