RSS
აფხაზური სეპარატიზმი სუკის ლაბირინთებში იშვა. ნაწილი IX
11.07.2011 15:00
ლევან კიკნაძე
ექსპერტთა კლუბი

(გაგრძელება. იხ. ნაწილები I, II, III, IV, V, VI, VII, VIII)

აფხაზეთის ომის უცნობი დეტალები. ნაწილი IV

ისინი, ვინც აფხაზეთში შინაგანი ჯარების შეყვანას ლობირებდნენ (გარდა ზოგიერთებისა ვინც კრემლის დავალებას ასრულებდნენ) რკინიგზის დაცვასთან ერთად, ალბათ საერთო ჯამში, კრიმინოგენური სიტუაციის გაუმჯობესებასაც მოელოდნენ, რისი გაუარესება აფხაზეთში, როგორც წინა პუბლიკაციებში აღინიშნა პირველ რიგში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების უკიდურეს გამწვავებას უკავშირდებოდა. აქედან გამომდინარე ბევრი ქართველი ლიდერი, როგორც თბილისში ისე აფხაზეთში, ქართული შეიარაღებული ფორმირებების შეყვანას არა მარტო დადებითად აფასებდა, არამედ მოითხოვდა კიდეც. იმ დროს, როდესაც თვით სახელმწიფო საბჭოში აფხაზეთთან მიმართებაში ერთიანი აზრი არ არსებობდა, ხოლო საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირება მძვინვარებდა, ძალიან ძნელი იყო სწორი გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ, ე. შევარდნაძე, რომელიც საკმაოდ იყო ინფორმირებული (ყოველ შემთხვევაში ჩვენგან მაინც), რომ არძინბა, კრემლის წაქეზებით და ხელშეწყობით მზად იყო და მხოლოდ საბაბს ელოდა შეიარაღებული კონფლიქტის გასაჩაღებლად, აუცილებლად უნდა ჩამოსულიყო აფხაზეთში, ადგილზე გაცნობოდა ვითარებას, შეხვედროდა არძინბას და გადაწყვეტილებაც ისე მიეღო. აფხაზეთში კი, სადაც ამ ყველაფრის ფონზე, სახეზე იყო სეპარატიზმის არნახული გააქტიურება, ქართველებს შორის არა თუ ვერ ხერხდებოდა საერთო ენის გამონახვა, რათა კოორდინირებულად გაგრძელებულიყო ქართული ინტერესების დაცვა ერთი მუჭა სეპარატისტებისგან, არამედ შეურიგებელი დაპირისპირება ზ. გამსახურდიასა და ე. შევარდნაძის მომხრეებს შორის რიგ შემთხვევებში ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე მიდიოდა.

იმ დროისათვის ვერავინ ვერ იფიქრებდა, რომ მოგვიანებით ლოთი ქობალიას შეიარაღებული ფორმირებები შეუღწევად ზღუდედ აღიმართებოდნენ მდ. ენგურის ზოლზე და ფაქტიურად, გუმისთის, შრომის და ტყვარჩელის მიმართულებების ფრონტის ხაზებთან ერთად, ალყაში მოაქცევდნენ ქართულ საჯარისო ფორმირებებს, რაც საბოლოო ჯამში ომის ბედის გადაწყვეტის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი გახდა. ამ მზაკვრული გეგმის მოფიქრება ცხადია ლოთი ქობალიას გონებრივ შესაძლებლობებს აღემატებოდა, მაგრამ იმასაც დარწმუნებით ავღნიშნავთ, რომ აფხაზი სეპარატისტები ყველაზე ლამაზ სიზმრებშიც კი ვერ წარმოიდგენდნენ მოვლენების მათ სასარგებლოდ ისე განვითარებას, როგორც ეს სინამდვილეში მოხდა. ამ ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა, ასეთ საქმეებში დახელოვნებულ რუსეთის სპეცსამსახურების ანალიტიკურ ცენტრების შესაძლებლობებსაც კი აღემატებოდა. დიახ, ეჭვგარეშეა და ჩვენი პუბლიკაციებიც იმის დასტურია, რომ კრემლის დიდი ხნის სურვილი აფხაზეთის ქართული სივრციდან მოწყვეტა იყო, რომელიც განსაკუთრებით მას შემდეგ გაუმძაფრდა, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მისი ამ გეგმის ნაწილობრივი ხორცშესხმა გახლდათ (ყოველ შემთხვევაში ამ მიზნის მისაღწევად წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი) ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა, რასაც შემდეგ საქართველოში სამოქალაქო ომი მოყვა. ამ ფონზე ქართულ-აფხაზური შეიარაღებული დაპირისპირების პროვოცირება მოსკოვისთვის უკვე დიდ სიძნელეს აღარ წარმოადგენდა, რაც განახორციელა კიდეც. მაგრამ ფაქტი ერთია, კიტოვანი, ქობალია და კიდევ ბევრი სხვა, ნებსით თუ უნებლიეთ ამ გეგმის ზედმიწევნით კარგი შემსრულებლები აღმოჩნდნენ.

ძნელია არ იფიქრო, რომ ლოთი ქობალია თავისი ქმედებებით, შეგნებულად ასხავდა მტრის წისქვილზე წყალს. მთელი ომის მსვლელობისას, იშვიათი გამონაკლისის გარდა, როდესაც მისმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა მონაწილეობა მიიღეს 1993 წლის ივლისის დასაწყისში ოჩამჩირის რაიონის სოფ. ტამიშთან მტრის საზღვაო დესანტის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებში, ლოთი ქობალია მხოლოდ იმას ცდილობდა როგორმე ხელი შეეშალა ქართულ საჯარისო ფორმირებებისთვის. ტამიშის დესანტის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებში ლოთი ქობალიას შეიარაღებული ფორმირებების მონაწილეობა, მისივე მეომრების მასზე ზეწოლის შედეგი უნდა იყოს, რადგანაც დარწმუნებული ვართ ბევრმა ალბათ ვეღარ გაუძლო თითქმის მთელი წელიწადი მაყურებლის როლში ყოფნას, როდესაც იქვე ახლოს, დაახლოებით 50 კილომეტრში მათი თანამოძმეები სისხლისგან იცლებოდნენ. როგორც ცნობილია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენ. შტაბის მიერ დაგეგმილი მასირებული ფართომასშტაბიანი შეტევა სოხუმზე ყველა მიმართულებით უკვე მზადდებოდა და ამ დროისთვის მიმდინარეობდა ბრძოლები სოხუმის შემოგარენის სტრატეგიული მნიშვნელობის მთის სიმაღლეების დასაკავებლად. დესანტის ამოცანას კი შეადგენდა შეერთებოდა ტყვარჩელის დაჯგუფებას, რომელსაც იმ დროისათვის უკვე აღებული ჰქონდა რამოდენიმე დასახლებული პუნქტი და გაერთიანებული ძალებით გადაეკეტათ ოჩამჩირე-სოხუმის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალი. ამით პრაქტიკულად ალყაში ექცეოდა სოხუმი. ამ სასიცოცხლო მიმართულებისთვის ბრძოლა, ერთ კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდა და მტრის მრავალრიცხოვანი დესანტის მთლიანი განადგურებით დასრულდა. ტამიშთან წარმოებულმა ბრძოლებმა ნათლად აჩვენეს, რომ ერთიანი ძალისხმევისა და სულისკვეთების შემთხვევაში, სერიოზულ ანგარიშგასაწევ ძალას წარმოვადგენდით და შეიძლებოდა ბევრი რამ ჩვენ სასარგებლოდ შემობრუნებულიყო. პირველ რიგში, უნდა გაგრძელებულიყო ბრძოლები უკვე ტყვარჩელის მიმართულებით და კონტროლი დაგვეწესებინა მასზე (ცალკე თემის საგანია, რატომ თავის დროზე არ დამყარდა კონტროლი ტყვარჩელზე). ასევე ერთიანი ძალებით და ორგანიზებულად აღგვედგინა კონტროლი სოხუმის მიმდებარე სიმაღლეებზე, რომლებიც ამ დროისთვის უკვე დაკავებული ჰქონდათ სეპარატისტებს. ამის სანაცვლოდ, 1993 წლის ივლისის ბოლოს, ლოთი ქობალიამ თავისი ფორმირებები შეატრიალა აღმოსავლეთით და აიღო ხობი და სენაკი. ეს ის პერიოდია, როდესაც ძალაში შევიდა სოჭის 27 ივლისის ცნობილი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. პარალელურად სეპარატისტები არღვევდნენ ხსენებულ სამშვიდობო შეთანხმებას და დრო და დრო ანახლებდნენ საბრძოლო მოქმედებებს სოხუმის შემოგარენში. ამავე დროს კი ზ. გამსახურდიას მომხრეების რადიკალური ფრთა მებრძოლებს მოუწოდებდა დაეტოვებინათ საბრძოლო პოზიციები და შეერთებოდნენ ლოთი ქობალიას ფორმირებებს.

სამწუხაროდ, ბევრი დღესაც ვერ ხვდება, რომ ლოთი ქობალიამ ისარგებლა მომენტით და მას შემდეგ, რაც აფხაზეთისკენ დაძრული ქართული საჯრისო ფორმირებები შევიდნენ და გაიფანტნენ მთელ აფხაზეთში, გადაკეტა ენგურის ხიდი და დააწესა მასზე კონტროლი. ერთი შეხედვით, ლოთი ქობალიას ამდაგვარი, თითქოს არაადეკვატური, ბევრისთვის გაუგებარი ქმედებები, სინამდვილეში ე. შევარდნაძის წინააღმდეგ იყო გამიზნული - ფაქტიურად, შეიარაღებული ძალების გარეშე დარჩენილი ე. შევარდნაძის ხელისუფლების დამხობა, რომლის პირველი ეტაპი დასავლეთ საქართველოზე სრული კონტროლის დაწესება იყო, რაც მოგვიანებით დადასტურდა კიდეც. ლოთი ქობალია და მისი მხარდამჭერები , როგორც საქართველოში, ასევე გროზნოში თუ მოსკოვში ვერ აცნობიერებდნენ, რომ აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ბედი წყდებოდა, რომ ამ ომში თუ დავმარცხდებოდით, დავმარცხდებოდით - ქართველებიც და აფხაზებიც, "ზვიადისტებიც" და "შევარდნაძისტებიც".

ქობალიას მხრიდან ენგურის ხიდზე კონტროლის დაწესების გამო, სახელმწიფო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება სამხედრო თუ ჰუმანიტარული დანიშნულების ტვირთები აფხაზეთში ფოთიდან, გემების მეშვეობით შემოეტანათ, რაც ბუნებრივია მრავალ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ამასთან აკვატორიაში არც თუ იშვიათი შტორმები ტვირთების საზღვაო გზით გადაზიდვას შეუძლებელს ხდიდა. აქედან მოყოლებული, მთელი ომის განმავლობაში მუდმივად მიდიოდა ვაჭრობა ქობალიასთან სამხედრო დანიშნულების ტვირთების ენგურის ზოლზე გატარებასთან დაკავშირებით. თანხმობის იშვიათ შემთხვევებშიც კი ხშირად იძარცვებოდა ტვირთები. ომის ერთ-ერთი, ჩვეულებრივი მძიმე პერიოდის დროს, როდესაც განუწყვეტლივ იბომბებოდა სოხუმი, დიდი შტორმების გამო საგრძნობლად გართულდა ფოთიდან გემებით არტილერიისთვის საჭირო ჭურვების მოწოდება. ბევრი ხვეწნა-მუდარა არ დასჭირვებია ლ. ქობალიას და დათანხმდა ჭურვებით დატვირთული რკინიგზის შემადგენლობის გატარებას. მაგრამ სოხუმში სატვირთო ვაგონების შემადგენლობა გატეხილი და ჭურვებისგან სანახევროდ დაცლილი შემოდიოდა. საკითხი კონტროლზე ავიყვანეთ და სამხედროებთან ერთად დავიწყეთ გარკვევა თუ სად შეიძლება გაძარცვულიყო ვაგონები. ლოთი ქობალიას ხალხი რა თქმა უნდა კატეგორიულად უარყოფენ სატვირთო ვაგონების ძარცვას, სანამ არ დადგინდა, რომ ვაგონები ინგირის რკინიგზის სადგურში მისი განკარგულებით იძარცვებოდა. ლოთი ქობალიასთან ისევ დაიწყო მოლაპარაკებები, რათა შეეწყვიტა ვაგონების ძარცვა. პარადოქსული სიტუაცია შეიქმნა: იმ დროს, როდესაც რკინიგზაზე ძარცვისა და ყაჩაღობის ფაქტების აღსაკვეთად აფხაზეთში ჯარი შევიყვანეთ, ქობალიას ბანდებს ბლოკირებული ჰქონდათ ინგირის რკინიგზის სადგური და სახვეწარი გახადეს ნება დაერთოთ, დრო და დრო გაეტარებინათ ტვირთები, თანაც როგორც მოესურვებოდა ისე ძარცვავდნენ ვაგონებს. ამ შემთხვევაშიც შეთანხმება მიღწეული იქნა და ქობალია ადვილად დათანხმდა ამ დრომდე მისთვის მიუღებელ პირობებს - გაეტარებინა ვაგონები ყოველგვარი შემოწმების გარეშე. ტვირთების მოძრაობა გაგრძელდა და ვაგონების გატეხვა შეწყდა - დალუქული და გაუძარცვავი ვაგონები დაუბრკოლებლად შემოდიოდნენ სოხუმის რკინიგზის სადგურში. თითქმის ყველამ დაიჯერა ჩვენს გარდა, რომ ჭურვების ასე ადვილად ხელში ჩაგდების შემთხვევას ლოთი ქობალია ხელიდან გაუშვებდა და რაიმე ხერხს არ მიმართავდა.

ინგირის სადგურში სატვირთო ვაგონებიდან საარტილერიო ჭურვების დატაცების ფაქტები კიდევ ერთხელ გვიდასტურებდნენ მიღებული ოპერატიული ინფორმაციების სარწმუნოებას, რომ ლოთი ქობალია სერიოზული ამბოხისთვის ემზადებოდა და ამიტომაც იმარაგებდა ჭურვებს. ზოგიერთი სამხედრო თუ სამოქალაქო ხელმძღვანელი ირონიულადაც კი აღიქვამდა ჩვენს ეჭვებს, თანაც გაკვირვებას ვერ მალავდნენ, თუ რაში უნდა დასჭირვებოდა ქობალიას ჭურვები, როდესაც საარტილერიო დანადგარები არ ჰქონდა. თუ სად იშოვიდა იგი საარტილერიო დანადგარებს, ჩვენთვის ჯერ კიდევ ამოცანად რჩებოდა. ყოველ შემთხვევაში, თბილისს ვთხოვეთ შესაბამისი ღონისძიებების გატარება რუსეთის სამხედრო ბაზებზე კონტროლის გასაძლიერებლად, რათა არ მომხდარიყო საარტილერიო დანადგარების საიდუმლო გადაცემა ლოთი ქობალიასთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ვაგონები აღარ ტყდებოდა, მათზე დასმული ლუქებიც მთელი იყო და სამხედროებისგანაც პრეტენზიები არ იყო, შეძლებისდაგვარად ვაგრძელებდით ოპერატიულ კონტროლს. როგორც ცოტა მოგვიანებით გავარკვიეთ, ჭურვების ხელში ჩასაგდებად ლოთი ქობალიამ სხვა გზა აირჩია. გამონახა საერთო ენა(თუ ადრე არ ქონდა გამონახული) სოხუმში დისლოცირებული საარმიო კორპუსის იმ სამხედრო ჩინოსნებთან, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ სამხედრო ტვირთების, მათ შორის ჭურვების მიღება-აღრიცხვაზე. ხსენებულ პირებს ვაგონების გადმოსატვირთავად შერჩეული ჰყავდათ სამხედრო მოსამსახურეთა "სანდო" კონტიგენტი, რომელთა საშუალებითაც სოხუმის რკინიგზის სადგურში ახორციელებდნენ სატვირთო ვაგონების გადმოტვირთვას. ამ შემთხვევაში გადმოიტვირთებოდა სატვირთო ვაგონის კარებთან თვალში საცემ ადგილზე დაწყობილი ჭურვები, ხოლო ვაგონის სიღრმეში, ორივე გვერდზე მოთავსებული ჭურვები ადგილზე რჩებოდა. ამის შემდეგ ვაგონის კარები იხურებოდა და როგორც ცარიელი ბრუნდებოდა უკან. სადგურ ინგირში ქობალიას ხალხის მიერ ჩამოიტვირთებოდა ვაგონებში მათთვის სპეციალურად დატოვებული ჭურვები. ამრიგად ჭურვების დაახლოებით მესამედი ნაწილი რჩებოდა ქობალიას განკარგულებაში. ჭურვების დატაცების ფაქტზე აფხაზეთის უშიშროებაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. გამოძიების დაწყებით სტადიაში უკვე გამოიკვეთა სამხედრო ჩინოსანთა ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც დანაშაულებრივ კავშირში იმყოფებოდა ლოთი ქობალიასთან. შექმნილ სიტუაციაში, რადგან საკითხი ეხებოდა საარმიო კორპუსს, თანაც იმ პერიოდისათვის სოხუმში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, აფხაზების მხრიდან მხარეებს შორის მიღწეული 1993 წლის 27 ივლისის სოჭის, შეთანხმების დარღვევის გამო, საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის იმდროინდელმა ხელმძღვანელმა ი. ბათიაშვილმა გადაწყვიტა საქმის წარმოების გაგრძელება ცენტრში და გამოძიების მასალები პირადად წამოიღო თბილისში. ამის შემდეგ მალე ომიც განახლდა, რასაც აფხაზეთის დაკარგვა მოყვა და გამოძიებაც შეწყდა. აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ, როგორც ცნობილია ი. ბათიაშვილი მალევე გადადგა , ხოლო მის ადგილზე მოსულმა ი. გიორგაძემ თუ რატომ არ მიაყვანინა გამოძიება ბოლომდე, ალბათ ყველასთვის გასაგებია.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე