RSS
თანამედროვე აფხაზეთის მატერიალური კულტურის ძეგლები (ნაწ.XIII)
13.04.2011 13:54
ლია ახალაძე

 ცანდრიფშის ტაძარი. დაბა განთიადი, გაგრის რაიონი. VI_VII სს.

გაგრის ჩრდილო-დასავლეთით, დაბა განთიადში ზღვის სანაპიროზე დგას ტაძრის ნანგრევები. ტაძარი სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს. აგებულია საშუალო ზომის სწორი ფორმის კირქვის კვადრებით, გამოყენებულია სხვადასხვა ზომის ბრტყელი აგური. ტაძარში მიკვლეულია მარმარილოს ფრაგმენტები, რომლებიც თარიღდებიან VI_VII საუკუნეებით. არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმად ეს სწორედ ის ტაძარია, რომელიც ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანე I-მა (527-565) აბაზგებს – აფხაზთა წინაპარ ტომს აუგო მათი გაქრისტიანებისას. ბაზილიკის ნანგრევებში აღმოჩნდა თეთრი მარმარილოს საფლავის ქვის ფრაგმენტი, რომელზეც ბერძნული ასომთავრული წარწერა იკითხება «აბაზგიას». როგორც ჩანს წარწერა აფხაზეთის საერო ან სასულიერო წარჩინებული პირის საფლავს განეკუთვნებოდა. საკუთარი სახელი დაკარგულია წარწერა თარიღდება VI საუკუნით.
ტაძრის დღევანდელი მდგომარეობა: ტაძარი გაწმენდილია და ჩართულია ტურისტულ მარშრუტთა სიაში.

წებელდის წმიდა ანდრია მოციქულის ეკლესია. წებელდა, გულრიფშის რაიონი XII ს. მიწურული

გულრიფშის რაიონის სოფ. წებელდის ერთ-ერთი ეკლესიის ნანგრევებში XIX საუკუნეში რუსმა არქეოლოგმა გრაფინია პ. უვაროვამ იპოვა წმ. ანდრია მოციქულის ხატი ქართული წარწერით, რომელიც მოგვითხრობს XII საუკუნის ცნობილი ქართველი სახელმწიფო მოღვაწის, საქართველოს სამეფო კარის უმაღლესი მოხელის ერისთავთ ერისთავის და მეჭურჭლეთუხუცესის აბულასან იობისძის მიერ წებელდაში ანდრია მოციქულის ეკლესიის აგებისა და ხატის შეჭედვის შესახებ.
წარწერის მიხედვით წმ. ანდრია მოციქული ტაძრის მშენებლობა დათარიღებულია XII ს. მიწურულით.
ტაძრის დღევანდელი მდგომარეობა უცნობია.

წებელდის წმიდა თევდორეს ეკლესია. წებელდა, გულრიფშის რაიონი XI ს.

წებელდის შემოგარენში, ჯერ კიდევ XIX საუკუნეში რუსი არქეოლოგის, გრაფინია პრასკოვია უვაროვას მიერ აღმოჩენილი იქნა ტაძარი, რომელიც მოგვიანებით მოინახულა დ. ბაქრაძემ. ორივე მკვლევარმა აღწერა ტაძარში აღმოჩენილი წარწერა, რომელიც მიუთითებს, რომ ეს ტაძარი იმთავითვე წმ. თევდორეს სახელზე ყოფილა აშენებული აღმოჩენილი. ტაძარი აგებულია თლილი, მოჩუქურთმებული ქვებით, რომლებიც ხელოვნების შესანიშნავ ნიმუშებს წარმოადგენენ. ამ საოცარმა ქვებმა XX საუკუნის 60-70 – იან წლებში მკვლევართა ყურადღება მიიპყრეს და ისინი სპეციალურად შეისწავლეს ხელოვნებათმცოდნეებმა რ. შმერლინგმა და ლ. ხრუშკოვამ, რომლებმაც არქიტექტურული ფორმების პარალელებითა და ანალოგიების მოძიებით დაასაბუთეს, რომ ეს ნიმუშები პარალელს პოულობენ აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ქრისტიანული ხუროთმოძღვრების სხვა ნიმუშებთან.
ტაძრის დღევანდელი მდგომარეობა უცნობია.

წებელდის წმიდა გიორგის ეკლესია. წებელდა, გულრიფშის რაიონი XII_XIII სს.

გულრიფშის რაიონში, წებელდიდან აღმოსავლეთით 4 კმ-ზე 1988 წელს ი. ვორონოვის მიერ, არქეოლოგიური გათხრების დროს, გამოვლინდა ქრისტიანული ტაძრის ნანგრევები, რომელშიც აღმოჩნდა ტაძრის ერთერთი საამშენებლო დეტალი შესაბამისი ქართული წარწერით. წარწერა მოგვითხრობს წმ. გიორგის ტაძრის მშენებლობის შესახებ. წარწერის მიხედვით ტაძარი აგებული უნდა იყოს XII_XIII საუკუნეებში. მოღწეულია ნანგრევების სახით.

 წკელიკარის წმიდა გიორგის ეკლესია. რეჩხო-ცხირი, გალის რაიონი XI ს.

მდებარეობს გალიდან 20 კმ. მანძილზე, სოფ. რეჩხო-ცხირში. ტაძარი აგებულია წმ. გიორგის სახელზე, მაგრამ ადგილობრივი მცხოვრებნი მას წკელიკარს («წყევლის კარს») უწოდებენ. აფხაზი ხელოვნებათმცოდნის ლ.შერვაშიძის აზრით, ტაძარი წარმოადგენს XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავ ნიმუშს. აგებულია წმ. გიორგის სახელზე, ადგილობრივი საეკლესიო პირის მერკილეს მიერ, რასაც ტაძარში აღმოჩენილი წარწერები მიუთითებენ, Dდღეს სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია წკელიკარის ეკლესიის სამი ლაპიდარული და შვიდი ფრესკული წარწერა. წარწერების შინაარსიდან ირკვევა, რომ XI საუკუნეში წკელიკარის ეკლესიის მშენებლობაში აქტიურად მონაწილეობდნენ ადგილობრივი ქტიტორები: წარჩინებული პირები და დიდებულები. ტაძარს მომდევნო საუკუნეებში რამდენჯერმე განუცდია საფუძვლიანი გადაკეთება – რესტავრაცია. XVII საუკუნეში ტაძრის ქტიტორი და რესტავრატორი ყოფილა ჩიჩუას საგვარეულო, რომლის ერთერთი წარმომადგენლის ფრესკული გამოსახულება ტაძრის კედლებზეა შემორჩენილი შესაბამისი ქართული წარწერის ფრაგმენტებით.

ტაძრის დღევანდელი მდგომარეობა: მცენარეულ საფარში ჩანს ეკლესიის ძველი ნაშთი, რომელიც გაიწმინდა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ.

წარჩეს ეკლესიები. წარჩე, გალის რაიონი

გალიდან 17 კმ. მანძილზე, სამურზაყანოს დაბლობზე, მდინარეების ოქუმისა და წარჩეს ხეობებში მდებარეობს სოფელი წარჩე, რომლის სახელი უნდა მომდინარეობდეს მეგრული სიტყვიდან «წყარ»-წყალი, «ჩე»- თეთრი= თეთრი წყალი. წარჩე დასახელებულია ძველ წყაროებში. ფლავიუს არიანე ახსენებს მდინარე «ტარსურას», რომლის სანაპიროზე არის ქალაქი «ტარშენ». არქანჯელო ლამბერტი XVII საუკუნეში წერდა, რომ ხეთის იქით არის ოქუმი, რომელიც ჩაუდის ტარშენს. ცხადია, «ტარშენ» იგივე წარჩეა და უცხოელები ასე გამოთქვამდნენ მის სახელს. 1654 წლის «კოლხეთის ანუ სამეგრელოს რუქაზე» დასახელებულია წარჩე.
სოფელში შემორჩენილი ძველი არქიტექტურული ძეგლების ნაშთები მიუთითებენ, რომ წარჩე ჩრდილო დასავლეთ საქართველოში თავის დროზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ და კულტურულ კერას წარმოადგენდა. მხარეთმცოდნე ნ. შონიას გადმოცემით, წარჩეში 23 ისტორიული ძეგლია, მათ შორის, ნათლისღების სახელობის ეკლესია, წარჩეს «ფიჭერისთეს» მოგუმბათებული ეკლესია, «მაფაშ ოხუამეს» ორი ეკლესია. ძველად აქვე ყოფილა ოთხი წიგნსაცავი. დღეს ამ წიგნსაცავებიდან არაფერია შემორჩენილი.

წარჩეში დგას XIII-XIV საუკუნეების ხუროთმოძღვრული კომპლექსი «მაფაშ ოხუამე» _ მეფის ეკლესია». კომპლექსში შედის ორი ეკლესია, გალავანი და კარიბჭის ნაშთი. «მაფაშ ოხუამეს» ერთ-ერთი დარბაზული ეკლესიის გათხრებისას აღმოჩნდა ადგილობრივ დიდებულთა ფრესკები. აღნიშნული არქიტექტურული ძეგლი შეისწავლა ხელოვნებათმცოდნე ლ. შერვაშიძემ და ვარაუდით XV საუკუნით დაათარიღა. წარჩეს ეკლესიები XVII საუკუნეში განუახლებია სამეგრელოს მთავარს ლევან II დადიანს (1611-1657).

ერთ-ერთი ეკლესიის გათხრების დროს წარჩეს ეკლესიაში აღმოჩნდა ეგუტერი, რომელზეც ამოკვეთილია ძველი ქართული ნუსხური წარწერა, ვინმე ფაშაძის მოხსენიებით. საგულისხმოა, რომ წარჩეს მახლობლად ერთ-ერთ მთას ადგილობრივი მოსახლეობა ფაშაძის მთას ეძახის.
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება