RSS
გთხოვთ ადგეთ! სასამართლო მოდის!
20.06.2011 17:37
გოჩა გუნიავა
ექსპერტთა კლუბი

ჩრდილოეთ კავკასიაში ეთნიკურ-რელიგიური ფაქტორის შეუფასებლობამ, კავკასიელების ტრადიციებისა და ფსიქოლოგიური თავისებურებების უგულებელყოფამ რუსეთის კავკასიური პოლიტიკა ჩიხში შეიყვანა და რუსეთის სახელმწიფოს მთლიანობას რეალური საფრთხე შეუქმნა. ყველა პრობლემის ძალისმიერი მეთოდებით გადაჭრის ჯიუტმა პრაქტიკამ და ქსენოფობიის ზრდის ხარისხმა რუსეთის განვითარების ტრაექტორია დაამსგავსა საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში შექმნილ ვითარებას, რაც მისი დაშლით დამთავრდა.

ჩეჩნეთსა და ინგუშეთში აგორებულმა დაუმორჩილებლობის ტალღამ ახალი ძალით იჩინა თავი დაღესტანსა და ყაბარდო-ბალყარეთში. ბოლო ხანებში მეტისმეტად დაიძაბა ვითარება ჩრდილოეთ ოსეთშიც, რომელიც აქამდე გარკვეულწილად სტაბილურ რესპუბლიკად მიიჩნეოდა.

ისლამური რელიგიის და მუსულმანური თემის გახლეჩვით დაინტერესებული სპეცსამსახურების და პოლიტიკური ძალების მიერ აგორებულ ისლამოფობიის ისტერიას ეწირება არა მარტო ტერორისტებთან გაიგივებული ვაჰაბიზმის მიმდევარი ბოევიკები, არამედ თვით უმაღლესი რანგის სასულიერო პირები და საზოგადო მოღვაწეები. ფედერალური და რეგიონალური ხელისუფლება ავალდებულებს მათ არა მარტო სიტყვით დაგმონ ვაჰაბიზმი, არამედ გამოავლინონ და ხელისუფლებას მოახსენონ მათი აქტიური წევრების შესახებ. რელიგიისა და სასულიერო პირების ფუნქციებში უხეშმა შეჭრამ სავალალო შედეგები გამოიწვია რეგიონში.

17 ივნისს ადიღეს რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე რეჩიცკიმ განაცხადა, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფმა უწყებამ სამმხრივი ოფიციალური ხელშეკრულება გააფორმა ადიღესა და კრასნოდარის მუსულმანური თემის და მართლმადიდებლური ეპარქიის ხელმძღვანელებთან, რომლის მთავარი მიზანი ექსტრემისტულ გამოვლინებებთან ბრძოლაა.

ბოლო ერთი წლის მანძილზე მოკლულია 12 სასულიერო პირი, მათ შორის ყაბარდო-ბალყარეთის მუსულმანთა სასულიერო ლიდერი და საზოგადო მოღვაწე ანას ფშიხაჩევი და სულ რამდენიმე დღის წინ მაჰაჩკალის თეოლოგიური ინსტიტუტის რექტორი მაქსუდ სადიკოვი. ვაჰაბიზმის მიმართ გამოხატული სიმპატიებისთვის ჯერ თანამდებობიდან მოხსნეს და შემდეგ სამშობლოდან გააძევეს ჩრდილოეთ ოსეთის მუფტი ალი ევტეევი.

საზოგადოებაში კითხვას ბადებს ის გარემოება, რომ ვაჰაბიზმთან საომარ მდგომარეობაში მყოფი რუსეთი ყოველწლიურად 20 ათასზე მეტ მორწმუნე მუსულმანს გზავნის იმ ქვეყანაში (საუდის არაბეთში), რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობა აკავშირებს და სადაც ვაჰაბიზმი (სალაფიზმი) სახელმწიფოს ოფიციალური რელიგიაა.

ვაჰაბიზმთან ბრძოლის დაწყება ისლამური თემის ურთიერთდაპირისპირების გაძლიერებას ისახავდა მიზნად. იგივე მიზანს ემსახურებოდა მიურიდიზმთან ბრძოლა XIX საუკუნის ჩრდილოეთ კავკასიაში. მიურიდიზმიც და ვაჰაბიზმიც წინდაუხედავმა პოლიტიკოსებმა თავისდაუნებურად დაუმორჩილებელი ხალხების გამაერთიანებელ და მაორგანიზებელ ძალად აქციეს.

ჩრდილოეთ კავკასიაში გაძლიერებულმა ისლამოფობიამ ააღებინა ალბათ ხელში კალამი 70 წლის ცნობილ ოს პოეტს შამილ ჯიგკაევს, როცა მან ყველა მუსულმანისთვის და არა მარტო მუსულმანისთვის შეურაცხმყოფელი პასკვილი დაწერა, რაც მისი ტრაგიკული აღსასრულის მიზეზი გახდა. მისი მკვლელობა ძალოვანმა სტრუქტურებმა ჩრდილოეთ ოსეთის ისლამური თემის წინააღმდეგ მასობრივი რეპრესიების დასაწყებად და ერთმანეთში შუღლის ჩამოსაგდებად გამოიყენეს. დაპატიმრებულია მუსულმანთა სასულიერო სამმართველოს 14 აქტივისტი, რომლებსაც ბრალი იარაღის, ნარკოტიკებისა და აკრძალული ისლამური ლიტერატურის შენახვისათვის წაუყენეს.

გამოძიებული არ არის რეგიონში სასულიერო პირების მკვლელობის არცერთი შემთხვევა, დადგენილი არ არის არც შემკვეთი, არც შემსრულებელი, რაც საზოგადოებაში ბადებს საფუძვლიან ეჭვებს, რომ ამ ბინძური დანაშაულის უკან ხშირ შემთხვევაში სპეციალური სამსახურები დგანან.

რუსეთის მესვეურების სისტემატურ მოწოდებებს ძალისმიერი მეთოდების მუდმივად გამკაცრების შესახებ ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები თავისი მზარდი "წარმატებებით" პასუხობენ, რაც ჩატარებული სპეციალური ოპერაციების, მოკლული და რეპრესირებული ადამიანების რიცხვის მუდმივ ზრდაში პოულობს ასახვას.

იმატა იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ცალკეული პიროვნებების რიცხვმა, რომლებიც რეალურად აფასებენ შექმნილ კრიტიკულ ვითარებას და კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით სთავაზობენ ხელისუფლებას კონკრეტულ წინადადებებს.

17 ივნისს მოსკოვში საზოგადოებრივი პალატის ინიციატივით ჩატარდა საზოგადოებრივი მოსმენა თემაზე "დაღესტნის რესპუბლიკა: რელიგიურ-პოლიტიკური კონფლიქტი და ნაციონალური შერიგების გზების ძებნა".

ამ ღონისძიების ფრიად მნიშვნელოვან მოვლენად უნდა ჩაითვალოს ე.წ. ვაჰაბიზმზე არსებული კანონის შეცვლის ან მისი სრული გაუქმების საკითხის დაყენება, რაც პრაქტიკულად კანონგარეშე გამოცხადებული რელიგიური მიმდინარეობის ლეგალიზაციას ნიშნავს.

ფორუმის მონაწილეებმა აღნიშნული კანონი შეაფასეს როგორც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე რეპრესიების განხორციელების ინსტრუმენტი.

ძალოვნებსა და ყველა საფეხურის სახელისუფლო სტრუქტურებს წინადადება მიეცათ ხელი შეუწყონ ადამიანების გატაცების, წამებისა და გასამართლების გარეშე დასჯის შემთხვევების გამორიცხვას საზოგადოებრივი მოღვაწეებისა და რიგითი მორწმუნეების მიმართ.

ყურადღება გამახვილებულია მუსულმანების ტრადიციული და არატრადიციული ისლამური აღმსარებლობის მიმდევართა დაყოფის მცდარ პრაქტიკაზე, ამ უკანასკნელებზე ძალოვანი უწყებების მიერ უკანონო სიების შედგენაზე. თათბირზე მივიდნენ იმის აღიარებამდე, რომ კონფლიქტი სუფიებსა და ვაჰაბიტებს შორის (თარიკატებსა და სალაფიტებს შორის) გარკვეული ძალების მიერ ხელოვნურად შექმნილი და თავს მოხვეული მოდელია.

მორწმუნე მუსულმანების წარმომადგენლებმა, იმამებმა და სალაფიტების (ვაჰაბიტების) ლიდერებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, ნუ დაყოფენ ერთიან მუსულმანურ თემს კეთილგანწყობილ და არაკეთილგანწყობილ ნაწილებად. ისინი მიიჩნევენ, რომ დაღესტნის სინამდვილეში დაყოფის ამ მცდელობამ უკვე მიიყვანა ვითარება სამოქალაქო ომამდე და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ამ რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში დარჩენის შესაძლებლობა. მიღებულია გადაწყვეტილება თხოვნა გაეგზავნოს რუსეთის ფედერაციის სასამართლოს შეისწავლოს ვაჰაბიზმის კანონის თავსებადობა ქვეყნის კონსტიტუციის მოთხოვნებთან. საკითხი ვაჰაბიზმთან დაკავშირებული კანონის და საერთოდ ამ ერთ-ერთი ისლამური განშტოების მიმართ არსებული აგრესიის შესახებ ადრეც არა ერთხელ დასმულა როგორც დაღესტნის, ისე ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკების საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრიდან. რუსეთის საზოგადოებრივი პალატის მიერ ამ თემის ასე აქტიურად წინ წამოწევა მიუთითებს, რომ საკითხი არა თუ მომწიფდა, არამედ გადამწიფდა კიდეც და მისი მიჩქმალვა უკვე შეუძლებელია. ყველასათვის ნათელია, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ეთნიკური და რელიგიური კურსის გატარების ძველი პრაქტიკა რუსეთის სახელმწიფოს დაშლისთვის ხელშეწყობის ტოლფასია. ყავლი გაუვიდა ცარიზმისა და სტალინური რეჟიმისთვის გადაბრალების გაცვეთილ ხერხსაც.

საკითხი დგას პრინციპულად: კონსტიტუციურმა სასამართლომ ან უნდა დატოვოს ძალაში კანონი ვაჰაბიზმის შესახებ, რაც ადამიანების უფლებების ფეხქვეშ გათელვაზე და მათი ხოცვა-ჟლეტის გაგრძელებაზე სანქციის გაცემის ტოლფასი იქნება ან იგი ცხადდება ქვეყნის ძირითად კანონთან შეუთავსებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ის ქმედება და მისი შემსრულებლები, ვინც ამ უკანონო კანონს ამოფარებული წლების მანძილზე ჩადიოდა უმძიმეს დანაშაულს ცხადდება ანტიკონსტიტუციურად, რასაც შესაბამისი პირების პასუხისმგებლობა უნდა მოყვეს.

სასამართლო გადის განაჩენის გამოსატანად!


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე