RSS
აფხაზური სეპარატიზმი სუკის ლაბირინთებში იშვა. ნაწილი X
26.09.2011 11:52
ლევან კიკნაძე
ექსპერტთა კლუბი

(გაგრძელება. იხ. ნაწილები I, II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX)

აფხაზეთის ომის უცნობი დეტალები. ნაწილი V

1992-1993 წწ ქართულ-აფხაზური ომი, რომ პროვოცირებული იყო და ქართული მხარის მხრიდან ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე დაიწყო, ეს მისი მსვლელობისას, ყოველ ნაბიჯზე იგრძნობოდა. რაც ყველაზე თვალშისაცემი იყო, ვერ ხერხდებოდა კოორდინირებული მოქმედებები, როგორც თვით სამხედრო, ასევე სამხედრო და სამოქალაქო უწყებების შორის. ამასთან, ზოგიერთი მაღალი რანგის ხელმძღვანელი, განსაკუთრებით კი, თუ სახელმწიფო საბჭოს წევრიც იყო, მათ შორის ვინც მოლაპარაკებების პროცესშიც იყვნენ ჩართული, ნაკლებად ითვალისწინებდნენ ან საერთოდ იგნორირებდნენ უშიშროების ინფორმაციებს მოწინააღმდეგის გეგმებსა და ზრახვებზე. თავი ყველაფრის მცოდნედ მიაჩნდათ და იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ხელთ გვქონდა სანდო წყაროებისგან მიღებული სარწმუნო ინფორმაცია ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, თუკი იგი წინააღმდეგობაში მოდიოდა მათ მოსაზრებებთან, ღიზიანდებოდნენ და ცდილობდნენ მაინც თავისი გაეტანათ. კარგი იყო, როცა ვახერხებდით ზემდგომების ჩარევით, ჩვენი წინადადების გატანას, მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც ეს ყოველთვის ვერ ხერხდებოდა. დიდ წინააღმდეგობას შევხვდით როდესაც მძიმე შეიარაღების დაშორიშორების საკითხი წყდებოდა.

1993 წლის 27 ივლისის ცნობილი სოჭის ხელშეკრულება, როგორც ცნობილია 28 ივლისიდან ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, გარდა იმისა, რომ აფხაზეთში დამატებითი შეიარაღებული ფორმირებების შეყვანას, საბრძოლო მასალების შეტანას და სამხედრო მანევრებს კრძალავდა, ფრონტის ხაზებიდან შეიარაღებული ფორმირებების ეტაპობრივ გაყვანას და მძიმე შეიარაღების დაშორიშორებას ითვალისწინებდა. მძიმე ტექნიკის (ტანკები, ჯავშან.მანქანები, არტილერია) დაშორიშორება ფრონტის ხაზებიდან ისე იყო გათვლილი, რომ ქართული მხარის შეიარაღება აფხაზეთის ტერიტორიას ცილდებოდა. პირველი ვარიანტით, ჩვენი ტექნიკის გადაყვანა უნდა მომხდარიყო ენგურს ხიდს გაღმა სოფ. რუხში, რასაც უშიშროების სამსახური კატეგორიულად არ ვეთანხმებოდით, რადგანაც გვქონდა სარწმუნო ინფორმაცია და თანაც დიდი მიხვედრა არ უნდოდა, რომ ამ შემთხვევაში მძიმე ტექნიკა ლოთი ქობალიას1 ხელში აღმოჩნდებოდა.

ძნელია იფიქრო, რომ ლოთი ქობალია ჭურვებს, წინასწარ ამ შემთხვევისთვის იმარაგებდა, როდესაც სატვირთო შემადგენლობებს ძარცვავდა (იხ. ნაწილი IX), მაგრამ ფაქტია, რომ მოვლენები ძალიან საეჭვოდ ვითარდებოდნენ თანაც ისე, თითქოს ყველაფერს ერთი ხელი მართავდა და იგი რუსეთისკენ მიდიოდა. ჩვენი აქტიური ჩარევით ქართული მხარისთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იქნა მიღებული - მძიმე ტექნიკის გადატანა გემებით ფოთში. ტექნიკის სულ დაკარგვას, ისევ ეს გზა ჯობდა. ის, რომ მძიმე ტექნიკას, თუკი მას რუხში გავიტანდით ლოთი ქობალია დაეუფლებოდა, ერთმა სატელეფონო საუბარმაც დაგვიდასტურა, რომელიც ცოტა მოგვიანებით შედგა გროზნოსა და სოხუმს შორის.

სოხუმი:
- მძიმე ტექნიკა რუხის ნაცვლად ფოთში გააქვთ.
გროზნო:
- რატომ და ვისი ჩარევით შეცვალეს გადაწყვეტილება?
სოხუმი:
- ყველაფერი სუკ-ის ბრალია, რაღაც იეჭვეს და აიძულეს.
გროზნო:
- ვერ ივარგეთ, ეს არ უნდა დაგეშვათ.

გასაგები მიზეზების გამო არ ვასახელებთ ვინ ვისთან საუბრობდა, მაგრამ არა მარტო ამ საუბრის შინაარსი, არამედ ომის პერიოდში გროზნოსთან, მოსკოვთან, ზუგდიდთან და თბილისთან შემდგარი სხვა სატელეფონო საუბრებიც კარგად უნდა ახსოვდეს მას, ვინც სოხუმიდან საუბრობდა. ამ საუბრებიდან ისიც კარგად ჩანდა, რომ მას, როგორც ნამდვილ სოხუმელ ქართველს, სხვაზე არანაკლებ შეტკიოდა გული, როდესაც ქალაქის გამუდმივებით დაბომბვის გამო, უამრავ დაღუპულ მშვიდობიან მოსახლეობაზე საუბრობდა. კამათობდა კიდეც, რადგან ხშირ შემთხვევებში ტელეფონის მეორე მხარეს, განსაკუთრებით კი როცა საუბარი იყო გროზნოსთან, ვერ არწმუნებდა თუ რა ბარბაროსულად ექცეოდნენ აფხაზი ბოევიკები მშვიდობიან ადამიანებს, მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ქართველები იყვნენ. ზემოთხსენებულს ასევე სატელეფონო საუბარი ადასტურებს, რომელიც შედგა გროზნოსა და სოხუმს შორის 1993 წლის 11 თებერვალს.

სოხუმი:
- დღეს თბილისში გაიმართა სესია. შევარდნაძე გამოვიდა, განაცხადა, რომ თბილისში იარაღი უნდა ჩამოვართვათ შეიარაღებულ ხალხს. აფხაზეთში ჭირს იარაღი და ადგილობრივებს უნდა დაურიგოთ ქალაქის დასაცავადო. რუსებია შემოსული და აპირებენ სოხუმის დალაშქვრასო. ეს არ უნდა დაუშვათო და ასეთი რაღაცეები იძახა. სინამდვილეში სულ სპეკულირებს სოხუმის საკითხებზე, როგორც ჩვენ ვამბობდით ისე. თუ შეერყა ალბათ მისცემს ვიზას სოხუმის ჩაბარებაზე.
გროზნო:
- რა მდგომარეობაა მანდ, მართლა არის საშიშროება?
სოხუმი:
- მართლაც არის. აფხაზებმა მოაგროვეს 3000-მდე კაცი, თუ მიემატა რუსების დესანტი, ავიაცია, ძალიან დიდი ძალა იქნება.
გროზნო:
- რადიოში აცხადებენ, რომ კიტოვანი დამატებითი ძალების გადმოსროლას აპირებსო.
სოხუმი:
- ჯერჯერობით არაფერი ჩანს. ისე ეგ რისი შემომყვანია, ყოველ შემთხვევაში ჩვენ არაფრის იმედი არ გვაქვს. მაგრად დგანან სოხუმელები, ადგილობრივი ბიჭები. გროზნო - რომ იცოდეთ, ჩეჩნები ყველა გაფრთხილებულია მოსახლეობას არაფერი დაუშაონ, მათი მთავარსარდალი გაფრთხილებულია, ჩეჩენი, რომ არის იმანაც იცის.2
სოხუმი:
- კი მაგრამ ისინი არ ახლებენ ხელს, მაგრამ აფხაზები? მათ ვინ შეაჩერებს. ის კიდევ შეასრულებს ამას?
გროზნო:
- მთავარია, რომ შეეცდება, ასეთი ბრძანება აქვს მიღებული. ისინი ხალხს, ჩვენ მომხრეებს ხელს არ ახლებენ. მათ გაგრაშიც ჩვენი მომხრეებითვის არ უხლიათ ხელი.
სოხუმი:
- მარტო გაგრაში ჩვენი მომხრე 3-4 კაცი ვიცი, რომლებიც დახოცეს.
გროზნო:
- ალბათ შემთხვევით, თორემ მას ბრძანება აქვს აქედან, რომ ჩვენ მომხრეებს ხელი არ ახლონ.
სოხუმი:
- არაფრის გამრჩევები არ არიან, განსაკუთრებით ოზგანის ბრიგადა, გადარეულები არიან. გაგრაში მოხუცების მეტი არავინ დატოვეს. ქართველი ახალგაზრდები სულ დახოცეს. აქტიურობდნენ დაქირავებული კაზაკები, ქართველს დაინახავდნენ თუ არა თავს აჭრიდნენ, ესენი თავის დედას მოაჭრიან თავს. აბრალებენ აფხაზებს და ჩეჩნებს.
მე ბიჭებთან მქონდა საუბარი, ყველანაირად შეეცდებიან ქალაქი არ იქნას დათმობილი. სოხუმის დათმობა იმას არ აწუხებს, აქ კი მოსახლეობა გაწყდება. იმას უნდა, რომ სოხუმი დაეცეს და ორივე მხრიდან შეუტიოს ზუგდიდს , აი ეს უნდა მას. ეს არის მისი გენერალური გეგმა.

დავუბრუნდეთ ისევ 1993 წლის 27 ივლისის შეთანხმებას. ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს ხსენებული დოკუმენტის ავ-კარგიანობაზე საუბარი, თუმცა მისი ზერელე ანალიზიდანაც კი აშკარად ჩანს, რომ ხელშეკრულების მთელი რიგი პუნქტები, განსაკუთრებით, ჩრდილო კავკასიელი ბოევიკების აფხაზეთის ტერიტორიიდან გაყვანა, ქართულ შინაგან ჯარში აფხაზური შინაგანი პოლკის გაერთიანება, გუდაუთაში მოქმედი ხელისუფლების აფხაზური ნაწილის სოხუმში დაბრუნება და ქართულ მხარესთან ერთობლივი საქმიანობის აღდგენა, იმ დროისათვის იმდენად წარმოუდგენელი და არარეალისტური იყო, რომ ამ ხელშეკრულებას, ისევე, როგორც 1992 წლის 3 სექტემბრის შეთანხმებას შესრულება არ ეწერა.

ამ აზრს გვიძლიერებდა სხვადასხვა წყაროებისგან, მათ შორის გუდაუთიდან, მოსკოვიდან, გროზნოდან მიღებული ინფორმაციები იმის შესახებ, რომ მიუხედავად არძინბაზე აფხაზი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ზეწოლისა, რომლებიც ხედავდნენ რა ომის გამანადგურებელ შედეგებს, მოითხოვდნენ მის შეჩერებას და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, იგი არავითარ კომპრომისზე რეალურად წამსვლელი არ იყო. პირიქით, სოჭის ხელშეკრულება კიდევ ერთი საშუალება იყო დროის მოგებისა, რათა რუსეთის დახმარებით უფრო კარგად მომზადებულიყვნენ სოხუმის ასაღებად. მით უმეტეს, რომ ამ დროისთვის სოხუმის შემოგარენ სიმაღლეებს, შრომის მიმართულებით უკვე აკონტროლებდნენ.

მეორეს მხრივ ლოთი ქობალიას ფორმირებებს უკვე დაწყებული ჰქონდათ აქტიური საომარი მოქმედებები, დასავლეთ საქართველოში კონტროლის დასამყარებლად. ასე, რომ ვითარება ყველა მიმართულებით უკიდურესად დამძიმებული იყო, რამაც განაპირობა კიდეც ხსენებული ხელშეკრულების, ჩვენთვის მიუღებელ პუნქტებზე დათანხმება.

დღემდე მიმდინარეობს ბჭობა, კამათი, არ წყდება ბრალდებები საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების მისამართით, რომელმაც თითქოს წამგებიან, მოღალატეობრივ დოკუმენტს მოაწერა ხელი. მაგრამ ის, რაც 1993 წლის 16 სექტემბერს დაიწყო და 10 დღეში დამთავრდა, იყო კრემლის სპეცსამსახურების მიერ წინასწარ ჩაფიქრებული, მისივე შეიარაღებული ძალების გენშტაბის მიერ შემუშავებული, მზაკვრული მოღალატეობრივი გეგმის ლოგიკური დასასრული, რომელიც ერთობლივად განახორციელეს სეპარატისტების, რუსეთის რეგულარული ჯარების, კაზაკების და ჩრდილოკავკასიელი "კონფედერატების" გაერთიანებულმა ძალებმა. ხსენებულ გეგმაში, თავისი მნიშვნელობით განსაკუთრებული როლი აუცილებლად ექნებოდა, დასავლეთ საქართველოში "დროულად" განვითარებულ მოვლენებს.

აფხაზეთის ბედი, რომ წინასწარ იყო გადაწყვეტილი კრემლის მიერ, მოწმობს, აფხაზების მიერ შეთანხმების დარღვევის დღეს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსის, გენერა-პოლკოვნიკ მ.კოლესნიკოვის წინასწარ გაკეთებული განცხადება სახელმწიფო დუმაში, რომ სოხუმს თითქოს უკვე აფხაზები აკონტროლებდნენ.

ასე, რომ შექმნილ უაღრესად რთულ სიტუაციაში, როდესაც პრაქტიკულად ყველანაირი რესურსი ამოწურული იყო, ქართულ მხარეს არჩევანიც კი არ ჰქონდა. ამასთან, დღევანდელი გადასახედიდანაც ძალიან ძნელია ცალსახა შეფასება მიეცეს ზემოთხსენებული დოკუმენტის ხელმოწერაზე დათანხმებას. მაგრამ სამწუხარო ფაქტია, რომ უფრო მეტი გარანტიები და რეალური კონტროლის მექანიზმები უნდა მოგვეთხოვა შეთანხმების პუნქტების შესრულებაზე და ბრმად არ უნდა ვნდობოდით რუსულ-აფხაზური ტანდემის დაპირებებს.

სოხუმში, გაეროს ეგიდით მიმდინარე ერთ-ერთი ოთხმხრივი მოლაპარაკების დროს, რომელზეც "ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების" პუნქტები განიხილებოდა, გაეროს წარმომადგენელმა დასვა კითხვა: თუ რომელიმე მხარე დაარღვევდა შეთანხმებას და განაახლებდა საომარ მოქმედებებს, ვინ აღკვეთავდა დარღვევას. რუსულ დელეგაციიდან გენერალმა შოიგუმ, ისე, რომ რუსული მხარისთვის, კერძოდ პასტუხოვისთვის არ შეუთანხმებია, დაუფიქრებლად უპასუხა: ყველა დარღვევას, რომელი მხარიდანაც არ უნდა მოდიოდეს ავღკვეთავთ, მათ შორის საცეცხლე წერტილებსაც, გავანადგურებთ ჩვენ, რუსები".

ეს პასუხი ქართული დელეგაციის ზოგიერთ წევრს არ მოეწონა და დაიწყეს შოიგუსთან კამათი. გაკვირვებული გაეროს წარმომადგენლები კამათში არ ერეოდნენ. აფხაზებიც გასუსულები ადევნებდნენ თვალს. ამ დროს პასტუხოვი ადგა და თავის წარმომადგენლებთან სათათბიროდ, შესვენება ითხოვა. როდესაც ქართველი კომისიის წევრები ბ-ნ ჟიული შარტავას3 კაბინეტში გავიდნენ სათათბიროდ, მე გამოვიხმე ბ-ნი ჟიული და ვთხოვე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დაერწმუნებინა კომისიის წევრები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში, მისი აღკვეთა რუსეთის მხარისთვის დაევალებინათ, რასაც გაეროც დაუჭერდა მხარს. ბ-ნმა ჟიულიმ კომისიის წევრების დაყოლიება ვერ მოახერხა. მოლაპარაკების განახლების შემდეგ პასტუხოვმა განგებ აარიდა თავი წამოჭრილ თემას და სხვა საკითხზე გადავიდა. ზემოთხსენებულ მეტად მნიშვნელოვან საკითხს არც სხვები, მათ შორის ქართველებიც არ შეხებიან.

როგორც ცნობილია 16 სექტემბერს აფხაზურმა მხარემ დაარღვია 1993 წლის 27 ივლისის შეთანხმება და დაიწყო მასირებული შემოტევები გუმისთის, შრომის და ტყვარჩელის ფრონტების ხაზებზე. 10 დღიანი უთანასწორო ბრძოლის შედეგად 27 სექტემბერს სოხუმი, ხოლო 30 სექტემბერს აფხაზეთი დაეცა.
ქვემოთ მოგვყავს კიდევ ერთი, რადიოგადაჭერის შედეგად მიღებული დიალოგი ზუგდიდსა (სახმისი "ოდიში") და აფხაზების რადიოსადგურს (სახმისი "ალფა–10) შორის 4230 კგც სიხშირეზე 1993 წლის 2 სექტემბერს, სოხუმის დაცემის მეხუთე დღეს.

ოდიში:
– ალფა-10 მე ოდიში ვარ.
ალფა-10:
– მიღებაზე ალფა-10 ვარ.
ოდიში:
– გილოცავთ თქვენი ამოცანის შესრულებას, სოხუმისა და ოჩამჩირეს აღებას.
ალფა-10:
– გმადლობთ, გმადლობთ თქვენც ასევე გისურვებთ წარმატებებს, რას აპირებთ შემდგომ?
ოდიში:
– ვემზადებით ქუთაისზე შეტევისთვის.
ალფა-10:
– თბილისი, თბილისი?
ოდიში:
– თბილისზე ჯერ ძალიან ძნელია, იცით რა? თქვენ ძალიან ბევრ მშვიდობიან მაცხოვრებელს ხოცავთ, მათ შორის ჩვენ მომხრეებსაც. და საერთოდ, გალის აღება არ იყო შეთანხმებული.
ალფა-10:
– გავიგე, მაგრამ გესმის აქ რა ხდება, ჩვენი მებრძოლების შეჩერება ვერ შევძელით, ძალიან ძნელი იყო, "ენგურზე უნდა გავიდეთო" ამბობდნენ ისინი. აი ასე იყო თქმული. როგორ გაიგე?
ოდიში:
– კი, კი გავიგე. გააჩერეთ თქვენი მებრძოლები, თორემ დევნილები დიან აქეთ, ითხოვენ, რომ დარჩნენ გალში. ამიტომ იძულებულები ვართ მივეხმაროთ მათ. ეს ხელს გვიშლის შევასრულოთ ჩვენი ამოცანები.
ალფა-10:
– ქუთაისი? სწორად გავიგე?
ოდიში:
– დიახ, დიახ ქუთაისი. ჩვენებიდან ბევრმა არ იციან, რა მოლაპარაკებაც იყო , ამიტომ დააწყნარეთ თქვენი ბოევიკები.
ალფა-10:
– კარგი, გავიგე. ისინი ეტყობა არ ემორჩილებიან. ხო, უთხარი ქობალია გამოვიდეს კავშირზე აქ ჩვენი "მეორე" ითხოვს. როგორ გამიგე?
ოდიში:
– ვინ, ვინ?
ალფა-10:
– მე გეუბნები: "მეორე", "მეორე".

ოდიში:
– ა, გავიგე. კარგი გადავცემ. სად არის "გედი"?
ალფა-10:
– აქ არის, აქ.
ოდიში:
– უთხარით, რომ აქ დაბრუნდეს.
ალფა-10:
– კარგი გადავცემ. როდის გამოხვალ კავშირზე?
ოდიში:
– მეტყვიან. იყავით მიღებაზე, მიღებაზე.
ალფა-10:
– კარგი, კავშირის დამთავრება.
ოდიში:
– კარგი, ყოველივე კარგს გისურვებ ძამიკო. კავშირის დამთავრება.

არ გვინდოდა ძველი იარების გახსენება, მაგრამ ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს თუ რა ხდებოდა საქართველოსთვის ყველაზე ურთულეს დროს, ვინ როგორ პოზიციაზე იდგა. სიმართლე ახალგაზრდა აფხაზებმაც უნდა იცოდნენ, რომლებსაც სეპარატისტები თავიანთი შეთხზული მითებით კვებავენ, რომ თითქოს ქართველები, რაოდენობრივად მათზე გაცილებით ნაკლებმა აფხაზებმა დაამარცხეს და დღემდე, როგორც კი საშუალება ეძლევათ თუთიყუშივით ყველგან ამას იმეორებენ. "ექსპერტთა კლუბის" ერთ ერთ პუბლიკაციაში მე შევპირდი წერილის ადრესატს ბ-ნ ასლან კობახიას, რომ ჩვენ საიტზე გამოვაქვეყნებდი დოკუმენტურ, უტყუარ მასალებს, რომლებიც ააშკარავებენ რუსეთის მონაწილეობას აფხაზების მხარეს ძმათამკვლელ ომში და აგრეთვე თუ რამ განაპირობა ქართული მხარის დამარცხება, რასაც დრო და დრო ვასრულებ კიდეც. ამჯერად მკითხველის ყურადღება გვინდოდა გაგვემახვილებინა დასავლეთ საქართველოში, კერძოდ სამეგრელოში ლოთი ქობალიას მიერ გახსნილ ფრონტზე, რომელმაც ფაქტიურად რუსეთთან ერთად, სეპარატისტების მოკავშირის ფუნქცია შეასრულა.

ყოველივე ამის შემდეგ, ადვილად ასახსნელია, რომ სამოქალაქო ომში ჩათრეული საქართველოს ხელისუფლება დიდხანს ვერ გაუძლებდა რამოდენიმე ფრონტზე ერთდროულად საომარი მოქმედებების წარმოებას, თანაც არავითარი გზები არ ჩანდა ომიდან ღირსეული გამოსვლისა. ყველაფერი ისეთნაირად დამთავრდა, როგორსაც ომის დასაწყისში ვერ ინატრებდნენ აფხაზი სეპარატისტები. რუსეთის დახმარებით და ქართველებისვე ხელშეწყობით აუსრულდათ სანუკვარი ოცნება - თითქმის მთელი ქართველობა გამოდევნეს აფხაზეთიდან.

----------

1გროზნოში თავშეფარებული, ძალით დამხობილი ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიერ დანიშნული გვარდიის მეთაური, რომელიც ხელმძღვანელობდა ზუგდიდში თავმოყრილ შეიარაღებულ ფორმირებებს.

2აფხაზუთში ომის დროს ხელმძღვანელობდა აფხაზების მხარეს მებრძოლ ჩეჩნურ ბატალიონს. ქართველების წინააღმდეგ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის მას მიენიჭა აფხაზეთის გმირის წოდება. მოგვიანებით ხელმძღვანელობდა ამბოხებულ ჩეჩენ ბოევიკებს რუსეთის წინააღმდეგ, ორგანიზატორია და პირადად ხელმძღვანელობდა ტერაქტებს რუსეთის ტერიტორიაზე, რის გამოც იძებნებოდა და ლიკვიდირებული იქნა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ.

3აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. აყვანილ იქნა ტყვედ სხვა ქართველ მეომრებთან და თანამდებობის პირებთან ერთად სოხუმში 1993 წლის 27 სექტემბერს და დახვრეტილ იქნა აფხაზი ბოევიკების მიერ. სიკვდილის შემდგომ მას მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე