RSS
"ბაღაფში მოკვდა. რა იქნება შემდეგ?"
02.06.2011 13:59
მადლენა მაჭარაშვილი
Tribuna.ge

აფხაზეთის დე–ფაქტო ხელისუფლების პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის გარდაცვალების შემდეგ პრეზიდენტის მოვალეობას ვიცეპრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი ასრულებს. ექსპერტები და ანალიტიკოსები ბაღაფშის სავარაუდო მემკვიდრედაც მას ასახელებენ. თუმცა, ყველაფერს მაინც არალეგიტიმური ხელისუფლების არალეგიტიმური არჩევნები გადაწყვეტს, რომელშიც ანქვაბს კონკურენციას, სხვებთან ერთად, სხვებზე მეტად გამოკვეთილი პოლიტიკური ფიგურები – პრემიერმინისტრი სერგეი შამბა და ბაღფშის ძველი მეტოქე, ოპოზიციონერი რაულ ხაჯიმბა გაუწევენ. ამ თემაზე „ტრიბუნა.ge“ „ექსპერტთა კლუბის“ წარმომადგენელს, ირაკლი ცქიტიშვილს ესაუბრა.

რა შეიცვლება აფხაზეთში პოსტბაღაფშისეულ პერიოდში ანუ როგორი იქნება აფხაზეთის ხვალინდელ დღე?

ირაკლი ცქიტიშვილი: აფხაზეთში პირველ რიგში ქონების გადანაწილებისთვის ბრძოლა დაიწყება. პოლიტიკასა და შიდა ეკონომიკაზე გავლენის სფეროები დღეს გადაჯაჭვულია და, შესაბამისად, ქონების გადანაწილება პოლიტიკაზეც იმოქმედებს.
ამიტომ, ვფიქრობ, ქონების გადნაწილებას მოჰყვება დაპირისპირება ლიდერთა კლანებს შორის. მომდევნო სამი თვის განმავლობაში აფხაზეთში გამძაფრდება სიტუაცია და შიდა დაპირისპირების ფონზე, შესაძლებელია, საკმაოდ სერიოზული ინციდენტებიც მივიღოთ.

– კონკრეტულად, რომელი პოლიტიკური ლიდერები ჩაერთვებიან ქონების გადანაწილების პროცესში, ანუ ვინ შეიძლება გახდნენ კონფლიქტის მხარეები?

–საქმე იმაშია, რომ ქონებას, ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკურ ლიდერებზე მეტად მათ გარემოცვაში მყოფი ადამიანები აკონტროლებენ. ყველა ლიდერს ჰყავს გარემოცვაში ისეთი ადამიანი, რომელიც მას ფინანსურად უზრუნველყოფს და მის ლიდრეობას ამყარებს. სწორედ ასე ინარჩუნებენ პოზიციებს შამბა, ანქვაბი, ხაჯიმბა... ბუთბა თავად არის უფრო ბიზნესმენი, ვიდრე პოლიტიკოსი. ახლო მომავალში ამ ადამიანების კლანები ერთმანეთს აუცილებლად დაეჯახებიან.

– როგორ იმოქმედებს აფხაზეთში არსებულ პოლიტიკურ ძალთა ბალანსზე ბაღაფშის გარდაცვალება? რა შანსები აქვს აფხაზეთში მოქმედ პროაფხაზურ ძალებს პოლიტიკური პოზიციების გაუმჯობესების თვალსაზრისით?

–დღესდღეობით, ერთადერთი აშკარად გამოკვეთილი პრორუსული ძალა სერგეი შამბა და მისი გუნდია. თუმცა, მას გარკვეული გათვლები გააჩნია დასავლეთის მიმართულებითაც. რაც შეეხება ანქვაბსა და ხაჯიმბას – ხაჯიმბა რუსულ და აფხაზურ ინტერესებს შორის თამაშობს, რადგან ესმის, რომ მხოლოდ ერთ ფრონტზე ყოფნა წარმატებას ვერ მოუტანს. ანქვაბი შეიძლება მეტად პროაფხაზურია, მაგრამ ამავდროულად ყოველთვის ითვალისწინებს რუსეთის ინტერესებს.
ზოგადად, რუსული ინტერესების გაუთვალისწინებლად ვერც ერთი ლიდერი ვერ მოვა დღეს აფხაზეთის დე–ფაქტო ხელისუფლების სათავეში და, თუ მაინც მოვა, ეს სერიოზულ დაპირისპირებას გამოიწვევს, რომლის შედეგად აფხაზეთმა შესაძლოა ისიც დაკარგოს, რაც დღეს გააჩნია.

–თეორიული და პრაქტიკული შანსები რომ გავაანალიზოთ, ვის აქვს დღეს აფხაზეთის დე–ფაქტო ხელისუფლებაში მოსვლის შანსი, რომელ ლიდერი შეიძლება გახდეს ბაღაფშის მემკვიდრე?


–ვფიქრობ, ყველაზე მეტი კონკურენცია შედგება შამბასა და ანქვაბს შორის. ორივე მათგანი დღეს ხელისუფლებაშია და ფლობენ გარკვეულ ბერკეტებს იმისათვის, რომ არჩევნები მათ სასიკეთოდ წარიმართოს. გარდა ამისა, აქვთ საკმაოდ სერიოზული რეიტინგი, თუ არ ჩავთვლით შამბას ბოლოდროინდელ გარკვეულ შეცდომებს – ეკლესიურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ბრძოლა ამ ორ ძალას შორის გაიმართება.

რაც შეეხება ხაჯიმბას – სამი თვე არც ისე ცოტა დროა და ამ ხნის განმავლობაში მას კიდევ შეუძლია, თავის მხარეს გადაიბიროს ის ვეტერანები, რომლებიც მხარს უჭერდნენ ბაღაფშს. ანუ აქ იგულისხმება „ამცახარას“ მიმხრობა. პოლიტიკურ ძალთა განლაგებაზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს, სწორედ, „ამცახარას“ მხარდაჭერა.

ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზიების მიუხედავად, ვფიქრობ, ბესლან ბუთბას არანაირი შანსი არ გააჩნია.

–აფხაზეთის დე–ფაქტო ხელისუფლებაში ახალი პრეზიდენტისა და ახალი პოლიტიკური გუნდის მოსვლის შემდეგ, შესაძლებელია თუ არა, რამე შეიცვალოს ოფიციალურ თბილისსა და სოხუმს შორის ურთიერთობაში?

–არაფრის შეცვლას არ ველი. დღეს აფხაზი საზოგადოება არ არის მზად იმისთვის, რომ საქართველოსკენ გამოიხედოს. შესაბამისად, ვერც ერთი ლიდერი, რომელიც იქ მოვა, ვერ მოახვევს თავს აფხაზ საზოგადოებას საქართველოსა და ქართულ ხელისუფლებასთან ურთიერთობას. ამიტომ ვინც უნდა მოვიდეს აფხაზეთის ხელისუფლებაში, მათგან არავის ექნება თბილისთან რაიმე სახით ურთიერთობების გაღრმავების ან დათბობის სურვილი.
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე