RSS
აფხაზური სეპარატიზმი სუკის ლაბირინთებში იშვა. ნაწილი VIII
17.06.2011 12:00
ლევან კიკნაძე
ექსპერტთა კლუბი

(გაგრძელება. იხ. ნაწილები I, II, III, IV, V, VI, VII)

აფხაზეთის ომის უცნობი დეტალები. ნაწილი III

გუმისთის ფრონტის ერთ-ერთი ბატალიონის მებრძოლებმა საღამოს საათებში მდინარის პირას აიყვანეს ტყვე, რომელიც მოცურავდა ფრონტის გამყოფი ხაზის, მდინარე "გუმისთის" მეორე ნაპირიდან. მას შემდეგ, რაც შტაბში გაირკვა, რომ ტყვე ჩრდილოკავკასიელი მოხალისე იყო, გადასცეს ბატალიონში მივლინებულ ჩვენს თანამშრომლებს, რომლებმაც მოიყვანეს უშიშროების შენობაში. ჩრდილოკავკასიელი ძლიერი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. როდესაც მისი დაკითხვა შესაძლებელი გახდა, გაირკვა, რომ თანამებრძოლებთან ერთად ნარკოტიკების მიღების შემდეგ, გადაწყვიტა მდინარეში გაგრილება. მდინარის სიღრმეში შესული ჩქარმა დინებამ გაიტაცა, შემდეგ ეტყობა ორიენტაცია დაკარგა და აღმოჩნდა აქეთა ნაპირზე. რამოდენიმე დღე რეგულარულმა დაკითხვებმა შედეგი ვერ გამოიღეს, იგი ჯიუტად იმეორებდა ერთსა და იგივეს, რომ მისი ძმების, აფხაზების დასახმარებლად წამოვიდა საბრძოლველად. ასლანს, რომლის გვარს და ეროვნებას გასაგები მიზეზების გამო არ ვასახელებთ, აშკარად ეტყობოდა იმ პროპაგანდის ზეგავლნა, რასაც ჯერ კიდევ ომამდე აწარმოებდა კრემლი ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებში საქართველოს წინააღმდეგ. იგი დარწმუნებული იყო, რომ აფხაზეთი ანქსირებული იყო საქართველოს მიერ და ბრძოლას აფხაზი ხალხის გასათავისუფლებად, ჩრდილო კავკასიის ხალხების წმინდათა-წმინდა ვალად მიიჩნევდა. დაკითხვებმა თანდათან გვიჩვენეს, რომ საქმე გვქონდა არა თავგადასავლების მოყვარულ ან საშოვარზე წამოსულ ჩვეულებრივ მოხალისესთან, არამედ საკმაოდ განათლებულ, იდეურად ჩამოყალიბებულ მოწინააღმდეგესთან, რომელსაც ახლო ურთიერთობები აკავშირებდა სეპარატისტებთან და მონაწილეობა ქონდა მიღებული ჯერ კიდევ 1989 წლის ზაფხულში სოხუმში გამართულ ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების წარმომადგენლების ე.წ. ყრილობის მუშაობაში. როგორც ცნობილია სწორედ იმ შეკრებაზე გადაწყდა "კავკასიის მთიელ ხალხთა ასამბლეის" შექმნა, რომლის საკორდინაციო საბჭოს თავმჯდომარედ ყაბარდოელი მუსა შანიბოვი აირჩიეს. იმავე "ყრილობაზე" გამოცხადდა არარსებული კავკასიის მთიელ ხალხთა რესპუბლიკის დედაქალაქად სოხუმი, რომლის "გასათავისუფლებლად" მრავალ სხვა ჩრდილო კავკასიელ მოხალისეებთან ერთად იყო ჩამოსული ასლანი. მას შემდეგ, რაც დავრწმუნდით, რომ ასლანისგან ჩვენთვის საინტერესო ინფარმაციას მოწინაღმდეგის შესახებ ვერ მივიღებდით, მის მიმართ დამოკიდებულება შევცვალეთ. ვაცნობეთ, რომ ვათავისუფლებდით, მაგრამ გარკვეული დროის განმავლობაში ჩვენთან დარჩებოდა - უშიშროების შენობაში გამოეყო ოთახი და მიეჩინა მცველი. ბუნებრივია დაკითხვებიც გადავიყვანეთ დიალოგის და აზრთა ურთიერთგაცვლის რეჟიმში. ვამარაგებდით სხვადასხვა ისტორიული და პუბლიცისტური მასალებით, შევახვედრეთ სოხუმში მცხოვრებ რამოდენიმე აფხაზს. დიდი ზეგავლენა მოახდინა მასზე ბატონ ლორიკ მარშანიასთან შეხვედრამ, რომელსაც იგი წარუდგინეთ, როგორც სტუმარი ჩრდილო კავკასიიდან, რაც წინასწარ შევათანხმეთ ასლანთან. ბატონი ლორიკი, ასლანს დეტალურად ესაუბრა ქართველებისა და აფხაზების თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ისტორიის შესახებ, შეეხო სტალინის მმართველობის პერიოდსაც, როდესაც ილახებოდა აფხაზების უფლებები, მაგრამ ისიც აღნიშნა, რომ ეს კრემლის გაუკუღმართებული ეროვნული პოლიტიკის შედეგი იყო და არა ქართველების - სტალინის და ბერიას მიზანმიმართული ქმედებები მხოლოდ აფხაზების წინააღმდეგ (სიტყვამ მოიტანა და ავღნიშნავთ, რომ სტალინს და ბერიას აფხაზების მიმართ სიძულვილი რომ ქონოდათ, როგორც ამას სეპარატისტები წარმოაჩენენ, მათ არ გაუჭირდებოდათ სათანადო საბაბისა ან მიზეზის მოძებნა აფხაზთა გადასახლებისათვის, ისევე, როგორც ისინი მოექცნენ ჩრდილო კავკასიელ ხალხებს სამამულო ომის დროს – ავტ.) ასლანმა გაკვირვება ვერ დამალა, როდესაც ბატონმა ლორიკმა გააცნო სტატისტიკური მონაცემები. რომ აფხაზეთი ერთადერთი ავტონომიური რესპუბლიკა იყო საბჭოთა კავშირში, რომლის კონსტიტუციაში აფხაზური ენა სახელმწიფო ენად იყო აღიარებული. რომ აფხაზეთში 75 აფხაზური და შერეული სკოლა ფუნქციონირებდა. უზენაესი საბჭოს 65 დეპუტატიდან აფხაზი იყო - 28, ქართველი - 26, ხოლო დანარჩენი 11 სხვა ეროვნების. ცამეტი მინისტრიდან რვა აფხაზი, ხოლო რვა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარიდან - ხუთი აფხაზი იყო. რომ, სოხუმში ფუნქციონირებდა: აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეროვნული ტელევიზია, რომლის გადაცემები მხოლოდ აფხაზურ ენაზე მიმდინარეობდა, აფხაზეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, დ. გულიას სახელობის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, მოცეკვავეთა ანსამბლები “შარატინი”, “ერცახუ”, სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა, ქალთა ვოკალურ-ინსტრუმენტალური კვარტეტი “გუნდა”, დღეგრძელთა სიმღერისა და ცეკვის საერთაშორისო პრიზის “ოქროს ფარშევანგის” მფლობელი ეთნოგრაფიული ანსამბლი “ნართაა” და მრავალი სხვა.

რაც დრო გადიოდა ვრწმუნდებოდით, რომ ასლანთან მიმართებაში სწორი გეზი გვქონდა არჩეული. იგი თანდათან ხვდებოდა, რომ მწარედ იყო მოტყუებული და აღშფოთებას ვეღარ მალავდა აფხაზი სეპარატისტების გაუგონარი უმადურობის გამო. ამასთან, როდესაც ერთმანეთს ადარებდა აფხაზებისა და ჩრდილო კავკასიელი ხალხების ყოფას, სინანულით აღნიშნავდა თავისი ხალხის სავალალო მდგომარეობას რუსეთის იმპერიის კოლონიალური პოლიტიკის პირობებში. მან ისიც აღგვითქვა, რომ ბევრ თავის მოძმეს შეაცვლევინებდა აზრს და შეეცდებოდა უარი ეთქვათ ძმათამკვლელ ომში მონაწილეობაზე. რაც არ უნდა გასაოცარი იყვეს, გვთხოვა არ გაგვეცვალა მოწინააღმდეგის მიერ ტყვედ აყვანილ რომელიმე ქართველზე, რაც ანალოგიურ შემთხვევებში ჩვეულებრივი მოვლენა იყო, რათა მისი ჩვენთან ყოფნა საიდუმლოდ დარჩენილიყო და თავისუფლად მოქმედების საშუალება მისცემოდა. რაზეც ჩვენ დავთანხმდით, შევათანხმეთ ორმხრივი კავშირის პირობები და თბილისის გავლით გავამგზავრეთ სამშობლოში. გარკვეული პერიოდულობით ხორციელდებოდა მასთან შეხვედრები თბილისში, რომლის დროსაც გადმოგვცემდა უაღრესად საჭირო ინფორმაციებს სეპარატისტების გეგმებსა და ზრახვებზე. ასლანისთვის სიძნელეს არ წარმოადგენდა მოწინააღმდეგის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და მათ შორის ფრონტის ხაზზე მოხვედრა. ამას გარდა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ასლანის მონაწილეობა სეპარატისტების მიერ ორგანიზებულ სვადასხვა შეკრებებზე ადასტურებდა მის ახლო ურთიერთობებს, როგორც აფხაზ სეპარატისტთა ცალკეულ ლიდერებთან, განსაკუთრებით ვ. არძინბასთან, ასევე ჩრდილო კავკასიის გავლენიან პირებთან.

თბილისში ერთ-ერთი შეხვედრის დროს ასლანმა გადმოგვცა, რომ მისი ახლო ნათესავი, ჩრდილო კავკასიელ რამოდენიმე წარმომადგენელთან ერთად მიწვეული იყო ზვიად გამსახურდიას ახლო გარემოცვის მიერ, გროზნოში ორგანიზებულ ერთ-ერთ გასაიდუმლოებულ შეხვედრაზე, რომელზეც ე.წ. კონფედერატების მისამართით გამოთქმული თხოვნის პარალელურად, რაც არძინბაზე ზემოქმედების საშუალების გამოძებნას ეხებოდა, რათა როგორმე მიღწეულიყო ძმათამკვლელი ომის შეწყვეტა, ასევე განიხილებოდა ზუგდიდში ლოთი ქობალიას შეიარაღებული ფორმირების შესაძლო დახმარების საკითხი, რომელიც დასავლეთ საქართველოში ”ხუნტის” წინააღმდეგ შეიარაღებულ ამბოხს აპირებდა. იმავე შეხვედრაზე ასლანის ახლობელისთვის ცნობილი გახდა, რომ სამეგრელოში დაწყებულ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას მიიღებდნენ ზოგიერთი ქართული შეიარაღებული ფორმირებები, რომლებიც საჭირო დროს მოეხსნებოდნენ აფხაზეთის ფრონტებიდან და შეუერთდებოდნენ ლოთი ქობალიას დაჯგუფებას. ასლანს იმთავითვე არასერიოზულად მიაჩნდა ”კონფედერატების” დაპირებები ომის შეწყვეტის შესახებ, რაც მოგვიანებით დაადასტურა კიდეც, მას შემდეგ, რაც მოახერხა და ჩვენი თხოვნით აფხაზი სეპარატების ერთ-ერთი ლიდერისგან გაიგო, რომ საომარი მოქმედებების არა თუ შეწყვეტას არ აპირებდნენ, არამედ იბრძოლებდნენ საბოლოო გამარჯვებამდე, რაც მათ გარკვეულწილად გაუადვილდებოდათ თუკი ლოთი ქობალია სამეგრელოში საომარ მოქმედებებს დაიწყებდა. შესაბამისი ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების გატარების შემდეგ ასლანის მიერ მოწოდებული ინფორმაცია დაადასტურეს სხვა წყაროებმაც, ხოლო მოგვიანებით, 1993 წლის ივლის-აგვისტო-სექტემბრის მოვლენებმა წერტილი დაუსვეს ყველაფერს – საბოლოოდ გამოააშკარავეს ლოთი ქობალიას ქმედებები.

მთელი ომის განმავლობაში, ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერთა რადიკალური ფრთის და განსაკუთრებით ლოთი ქობალიას ქმედებების ფონზე, საჭიროდ ჩავთვალეთ დაწვრილებით მოგვეთხრო მკითხველისათვის ჩრდილო კავკასიელი მოხალისის, ასლანის შესახებ, რომელმაც, ყოველგვარი ზეწოლისა და ძალდატანების გარეშე დიამეტრალურად შეიცვალა პოზიცია, მას შემდეგ, რაც მიხვდა, რომ მოტყუებული იყო. ძნელი დასაჯერებელია, რომ ე. შევარდნაძისადმი სიძულვილით გონებადაბინდული ქობალია და მისი მომხრეები ვერ აცნობიერებდნენ, რომ ავტომაგისტრალის და სარკინიგზო მიმოსვლის გადაკეტვით და ამით ფრონტის ზურგის მთლიანად მოშლით, ვის წისქვილზე ასხავდნენ წყალს. უფრო მეტიც, ფაქტიურად მეორე ფრონტის გახსნა, თუნდაც ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების აღდგენის მოტივით, იმ დროს, როდესაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ბედი წყდებოდა, მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად უნდა შეფასდეს. ქვემოთ შევეცდებით რამოდენიმე ფაქტის აღწერას, რის შემდეგაც მკითხველი თვითონ დარწმუნდება ლოთი ქობალიას ქმედებების ჩვენეული შეფასების სისწორეში.
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე