RSS
მორიგი მითი "მენშევიკური საქართველოს მიერ ოსთა გენოციდზე"
24.06.2011 13:41
ლელა სარალიძე
ისტორიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

პასუხი ლ. ჯიოევის მიერ ცხინვალის რეგიონში გამომავალ გაზეთში - «რესპუბლიკა“ (2011 წლის 8 ივნისი) დაბეჭდილ სტატიაზე: «სამხრეთ ოსეთის გენოციდის 91-ე წლისთავი“

ადამიანის ფანტაზიებს საზღვარი არა აქვს, თუმცა ლ. ჯიოევი ყოველგვარ ზღვარს გასცდა. სტატიაში იგი დაბეჯითებით აღნიშნავს, რომ «სამხრეთ ოსეთის გენოციდს, რომელიც 1920 წელს მოაწყო საქართველოს მენშევიკურმა მთავრობამ, ივნისში 91 წელი უსრულდება. ეს ისტორიული თარიღი ჯერჯერობით უყურადღებოდ რჩება მიმდინარე წელსაც. თუმცა 1920 წლის გენოციდი ბევრად უფრო აშკარაა, ვიდრე სხვა დანაშაულობები, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ ჩადენილი იქნა შემდგომ «საბჭოთა“ პერიოდში. განსაკუთრებით, 1920 წელი სამხრეთ ოსეთის მიმართ საქართველოს მხრიდან გატარებული ტერორის კულიმინაციად იქცა. 1917 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ნოე ჟორდანიას მთავრობა არც კი ფიქრობდა ნაციონალური უფლებები მიეცა ხალხებისათვის, რომლებიც რუსეთის იმპერიის ქართული მიწების შემადგენლობაში შედიოდნენ. თუმცაღა თვით სახელწოდება «სამხრეთ ოსეთი“ აშკარად მიუთითებდა ამ ნაციონალურ-ტერიტორიული წარმონაქმნის განსხვავებულობაზე ახალი ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში. ქართული სახელმწიფოებრიობის თავზე მოხვევა სამხრეთ ოსეთის მხრიდან გასაგებ წინააღმდეგობას ხვდებოდა. აჯანყებულ რეგიონზე პირველი თავდასხმა ქართულმა ხელისუფლებამ 1918 წლის მარტში მოაწყო. შემდეგი შეიარაღებული შეჭრა განხორციელდა 1919 წლის მაისსა და დეკემბერში. მაშინ სამხრეთ ოსეთი ფაქტიურად ოკუპირებული იქნა მენშევიკური ჯარების მიერ. ცხინვალიდან სოფელ უანელამდე ყველგან ქართული გარნიზონები იდგა», დასძენს ლ. ჯიოევი.

ლ. ჯიოევი აშკარად ცრუობს, რადგან არავითარი «სამხრეთ ოსეთი“ ბუნებაში არ არსებობს. ტერმინი ,,სამხრეთ ოსეთი“ სრულიად არაბუნებრივია ისტორიული თვალსაზრისით და შესაბამისად მიუღებელია, რადგან აღნიშნული ტერმინის ქვეშ მოიაზრება ოსებით დასახლებული საქართველოს ისტორიული შიდა ქართლის ტერიტორია. სახელწოდება სავსებით უსამართლოდ, საერთაშორისო სამართლის ნორმების გვერდის ავლით ეწოდა ქართულ მიწა-წყალს, რომელიც ჩრდილოეთიდან გადმოსულმა ოსებმა თანდათანობით დაიკავეს. ოსების საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოსახლების ფაქტს ადასტურებს არაერთი ქართველი და უცხოელი ავტორი.

დავიწყოთ იქედან, რომ შიდა ქართლის ოსური თემები ქართლ-კახეთის სამეფოს განუყოფელი ნაწილი იყო და იგი რუსეთის იმპერიას 1801 წლიდან აღმოსავლეთ საქართველოსთან ერთად დაექვემდებარა. როდესაც საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და 1918-1921 წლებში დემოკრატიულ რესპუბლიკას წარმოადგენდა, ბოლშევიკური რუსეთის კარნახით შიდა ქართლის ოსებით დასახლებულ ტერიტორიაზე დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ აჯანყება რამდენჯერმე მოეწყო. ცნობილია, რომ საბჭოთა რუსეთის ბოლშევიკური ხელისუფლება მტრულად შეხვდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღგდენას და დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნას. გაჭიანურებულმა შიდა პოლიტიკურმა კრიზისმა და საერთაშორისო ვითარებამ რუსეთი იძულებული გახადა ოფიციალურად ეღიარებინა ქართული სახელმწიფოს საუკუნოვანი მისწრაფება ეროვნულ-პოლიტიკური თავისუფლებისაკენ. პარალელურად მიმდინარეობდა რუსეთის ბოლშევიკური ხელისუფლების ლეგალური თუ არალეგალური მუშაობა რუსეთისაგან ჩამოშორებული საქართველოს კვლავ იმპერიის ფარგლებში მოსაქცევად. ამ გეგმის განსახორციელებლად რუსეთი დიდძალ თანხას გამოყოფდა, იარაღით და სხვა საშუალებებით ეხმარებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებასთან დაპირისპირებულ სეპარატისტულ ძალებს, რომლებიც ლენინის და რუსეთის ბოლშევიკური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქციებით იმართებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ 1920 წლის 7 მაისს საქართველოს და რუსეთს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, რუსეთი უსიტყვოდ სცნობდა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობას და ვალდებულებას იღებდა არ ჩარეულიყო მის საშინაო საქმეებში, რუსეთის ბოლშევიკური ხელისუფლება მანამდეც და შემდეგაც ძირს უთხრიდა ქვეყნის დამოუკიდებლობას.

ლ. ჯიოევი არასწორად იყენებს ტერმინს მენშევიკური მთავრობა. მართალია, ქართველი სოციალ-დემოკრატები (ე. წ. მენშევიკები) სათავეში ედგნენ ახლადშექმნილ ქართულ სახელმწიფოს, მაგრამ რაოდენობრივად ისინი ბოლშევიკებზე გაცილებით მეტი იყვნენ, შესაბამისად ქართული სახელმწიფო, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით მრავალმა ქვეყანამ აღიარა, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკად იწოდებოდა.

რუსეთის ხელისუფლების მიერ წაქეზებული ოსი სეპარატისტების მისწრაფებები თავის დროზე მკაცრად გააკრიტიკა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიწათმოქმედების სამინისტროსა და გლეხთა ცენტრის რწმუნებულმა ა. ფარნიევმა. გაზეთ ,,ერთობა“-ში მან სტატიაც კი გამოაქვეყნა, სადაც ბრალი დასდო ისტორიკოს ნ. ჯიოევს და სხვა ოს სეპარატისტებს, რომლებიც საქართველოსაგან გამოყოფას მოითხოვდნენ. ა.ფარნიევი წერდა: ,,...შარშან (იგულისხმება 1918 წელი - ლ.ს) ამიერკავკასიის წარმომადგენლების პირველ კრებაზე, 5 ივნისს, ჯავაში ნ. ჯიოევმა გაუბედავად აღძრა ოსების ცალკე გამოყოფის – დამოუკიდებლობის საკითხი, კრებამ უარი უთხრა. მაშ, ფრთხილად, აწონ დაწონე, ნუ აყვებით უპასუხისმგებლო პოლიტიკანებს, ნუ დაივიწყებთ, რომ ოსები ერთ ადგილზე არა ხართ დასახლებული და არც ისე ადვილია ცალკე სახელმწიფოს შექმნა და მისი ხარჯების გაწევა... ერთადერთ მიუვალ სიმაგრედ მიაჩნიათ ჩვენს ნაციონალისტებს ჯავის ხეობა. Aამ ხეობაში ცხოვრობენ ოსები დაახლოებით: ჯავის საზოგადოებაში _ 700 კომლი, როკის ხეობაში _ 400 კომლი. თითოეულ კომლზე რომ ვიანგარიშოთ საშუალოდ 10 სული მცხოვრები, სულ იქნებიან 16.000 სული. თბილისის და ქუთაისის გუბერნიებში კი ცხოვრობენ არა ნაკლებ 100.000 სულისა. მაშ, დანარჩენი 84.000 ოსის ინტერესებს ვის ვანდობთ, ისინი ვის მიეკედლონ... მე ვფიქრობ ისინი, ვინც ოსების დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნაზე ოცნებობენ, მათ ან არაფერი გაეგებათ ქვეყნიერების ავ-კარგისა ან და განგებ სურთ შეატაკონ ქართველი და ოსის დემოკრატია ერთმანეთს და დაღუპონ ის, რაც მოიპოვა ხალხმა“ (ა. ფარნიევი, ოსები საქართველოში (შესაძლებელია თუ არა ოსების დამოუკიდებლობა საქართველოში და ვინ მოითხოვს მას?), გაზ., ,,ერთობა“, ¹119, 11 ივნისი, 1918).

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა, რომლის მიერ გატარებულ ღონისძიებებს ლ. ჯიოევი «ტერორის პოლიტიკას“ უწოდებს, ეროვნული უმცირესობების საკითხის გადაწყვეტას საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით ახორციელებდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საინტერესოა საკონსტიტუციო კომისიის მაშინდელი თავმჯდომარის პავლე საყვარელიძის აზრი. საკონსტიტუციო კომისიის ერთ-ერთ სხდომაზე მან განაცხადა: ,,...დღეს ჩვენი მოვალეობა არის შევქმნათ მთლიანი, მტკიცე ეროვნული ორგანიზმი და ავიცდინოთ ის მიზეზები, რომლის გამო სუსტდება და ირღვევა იგი. ამიტომ ჩვენ უნდა განვაცხადოთ: სხვა ერს ჩვენ აქ ვეღარ შევქმნით, სახელმწიფოში ახალ სახელმწიფოს ვეღარ დავაარსებთ, ჩვენ ვერ დავუშვებთ ვერც კურიებს, ვერც ავტონომიას და საზოგადოდ საჯარო უფლებრივი ხასიათის ორგანიზაციას... ჩვენ ვიღებთ საქართველოს და ვამბობთ, რომ იგი ეროვნული სახელმწიფოა, 95% და უფრო მეტიც აქ ქართველობაა. ამიტომ ჩვენ ვდგევართ ეროვნული სახელმწიფოს ნიადაგზე და მისი ინტერესების თვალსაზრისით ვსინჯავთ ეროვნულ უმცირესობათა საკითხს... ჩვენ ყველაფერს დავუშვებთ, მაგრამ ვერ შევქმნით საჯარო-უფლებრივ ორგანიზაციებს“.

1918 წლის მაისში საქართველოს სუვერენული უფლებები აღდგა XIX საუკუნიდან რუსეთის მფლობელობაში მოქცეულ ერთიან ქართულ მიწა-წყალზე, მათ შორის ოსებით დასახლებულ შიდა ქართლზეც. მთელი ეს ტერიტორია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იურისდიქციაში ბუნებრივად მოექცა, რაზეც საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი უფლებამოსილება კანონიერად განავრცო, როგორც ისტორიულად თავის კუთვნილ ერთ-ერთ პროვინციაზე.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ, ოსებით დასახლებულ ადგილებში აგრარული საკითხის გადაჭრის მიზნით, გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი ალექსანდრე ასათიანი წერდა: ,,ცხინვალის ჩრდილოეთით, ლიახვის სათავეებში მდებარე მთიან ადგილას 130-მდე პატარ-პატარა ოსური სოფლებია, მცხოვრებლების რიცხვი დაახლოებით 1500 კომლამდე იქნება. ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი სოფელი არის ჯავა, სადაც იმყოფება რაიონის კომისარის კანცელარია. მთელ ამ უბანს ეძახიან სამთო ოსეთის უბანს. ყველა აქ მცხოვრები ოსნი გლეხები არიან. ამ ალაგას ერთად ერთი თავადები მაჩაბლები არიან, რომელთა საკუთრებას შეადგენდა მთელი ეს ალაგი, დაახლოებით 70 000 დესეტინა. ძველად მაჩაბლები ჩიოდნენ, რომ ვითომ ოსები მათი ყმები ყოფილიყვნენ, მაგრამ ოსები მაგარნი გამოდგნენ თავიანთი უფლებების დაცვაში. ამოირჩიეს კაცები, რომლებიც დაუღალავად და მედგრად ჰკრეფდნენ საბუთებს და ყველა დაწესებულებაში ამტკიცებდნენ თავის უფლებებს. თვით პეტერბურგის სენატიც კი არ დარჩათ მათ მოუვლელი. ამასთან ერთად მთავრობამ კარგად იცოდა, რომ იმ მიუვალ ადგილებში, სადაც ეს ოსები ცხოვრობდნენ, ძნელია ცარიელი ძალით ამისთანა კერპი ხალხის დამორჩილება და ამიტომ დაადგინა: ოსები ცნობილ იყვნენ თავისუფალ გლეხებად, მაჩაბლებს მიეცეს საშვილიშვილოდ პენსია 5 000 მანეთი წელიწადში. იმ პირობით, რომ მათ მოსპონ ყოველივე თავისი საჩივრები ოსების ყმებად ცნობის შესახებ. მაჩაბლებს არა აქვთ უფლება აჰყარონ ოსები ამ ადგილებიდან, ოსები კი ვალდებულნი არიან გადაუხადონ მაჩაბლებს ყოველწლიურად მეათედი ყოველი მოსავლისა. ეს მეათედი მათ უნდა ჩააბარონ ადგილობრივ და არ არიან ვალდებულნი მიუტანონ თავად მაჩაბლებს მათ სახლში. ამ უკანასკნელ მუხლს ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა. იმ მთიანი ადგილებიდან თავადებს არ შეეძლოთ, უგზოობის გამო, ჩამოეტანათ ღალა სოფელ თამარაშენში, სადაც თვითონ მაჩაბლები ცხოვრობდნენ. ამიტომ უმეტეს შემთხვევაში ურიგდებოდნენ ოსებს ფულით, ისიც ძალიან პატარა ფასებში. ასე მაგალითად, სოფელი ჯავისთავი იხდიდა 97 მანეთს წელიწადში. ბევრჯერ სრულიად ვერაფერ ღალას ვერ იღებდნენ თავადები... და აი ეხლა სწორედ ეს (სამაჩაბლოს – ლ.ს.) მიწები იანვრის 24-ს (1919 წ) კანონით გამოცხადებულია მათზე მოსახლე ოსების სრულ საკუთრებად და სრულიად უსასყიდლოდ. ეს მიწები ჩამორთმეულია თავად მაჩაბლებისაგან დემიანოვის, ჟირნოვის და სხვა მემამულეთაგან, რომელნიც უკვე მეათედს კი არა, ერთ გროშსაც კი ვერ მოსთხოვენ მშრომელ ოსებს მათი ნაშრომიდან. ამ მიწებიდან ერთი მტკაველი მიწაც არ ეტოვებათ ამ მემამულეებს, გლეხ ოსებს კი მიეცემათ ამ მიწებზე აქტები, როგორც მათ საკუთარ მიწებზე. მერე ვინ შეადგინა ეს კანონი? –სოციალ-დემოკრატმა მინისტრმა ხომერიკმა; ვინ დაამტკიცა? _ საქართველოს პარლამენტმა, სადაც უმრავლესობა სოციალ-დემოკრატები არიან. ეს კარგად უნდა დაიხსომონ სამაჩაბლოს ოსებმა...“ (ა. ასათიანი აგრარული რეფორმა ოსეთში, გაზ., ერთობა, ¹32, 9 თებერვალი, 1919).

ლ. ჯიოევი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ასეთ აგრარულ პოლიტიკას დანაშაულად თვლის, რასაც მისი აზრით ოსების მხრიდან «გასაგები წინააღმდეგობა“ მოჰყვა.

მიუხედავად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან არაერთი დათმობისა, ოსები კიდევ უფრო მეტს მოითხოვდნენ და კვლავ აგრძელებდნენ ბრძოლას. ოსების მიერ საქართველოს კუთვნილ მიწა-წყალზე ავტონომიური ერთეულის მოთხოვნა შეიარაღებული აჯანყების ფონზე მიმდინარეობდა. ცხინვალისა და ჯავის რაიონებში მცხოვრები ოსები იარაღით ხელში გამოვიდნენ დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ. აჯანყება დაიწყო 1918 წლის 14 მარტს სოფელ ერედვში. 18 მარტს აჯანყებულებმა დაბა ცხინვალი აიღეს და იქ საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს. ოსებმა წამებით მოკლეს გიორგი მაჩაბელი, სანდრო კეცხოველი, პეტრე ეფრემიძე, კოსტა ყაზიევი, კოტე ცერცვაძე. მათს მიზანს შეადგენდა საბჭოთა ხელისუფლების დამყარება, არარსებული ,,სამხრეთ ოსეთის“ გამოყოფა საქართველოდან და საბჭოთა რუსეთთან შეერთება. 1920 წლის 8 მაისს, სოფელ როკში ოსებმა საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს, ხოლო საბჭოთა ოსეთი რსფსრ შემადგენელ ნაწილად აღიარეს. აჯანყებულთა დასახმარებლად ჩრდილოეთ ოსეთიდან გადმოვიდნენ ის რაზმები, რომლებიც იქ შიდა ქართლში ოსების 1919 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ გადავიდნენ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლის სათავეში ვალიკო ჯუღელი იყო აღკვეთა ოსების გამოსვლები. რუსეთის უხეში ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებში თვალნათლივ გამოიკვეთა 1920 წლის 17 მაისის ნოტით, რომელიც რსფსრ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა ჩიჩერინმა გამოუგზავნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას. ნოტის შინაარსი ასეთი იყო: ,,...ჩვენ შეშფოთებით გავიგეთ, რომ ,,სამხრეთ ოსეთში“, სადაც გამოცხადებულია საბჭოთა რესპუბლიკა, ასეთი ხელისუფლების მოსპობისათვის გაგზავნილია ქვეითი ჯარები. თუ ეს სწორია, ჩვენ მტკიცედ მოვითხოვთ გაიწვიოთ თქვენი ჯარები ოსეთიდან, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ოსეთს ისეთი ხელისუფლება უნდა ჰყავდეს, როგორიც სურს. საქართველოს ჩარევა ოსეთის საქმეებში იქნებოდა სრულიად გაუმართლებელი ჩარევა უცხო საქმეებში“.

მაშინ როდესაც საქართველოს კანონიერ მთავრობას გარეშე, მესამე ძალად წოდებული რსფსრ-ს მთავრობა ასე უყენებდა საკითხს, ვფიქრობთ კომენტარი ზედმეტია. მოვიყვანთ მხოლოდ, საქართველოს მთავრობის 1920 წლის 20 მაისის საპასუხო ნოტას. მისი შინაარსი ასეთია: ,,საქართველოს მთავრობა უაღრესად შეცბუნებულია თქვენი ნოტის იმ ნაწილით, რომელშიც ლაპარაკია საქართველოს მთავრობის განზრახვაზე იარაღის ძალით ჩაახშოს ,,სამხრეთ ოსეთის“ საბჭოთა რესპუბლიკა. ჩემს მოვალეობად მიმაჩნია მივაქციო თქვენი ყურადღება იმ გარემოებას, რომ საქართველოს ფარგლებში ,,სამხრეთ ოსეთი“ არ არსებობს, არამედ საქართველოს ფარგლებში არსებობენ ოსური სოფლები, რომლებიც მდებარეობენ თბილისის გუბერნიის გორის მაზრაში, ეს სოფლები შეადგენენ საქართველოს უდავო ტერიტორიას... ეს ტერიტორია ხელშეკრულებით შედის საქართველოს საზღვრებში და იქ სხვა ხელისუფლება, გარდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებისა დაუშვებელია“.

რუსეთის ხელისუფლების ნოტით წაქეზებულმა ოსებმა 1920 წლის 7 ივნისს ცხინვალი აიღეს. მეორე დღეს ხალხმრავალ მიტინგზე წაკითხულ იქნა ,,სამხრეთ ოსეთის“ რევკომის შემდეგი შინაარსის ბრძანება: ,,აჯანყებულმა გლეხებმა ,,სამხრეთ ოსეთიდან“ განდევნეს საქართველოს მენშევიკური ჯარები და გამოაცხადეს საბჭოთა ხელისუფლება, ტერიტორიაზე ონიდან დუშეთამდე“. რომ არა გარეშე ძალის ჩარევა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ყოველთვის ახერხებდა ოსი სეპარატისტების დამორჩილებას, რაც ოსების მხრიდან ქართველ ხელისუფალთა კრიტიკის საგანი ხდებოდა. საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ამ პერმანენტულ ბრძოლას მოსკოვის დავალებით, რკპ (ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტი ხელმძღვანელობდა, რომელიც გამოსცემდა ბრძანებებს ყოველი აჯანყების დაწყების და შეჩერების შესახებ.

1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის წითელმა არმიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაიპყრო, რის გამოც საქართველომ სახელმწიფოებრიობა დაკარგა. რუსეთის ხელისუფლების მიერ წაქეზებული ოსი სეპარატისტების მოძრაობა, რომელმაც მკვეთრად გამოხატული ხასიათი 1917 წლიდან მიიღო, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1922 წლის 20 აპრილს, ე. წ. «სამხრეთ ოსეთის“ უკანონო ავტონომიური ოლქის შექმნით დაგვირგვინდა. O

ოსი ავტორები ისტორიას ტენდენციურად, ცალმხრივად აფასებენ და არ ითვალისწინებენ, თუ რა პირობებში შეიქმნა ე. წ. «სამხრეთ ოსეთის“ ავტონომიური ოლქი. ისინი მხოლოდ შედეგებით აპელირებენ და მასალად საბჭოთა ისტორიოგრაფიის გაყალბებულ ისტორიულ ფაქტებს იყენებენ. მათთვის ასე უფრო მოსახერხებელია მიზნის მიღწევა და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. სინამდვილეში, თვით რუსეთის ბოლშევიკური ხელისუფლების მესვეურთაც გაუჭირდათ თავდაპირველად 1922 წლის 20 აპრილის დეკრეტის ამოქმედება, რადგან მათ დიდი ფანტაზია და ძალისხმევა შეალიეს ოსებით დასახლებულ ქართულ ტერიტორიაზე ახალი, ხელოვნურად გამოძერწილი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნას.

ლ. ჯიოევი ცრუობს, როცა აცხადებს, რომ «ქართული არმია არ განიცდიდა კადრების, სამხედრო საბრძოლო მასალის, ზარბაზნების, ტყვიამფრქვევებისა და ჯავშანმატარებლების სიმცირეს, რითაც ის ფართოდ აღიჭურვებოდა მისი დასავლეთელი მოკავშირეების მიერ“. ცნობილია, რომ 1920 წლის 20 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა ნოე ჟორდანიამ განცხადებით მიმართა ინგლისის, საფრანგეთის, აშშ-ის, იტალიის წარმომადგენლებს თბილისში, სადაც გულისტკივილით აღნიშნა, რომ საქართველოს დასავლეთისაგან საკუთარი საზღვრების დასაცავად არც ერთი ვაზნა არ მიუღია და საკუთარი ძალებით უმკლავდებოდა შინაურ თუ გარეშე მტერს.

ლ. ჯიოევი მორიგ ბრალდებას აყენებს და ამბობს, რომ «საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება ოსებს ასახლებდა და მათ ადგილზე ხდებოდა ქართველების ჩასახლება მეზობელი რაიონებიდნ“. როკისა და მამისონის საუღელტეხილო ხეობებში ქართველების ნაწილობრივი ჩასახლება მხოლოდ საქართველოს საზღვრების გამაგრებას, მისი არასაიმედო ელემენტებისაგან გაწმენდას, სამოქალაქო დაპირისპირების შენელებას და ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიის შექმნას ემსახურებოდა და განპირობებული იყო ოსებისადმი, როგორც არასაიმედო ელემენტისადმი, უნდობლობით. 1918-1920 წლებში შიდა ქართლში მცხოვრები ოსების აჯანყებები საქართველოსთვის კრიტიკულ მომენტებს დაემთხვა, რის გამოც საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ საჭიროდ ჩათვალა სასაზღვრო ზოლის სათანადო გამაგრება.

ასევე გაზვიადებულია ლ. ჯიოევის მოტანილი ციფრები ოსების ე. წ. გენოციდთან დაკავშირებით. თვითმხილველთა მოწმობით, ამ მოვლენების დროს ჩრდილოეთ ოსეთში გადასულ ლტოლვილთა საერთო რაოდენობა 20 ათასამდე აღწევდა (Известия Юго-Осетинского научно-исследовательского института краеведения, вып. II, Сталинир, 1935, стр.122, 127). 1920 წელს აჯანყებულ ოს ბოლშევიკთა მოგონებებში, რომელიც 1935 წელს გამოქვეყნდა ნათქვამია, რომ «მეამბოხეთა დანაკარგი უმნიშვნელო იყო, აჯანყებულებმა ბრძოლით დაიხიეს უკან, იფარავდნენ ლტოლვილებს და ისე გადაიარეს უღელტეხილები“.

ლ. ჯიოევი, ისტორიული ფაქტების ფალსიფიკაციის გზით, ცდილობს კერძო ინტერესების თარგზე გამოჭრას ისტორია, რათა იგი სეპარატისტული პოლიტიკის სამსახურში ჩააყენოს. ასეთი გზა ყოვლად მიუღებელი და დამღუპველია, რადგან მას მხოლოდ დაპირისპირებამდე და სისხლისღვრამდე მივყავართ. წარსულის შეცდომები აღარ უნდა განმეორდეს.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
ოკუპანტებმა დაკავებული თენგიზ ყურუას სანაცვლოდ ოჯახს 30 ათასი რუბლი მოსთხოვეს
19.06.2013 11:06
ეუთო კონფლიქტისპირა რაიონებში არსებული მდგომარეობის გამო შეწუხებულია
18.06.2013 18:12
შსს-ში ოკუპირებული ტერიტორიების ირგვლივ არსებულ ვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
18.06.2013 10:58
შსს-მ დასავლეთ საქართველოში იარაღის სამალავებს მიაკვლია
17.06.2013 15:56
ზალკალიანი: აფხაზეთის ტერიტორია ოკუპირებულია და ნებისმიერი იქ ჩატარებული კომერციული ოპერაცია იქნება არალეგალური
17.06.2013 15:55
ოკუპანტებმა მოქალაქეების გადადგილების თავისუფლება მნიშვნელოვნად შეზღუდეს
17.06.2013 11:56
შსს ორსანტიაში ოკუპანტებმა თენგიზ ყურუა დააკავეს
16.06.2013 17:42
ავღანეთში გარდაცვლილი 7 ქართველი ჯარისკაცი სამხედრო პატივით დაკრძალეს
13.06.2013 18:36
ყველა სიახლე