RSS
არძინბას იდეოლოგიის დასასრული
29.08.2011 13:57
ირაკლი ცქიტიშვილი

26 აგვისტოს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩატარდა რიგგარეშე "საპერზიდენტო" არჩევნები, რაც გამოწვეული იყო მარიონეტული რეჟიმის ექს–ლიდერის სერგეი ბაღაფშის გარდაცვალებით, რაშიც, არსებული ინფორმაციით, რუსეთის ხელი აშკარად ურევია. აფხაზეთის მოსახლეობას, რომელიც ზაფხულის პერიოდში ჩვეულებრივ საკურორტო პრობლემებზეა კონცენტრირებული, მოუწია პოლიტიკურ ბატალიებში მონაწილეობა. სულ ლიდერის თანამდებობაზე სამი კანდიდატი იყო წარმოდგენილი – ალექსანდრე ანქვაბი, რომელიც ბაღაფშის გარდაცვალების შემდეგ მის მოვალეობებს ასრულებდა, სერგეი შამბა, მარიონეტული რეჟიმის მთავრობის ხელმძღვანელი და ოპოზიციონერი კანდიდატი რაულ ხაჯიმბა, რომელსაც სულ ცოტა დააკლდა გაპრეზიდენტებამდე 2004 წელს. წელს კი, როგორც უკვე ცნობილია, აფხაზეთის "პრეზიდენტის" სავარძელს ალექსანდრე ანქვაბი დაიკავებს.

ამ სამიდან ორი კანდიდატი სახელისუფლებო წიაღიდან მიდიოდა არჩევნებზე. ამის გამო ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ალბათობაც საკმაოდ მაღალი იყო. მესამე კანდიდატი (ხაჯიმბა) უკვე დიდი ხანია ოპოზიციაშია, ჰყავს სტაბილური ამომრჩეველი, ითვლება არძინბას იდეოლოგიის გამგრძელებლად და ნაციონალისტური პოზიციებიდან გამოდის. არჩევნებისადმი ინტერესი იყო გამოწვეული ერთი რამით – რა იდეოლოგია, რა ფასეულობები გაიმარჯვებდნენ და რაზე აქვს მოთხოვნილება აფხაზურ საზოგადოებას. ის, რომ არჩევნები არალეგიტიმურია და ტარდება ეთნიკური წმენდის შედეგად განდევნილი უმრავლესობის გარეშე, ორი აზრი არ არის. არც ის არის საეჭვო, რომ მიუხედავად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს, ქართულ–აფხაზური ურთიერთობების დაახლოების პერსპექტივა არ გაიზრდება, ვინაიდან ყველა კანდიდატი არჩევნებს პრორუსული პოზიციებიდან უდგებოდა, ვერ ხედავდა აფხაზეთს რუსეთის გარეშე, და თბილისთან მხოლოდ "კეთილმეზობლურ" ურთიერთობებზე საუბრობდა.

საარჩევნო მარათონის დასაწყისში საკმაოდ კარგი პოზიციები ჰქონდათ სერგეი შამბასა და ალექსანდრე ანქვაბს. აქვე ვიტყვით, რომ 2004 წელთან შედარებით საკმაოდ ჰქონდა დაკარგული პოზიციები რაულ ხაჯიმბას. მისი გამარჯვების შანსი თითქმის არ იყო. მასთან მიმართებაში საინტერესო იყო მხოლოდ ის, თუ რამდენად შეინარჩუნა მან თავის მომხრეთა კონტინგენტი. ამავე დროს საინტერესო იყო ხაჯიმბა იმ თვალსაზრისითაც, რომ თუ დაინიშნებოდა არჩევნების მეორე ტური, მის მომხრეებს შეეძლოთ გადაეწყვიტათ არჩევნების ბედი.

შამბამ საკმაოდ აქტიურად დაიწყო თავისი წინასაარჩევნო კამპანია. ჯერ იყო და დაელოდა, როდის გავიდოდა 40 დღე ბაღაფშის გარდაცვალებიდან და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო ოფიციალური წინასაარჩევნო მოძრაობები. ამას, წესით, დადებითად უნდა ემოქმედა მის იმიჯზე. ამის შემდეგ შამბამ სწორი სტრატეგიით დაიწყო შეხვედრების ჩატარება იმ ჯგუფებთან, რომელთაც შეეძლოთ მისთვის გამარჯვების გარანტირება. ასეთ ჯგუფად, პირველ რიგში, აფხაზეთის სომხური მოსახლეობა მოიაზრებოდა, ვინაიდან ქართველებს, 2004 წელთან შედარებით, შეზღუდული რესურსი ჰქონდათ ამა თუ იმ კანდიდატისთვის დახმარების გასაწევად. შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც 2004 წელს ქართველების ხმამ გადაწყვიტა არჩევნების ბედი, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დაეშვათ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აფხაზეთის მოსახლეობის მხოლოდ ის ნაწილი, ვისაც "აფხაზური პასპორტები" ჰქონდა ხელთ. ასეთი კი გალის რაიონში მხოლოდ 8 ათასამდე მოსახლე იყო. ამიტომაც მათი ხმები ვერ გახდებოდა გადამწყვეტი.

ხელდაკრეფილი არც ანქვაბი იჯდა. მიუხედავად იმისა, რომ მას გააჩნდა ადმინისტრაციული რესურსი, რომლის გამოყენებას ალბათ შეეცდებოდა, მისი შტაბი განაგრძობდა შეხვედრებს ამომრჩევლებთან. მისი კონკურენტების მიერ ვრცელდებოდა ხმები, თითქოს მისი შტაბის წარმომადგენლები ფულსაც კი აძლევდნენ ამომრჩევლების ხმების სანაცვლოდ, თუმცა დაზუსტებული ინფორმაცია ამის შესახებ არ არსებობს. ანქვაბმა არ დატოვა უყურადღებოდ გალის ქართული მოსახლეობა. იქ აგიტაციის დროს ანქვაბი შტაბი მოუწოდებდა ქართველებს აეღოთ "აფხაზური პასპორტი", რათა მიეღოთ მონაწილეობა აფხაზეთის მომავალი განვითარების გზის არჩევაში. აღსანიშნავია, რომ სხვა კანდიდატებიც მოუწოდებდნენ ქართველებს პასპორტების აღებისაკენ, რამაც საბოლოო ჯამში დიდწილად სწორედ ანქვაბის გამარჯვება განაპირობა.

სასტარტო პოზიციებზე შამბას შანსები უფრო სოლიდურად გამოიყურებოდა. უფრო მეტიც, მისი შტაბი გარკვეულწილად აგრესიულ კამპანიასაც კი ატარებდა. აგვისტოს დასაწყისისთვის ცოტა ვინმეს თუ ეპარებოდა ეჭვი, რომ შამბა გაიმარჯვებდა. მაგრამ... მან, მისმა შტაბმა და მისმა მოსკოველმა ლობისტებმა დაუშვეს სერიოზული შეცდომები, რისი შედეგიც ანქვაბის სოლიდური გამარჯვება გახდა.

მეხის გავარდნას ჰგავდა აფხაზური საზოგადოებისათვის რუსული "Московская правда"–ს მიერ გავრცელებული საქართველოს თავდაცვის ექს–მინისტრის თენგიზ კიტოვანის ინტერვიუ, რომელშიც ის ანქვაბს 1992–1993 წლებში ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ამხელდა. ამ პროპაგანდისტული მასალის გავრცელების მიზანი ნათელია –მას უნდა შეელახა შამბას მთავარი კონკურენტის იმიჯი, განეწყო მოსახლეობა მის წინააღმდეგ ან სულაც გამოეთიშა ის წინასაარჩევნო კამპანიიდან, რის შემდეგ შამბას შანსები ათმაგდებოდა. ყოველ შემთხვევაში, წარსულის გახსენებით შამბას გუნდი "ქართული კარტის" გათამაშებას აპირებდა ანქვაბის წინააღმდეგ, რაშიც არაერთხელ იქნა გამოყენებული არძინბას სახელიც. მოგეხსენებათ, რომ ანქვაბსა და არძინბას შორის იყო გარკვეული განხეთქილება ომის პერიოდთან დაკავშირებით. სწორედ ამ საკითხის აჟიტირება გადაწყვიტა შამბას გუნდმა. აქ უნდა ავღნიშნოთ, რომ ერთმნიშვნელოვნად შამბას დადანაშაულება ამ ბინძური კამპანიის აგორებაში რთულია. უფრო მეტად ეს იმ რუსული ლობბისტების ხელწერას გავს, რომლებიც შამბას გუნდის უკან იდგნენ და რომლებიც ყველაფერზე იყვნენ მზად წასულიყვნენ, რათა შამბას გაემარჯვა. როგორც მავანნი აღნიშნავენ, ეს ის ლობისტური ჯგუფია, რომელმაც 2004 წელს ხაჯიმბა "ჩაძირა" – ძმები კოლესნიკოვები და ბესლან ბუტბას პიარ–კანტორა. შამბას ინტერესების დამცველებად მოგვევლინნენ ისეთი რუსული გამოცემებიც, როგორც "Московский комсомолец"-ია და მისი ჟურნალისტი, კოკოითის მიერ მედლით დაჯილდოებული პროპაგანდისტი მარინა პერევოზკინა.

ბინძურმა მეთოდებმა უკურეაქცია გამოიწვია. აფხაზურმა საზოგადოებამ არ მიიღო "ქართული კარტის" გათამაშება არჩევნებში, დაუწუნა შამბას ხრიკები და ბინძური კამპანიის წარმოებაში დაადანაშაულა. თანაც, ეს არ ყოფილა მხოლოდ საზოგადოების უბრალოდ გულისწყრომის გამოხატულება. შამბას გარჩევები მოუწყვეს. ძველი და ახალი მოწვევის დეპუტაციამ სამივე კანდიდატი თავისთან დაიბარა და მოსთხოვა მათ პასუხი იმ პროცესებზე, რომელნიც საზოგადოებაში დაძაბულობას იწვევდნენ. ყველაზე მეტი მოხვდა შამბას. სწორედ მისმა შტაბმა აიტაცა კიტოვანის განცხადება, შეკრიბა სოხუმის ცენტრში აფხაზეთის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ვეტერანები და საქვეყნოდ ანახა ანქვაბის მამხილებელი ყოფილი ქართველი მინისტრის აღიარება. შამბას თავის მართლება მოუწია და განაცხადა, რომ ეს მისი გაკეებული არ იყო, რომ ეს მისმა შტაბმა გააკეთა, რაზეც დეპუტატ ირინა აგრბასგან საკმაოდ საფუძვლიანი კითხვა გაისმა: "თუ საკუთარ შტაბს ვერ აკონტროლებ, როგორღა გააკონტროლებ მთელ ქვეყანას?". სხდომის დასრულების შემდეგ გაირკვა ისიც, რომ შამბას უღიარებია კიტოვანის განცხადებებთან დაკავშირებით: "ეს იყო შეკვეთა, მაგრამ ის სოხუმიდან არ მოდიოდა". აქედან გამომდინარე ყველასათვის გასაგები გახდა, რომ შამბას კამპანიას მართავენ მოსკოვში. ვინაიდან მისი შტაბის მთავარი პიარ–ხელმძღვანელიც ერთერთი ძმა კოლესნიკოვი იყო, შტაბიც, როგორც ჩანს, მოსკოვიდან იმართებოდა. შესაბამისად, მთელი ეს სიბინძურე, რომელიც შამბას გუნდის მხრიდან იქნა გამოყენებული, იმ ხალხის ნამუშევარია, რომელიც არ იცნობს აფხაზურ მენტალიტეტს, არ ესმის აფხაზური სინამდვილე და მოქმედებს მისთვის ჩვეულ რუსულ სინამდვილეში მიღებული ბინძური მეთოდებით. ამის გამო ბევრმა აქცია ზურგი სერგეი შამბას. აღსანიშნავია აფხაზეთის დეპუტაციის "გრანდების" – სოკრატ ჯინჯოლიას, სტანისლავ ლაკობას, ოლეგ დამენიას, ლეონიდ ლაკერბაიას, და კიდევ რიგი ცნობილი დეპუტატების მიერ ანქვაბის მხარდასაჭერად გაკეთებული განცხადები. მართალია, დეპუტატების (ძველი და ახალი) ნაწილმა მხარი ხაჯიმბას დაუჭირა, მაგრამ შამბას მხარდამჭერი არავინ გამოინახა.

შამბას მიერ დაშვებულ შეცდომებს შეიძლება მივაწეროთ ისიც, რომ მან აფხაზეთის ყოფილი მმართველი პარტიის "ედინაია აფხაზიას" მხარდაჭერა დაკარგა. ეს პარტია თავიდანვე შამბას მომხრედ იგულისხმებოდა. წინასწარ კულუარებიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მათ შორის უკვე მიღწეულია შეთანხმება, მაგრამ უეცრად აღნიშნულმა პარტიამ ანქვაბს დაუჭირა მხარი. ეს იყო პირველი ბომბი წანისაარჩევნო კამპანიაში. მეორე კი – ვეტერანთა ორგანიზაცია "ამცახარას" მხარდაჭერა შამბას უშუალო მეტოქისათვის. თუმცა, ეს ნაკლებად გასაკვირია, ვინაიდან "ამცახარა" გახლდათ ის კავშირი, რომელმაც გარკვეულწილად ბაღაფშის გამარჯვება უზრუნველცო ქართულ ფაქტორთან ერთად. მაგრამ ბაღაფშის გამარჯვება სწორედ ანქვაბის იმიჯის და მცდელობების შედეგად იქნა მიღწეული. შესაბამისად, არც ისე გასაკვირია, რომ "ამცახარა" ანქვაბის ერთგული დარჩა. შეცდომად შეგვიძლია შევაფასოთ შამბას მხრიდან ციფრებით მანიპულირება (რომ თითქოს მას მოსახლეობის 47,7 უჭერს მხარს) და რევოლუციით დამუქრება, თუ ის დამარცხდება არჩევნებში. აფხაზეთის მოსახლეობას მობეზრდა რევოლუციები და ამ განცხადებამ სასტიკი უკმაყოფილება გამოიწვია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეცდომა, რომელიც დაუშვა შამბამ თავის წინასაარჩევნო კამპანიაში, ეს იყო განცხადება, რომლის შინაარსი შემდეგნაირად ჟღერდა: როცა მოვალ, ყველა ჩინოვნიკს დავხსნი. შესაბამისად, მან აიძულა ყველა ჩინოვნიკი გამოეყენებინა ადმინისტრაციული რესურსი თუ ნებისმიერი სხვა ხერხი, რათა დარჩენილიყო თავის თანამდებობაზე. ხაზს ვუსვამთ, რომ მაშინ, როდესაც შამბა აცხადებდა, რომ ანქვაბის მხრიდან მას მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსის ეშინია, მის მიერ გაკეთებული განცხადება იყო უდიდესი შეცდომა. მართალია, მოგვიანებით შამბამ განაცხადა, რომ ეს სიტყვები მან შემთხვევით კი არა, მიზანმიმართულად წარმოთქვა, რითაც უარი განაცხადა ადმინისტრაციულ რესურსზე, მაგრამ ეს უკვე ტყუილს ჰგავს. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარია, რისი იმედი ჰქონდა შამბას არჩევნებზე. მის მხარდამჭერებად მოიაზრებოდა აფხაზეთის რუსული და პრორუსული მოსახლეობა. მას მხარი დაუჭირა ისეთმა ორგანიზაციამ, როგორცაა "რუსეთის ოფიცრები". მას მხარი დაუჭირეს კაზაკებმა, მაგრამ როგორც შემდგომში აღმოჩნდა, მათი განცხადება ყალბი იყო და კაზაკთა რუსეთის გაერთიანებამ უარყო შამბას მხარდაჭერა. სომხურმა თემებმა ანქვაბს გამოუცხადეს თანადგომა ზოგიერთი მათი ლიდერის გამოკლებით, რომლებიც შამბას ბანაკში უშუალოდ იყვნენ ჩართულნი. ყველაზე გასაკვირი კი ის იყო, რომ არ მოინახა არცერთი ვეტერანთა ორგანიზაცია, რომელიც შამბას, რომელსაც ომის დროს "თავდაცვის მინისტრის მოადგილის" თანამდებობა ეკავა და რომელიც აფხაზური სეპარატიზმის იდეოლოგიური ბუდის "აიდგილარას" თავკაცი იყო, გვერდში ამოუდგებოდა და მხარდაჭერას გამოუცხადებდა. მას მხოლოდ ასამდე მხარდამჭერი ვეტერანიღა შერჩა. მაშ რისი იმედი ჰქონდა შამბას? მარტო რუსეთის? არჩევნებამდე ორი კვირით ადრე საარჩევნო სურათი სრულიად შეიცვალა და ბოლო დღეებში უკვე ნათელი იყო, რომ შამბას მხარდაჭერა არ გააჩნია.

რაულ ხაჯიმბამ, როგოცრ ავღნიშნეთ, თავისი "კუთვნილი" 20% მიიღო და წესით, ამით უნდა იყოს კმაყოფილი. მისი წინასაარჩევნო კამპანია არ გამოირჩეოდა დიდი ხმაურით, და ის ერთგვარად ჩრდილში აღმოჩნდა შამბა–ანქვაბის ჭიდილში. ხაჯიმბა არ ჩანდა, არ ოპერირებდა საინფორმაციო საშუალებებით, იყო ორიენტირებული ძირითადად ნაციონალისტურად (თუმცა აფხაზეთში ამას პატრიოტიზმს უწოდებენ) განწყობილ მასაზე, თავის კამპანიაში აცხადებდა, რომ ყველა ეროვნების მოსახლეობა თანაბარია, მაგრამ აფხაზები ყველა მათგანზე ზევით დგანან, რადგანაც სხვა სამშობლო არ გააჩნიათ. ხაჯიმბა ამავე დროს არ ოპერირებდა რაიმე ადმინისტრაციული რესურსებით, არც შეუზღუდავი ფინანსები გააჩნდა, და ამავე დროს საკმაოდ პატიოსნად ცდილობდა ჩაეტარებია წინასაარჩევნო კამპანია. რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში გამარჯვებაზე ოცნება ზედმეტია. თუმცა, ალბათ კარგი გაკვეთილი იქნება მისთვის მომავალში. აქვე ავღნიშნავთ, რომ მას ვერც არძინბას მეუღლის თავის ტანდემში წარმოდგენამ უშველა, რაც ვივარაუდეთ კიდეც ადრე. იმის იმედები, რომ არძინბას სახელს ამოფარებული მის მეუღლეს დაუჭერს მხარს მოსახლეობა, იყო შეცდომა. არჩევნებმა კი გვიჩვენეს, რომ არძინბა ისტორიას ჩაბარდა.

რაც შეეხება ანქვაბს, მისი ირგვლივ საკმაოდ საინტერესო პროცესები განვითარდა. კიტოვანის განცხადებასთან დაკავშირებული პერიპეტიები უკვე ავღნიშნეთ. ამან ანქვაბს დამატებითი მხარდამჭერები მოუტანა შამბას რუსული ლობისტების ვარაუდის საწინააღმდეგოდ. ანქვაბის წინააღმდეგ წარმოებული პიარ–კამპანია ანქვაბის გამარჯვების საწინდარი გახდა. დიდი როლი ამ საქმეში მიძღვის იმ რუს ჟურნალისტებსაც, რომლებიც თითქმის ყოველდღიურად ანქვაბის ლაფში ამოსვრას ცდილობდნენ შამბას სასარგებლოდ. ხან არძინბა გაუხსენეს, ხანაც ლომინაძე... შამბამ ისიც კი არ ითაკილა, რომ ქართული პოლიტიკოსების, ყოფილი სახელმწიფო ჩინოვნიკების, პოლიტოლოგების და მედიის მიერ ანქვაბის ღირსეულ და პატიოსან ადამიანად დასახელება მის წინააღმდეგ გამოეყენებინა, თითქოს რადგან ქართველები აქებენ, ესე იგი მოღალატეა. არ ჩამოუვარდებოდა შამბას მის პიარში გამოწრთობილი ჩვენს მიერ უკვე აღნიშნული რუსი ჟურნალისტი მარინა პერევოზკინა. რა არ მოიფიქრა, რათა შეკვეთილი ამოცანა შეესრულებია, რა შეთითხნილი მასალები და ანალიზი არ მოიყვანა, რომელშიც არაფერი იყო ანქვაბის საწინააღმდეგო გარდა იმის დადასტურებისა, რომ ის ნამდვილად ღირსეული და პატიოსანი ადამიანია. ამის გამო პერევოზკინას "ექსპერტთა კლუბის" თითქმის არცერთი გამონათქვამი არ დაუტოვებია კომენტარის გარეშე. არ მიგვაჩნია საჭიროდ მისთვის პასუხის გაცემა იმ ფანტაზიებზე, რომელიც პერევოზკინამ ჩვენს საწინააღმდეგოდ გამოიყენა, ვინაიდან მათზე თვითონ აფხაზეთის მოსახლეობამ უკვე ნათელი პასუხი გასცა. უფრო მეტიც, თავისი ღირსება ანქვაბმა ამ არჩევნებში აჩვენა და ეს არაერთხელ აღუნიშნავთ მის მოწინააღმდეგე ბანკში მყოფებსაც. სწორედ ამიტომაც აფასებენ გინდ თბილისში, გინდ სოხუმში და გინდ გროზნოში ადამიანის ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა ღირსება და პატივი. რუსი ჟურნალისტიკისთვის ეს ისევე გაუგებარია და შეუცნობადია, როგორც, ზოგადად, მთელი კავკასია.

ყველა პოლიტიკური პროცესი საზოგადოების განწყობისა და მის მოთხოვნილებათა ლუსტრაციაა. არ იყო გამონაკლისი ეს არჩევნებიც და ის გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას გვაძლევს. ყველაზე მთავარი დასკვნა, რომელიც ამ არჩევნებიდან შეგვიძლია გამოვიტანოთ, ეს არის აფხაზეთში გაღმერთებული ვლადისლავ არძინბას იდეოლოგიის დასასრული. ეს არის იმ ძალისმიერი სეპარატისტული იდეოლოგიის დასასრული, რომლითაც აფხაზები ბოლო 20 წლის განმავლობაში მოდიან და რომელზეც იქნა დაშენებული მათი ე.წ. "დამოუკიდებლობა". არჩევნებში ისევ არძინბას მოწინააღმდეგე ბანაკმა გაიმარჯვა და ეს მიუთითებს იმაზე, რომ აფხაზურ საზოგადოებას მობეზრდა "ქართული კარტის" გათამაშება, მობეზრდა დაძაბულობა, უნდათ სიმშვიდე და სტაბილურობა, სჭირდებათ მკაცრი ხელი, რათა გაბატონებული კრიმინალის პარპაში აღიკვეთოს. მათ უბრალოდ უნდათ იცხოვრონ, იმუშაონ, გაზარდონ ბავშვები და უხაროდეთ ისევე, როგორც ყველას მთელ მსოფლიოში. ამიტომაც, ხაჯიმბას (რომელიც არძინბას ცოლთან ერთად ტანდემში გამოდიოდა) და შამბას (რომლის წინასაარჩევნო კამპანია "აიდგილარას" იდეოლოგიაზე იყო დაფუძნებული) დამარცხება არის იმ იდეოლოგიური საფუძვლების მსხვრევის დასაწყისი, რომლებმაც აფხაზები "დამოუკიდებელ" უმცირესობამდე მიიყვანეს. მაგრამ ეს ისეთი დამოუკიდებლობაა, როდესაც მათზეც კი არ არის დამოკიდებული საკუთარი ბედი.

აღსანიშნავია, რომ ამ არჩევნებზეც განსაკუთრებული როლი ითამაშა სომხურმა და ქართულმა მოსახლეობამ. თუ პირველის მნიშვნელობა საარჩევნო ციებ–ცხელების დასაწყისში ყველას ესმოდა, ქართველების მნიშვნელობას ნაკლებად ითვალისწინებდნენ ჩვენს მიერ ზემოთ უკვე მოყვანილი მიზეზების გამო. მაგრამ სწორედ ქართული მოსახლეობის მიერ "პასპორტების" აღებამ, მათ მიერ ანქვაბის მხარდაჭერამ, საკმაოდ საინტერესო როლი ითამაშა ამ არჩევნებზეც.

ზოგადად, ამ პროცესებმა გვიჩვენა, რომ არააფხაზურმა მოსახლეობამ სტაბილურობას დაუჭირა მხარი. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ხაჯიმბა გამოდიოდა ნაციონალისტური პოზიციებიდან, ამიტომაც მას არააფხაზური მოსახლეობის დიდი იმედები არ უნდა ჰქონოდა. სომხური მოსახლეობა, როგორც მოგეხსენებათ, მთლიანად არის მომსახურების სფეროთი დაკავებული, იქნება ეს ტურისტების მიღება, მათი სატრანსპორტო მომსახურება თუ სხვა. მათ არ უნდათ ომი, მათ უნდათ ფული. ფულს კი სიჩუმე უყვარსო ამბობენ. ამავე დროს მათ ამოუვიდათ ყელში აფხაზების თავგასულობა, კრიმინალების პარპაში, ნარკომანებისა და ყაჩაღების მომრავლება და ანქვაბის მხარდაჭერით გამოთქვეს იმედი, რომ ამას ყველაფერს მოეღება ბოლო. ქართული მოსახლეობისათვისაც მთავარია სიმშვიდე და სტაბილურობა, რომ მათ არ აყაჩაღებდნენ, რომ შეეძლოთ ნორმალური განვითარება, რომ ჰქონდეთ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმოსვლის საშუალება, რასაც ანქვაბი დაპირდა, რომ შეეძლოთ საკუთარ ენაზე სწავლა და განვითარება. მთელი ამ ოცი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად სწორედ გალის რაიონის ქართველობა დაზარალდა. მარტო რუსი მშვიდობისმფოფელების იქ დგომის პერიოდში ორიათასამდე ქართველი იქნა მოკლული. ისინი აბსოლუტურად უუფლებონი, მესამეხარესხიოვანი ადამიანების სტატუსით, ყოველდღიურ შიშში უკვე თითქმის 20 წლის განმალობაში ცხოვრობენ. საინტერესოა ისიც, რომ რუსების გარკვეულმა ნაწილმაც დაუჭირა მხარი ანქვაბს, მაგალითად მაღალმთიან სოფელ ფსხუში.

ჩვენთვის ამ არჩევნებით არაფერი იცვლება. იქნება ოკუპირებულ აფხაზეთში რუსების მარიონეტად ანქვაბი, შამბა თუ ხაჯიმბა, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი კვლავ ღიად დარჩება და იმის იმედი, თითქოს რაიმე დათბობას ექნება ადგილი, არ უნდა გვქონდეს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ღირსეულ მეტოქესთან ყოველთვის უფრო მიმზიდველია პაექრობა, ვიდრე უღირსთან. ჩვენთვის სადარდებელ საკითხში ამ ღირსეულ ადამიანს სიტყვაც ეთქმის და მასზე ბევრი რამაც არის დამოკიდებული, მაგრამ მისი ნებისმიერი ნაბიჯი ნაბიჯი ,რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ გადადგმული, ბაღაფშის მაგალითის განმეორებით შეიძლება დამთავრდეს. კარგი იქნება, თუ ეს ღირსეული ადამიანი იქ ადგილზე მცხოვრებ ქართველებს მაინც არ აგრძნობინებს მესამეხარისხოვნებას და უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას.
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე