RSS
აფხაზური სეპარატიზმი სუკის ლაბირინთებში იშვა. ნაწილი VI
29.04.2011 17:47
ლევან კიკნაძე
ექსპერტთა კლუბი

(გაგრძელება. იხ. ნაწილები I, II, III, IV, V)

აფხაზეთის ომის უცნობი დეტალები. ნაწილი I

1992 წლის 14 აგვისტო ერთ -ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. სწორედ ამ დღეს დაიწყო ძმათამკვლელი ომი, რომლის თავიდან აცილება ალბათ შესაძლებელი იქნებოდა, რომელიმე მხარეს მის მძიმე, დამანგრეველ შედეგებზე ოდნავი წარმოდგენა რომ ჰქონოდა. მართალია არძინბამ თითქმის არ დაგვიტოვა შანსი და ყველაფერს აკეთებდა, რათა აფხაზეთი გამოეყვანა საქართველოს იურიდიული სივრციდან, მაგრამ არანაკლები დანაშაულის ტოლფასი შეცდომა დაუშვა სახელმწიფო საბჭომ, როცა გადაწყვიტა აფხაზეთში შესვლა და რკინიგზაზე წესრიგის აღდგენა. მხოლოდ ის არგუმენტი, რომ იმ დროს აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთზე შექმნილი ვითარება მოითხოვდა წესრიგის ძალისმიერი მეთოდებით დამყარებას და ამიტომ იქნა შეყვანილი საჯარისო ფორმირებები აფხაზეთში, საკმაოდ უსუსურად გამოიყურება. ქვეყნის ხელისუფლება ვალდებული იყო გაეანალიზებინა მოსალოდნელი გართულებები, მითუმეტეს, რომ ჩვენგან მიწოდებული წერილობითი თუ ზეპირი ოპერატიული ინფორმაციები ნათლად მეტყველებდნენ, რომ არძინბა საბაბს ეძებდა ძმათამკვლელი ომის გასაჩაღებლად. ამასთან, სამხედრო საქმის განსაკუთრებული ცოდნა არ სჭირდებოდა იმის გათვლასაც, რომ დასახული მიზანი ვერ მიიღწეოდა გაუწვრთნელი, სახელდახელოდ შეკრებილი მოხალისეებისაგან შექმნილი შეიარაღებული ფორმირებებით, რომელთა მეთაურების უმრავლესობას, რომ აღარაფერი ვთქვათ რიგით მებრძოლებზე, წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ თუ რას ისახავდა მიზნად მათი აფხაზეთში შესვლა. რუსეთის სპეცსამსახურებისთვის მთავარი იყო პროვოკაციაზე წამოეგო ქართული მხარე და მისი შეიარაღებული ფორმირებები აფხაზეთში შემოეტყუებინა, (დროც ზუსტად იქნა შერჩეული საქართველოსთვის ახალციხის სამხედრო ბაზიდან ჯავშანტექნტექნიკის გადასცემად) თორემ შემდეგ განვითარებულ მოვლენებს მათი მხრიდან აღარ უნდოდა დიდი დაგეგმვა და ტვინის ჭყლეტვა. არძინბამაც არ დააყოვნა და ქართული შეიარაღებული ფორმოირებები ძმათამკვლელ ომში ჩაითრია.

მთელი ამ ხნის განმავლობაში აფხაზეთის ომის თემაზე ძალიან ბევრი დაიწერა. საქართველოში ძნელად შეხვდები ადამიანს, რომელსაც თავისი შეხედულება არ გააჩნდეს ქართულ-აფხაზურ კონფლიქტთან და კერძოდ ომთან მიმართებაში. თუ რამდენად ობიექტური და მიუკერძოებელია ეს აზრი, იმაზეა დამოკიდებული თუ ვინ და როგორ უდგება საკითხს, თუ რამდენად სიღრმისეულად ფლობს იგი იმ დროს საქართველოში და კერძოდ აფხაზეთში არსებულ რეალურ ვითარებას. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს შეფასება იმაზეც არის დამოკიდებული თუ როგორი იყო იმ დროს ამ ადამიანის პოლიტიკური მრწამსი და ა.შ. იმდენად ბურუსით არის მოცული ყველაფერი, რომ ბევრს თავში ერევა და ვეღარ გაუგია, რამ გამოიწვია ეს ომი, ან მასში ჩვენი დამარცხება.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ჩვენი დამარცხების არც თუ ისე უმნიშვნელო მიზეზები ჩვენშივე არ იყოს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ომის მსვლელობისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება კოორდინირებულ, ორგანიზებულ, სამხედრო ერთმართველობას მკაცრად დაქვემდებარებულ მოქმედებებს, რაც ქართულ საჯარისო ფორმირებებს არა თუ აკლდათ, შეიძლება ითქვას, რომ ომის დასაწყისისთვის საერთოდ არ ჰქონდათ. ხსენებული ფორმირებები ძირითადად პატრიოტული გრძნობით გამსჭვალული მოხალისეებისგან შედგებოდა, მაგრამ სამწუხაროდ მათ შორის ომში ”საშოვარზე” წამოსული კრიმინალებიც საკმარისზე მეტი იყვნენ. 18 წელზე მეტი გავიდა ომის დამთავრებიდან და დღეემდე არ არის პროფესიონალურ დონეზე შესწავლილი და გამოძიებული ომში ჩვენი დამარცხების მიზეზები. ეს აუცილებელი იყო არა მარტო დამნაშავეების დასასჯელად, არამედ პირველ რიგში იმისთვისაც, რომ მსგავსი შეცდომები აღარ განმეორდეს. ამის მაგივრად, იმ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, როგორიც იყო შექმნილი ომის შემდგომ საქართველოში, ცუდ ტონად ითვლებოდა ჩვენ შეცდომებზე საუბარიც კი. თორემ სად გაგონილა, დამარცხებული მხარე საბრძოლო მოქმედებებში განსაკუთრებული მიღწევებისთვის ორდენებს და მედლებს არიგებდეს. აქ საუბარი არ არის ომში დაღუპულ იმ ვაჟკაცებზე , რომელთა გმირობის შესახებ ან გვიან გახდა ცნობილი, ან თავის დროზე გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხერხდა მათი დაჯილდოება. ამასთან, არავინ არ კამათობს იმაზე, რომ შესაბამისი პატივი არ უნდა მიეგოს ხსენებულ ომში დაღუპულ თუ დაინვადებულ მებრძოლებს, დარწმუნებულები ვართ, რომ მათთვის და მათი ოჯახებისთვის რაც კეთდება ზღვაში წვეთია.

ჩვენთვის გასაგები მიზეზების გამო უშიშროების როლი ქართულ-აფხაზურ ომში დახურულ თემად ითვლება. არსად არ ჩანს და არც არავინ კითხულობს რას ვაკეთებდით იმ დროს, ან საერთოდ თუ ვაკეთებდით რამეს. ”ექსპერტთა კლუბმა” გადაწყვიტა ნაწილობრივ ისაუბროს იმ თემებზე, რომელთა პუბლიკაცია იმედია მკითხველის დაინტერესებას გამოიწვევს. თავს ნებას მივცემთ შევეხოთ ნაკლოვანებებსაც, რომელთა გამოც ფერხდებოდა ან ბოლომდე ვერ მიგვყავდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

დავიწყებთ იმით, რომ სახელმწიფო გადატრიალების ტალღაზე მოყვანილი ე.შევარდნაძე კარგად ხედავდა, რომ ზ.გამსახურდიას დამამხობელი ძალების და მათი ზოგიერთი ავანტიურისტი ლიდერის მძევალი იყო და ამიტომაც ბევრი გადაწყვეტილება პოპულიზმისთვის და აჟიტირებული საზოგადოების გულის მოგებისთვის უფრო მიიღებოდა, ვიდრე ამას სახელმწიფო ინტერესები მოითხოვდა. ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილება იყო უშიშროებისთვის სახელწოდების შეცვლა და გადაკეთება საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურად, რაც ფაქტიურად ქვეყნის სპეცამსახურის გარეშე დატოვებას ნიშნავდა. ყოფილი სუკის ქვეყნის სამსახურში ჩაყენება ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებასაც აუცილებლად და სწორადაც მიაჩნდა, მაგრამ როგორ განეხორციელებინა ეს არ იცოდა (ან საიდან უნდა სცოდნოდა). ხელმძღვანელობა კი შეიცვალა, მაგრამ ძირითადი ბირთვი ოპერატიული თანამშრომლებისა თითქმის უცვლელი დარჩა თუ არ ჩავთვლით მათ, რომლებსაც გამოკვეთილი ანტიეროვნული პოზიცია ეკავათ და ნებით თუ ზეწოლით იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ სამსახური. მოქმედ თანამშრომლებს შორის რაღა თქმა უნდა იყვნენ საბჭოთა სუკის მიერ თავის დროზე ღრმად ჩანერგილი ოფიცრები, რაც მოგვიანებით განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურეს კიდეც. სამწუხაროდ, უშიშროების რეფორმა ამაზე შორს ვეღარ წავიდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წარმოქმნილი შეურიგებელი დაპირისპირება ზ.გამსახურდიას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, არა მარტო ქართული საზოგადოების ორ მტრულ ბანაკად გახლეჩვას უწყობდა ხელს, არამედ გარკვეულ ზეგავლენას ახდენდა უშიშროების თანამშრომლებზეც, რაც უარყოფითად აისახებოდა მათ საქმიანობაზე. თავის მხრივ ზ.გამსახურდიას უახლოესი გარემოცვა მუდმივი ზეწოლით ცდილობდა უშიშროება და მისი შესაძლებლობები გამოეყენებინა იარაღად ოპოზიციის წინააღმდეგ. საზოგადოებისთვის განსაკუთრებულად მტკივნეული იყო, რდესაც ის ამას აღწევდა, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც საქმე ეხებოდა ოპერატიული აღრიცხვის საქმეებს. მოსალოდნელი ლუსტრირებით და ”აგენტომანიით” დაავადებული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ქაოსმა და გაურკვევლობამ მოიცვა. ვითარებას კიდევ უფრო ძაბავდნენ რუსეთის სპეცსამსახურები, რომლებიც ღრმად ჩანერგილი ოპერატიული თანამშრომლების და მათი აგენტურის საშუალებით შესაბამის ზემოქმედებას ახდენდნენ სიტუაციაზე. (იხ.”აფხაზური სეპარატიზმი სუკის ლაბირინთებში იშვა" ნაწილები I და II) ბუნებრივია ასეთ ვითარებაში უშიშროების რეფორმა ვერ განხორციელდებოდა.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, სახელმწიფო საბჭომ ე.შევარდნაძის ხელმძღვანელობით, უშიშროებას აბრევიატურა კი შეუცვალა და გადააკეთა საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურად, მაგრამ რამოდენიმე საკადრო ცვლილების გარდა სხვა რაიმე რეფორმა არ გაუტარებია. არადა უშიშროების ძირეულ რეორგანიზაციას ახალგაზრდა დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ქონდა. ვერ გეტყვით ვის მოაფიქრდა, რომ უშიშროებისთვის სადაზვერვოს გარდა ყველა სხვა ფუნქცია ჩამორთმეოდა, მაგრამ ის, რაც იდეაში იყო ჩადებული, მისი, მით უმეტეს აფხაზეთში განხორციელება ღალატის ტოლფასი იქნებოდა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი შეფად დანიშვნას დათანხმდა იმ პირობით, თუ კგბ-ს სახელი შეეცვლებოდა და ფუნქციებიც შეეკვეცებოდა. მაგრამ, მას შემდეგ, რაც უკვე თავმჯდომარის რანგში გაეცნო უშიშროების ფუნქციებს და შესაძლებლობებს, ჩაიხედა ოპერატიულ საქმეებში, ალბათ დარწმუნდა, რომ სწორედ ეხლა სჭირდებოდა საქართველოს გამოცდილი და ერთგული კადრებით დაკომპლექტებული ძლიერი უშიშროების სამსახური. ამიტომ სწორად გადაწყვიტა შეენარჩუნებინა უშიშროების ფუნქციები. აქედან გამომდინარე, მართალია ცენტრთან შეთანხმებით აფხაზეთის უშიშროების იმდროინდელი თავმჯდომარის ავთანდილ იოსელიანის გადაწყვეტილებით ჩვენ მთავარ ამოცანად სადაზვერვო ინფორმაციების მოპოვება რჩებოდა, მაგრამ უშიშროების ძველ ფუნქციებზე უარის თქმას არავინ აპირებდა, მით უმეტეს, რომ როგორც წინა პუბლიკაციაში ავღნიშნავდით, არძინბას განკარგულებით უკვე ფუნქციონირებდა სეპარატისტული მთავრობის დაცვის სამსახური, რომელის ბაზაზე იგეგმებოდა პირადად არძინბას დაქვემდებარებული ალტერნატიული უშიშროების სამსახურის შექმნა. როგორც მოგვიანებით ომის მსვლელობამ აჩვენა შიდა საფრთხეები არანაკლებ საშიშროებას წარმოადგენდნენ ქვეყნისთვის.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე