RSS
ГРУ: მიზანი ყოველთვის ამართლებს საშუალებებს
04.08.2011 12:46
ლევან კიკნაძე
"ექსპერტთა კლუბი"

რუსეთის მაღალი რანგის დიპლომატის, გრიგორი კარასინის აზრით რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზებას თურმე ხელს უშლის საქართველოს ხელისუფლების შეუჩერებელი მცდელობა, დაარწმუნოს მსოფლიო საზოგადოება და სკუთარი მოსახლეობა, თითქოს საქართველო სავსეა რუსეთის ჯაშუშებით და დივერსანტებით. ბუნებრივია კარასინი სხვანაირად ვერ იტყვის. ამბობს იმას, რასაც ავალებენ. უფრო სწორად, კომუნისტური მმართველობიდან მოყოლებული მსგავსი შემთხვევებისთვის ყოველთვის მზად აქვთ ე.წ. "მორიგე განცხადებები". ასე, რომ ტვინის ჭყლეტა, თუ როდის რა უნდა თქვას, კარასინს სრულებითაც არ ჭირდება. ამასთან, ის და მისი მესვეურები იმასაც ვერ ხვდებიან, რომ მეოცე საუკუნეში არიან ჩარჩენილები და საქართველო ისევ გარე სამყაროსგან იზოლირებული გონიათ, რომლის მოსახლეობისთვის მსოფლიოში მიმდინარე ძვრები უცნობი და მიუწვდომელია. ბატონი კარასინის მცდელობა საქართველოს მოსახლეობა ან მსოფლიო საზოგადოება დააჯეროს, რომ რუსეთის სპეცსამსახურები საქართველოში ჯაშუშურ საქმიანობას არ ეწევიან, რბილად, რომ ვთქვათ დიდი მიამიტობაა. არა და სრულებითაც არა ვართ კარასინზე ან ნებისმიერი თუნდაც მისი რანგის რუსეთის ჩინოვნიკზე ისეთი წარმოდგენის, რომ მათაც სჯერათ ამ ზღაპრების. ისინი უბრალოდ ვერ ურიგდებიან, რომ ჩვენმა სპეცსამსახურებმა შეიძლება გამოავლინონ და აღკვეთონ მათი სპეცსამსახურების ძირგამომთხრელი საქმიანობა საქართველოში. იმასაც კარგად უნდა უწყოდნენ, რომ მათი ფარული საქმიანობის შესახებ, რომელიც გუშინ არ დაწყებულა, ქართულმა სპეცსამსახურებმა ადრეც ძალიან კარგად იცოდა.

საქმე იმაშია, რომ, ქართულ–რუსული ურთიერთობები ცივილურ საზღვრებს კარგა ხანია საკმაოდ დიდი მანძილით გასცდა, რაც უდაოდ რუსეთის "დამსახურებაა" ძირითადად მათი სპეცსამსახურების საქმიანობის აგრესიული და გამომწვევი ფორმების გამო. უფრო სწორად რომ ვთქვათ, რუსეთმა, ხელისუფლებაში პუტინის მოსვლის შემდეგ, საქართველოში (და არა მარტო საქართველოში) საგრძნობლად გააძლიერა აგენტურულ–ოპერატიული საქმიანობა, ხოლო საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახადა აღარ დაემალა და სააშკარაოზე გამოეტანა მათი, უკვე ყოველგვარ ზღვარს გადასული ჯაშუშური ქმედებები. რუსეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელები ერთხელ მაინც თუ დაფიქრებულან, ბოლო წლებში რატომ გახშირდა მათი აგენტურის გამოვლენისა და ხმაურიანი გამოძევების ფაქტები არა მარტო საქართველოდან, არამედ სხვადასხვა ქვეყნებიდან. როგორც ცნობილია, არც თუ იშვიათი ყოფილა შემთხვევები, როდესაც უცხო ქვეყნის დადგენილი და გამოვლენილი აგენტურის გაყვანა ქვეყნიდან დიპლომატიურ ჩარჩოებს არ სცდებოდა და ჩუმად, ყოველგვარი აჟიოტაჟისა და ზედმეტი ხმაურის გარეშე ხორციელდებოდა. დღეისათვის კი, თუ სადმე აგენტურული ქსელის გამოვლენა და მათი ქვეყნიდან გამოძევება სკანდალით და ხმაურით ხდება – როგორც წესი რუსეთის აგენტურაა.

"ექსპერტთა კლუბის" პუბლიკაციების ციკლში "აფხაზური სეპარატიზმი სუკის ლაბირინთებში იშვა" საკმაოდ ნათლად ჩანს რუსეთის ნეგატიური როლი ქართულ–აფხაზურ კონფლიქტში. ჯერ კიდევ ქართულ–აფხაზური ომის დროს, მოგვიანებით კი რუსეთის სამხედრო კონტიგენტის მიერ ე.წ. სამშვიდობო ოპერაციების წარმოებისას, მუდმივად ვღებულობდით ინფორმაციებს კონფლიქტის ზონებში რუსეთის სპეცსამსახურების აგენტურულ–ოპერატიული საქმიანობის შესახებ, მიმართულს საქართველოს წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ იქმნებოდა ოპერატიული შემოწმებისა და დამუშავების საქმეები, დადგენილი და გამოვლენილი გვყავს მრავალი აგენტი, რუსეთის ზედმეწტად გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად, ერთის გარდა (სიტნიკოვის საქმე. ГРУ-ს ჩავარდნის ისტორიიდან - ნაწ. I , II), არც ერთი საქმე ბოლომდე არ მიგვიყვანია. ამან ეტყობა კრემლი გაათამამა. დაიჯერეს საკუთარი სპეცსამსახურების უძლეველობა და რაც მთავარია ფეხებზე დაიკიდეს საქართველო და მისი სუვერენიტეტი. თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანთ ერთ მაგალითს.

სოხუმიდან მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ГРУ–მ (რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამართველო) სეპარატისტული რეჟიმის უშიშროებასთან ერთად, სოხუმში მოტყუებით გადაიყვანა და გადაიბირა საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები გურამი (გასაგები მიზეზების გამო პუბლიკაციაში გამოყენებული სახელები გამოგონილია), რომელიც წყაროს ინფორმაციით მუშაობდა ერთ–ერთ უცხო ქვეყნის საელჩოში, მაგრამ კერძოდ რომელში წყაროსთვის უცნობი იყო. ჩვენს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად დადგინდა მოქალაქე გურამი და მოყვანილი იქნა შსს–ს ცნობილ "მოდულის" შენობაში.

გურამმა გაკვირვება და გაოცება ვერ დამალა ჩვენი ინფორმირებულობის გამო. შვებითაც კი ამოისუნთქა, რადგანაც მისთვის წარმოუდგენელი პროცესი – "აღიარება", რომლისთვისაც იგი შინაგანად მზად იყო, მაგრამ ვერ ბედავდა, როგორც იქნა ჩვენი დახმარებით შედგა.

როგორც ცნობილია ქართულ–აფხაზური კონფლიქტის უსაფრთხოების ზონა, მოიცავდა 24 კილომეტრიან ზოლს, რომლის გამყოფი აფხაზეთ–სამეგრელოს ადმინისტრაციული საზღვარი – მდინარე ენგური იყო. შესაბამისად, აღმოსავლეთის 12 კილომეტრიან ზოლს რუსეთის სამშვიდობო ძალების აღმოსავლეთის ბატალიონი აკონტროლებდა, რომლის შტაბი ზუგდიდის რაიონის სოფ.ურთაში იყო განლაგებული, ხოლო დასავლეთის 12 კილომეტრიან ზოლს - დასავლეთის ბატალიონი, რომლის შტაბი აფხაზეთში, კერძოდ ქალაქ გალში იმყოფებოდა. ურთაში მსახურობდა რუსი ოფიცერი ვალერი, რომელიც დაბადებული იყო თბილისში, რუსი სამხედროს ოჯახში. მისი დედა, აგრეთვე თბილისში მომსახურე რუსი სამხედრო ოფიცრის ქალიშვილი იყო. ხსენებულ სამხედროს, ვალერის დედის გარდა კიდევ ერთი ქალიშვილი ჰყავდა, რომელიც გათხოვილი იყო თბილისელ ქართველზე. ამდენად ვალერის ჰყავდა, მასზე უმცროსი ქართველი დეიდაშვილი - გურამი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ვალერის ოჯახი, ისევე როგორც მისი სიმამრის და ბევრი სხვა რუსი სამხედროების ოჯახები, ეტაპობრივად საცხოვრებლად და სამსახურის გასაგრძელებლად რუსეთში წავიდა. ქართველზე გათხოვილი მისი დეიდა დარჩა თბილისში. ვალერის და გურამის დედები შექმნილი ვითარების გამო იშვიათად ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს. მას შემდეგ, რაც ვალერი სამხედრო სამსახურის გასავლელად რუსეთის სამშვიდობო ძალებში (რსძ), კერძოდ აღმოსავლეთ ზონაში მოხვდა, სატელეფონო საუბრებს დეიდამისთან და გურამისთან თბილისში უფრო ხშირი ხასიათი მიეცა. ამ საუბრებიდან ვალერისთვის ცნობილი ხდება, რომ გურამი თბილისში ერთ–ერთი უცხო ქვეყნის საელჩოში მუშაობდა. აქედან იწყება ვალერის და კერძოდ მისი უფროსების დაინტერესება გურამით.

ივლისის ერთ–ერთ დღეს, მორიგი სატელეფონო საუბრისას ვალერი პატიჟებს გურამის ზუგდიდში, რადგან თვითონ საქართველოს სხვა რეგიონში გასვლა ეკრძალებოდა. გურამიც თანხმდება და შაბათ დილას მატარებლით ჩადის ზუგდიდში. ვალერი გახარებული ხვდება დიდი ხნის უნახავ დეიდაშვილს, მიჰყავს რესტორანში და საკმაოდ შექეიფიანებულს სთავაზობს სოხუმში წასვლას და ზღვაზე გაგრილებას. ამასთან აძლევს გარანტიას, რომ ვერც ერთი აფხაზი რსძ–ს მანქანას ვერ გააჩერებს, მას კი მიიყვანს "МВО"–ს სანატორიუმში, სადაც დისლოცირებულია სამშვიდობო ძალების გაერთიანებული შტაბი. გურამი თანხმდება იმ პირობით, რომ კვირა საღამოს აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ უკან, რათა გაემგზავროს თბილისში, რადგანაც სამუშაოს გაცდენა არაფრით არ შეუძლია, მით უმეტეს, რომ საელჩოში არ იციან მისი ზუგდიდში წამოსვლის შესახებ.

ამის შემდეგ რუსეთის სამშვიდობო ძალების მანქანით მიემგზავრებიან სოხუმში და თავსდებიან "МВО"–ს სანატორიუმის ერთ–ერთ ნომერში. ამ დროს ვალერისთან რეკავს მობილური ტელეფონი, საუბარი შეეხება რაღაც ტვირთებს (ვალერის ადრე ნათქვამი ქონდა, რომ იგი მსახურობდა მომარაგებაში). მან შეწუხებული სახით აცნობა გურამის, რომ იძულებული იყო სასწრაფოდ რუსეთ–აფხაზეთის "ფსოუს" საზღვარზე გამგზავრებულიყო, რადგანაც რაღაც გაუგებრობის გამო აფხაზები რსძ–ს ტვირთს არ ატარებდნენ. გურამს კი შესთავაზა გასულიყო "МВО"–ს ტერიტორიაზე, მას იქ ხელს არ ახლებდნენ, ებანავა ზღვაში, შემდეგ, როცა მოესურვებოდა დაბრუნებულიყო ნომერში, მოგვიანებით კი მას ვალერიც შეუერთდებოდა და ერთად ივახშმებდნენ იქვე განლაგებულ რესტორანში. გურამი, როგორც დაარიგა დეიდაშვილმა, გავიდა სასეირნოდ "МВО"–ს ტერიტორიაზე სადაც დაკავებული იქნა აფხაზური სამხედრო პატრულის მიერ. მას ჩამოართვეს მობილური ტელეფონი, პირადი საბუთები, მათ შორის საელჩოს საშვი და როგორც "საზღვრის უკანონო დამრღვევი" გადაიყვანეს აფხაზეთის უშიშროების შენობაში. იქ წარიმართა გურამის ინტენსიური დაკითხვა აფხაზი და რუსი თანამშრომლების მიერ. დაკითხვას ძირითადად აწარმოებდა სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული, თუმცა გარეგნობით სამხედრო ყაიდის რუსი ეროვნების პირი, რომელიც ყურადღებას ამახვილებდა გურამის საქმიანობაზე, საელჩოს თანამშრომლებთან ურთიერთობაზე და ა.შ. გურამი ოთხი დღე ჰყავდათ უშიშროების იზოლატორში, სადაც მიმდინარეობდა მისი ინტენსიური დამუშავება. გარდა იმისა, რომ საზღვრის დარღვევისთვის რამოდენიმე წლით თავისუფლების აღკვეთა ელოდა, პირდებოდნენ გაუსაძლის პირობებს ციხეში, თუ არ დათანხმდებოდა შემოთავაზებულ წინადადებას.

გურამმა ფიზიკურ და მორალურ ზეწოლას ვეღარ გაუძლო, თანაც დარწმუნდა, რომ ვალერისგანაც დახმარება არ ჩანდა და ფარულ თანამშრომლობაზე დათანხმდა. ამის შემდეგ შეათანხმეს მასთან ორმხრივი კავშირის საშუალებები, რომელიც უნდა განხორციელებულიყო ინტერნეტით. ყველაფერი ეს კეთდებოდა მისი განთავისუფლების სანაცვლოდ, ხოლო მას შემდეგ თუ როგორ შეასრულებდა იგი მორიგ დავალებებს, შეპირდნენ ფინანსურ ანაზღაურებასაც. მას იმით ამშვიდებდნენ, რომ ფარული საქმიანობა საქართველოს წინააღმდეგ არ მოუწევდა და დავალებებსაც მხოლოდ იმ ქვეყნის საელჩოს საქმიანობასთან დაკავშირებით მიიღებდა, სადაც მუშაობდა. გურამი მკაცრად გააფრთხილეს არაფერი ეთქვა ვალერისთვის და მხოლოდ ამის შემდეგ შეახვედრეს დეიდაშვილები ერთმანეთს. ბუნებრივია ვალერიმ კარგად შეასრულა თავისი როლი, ყველაფერი შემთხვევითობას და აფხაზურ სამხედრო პატრულს გადააბრალა. მან გურამი ჩამოიყვანა ზუგდიდში და გამოამგზავრა თბილისში. მომხდარის შესახებ გურამმა ოჯახში არაფერი თქვა, დაგვიანება კი საკვებით მოწამვლით ახსნა, რაც საკმარისი აღმოჩნდა აღელვებული ოჯახის წევრების დასამშვიდებლად. როგორც დასაწყისში ავღნიშნეთ, გურამის ჩამოსვლიდან რამოდენიმე დღის შემდეგ იგი მოყვანილი იქნა შსს–ს შენობაში. ბუნებრივია ჩვენ არ ვშიფრავთ ვისგან და როგორ მივიღეთ ინფორმაცია გურამის გადაბირების შესახებ. ხსენებული ოპერაციის ორგანიზატორები, შეიძლება იმასაც ფიქრობენ, რომ გურამმა აღიარებითი ჩვენება თავისი ინიციატივით მოგვცა და სპეცსამსახურების როლი ამ საქმეში მინიმალურია. იფიქრონ, როგორც უნდათ, ჩვენთვის მთავარი ГРУ–ს ბინძური განზრახვის გამოვლენა და აღკვეთა იყო.

აღიარების პროცესში, ჩვენი კომენტარები თვალს უხელდნენ გურამს და თანდათან რწმუნდებოდა, რომ მისმა დეიდაშვილმა, დიდი ალბათობით ГРУ–ს თანამშრომელმა , გაიგო რა მისი სამსახურის შესახებ ერთ–ერთ საელჩოში, მოახსენა ხელმძღვანელობას და სრულებითაც არ არის გასაკვირი, რომ ГРУ ამ შემთხვევას, რომელიც პერსპექტივას უხსნიდა საქართველოს მოქალაქის დახმარებით საქართველოს ტერიტორიიდან "მესამე ქვეყანაში" სადაზვერვო საქმიანობა წარემართა, ხელიდან არ გაუშვებდა.

მოკლედ აღვწერთ გურამის გადაბირების პროცესის შესაძლო განვითარების სქემას.

მას შემდეგ, რაც ვალერისთვის ცნობილი ხდება გურამის საქმიანობის შესახებ, იგი წერს პატაკს ხელმძღვანელის სახელზე, რომელშიც დეტალურად აღწერს "ნათესაური კავშირის" შესახებ და მისი გადაბირების მიზანშეწონილობის საკითხს აყენებს. ამის შემდეგ, ხელმძღვანელობის თანხმობით იწყება გურამის, როგორც გადმობირების კანდიდატის ღრმა შესწავლა, რომელშიც შესაძლებელია მონაწილეობა მიეღო თბილისში იმ დროისათვის მოქმედ რუსეთის საელჩოს. მას შემდეგ, რაც დადასტურდებოდა ფაქტი ნათესაური კავშირის შესახებ, შეგროვდებოდა შესაბამისი მასალები გურამმზე და მისი ოჯახის წევრებზე, ვალერის მიეცემოდა უფლება გაეხშირებინა მასთან სატელეფონო კონტაქტები და ეცადა დაემტკიცებინა გურამის ოჯახისთვის ნათესაური კავშირების აღდგენის და დაახლოების გულწრფელობა.

მხოლოდ ამ პროცესის შემდეგ, რაც აუცილებლად აისახებოდა გადმობირების კანდიდატის შესაბამის ოპერატიულ საქმეში აკუმულირებულ ოპერატიულ ცნობებში, ГРУ –ს ხელმძღვანელობისგან გაიცემოდა სანქცია გადმობირების ოპერაციის ჩატარებაზე.

აქედან გამომდინარე, გურამის გადაბირების პროცესის ყველა ეტაპი - მისი ზუგდიდში ჩასვლა; გამასპინძლება; სოხუმში გადაყვანა; "МВО"–ს სანატორიუმში განთავსება; ვალერის უეცარი გაუჩინარება; აფხაზური სამხედრო პატრულის "МВО"–ს ტერიტორიაზე გამოჩენა; დაკავება და აფხაზურ უშიშროებაში გადაყვანა - მხოლოდ წინასწარ შედგენილი და დამტკიცებული გეგმით წარიმართებოდა. გეგმის ყველა ნიუანსი გურამის ცოდნა–გამოცდილებაზე იქნებოდა გათვლილი, რადგანაც დარწმუნებულები იყვნენ, რომ ბევრ რამეს, განსაკუთრებით აფხაზური სამხედრო პატრულის მიერ დადგმულ მისი დაკავების სცენარს იგი ვერ მიხვდებოდა. ასეც მოხდა. საიდან უნდა სცოდნოდა გურამს, რომ სეპარატისტების სამხედრო პატრულს (ისიც საერთოდ თუ არსებობდა), შესამოწმებლად კი არა, საერთოდ არ შეაყოფინებდნენ ცხვირს "МВО"–ს ტერიტორიაზე.

მას შემდეგ, რაც გურამისთვის ყველაფერი ნათელი გახდა, მოსალოდნელი შანტაჟის თავიდან ასაცილებლად იგი დათანხმდა ჩვენს წინადადებას დაეწერა განცხადება საელჩოდან წამოსვლის შესახებ და ელექტრონული ფოსტით ეცნობებინა სოხუმისთვის რომ თითქოს საელჩომ შეწყვიტა მასთან ხელშეკრულება სამუშაო დღეების გაუფრთხილებლად და უმიზეზოდ გაცდენის გამო.

ბუნებრივია, ჩვენ გავაგრძელებდით ГРУ–სთან ოპერატიულ თამაშს, რომ არა ძირითადი ხელისშემშლელი გარემოება. ეს იყო საქმეში უცხო ქვეყნის საელჩოს სახელით ფარული მონაწილეობა, რასაც, რუსეთის სპეცსამსახურებისაგან განსხვავებით, ჩვენ ხელს არ მოვაწერდით.

იყო მეორე ვარიანტიც. გაგვეხმაურებინა ყველაფერი, რასაც, სხვათა შორის, საკუთარი დეიდაშვილისაგან შეურაცხყოფილი და განაწყენიანებული გურამიც დასთანხმდებოდა. მივცემდით მას საშუალებას გამოსულიყო ტელევიზიით და მოყვებოდა ყველაფერს, დეტალურად აღწერდა ГРУ–ს მიერ მისი გადმობირების მიზნით დადგმულ სპექტაკლს. დაასახელებდა თავისი დეიდაშვილის გვარსაც და ა.შ. მაგრამ ჩვენ ეს არ გავაკთეთ, ისევ იმავე მიზეზით - არ გვინდოდა რუსეთის გაღიზიანება. დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთის სპეცსამსახურების გავლენას დაქვემდებარებული ზოგიერთი მედია საშუალებების მიერ ეს პუბლიკაციაც ზღაპრად მოინათლება, მაგრამ ვინც ზემოთ ხსენებულ ოპერაციას ამზადებდა, ან უფრო მეტიც - სანქციას იძლეოდა მის ჩატარებაზე, ასევე სეპარატისტული რეჟიმის უშიშროებას ხომ უნდა ახსოვდეთ ГРУ–ს წარმომადგენლებთან ერთად რა ზარ–ზეიმით აღნიშნეს შემდგარი გადაბირება. ამასთან, ისიც ხომ უნდა ახსოვდეთ, რომ რამოდენიმე დღეში იმედი გაუცრუვდათ. არც ისეთი მიამიტები არიან, რომ ვერ მიმხვდარიყვნენ თუ ვინ იდგა გურამის პასუხის უკან. შეიძლება ამიტომაც აღარ ჩათვალეს საჭიროდ მისი შანტაჟირება. ისიც შესაძლებელია, რომ ელოდნენ შესაბამის რეაქციას თბილისიდან, მაგრამ როგორც ავღნიშნეთ მოვიქეცით ისე, როგორც მოვიქეცით. დღეს მსგავს შემთხვევას აუცილებლად გავაშუქებდით, რადგანაც რუსეთი, თავისი აგრესიული პოლიტიკის გამო სხვა გამოსავალს უბრალოდ არ გვიტოვებს.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე