RSS
აფხაზური სეპარატიზმი სუკის ლაბირინთებში იშვა. ნაწილი VII
17.05.2011 16:43
ლევან კიკნაძე
ექსპერტთა კლუბი

(გაგრძელება. იხ. ნაწილები I, II, III, IV, V, VI)

აფხაზეთის ომის უცნობი დეტალები. ნაწილი II

ომის დასაწყისისთვის აფხაზეთის უშიშროება ეროვნული ნიშნის მიხედვით გაყოფილი არ იყო. აფხაზეთის უშიშროების იმდროინდელი თავმჯდომარე ავთანდილ იოსელიანი, სეპარატისტების მხრიდან მუდმივი წნეხის პირობებშიც კი გონივრულად აბალანსებდა სიტუაციას, ღიად თვითონაც არ ერეოდა და არც ჩვენც გვქონდა უფლება ჩავრეულიყავით პოლიტიკურ პროცესებში რაც, არ აძლევდა საბაბს ვლ. არძინბას თავის ნებაზე განეხორციელებინა საკადრო ცვლილებები, როგორც ეს გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროში. ა. იოსელიანი ყველა დონეზე, ჩვეული პირდაპირობით აყენებდა შექმნილი ურთულესი მდგომარეობიდან გამოსავალ წინადადებებს და არგუმენტირებულად მოითხოვდა მათ გადაწყვეტას, რასაც ხანდახან აღწევდა კიდეც. იგი იყო ერთადერთი ყველაზე სანდო დამაკავშირებელი ხიდი ვლ. არძინბასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის. რომ არა კრემლის მესვეურთა ზეგავლენა ვლ. არძინბაზე, შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ ბევრი საკითხი, მათ შორის ყველაზე საბედისწერო - შეიარაღებული დაპირისპირება, შეიძლება თავიდან აგვეცილებინა. ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ა. იოსელიანი ახერხებდა ვლ. არძინბას დაყოლიებას რაიმე საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მოსკოვთან კონსულტაციების შემდეგ იგი კვლავ ძველ პოზიციაზე რჩებოდა. ასე იყო ომის დაწყების წინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ვლ. არძინბასთან ათანხმებდა საკითხს აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის დაცვასთან და ამ მიზნით შინაგანი ჯარების შეყვანასთან დაკავშირებით, ა. იოსელიანმა პრაქტიკულად დაითანხმა ვლ. არძინბა და გადაწყდა მათი თბილისში გამგზავრება სახელმწიფო საბჭოსთან და კერძოდ ე. შევარდნაძესთან შესახვედრად. ბუნებით მხდალ ვლ. არძინბას თბილისში წასვლა არ უნდოდა, რადგან ეშინოდა დაპატიმრების, რაც დაუფარავად განუცხადა ა. იოსელიანს. ამის შემდეგ ა. იოსელიანმა შესთავაზა მძევლად დაეტოვებინა მისი მეუღლე და სამი ქალიშვილი, რომლებიც იმ დროისათვის ქ.გაგრაში ცხოვრობდნენ. ამის შემდეგ არძინბა ენდო ა. იოსელიანს და დათანხმდა თბილისში მასთან ერთად გამგზავრებას. როგორც ზემოთ აღინიშნა, ამჯერადაც კრემლმა თავისი ზეგავლენა გამოიყენა და ვლ. არძინბას თბილისში წასვლაზე უარი ათქმევინა.

ა. იოსელიანის სწორმა მოქალაქეობრივმა პოზიციამ უშიშროების აფხაზ თანამშრომლებშიც გააჩინა იმედი, რომ უკვე დაწყებული სისხლიანი დაპირისპირება მალე შეწყდებოდა და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებოდა. ამიტომ თავიანთ სეპარატისტ ლიდერს გუდაუთაში თან გაყვა ქართველებისადმი მხოლოდ რადიკალურად განწყობილი აფხაზი თანამშრომლების გარკვეული ჯგუფი. ხოლო აფხაზი თანამშრომლების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენთან დარჩა, რადგანაც იმ მომენტისათვის თვლიდნენ, რომ ორივე მხარის საერთო მიზანს შეიარაღებული დაპირისპირების შეჩერება წარმოადგენდა. ჩვენც და, რაც მნიშვნელოვანია, მათაც, ჯერ კიდევ გვქონდა იმედი, რომ ეს შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობდა. აქედან გამომდინარე ყველას კარგად გვესმოდა თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ოფიციალური პირებისგან და ოპერატიული წყაროებისგან მიღებულ სარწმუნო ინფორმაციებს, იმის შესახებ თუ რა ხდებოდა ან რა იგეგმებოდა, როგორც ქართულ ასევე აფხაზურ მმართველ ზედა ეშელონებში. სამწუხაროდ, მიღებული ინფორმაციები ნათლად მოწმობდნენ, რომ მიღწეული მოლაპარაკებები შეიარაღებული ფორმირებების განიარაღებისა და აფხაზეთიდან გაყვანის შესახებ არა თუ არ სრულდებოდა, პირიქით, რუსეთი ფარულად უწყობდა ხელს აფხაზების დასახმარებლად ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებიდან და რუსეთის სხვადასხვა რეგიონებიდან მოხალისეების შემოდინებას, სხვადასხვა სამხედრო აღჭურვილობით, იარაღით და ტყვიაწამლით მომარაგებას. აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ობიექტების დაცვის დამატებითი ღონისძიებების საბაბით, საეჭვოდ ზრდიდნენ სამხედრო ცოცხალი ძალისა და ჯავშანტექნიკის რაოდენობას. აშკარად იკვეთებოდა, რომ რუსეთის რეაქციულმა ძალებმა, მას შემდეგ, რაც ქართველთა მოძულე ვლ.არძინბას საშუალებით გამოიყენეს უნიკალური შანსი და ქართული მხარე შეიარაღებულ პროვოკაციაში ჩაითრიეს, როგორც მოგვიანებით განვითარებულმა მოვლენებმაც აჩვენეს, ასე ადვილად პოზიციებს არ დათმობდნენ და ძმათამკვლელ ომს არ შეაჩერებდნენ. როდესაც ეს იმედი გადაიწურა, აფხაზმა თანამშრომლებმა 1993 წლის დასაწყისში თვითონვე მოისურვეს სოხუმის დატოვება. ხოლო მანამდე არავის არ უცდია ჩვენგან, რაიმე ფორმით დაეყოლიებინა ან მითუმეტეს აეძულებინა ისინი, ემუშავათ სეპარატისტების წინააღმდეგ. აქვე აუცილებელია აღინიშნოს, რომ დღეს ვერც ერთი მათგანი, რომელთა შორის მოგვიანებით ორი სეპარატისტულ უშიშროებას ხელმძღვანელობდა, ხოლო რამოდენიმე, დღესაც იმავე უშიშროებაში ხელმძღვანელ თანამდებობებზეა, ვერ იტყვის, რომ რაიმე ზეწოლას განიცდიდნენ ჩვენი მხრიდან. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ აფხაზი თანამშრომლები სპეციალურად იყვნენ დატოვებული მოწინააღმდეგის მიერ, მაგრამ მინდა მათ გასაგონად ვთქვა, ესეც გათვალისწინებული გვქონდა და შესაბამის ღონისძიებებსაც ვატარებდით. გარდა ამისა მათ ჩვენთან ყოფნას თავისი დატვირთვა ქონდა, რაზეც ზოგადად ზემოთ უკვე ავღნიშნე.

ამგვარად, საგრძნობლად შეთხელებული ოპერატიული შემადგენლობით დავიწყეთ საქმიანობა. პირველი, რაც გაკეთდა სოხუმის 23-ე ბრიგადის მეთაურს გენო ადამიას გავაცანით ჩვენი ფუნქციები და სადაზვერვო ინფორმაციების გაცვლის მიზნით საქმიანი ურთიერთობა დავამყარეთ ბრიგადის სამხედრო დაზვერვასთან. ამის გარდა გ. ადამიასთან შეთანხმებით, ბრიგადის გუმისთის ფრონტის ხაზზე განლაგებულ ბატალიონებში მივლინებული იქნენ ჩვენი ოპერატიული თანამშრომლები, რომლებიც ადგილებზე ეწეოდნენ ოპერატიულ საქმიანობას. ბატალიონების შტაბებთან ერთად ამოწმებდნენ მოხალისეთა პირადი შემადგენლობის სიებს, აწარმოებდნენ ფრონტის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე შემორჩენილი მოსახლეობის შემოწმებას. მონაწილეობას იღებდნენ ტყვედ აყვანილი ან ტერიტორიაზე მოხვედრილი უცხო პირების დაკითხვაში-დადგენაში.

უნდა აღინიშნოს, რომ ომის დაწყების შემდეგ, საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის ცენტრალური ხელმძღვანელობის მხრიდან სათანადოდ ვერ იქნა შეფასებული თუ რა დამღუპველი შედეგები შეიძლება მოყოლოდა აფხაზეთში ქართული საჯარისო ფორმირებების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე თავის ნებაზე მიშვებული სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფებების უკონტროლო მოქმედებებს. ჩვენი ღრმა რწმენით, იმ დროს, როდესაც თავდაცვის სამინისტრო ჯერ კიდევ არ იყო სრულფასოვნად ჩამოყალიბებული, არ იყო დაკომპლექტებული სათანადოდ მომზადებული კადრებით, უშიშროების სამსახურს თავის თავზე უნდა აეღო ის აუცილებელი ფუნქციები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ სათანადო წესრიგს ფრონტისპირა ქალაქებსა და რაიონებში - სოხუმში, გულრიფშში, ოჩამჩირეში, გალში. შედეგად აღიკვეთებოდა მშვიდობიანი მოსახლეობის დაყაჩაღების ფაქტები. ომის მიმდინარეობამ და განსაკუთრებით პირველმა თვეებმა ნათლად უჩვენეს, რომ ყველაზე ეფექტურად სოხუმის სამხედრო კომენდატურა მაშინ მოქმედებდა, როდესაც მჭიდრო, საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა უშიშროებასთან. 1992 წლის 2 ოქტომბერს, გაგრის დაცემის შემდეგ სოხუმის საზღვაო პორტი გაივსო გაგრის ზონიდან გამოდევნილი ლტოლვილებით და ასევე პანიკაში ჩავარდნილი გულრიფშისა და სოხუმის ადგილობრივი მოსახლეობით. მართალია მობილიზება გაუკეთდა ყველა სახის საზღვაო ტრანსპორტს, მაგრამ პორტში სრული განუკითხაობა და ქაოსი სუფევდა. სირთულეებს ქმნიდა ზოგიერთი ქართული შეიარაღებული ფორმირებების მებრძოლების მხრიდან პორტში „საკუთარი კონტროლის“ დამყარების მცდელობები, რაც აფერხებდა როგორც ლტოლვილი და ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციას, ასევე საჯარისო ფორმირებების სამხედრო ტექნიკითა და აღჭურვილობით დროულ მომარაგებას ზღვით ფოთიდან და ბათუმიდან, რადგანაც როგორც ცნობილია, ერთადერთი სახმელეთო გზა, ზუგდიდის გავლით აფხაზეთში, გადაკეტილი ჰქონდა ლოთი ქობალიას უკანონო შეიარაღებულ ბანდებს. გენერალ-ლეიტენანტ ავთანდილ ცქიტიშვილის თხოვნით, რასაც ავთანდილ იოსელიანიც დათანხმდა მე, იმ დროისათვის აფხაზეთის უშიშროების თავმჯდომარის მოადგილეს, პარალელურად დამეკისრა სოხუმის საზღვაო პორტის კომენდანტის მოვალეობაც. უშიშროების ახალგაზრდა თანამშრომლებისაგან ჩამოვაყალიბე 10 კაციანი მობილური ჯგუფი და სასწრაფოდ შევუდექით პორტში წესრიგის დამყარებას. შედეგად, პირველ რიგში უზრუნველვყავით მოსახლეობის ევაკუაცია, ამასთან ერთად საერთოდ აღიკვეთა პორტში თვითნებური ქმედებების ფაქტები. გარდა ამისა, მკაცრ კონტროლს დაექვემდებარა მცურავი საშუალებების მოძრაობის გრაფიკი. შეუცვალეთ სახმისები გემებს და დავაწესეთ კოდური ფრაზები. საერთოდ აიკრძალა ღია ეთერში საუბრები გადასაზიდი ტვირთის სახეობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მისია შევასრულეთ, დეკემბრის ბოლომდე შესაძლებლობის ფარგლებში არც თუ ურიგოდ ვაკონტროლებდით სოხუმის პორტს.

აუცილებელია აქვე აღინიშნოს ქ.სოხუმის იმდროინდელ სამხედრო კომენდანტთან, აწ გარდაცვლილ პოლკოვნიკ წივილაძესთან დამყარებული საქმიანი ურთიერთობა, (როგორიც შემდგომში ვერ მოხერხდა სხვებთან, რომლებიც დიდი სიხშირით იცვლებოდნენ) რადგანაც მას ყველაზე უკეთესად ესმოდა ჩვენი შესაძლებლობების გამოყენების საჭიროება. მისი ინიციატივით ღამის საათებში რეგულარულად ვაწყობდით ქალაქში ერთობლივ რეიდებს, ვამოწმებდით საგუშაგოებს, გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით გვთხოვდა და ჩვენც ვაძლევდით ინფორმაციებს კომენდატურისთვის გადაცემულ დაკავებულ პირებზე და ა. შ. ვითარება მოითხოვდა აფხაზეთის უშიშროების საომარ ყაიდაზე გარდაქმნას და პირველ რიგში სპეციალური საბრძოლო დანაყოფის შექმნას. მართალია ი.ბათიაშვილი დათანხმდა და საკითხი შეთანხმდა კიდეც ე.შევარდნაძესთან, რათა ამ მიზნით აფხაზეთში ჩაგვერიცხა სპეციალურად შერჩეული 200 კაცი, აქედან 100-სოხუმში, დანარჩენების გადანაწილება საჭიროების შესაბამისად მომხდარიყო ზემოთ ხსენებულ რაიონებში, მაგრამ მას შემდეგ, რაც დაჩქარებული წესით შეირჩა და შემოწმდა სათანადოდ კონტიგენტი, მათი ჩარიცხვა ვერ მოხერხდა. მიზეზი - ჩვენთვის ვერ გამოიძებნა სახსრები და სათანადო სამხედრო აღჭურვილობა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვითხოვდით სპეც. დანიშნულების რაზმის აღჭურვას მისი კლასიკური გაგებით.

აქვე, რადგან ზემოთ საზღვაო პორტს შევეხეთ, არ შეიძლება არ ავღნიშნოთ ჩვენივე ინიციატივით ჩამოყალიბებული ჯგუფის საქმიანობას, რომელმაც თავის თავზე აიღო მეტად საჭირო და რთული ფუნქცია - მცურავი საშუალებების მოძრაობის კონტროლი სოხუმის საზღვაო აკვატორიაში. საქმე იმაში გახლავთ, რომ კომუნისტური რეჟიმის დროს სოხუმში ფუნქციონირებდა საკავშირო დაქვემდებარების განსაკუთრებული რეჟიმის დახურული ობიექტი - სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი „ატოლი“, რომელიც ჰიდროლოკაციური ტექნიკის გაუმჯობესებისა და სხვადასხვა მიზნებში გამოყენების მიზნით, იკვლევდა ხმის გავრცელების თავისებურებებს ზღვაში, ხმის გაფანტვასა და შთანთქმას წყალში, ხმის არეკვლას და ჰიდროაკუსტიკური ინფორმაციის დამუშავებას. ამავე მიზნებისთვის გამოიყენებოდა ინსტიტუტის ბალანსზე მყოფი ორი სამეცნიერო-კვლევითი გემი „ვექტორი“ და „მოდული“. ინსტიტუტი ასრულებდა საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საზღვაო ფლოტის შეკვეთებს. ბოლო დროს, საბჭოთა კავშირის დაშლამდე, ინსტიტუტში მიმდინარეობდა ზღვაში ჩაშვებული სრულიად საიდუმლო მოწყობილობის გამოცდა, რომლის კოორდინატები გასაიდუმლოებული იყო. მოწყობილობის მიმღები, ზღვაში წარმოქმნილი სხვადასხვა ხმებიდან გამოყოფდა მცურავი საშუალების ძრავის ხმას, გარდაქმნიდა ელექტრონულ სიგნალად და ზღვისქვეშა კაბელის საშუალებით გადაცემდა ხსენებული ინსტიტუტის ლაბორატორიაში დამონტაჟებულ აპარატურას, რომელიც ოსცილოგრაფზე აფიქსირებდა მცურავი საშუალების კოორდინატებს, გადაადგილების მიმართულებას და სხვა პარამეტრებს. მოწყობილობა განკუთვნილი იყო მურმანსკი-ახალი მიწის საზღვაო საზღვრისთვის, უცხო ქვეყნების წყლისზედა, წყალქვეშა და საჰაერო საშუალებების გადაადგილების გასაკონტროლებლად. აფხაზეთში ომის დაწყების პერიოდისათვის, ხსენებულ ინსტიტუტში კვლევითი სამუშაოები აღარ მიმდინარეობდა, თუმცა მოწყობილობა ისევ ზღვაში იყო, რადგანაც მისი დანიშნულების ადგილზე გადაგზავნა ვერ მოესწრო საბჭოთა კავშირის დაშლის გამო.

ხსენებული ინსტიტუტის ამ სფეროში საქმიანობის შესახებ ვიცოდით უშიშროების ხელმძღვანელობამ და ქვედანაყოფმა, რომელიც უშუალოდ ეწეოდა მის ოპერატიულ მომსახურებას. ომის დაწყების შემდეგ,ზღვაში აფხაზ სეპარატისტთა საბრძოლო კატარღების მოძრაობის გასაკონტროლებლად, დაიბადა ინსტიტუტის და კერძოდ მისი სამეცნიერო-კვლევითი გემის და ლაბორატორიის შესაძლებლობის გამოყენების იდეა. ინსტიტუტის სპეციალისტებთან გასაუბრების შემდეგ დავრწმუნდით რომ ლაბორატორიის ამოქმედება შესაძლებელი იყო. მივმართეთ ინსტიტუტის დირექტორს გ.კუზნეცოვს, მაგრამ მან უარი გვითხრა. იგი ასევე არ დაგვთანხმდა ერთ-ერთი გემი „ვექტორი“, რომელზეც დამონტაჟებული იყო საშუალო სიმძლავრის რადარები, გამოგვეყენებინა საჰაერო და საზღვაო კონტროლისათვის. უფრო მეტიც, მიღებული ინფორმაციით კუზნეცოვი ინსტიტუტის სრულიად საიდუმლო და საიდუმლო დოკუმენტაციის გატანას გეგმავდა რუსეთში. სასწრაფოდ დავაყენეთ საკითხი და იგი თანამდებობიდან გავანთავისუფლებინეთ. ამის შემდეგ მოხერხდა არა მარტო „ვექტორის“ დაყენება სოხუმის საზღვაო აკვატორიაში და მასზე მორიგეობის ორგანიზება, არამედ ინსტიტუტის ლაბორატორიის ამუშავებაც. დღეს ადვილია ამაზე საუბარი, მაგრამ იმ დროისათვის წარმოუდგენლად ძნელი იყო ხსენებული მეტად რთული და საჭირო საქმის ორგანიზება. საწვავი-დიზელისათვის, ხელფასები და საკვები სპეციალისტებისათვის, რომლებიც 24-საათიან გრაფიკით მუშაობდნენ, ასევე სხვა მრავალი წვრილმანი, მხოლოდ ჩვენი ზრუნვის საგანს წარმოადგენდა. არაფერს ვამბობთ უშიშროების თანამშრომელთა იმ ჯგუფზე, რომელიც ინსტიტუტის „შუქურადან“ ვიზუალურად მუდმივად აკონტროლებდა ძალიან მცირე გაბარიტიან მცურავ საშუალებებს, რომლებსაც „ვექტორის“ რადარები და აკუსტიკური მოწყობილობა ვერ აფიქსირებდნენ. ინფორმაციის ოპერატიულად გადაცემის მიზნით ორგანიზება გავუკეთეთ პირდაპირ სატელეფონო კავშირს ინსტიტუტიდან უშიშროების სპეციალურ კომუტატორამდე, რომლითაც პირდაპირი კავშირები ასევე დამყარებული იყო კორპუსისა და ბრიგადის შტაბებთან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ომის დამთავრებამდე არც ერთი მცურავ საშუალობას, რომელიც აკუსტიკური სიგნალის მიმღები მოწყობილობის მოქმედების რადიუსში ხვდებოდა არ გადაუკვეთია პირობითი საზღვაო საზღვარი (გუმისთის ფრონტის ხაზის გასწვრივ), ისე, რომ ამის შესახებ ინფორმაცია სასწრაფოდ არ გადაცემოდა შტაბს. წლის ბოლოს, იმ პერიოდისთვის კარგად აწყობილი საზღვაო კონტროლის სისტემა „შუქურა“ ჩაიბარა თავდაცვის სამინისტროს საზღვაო ძალებმა. თუ რა მნიშვნელობას ანიჭებდა აფხაზური მხარე ჩვენს მიერ ზემოთ აღნიშნულ ღონისძიებებს, ნათლად მეტყველებს არძინბას განკარგულებით შექმნილი სპეციალური დანაყოფი, რომელსაც დაევალა ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე საზღვაო ობიექტების და მათ შორის პირველ რიგში „ვექტორის“ განადგურება.

სამწუხაროდ, გაუმართლებელ მიზეზთა გამო ვერ მოხერხდა დაშლილ მდგომარეობაში მყოფი ხსენებული უნიკალური მოწყობილობის ანალოგიური მინიმუმ კიდევ ორი კომპლექტის და სრულიად საიდუმლო დოკუმენტაციის დროზე გამოტანა აფხაზეთიდან, რაც სპეციალისტების აზრით, შემდგომში უზრუნველყოფდა საქართველოს საზღვაო აკვატორიის საიმედო კონტროლს. მართალია საკითხი თავის დროზე ჩვენს მიერ დაისვა, მაგრამ მისი დროული განხორციელების საშუალება არ მოგვეცა. ხსენებული საკითხით ვერავინ ვერ დავაინტერესეთ, ბოლოს კი ბუნებრივია ამისათვის აღარავის გვეცალა.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე