RSS
კიკნაძე: თავს ნუ მოვიტყუებთ, ანქვაბზე ბევრი რამ არის დამოკიდებული
29.08.2011 12:12
კობა ბენდელანი
"ინტერპრესნიუსი"

აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე და იმაზე, თუ რისი მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს ოფიციალურ თბილისს სოხუმის ხელისუფლების ახალი ხელმძღვანელისაგან, "ინტერპრესნიუსი" ექსპერტთა კლუბის ხელმძღვანელს, აფხაზეთის უშიშროების ექსმინისტრს, ლევან კიკნაძეს ესაუბრა.

- ბატონო ლევან, აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ანქვაბმა დამაჯერებლად გაიმარჯვა. რას შეიძლება ნიშნავდეს ანქვაბის გამარჯვება? რის გამო არჩია ამომრჩეველმა ანქვაბი დანარჩენ ორ კანდიდატს და, სავარაუდოდ, როგორია მისი ამომრჩევლის პოლიტიკური პორტრეტი?

- საერთაშორისო სამართლის ნორმებით თუ ვიმსჯელებთ, უდავოა, რომ ხსენებული არჩევნები არალეგიტიმურია და იურიდიული საფუძველი არ გააჩნია, მაგრამ მისი განსაკუთრებულობა იმაშია, რომ მომხდარ ფაქტს ვერსად ვერ გავექცევით და იძულებული ვართ, ამ არჩევნებსაც შევეგუოთ. ვერ დავეთანხმები გამონათქვამებს, რომ ჩვენთვის სულ ერთია, ვინ იქნება აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი. ნუ დაგვავიწყდება, რომ აფხაზებში, ისევე, როგორც კავკასიის სხვა მცირერიცხოვან ხალხებში, საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებასა და მითუმეტეს მის მართვაში, უდიდესი როლი, თუ გადამწყვეტი არა, ენიჭება პიროვნებას - ლიდერს, რომელსაც ხალხი გაყვება. უახლეს ისტორიაში ასეთი ლიდერი ვლადისლავ არძინბა იყო. ამიტომ თავს ნუ მოვიტყუებთ, ანქვაბზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.

არძინბას ეპოქა დამთავრდა ისე, რომ რეალურად მისმა პოლიტიკამ კრახი განიცადა. ავტორიტარული რეჟიმი, კლანური მმართველობა, ხელისუფლების ყველა შტოში გაბატონებული კორუფცია, შეიარაღებული ბანდ–ფორმირებების დაუსჯელი თარეში, ნარკომანია, პროსტიტუცია და მრავალი სხვა გადაუჭრელი პრობლემა საზოგადოებაში პროტესტის გრძნობას აჩენდა და არც თუ იშვიათი იყო მისი აქციების ფორმით გამოხატვა.
ბუნებრივია, გაჩნდა მოთხოვნა, ხელისუფლების სათავეში ეხილათ ახალი სახე – ლიდერი, რომელიც არძინბას მიერ დეკლარირებულ "დამოუკიდებელ" აფხაზეთს, ღრმა საზოგადოებრივ–პოლიტიკურ და ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანდა. ამიტომაც იყო, რომ არჩევანი შეჩერდა ბაღაფშზე. ზემოთქმულის დადასტურებაა სწორედ არძინბას მემკვიდრის, რაულ ხაჯიმბას დამარცხება, რაც არძინბას კურსზე უარის თქმასაც ნიშნავდა.
აფხაზეთში იმ დროს განვითარებულ მოვლენებში ჩახედული ადამიანი შეამჩნევდა, რომ ბაღაშფის გამარჯვებაში, რომელსაც, რა თქმა უნდა, თავისი, არც თუ მცირე ელექტორატი უჭერდა მხარს, მნიშვნელოვანი როლი ანქვაბის ავტორიტეტმა ითამაშა.

ბაღაფშის მმართველობის პირველ ვადაში თუ ანქვაბი, შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, პრემიერ–მინისტრის პოსტს დასჯერდა, მეორე ვადაში უკვე ვიცე–პრეზიდენტია. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ბაღაფშის დიდი ნდობით სარგებლობდა. ხელისუფლებაში უდიდესი გავლენის მქონე, აშკარად ხედავდა იმ მანკიერ მხარეებს, რასაც ბაღაფშიც ვერ ასცდა, მაგრამ ინარჩუნებდა სიმშვიდეს და ყოველგვარი ხმაურის გარეშე აბალანსებდა სიტუაციას "პრეზიდენტსა" და საზოგადოებას შორის ისე, რომ ღია კონფრონტაციაში არ შედიოდა არც ერთ მხარესთან. პოლიტიკურად სწორად გათვლილმა სვლებმა მოსახლეობის თვალში ანქვაბის ავტორიტეტი კიდევ უფრო გაზარდა. ყველა კარგად ხედავდა, მათ შორის კრემლიც, რომ ანქვაბი "პრეზიდენტობას" უმიზნებდა და ბუნებრივია, მეორე ვადის დასრულების შემდეგ ბაღაფში, თავისი მყარი ელექტორატით, მას დაუჭერდა მხარს. ისიც არ იყო გამორიცხული, რომ მედვედევ–პუტინის მაგალითზე აფხაზეთის უმაღლეს ხელისუფლებაში ანქვაბ–ბაღაფშის ტანდემი გვეხილა. ამიტომ იყო, რომ დაშინების ან სულაც ლიკვიდაციის მიზნით ანქვაბზე პერმანენტულად ხორციელდებოდა ტერაქტები.

რაღა თქმა უნდა, ანქვაბმა კარგად გამოიყენა მომენტი, როდესაც საზოგადოება მზად არ იყო არჩევნებისთვის და ყველა კანდიდატზე უკეთესად წარმართა წინასაარჩევნო კამპანია. მისი ძირითადი კოზირი იყო საზოგადოების ყველა ჯგუფებთან შეხვედრები და ღია საუბრები, ეჩვენებინა მათთვის, თუ რის გაკეთებას აპირებს თავისი გუნდით, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. არ მოერიდა აქცენტებს, რომლის გაცნობიერებისთვის დღეს აფხაზეთში მზად არ არიან, მაგრამ მისი აზრით, არის პრობლემები, რომელთა გადაწყვეტის გარეშეც აფხაზეთის ეკონომიკური აღორძინება შეუძლებელია. კერძოდ, ინვესტიციების შემოდინების მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების გადაცემის უფლების საკითხის დაყენება პარლამენტში. მისი დაპირებები კორუფციის წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლის გამოცხადების, კრიმინოგენური სიტუაციის გაჯანსაღების და ბიუროკრატიული მექანიზმების გაუმჯობესების შესახებ რეალურად იქნა აღქმული საზოგადოების მიერ, რადგან თანხმდებიან, რომ ამ კუთხით ვითარების გამოსწორება მხოლოდ ანქვაბს ხელეწიფება. ასევე, დადებითად აღიქვა მოსახლეობამ მისი დაპირება სახელისუფლო სტრუქტურებში ზოგიერთი მაღალი თანამდებობების გაუქმების შესახებ. ანქვაბმა წინასაარჩევნო კამპანიისთვის ზომიერად გამოიყენა ადმინისტრაციული რესურსიც და განსაკუთრებით ბოლო დღეებში გალის რაიონის მოსახლეობისთვის პასპორტების დარიგება.

- აფხაზეთსა და თბილისში გარკვეულ პოლიტიკურ წრეებში ბევრს საუბრობენ ანქვაბის პროქართულობაზე, თქვენ თუ იცნობდით მას? და კიდევ, რა შეიძლება თქვათ საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრ კიტოვანის მტკიცებაზე, თითქოს 1992-1993 წლებში ანქვაბი საქართველოს დაზვერვისთვის მუშაობდა? მოგეხსნებათ, კოტოვანის ინტერვიუს ვიდეოჩანაწერი შამბას შტაბმა საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას სოხუმში გაავრცელა, რასაც აფხაზეთში დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა და, როფორც ამბობენ, შამბას რეიტინგის მკვეთრ დაცემაზე გადამწყვეტი როლი ითამაშა...

- განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს კრემლის როლი, რომლის მესვეურები მართალია, აცხადებდნენ, რომ არჩევნებში არ ჩაერეოდნენ, მაგრამ როგორც ყოველთვის ასეთ შემთხვევებში, ფარული თუ ღია მეთოდებით მათი ჩარევა აშკარა იყო.

ანქვაბის წინააღმდეგ აგორებული იაფფასიანი შავი პიარი, ჯერ ინტერნეტ–სივრცეში, მოგვიანებით ბეჭდვით მედიაში, რაც შამბას შტაბის მიერ დაგეგმილი აქციებით გაგრძელდა, საერთო ჯამში ბუმერანგივით შემოუტრიალდა თვით შამბას. მოსახლეობა განსაკუთრებით გააღიზიანა ავანსცენაზე კიტოვანის გამოჩენამ, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს რუსეთის სპეცსამსახურების არაადეკვატურობაზე, მათ მოძველებულ მეთოდებზე, რომლებსაც ყავლი დიდი ხანია, გაუვიდათ. ჩერნომირდინის ფრთოსანი გამოთქმისა არ იყოს, "უნდოდათ უკეთესად, მაგრამ გამოვიდა, როგორც ყოველთვის".

მინდა, იმ ბრალდებაზე გავაკეთო კომენტარი, რასაც ანქვაბის მიერ ავთანდილ იოსელიანისთვის თითქოსდა იარაღის ჩაბარებას შეეხება. ჯერ კიდევ ავთანდილ იოსელიანის სიცოცხლეში ეს საკითხი ანქვაბის წინააღმდეგ აგორდა სოხუმში. იოსელიანმა იმ დროს უარყო და სისულელე უწოდა ასეთ აბსურდულ ბრალდებას. ჩემი მხრიდან მინდა დავამატო, რომ ვინც ამდაგვარ სისულელეებს იგონებს, ცოტა მაინც ხომ უნდა ესმოდეს, რას ნიშნავს იარაღის ჩაბარება? რადგან საუბარი იარაღის გარკვეულ რაოდენობას ეხება, მაშინ მისი ჩაბარება–მიღება დოკუმენტურად და ყველა წესების დაცვით, აქტით და რამოდენიმე წარმომადგენლის თანდასწრებით უნდა მომხდარიყო. მე, როგორც იოსელიანის იმდროინდელმა მოადგილემ, ამის შესახებ არაფერი არ ვიცი; არ იციან არც სხვა ქართველმა თანამშრომლებმა, რომლებსაც წესით იარაღი უნდა მიეღოთ და დაესაწყობებინათ. საინტერესოა, რას ამბობენ აფხაზი და რუსი თანამშრომლები, რომლებიც სოხუმში დარჩნენ, რას ამბობს გენადი ბერულავა, ავთანდილ იოსელიანის მოადგილე და 1993 წლის დასაწყისამდე ჩვენთან ერთად სოხუმში მყოფი; რას ამბობს ათამდე აფხაზი თანამშრომელი, რომლებიც ასევე, იმავე წლის დეკემბრის ბოლომდე ჩვენთან ერთად იყვნენ.

რაც შეეხება ყველაზე დიდ სისულელეს, თითქოსდა ანქვაბი ქართულ დაზვერვასთან თანამშრომლობდა; ამ იაფასიან ფანდს შამბას შტაბი წამოეგო, მათ გასაგონად მოვიყვან ამონარიდს "ექსპერტთა კლუბის" საიტზე გასულ წელს განთავსებული ჩემი სტატიდან: "მიგვაჩნია, რომ ბატონ ალექსანდრე ანქვაბს არც ანტირეკლამა და არც რეკლამა არ სჭირდება. მთელი მისი ცხოვრება იმსახურებს პატივისცემას არა მარტო აფხაზებისგან, არამედ ქართველებისგანაც, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ის, სამწუხაროდ, სწორედ ბარიკადების სხვა მხარეს აღმოჩნდა".

- საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ანქვაბმა განაცხადა, რომ "პრეზიდენტად" არჩევის შემთხვევაში "საქართველოსთან ურთიერთოებებს თბილისში ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში მოაგვარებს." ცნობილია, რომ ანქვაბი ამ ტიპის განცხადებებს ტყუილად არ აკეთებს. გარდა იმისა, რომ იგი პრინციპულობით, პრაგმატულობით და თანმინმდევრულობით ხასიათდება, "სიტყვის კაცის" რეპუტაცია აქვს, რისი მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს ანქვაბისაგან ოფიციალური თბილისს?

ანქვაბმა უკვე განაცხადა, აფხაზეთი და რუსეთი კვლავ მოკავშირეები იქნებიანო, ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თუ ანქვაბმა ოფიციალური თბილისისკენ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, მისი ქმედებები კრემლთან იქნება შეთახმებული, ვინაიდან "აფხაზური ჩიხიდან" გამოსვლა მოსკოვის ინტერესებშიც შედის. . . და კიდევ, ამ თვალსაზრისით, სავარაუდოდ, რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას საქართველოს მიმართულებით ალექსანდრე ანქვაბმა?

- ანქვაბმა იცის, რასაც ამბობს, მიუხედავად, იმისა, რომ ეს განცხადება წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირდება. ჩვენთვისაც ცნობილია, რომ პრაგმატულად მოაზროვნე აფხაზური საზოგადოება კულუარებში უკვე ალაპარაკდა ქართულ მხარესთან ურთიერთობის დალაგების აუცილებლობაზე. მათ კარგად ესმით, რომ ხელოვნურად შექმნილი ბარიერებით ორ მონათესავე ხალხს მუდმივ მტრობაში ვერ ამყოფებ. თუ ეს პროცესი ანქვაბმა დაიწყო, იმედია, შედეგიც უნდა დადგეს.

თუ ანქვაბი ხელს შეუშლის რუსეთს კოლონიალური პოლიტიკის გატარებაში, ეს არ ნიშნავს, რომ ანქვაბმა უარი თქვას რუსეთთან ე.წ. სტრატეგიულ პარტნიორობაზე. ეს მისგან პოლიტიკურიად და, რაც მთავარია, ეკონომიურად გაუმართლებელი იქნებოდა. ღმერთმა ქნას, დადგეს დრო და ქართულ–აფხაზური პრობლემის რეალურად მოგვარებით სერიოზულად დაკავდეს აფხაზეთის რომელიმე დე ფაქტო ხელმძღვანელი. ანქვაბი მოსკოვთან გართულებებზე ბრმად არ წავა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ აფხაზი მოსახლეობის აზროვნებამ ამ საკითხისადმი აუცილებელია, ტრანსფორმირება ჩვენ სასარგებლოდ განიცადოს.

ჩემი აზრით, აფხაზეთის პირველ პირზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. მითუმეტეს, რომ ანქვაბის არჩევით თვით აფხაზმა თქვა უარი არძინბას იდეოლოგიაზე. ამიტომ, თუ ანქვაბმა მოინდომა, შესაძლებელია, მანვე დააყენოს საკითხი მოსკოვის წინაშე საქართველოსთან ურთიერთობის მოსაგვარებლად კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად. რაც შეეხება ნაბიჯებს, ჩემთვის ძნელია ამაზე საუბარი, თან არც ვურჩევ ვინმეს, თავს მოვახვიოთ ჩვენი აზრები ანქვაბს, მითუმეტეს, რომ მან მშვენივრად იცის ჩვენი ხალხების პრობლემები. ისევ ვიმეორებ, მთავარი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება და ურთიერთშემხვედრი ნაბიჯების თამამი გადაგმაა.

- თქვენი აზრით, როგორი შეიძლება იყოს კანდიდატების პოლიტიკური მომავალი? ბევრი მიიჩნევს, რომ ანქვაბი შამბას საგარეო საქმეთა მინისტრადაც არ დატოვებს, ხოლო ხაჯინბას ერთ-ერთი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელობას შესთავაზებს. საინტერესოა ისიც, რომ შამბამ პოლიტიკიდან სავარაუდო წასვლის შესახებ განცხადება უკვე გააკეთა...

- შამბამ ბევრი გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა პიროვნულად ანქვაბის მიმართ. ანქვაბმა დიდსულოვნად შეიძლება კიდეც აპატიოს, მაგრამ არა მგონია, თვით შამბა დათანხმდეს რაიმე თანამდებობის დაკავებას. რაც შეეხება ხაჯიმბას, თუ მას ოპოზიციონერობა მოწყინდა და ანქვაბმა შესთავაზა ადგილი მთავრობაში, შეიძლება კიდეც დათანხმდეს.

- აფხაზური კანონმდებლობით, ახლად არაჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია არჩევნების ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში უნდა გაიმართოს. თქვენი აზრით, დაამთხვევს თუ არა ანქვაბი თავისი ინაუგურაციის დღეს სოხუმის დაცემის დღეს – 27 სექტემბერს ან აფხაზეთის "გათავისუფლების დღეს" – 30 სექტემბერს?

- თუ ერთი დღით გადაცილება რაიმეს არ ნიშნავს, ანქვაბი შეიძლება ზედმეტ ხარჯებს მოერიდოს და დაამთხვიოს. . .
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე